გუგა კოტეტიშვილის კონცეფცია და რჩევები სახლის ინტერიერის მოსაწყობად

„შეიძლება, ობიექტზე შესვლისთანავე არ მომივიდეს იდეა. კვირების განმავლობაში ვიარო იქ, უბრალოდ ვიჯდე და ვიფიქრო... მუშაობით სულ ვმუშაობ, სულ ვფიქრობ. მთავარია, პირველი გადაწყვეტილება მივიღო, ხელჩასაჭიდი გამოჩნდეს - კედელი ან თუნდაც ერთი ლაქა კედელზე და მერე იმის ირგვლივ შენდება ყველაფერი“, - ასე იქმნება დიზაინი, რომელიც თვალის ერთი შევლებით იპყრობს ყურადღებას, გიზიდავს და იქ დაბრუნების სურვილს გიმძაფრებს... ეს გუგა კოტეტიშვილის სტილია, კონცეფცია და ესთეტიკა...


ხატვასთან მიბრუნება

- ვიწყებ ხატვას და არასოდეს ვიცი, ზუსტად რას ვხატავ. პროცესში ვწყვეტ ფერებსაც... ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ხატვის პროცესი,
ექსტაზია...

1992 წელს, როცა სახლი, შესაბამისად, სახელოსნოც დაიწვა, ყველაფრის გარეშე დავრჩი. ხატვას შევეშვი და თვითგადარჩენისთვის ჩანთების კერვა დავიწყე, მერე გადავერთე ავეჯის კეთებაზე, ბოლოს - ინტერიერის დიზაინზე.







სულ მინდოდა, ხატვას დავბრუნებოდი, მაგრამ აქამდე დრო არ მქონდა. პანდემიის პერიოდში, როცა ყველაფერი გაჩერდა და ძალაუნებურად სახლში დავრჩი, ხატვა ხელახლა დავიწყე. ინტერიერზე მუშაობას აღარც ვაპირებ, თუ ძალიან საინტერესო პროექტი არ იქნება. ახლახან გავხსენი Gუგა Kოტ შტუდიო - გუგა კოტ სტუდია, რომელიც ჩემი სახელოსნოც არის, გალერეაც და ტექსტილის მაღაზიაც.

წლების განმავლობაში, როცა არ ვხატავდი და გამოფენებს არ ვაწყობდი, კაფეებს ვხსნიდი. ფაქტობრივად, ისინი ჩემი ცოცხალი გამოფენებია, თან ხალხიც დადის - ეს უკვე პერფორმანსია.


მიდგომა

მეკითხებიან ხოლმე, რა დროს ვუთმობ ერთი ნივთის გაკეთებას. გავედი, ბუნკერთან დავინახე კარადის ჩარჩო, ავიღე, შიგნით სარკე ჩავსვი. შეიძლება სულ 5 წუთის საქმე იყოს, მაგრამ, რა გამოცდილებითაც კეთდება, ეს ხომ წლების განმავლობაშია დაგროვებული?! ამის შემდეგ როგორ ვუპასუხო შეკითხვას: „რამდენი დრო დაუთმე?“ - მთელი ცხოვრება?!









ცოტა განსხვავებული მიდგომა მაქვს: ნივთები ჩემთვის იგივეა, რაც ფერების პალიტრა მხატვრისთვის. ნივთს ფერის დატვირთვა აქვს. ხშირად ფარდაგის, ხალიჩის თუ სხვა ნებისმიერი რამის მთავარი დანიშნულება საჭირო ფერის მოცემაა. ამის გამო ჩემი ყველა ინტერიერი, რაც უნდა ჭრელი იყოს, მაინც მყუდრო და ჰარმონიულია, არაფერი არ „ყვირის“. ამიტომ არის, რომ იქ ყოფნა სასიამოვნოა და კიდევ უნდათ მისვლა. შეიძლება ბევრი ვერ ამჩნევდეს ამ პატარ-პატარა დეტალებს, მაგრამ მაინც მიდის მეორედ, იმიტომ, რომ იქ თავი მყუდროდ იგრძნო, ესიამოვნა. ზუსტად არ იცის, კონკრეტულად რამ მოხიბლა, რადგან მთლიანობაში აღიქვამს, მთელი სივრცე ახდენს შთაბეჭდილებას.


ინტერიერის დიზაინი, კონცეფცია

როცა ამ საქმეს ვიწყებდი, ასამდე ესკიზს ვაკეთებდი, ბოლოს კი მაინც იმ პირველ ვარიანტთან მივდიოდი, ოღონდ - უფრო თავდაჯერებული და გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული. მერე, წლები რომ გავიდა, მივხვდი, პირველი არის ნაღდი და ახლის ძებნას აღარ ვიწყებ.

ერთხელ „თავისუფალ უნივერსიტეტში“ მიმიწვიეს სტუდენტებთან დიზაინზე სასაუბროდ. ბავშვებს ხომ არ ეტყვი: მე რაც მომდის თავში, ეგრე ვხედავო... რომ დავიწყე ახსნა, იქ მივხვდი, თურმე, გაუაზრებლად კი არ ვაკეთებ დიზაინს, რამდენიმე ისეთი პრინციპი მქონია, რომლებსაც ყოველთვის მივყვები. მაგალითად, თუ შევდივარ ინტერიერში, სადაც ძველი კედელია, რომლის ფაქტურაც მომწონს, მაშინ ის აუცილებლად რჩება, უფრო მეტიც - დომინანტი ხდება და უკვე იმას ერგება ყველაფერი. დავუშვათ, მილი ჩანს, რომლის დაფარვაც ძვირი ჯდება და თან ყურადღებასაც იქცევს, შეგიძლია უბრალოდ შავად შეღებო და მის ხარჯზე სხვა ადგილები გაანათო.









არ მიყვარს იმიტაციების კეთება, კედლის დაძველება და ა.შ. მაგალითად, როცა ძველი ხის ეფექტის შექმნა უნდათ, ახალ მასალას ხელოვნურად აძველებენ. მე ასე არ ვმუშაობ. თუ ძველი ხის ეფექტი მჭირდება, ძველ ხეს ვიყენებ, რაც საკმაოდ არის. ამ წლების განმავლობაში ბევრი კონტაქტი გამიჩნდა, თუ რამე მჭირდება, ვურეკავ ან ისინი მირეკავენ. უამრავი ნივთი მაქვს სხვადასხვა დროს ნაყიდი, თითქმის ყველაფერი, რაც შეიძლება დამჭირდეს. მომეწონება ვიზუალი და ეგრევე ვყიდულობ. რაც ჯერ არ მაქვს, ვიცი, სად ვიშოვო. ერთ კვირაში შემიძლია მოვაწყო ნებისმიერი რამე.


გუგა კოტეტიშვილის ესთეტიკა

ეკლექტიკაა... როცა გამოყენებულია სხვადასხვა სტილი, ერთმანეთისგან განსხვავებული ნივთი, მაგრამ ისინი ერთად თავს კარგად გრძნობენ.

დედაჩემისგან ვიცი ასეთი ფრაზა: „რა არის გენიალურობა? ნიჭი + ზომიერების გრძნობა“. ზომიერება არის ყველაზე რთული დასაცავი როგორც ხელოვნებაში, ისე ურთიერთობებში. ნივთზე შეიძლება თქვან, რომ ძალიან ლამაზია, ძალიან გემოვნებიანია, მაგრამ გენიალური არის ის, სადაც ზღვარი დაცულია. იცი, რას ჰგავს? ქედზე რომ მიდიხარ და არც ერთ მხარეს უნდა გადავარდე, არც - მეორე მხარეს. ამის სწავლება შეუძლებელია, შინაგანად უნდა გქონდეს. არც უნდა გადაამეტო, არც უნდა დააკლო, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ განსხვავებული სტილის ნივთები ერთად თავს ჰარმონიულად გრძობდნენ. მაგალითად, „ჰაიტეკური“ ნივთი და „როკოკო“ ერთ სივრცეში წარმოგიდგენიათ? არადა, შესაძლებელია. მეტიც, თუ ზომიერება დაცულია, ერთმანეთის სტილს უფრო გამოკვეთს.









შემიძლია ჩემი მიდგომების შესახებ მოვყვე, მაგრამ ამის სწავლება შეუძლებელია და იმის გემოვნებაზეა დამოკიდებული, ვინც აკეთებს. ხშირად უცდიათ ჩემი ინტერიერების იმიტაცია. მაგალითად, „პურპური“ იყო პირველი ადგილი, სადაც აბაჟურები დავკიდე, გახეული ხალიჩა დავაფინე, სარესტავრაციო ავეჯი დავდგი, რომლებზეც გოგოებს „ჩულქები“ ეხეოდათ, წუწუნებდნენ, მაგრამ მაინც დადიოდნენ... ეს სტილი პოპულარული გახდა, უგემოვნო კაფეებს კი აღარ ბაძავდნენ, არამედ - „პურპურს“. ამათი პრობლემა იყო და არის სწორედ ის, რომ მიბაძვა, იმიტაცია დაიწყეს. ვერ გაიგეს, რა ქმნიდა იმ მშვიდ და ინტიმურ გარემოს, რომელიც ასე მოსწონდათ. გადაწყვიტეს, რომ „პურპური“ იყო მხოლოდ აბაჟური და ტუალეტში დაკიდებული კაბები. რა ფერის აბაჟური რა ფერის კედელზე - ჩემთვის ეგ იყო მნიშვნელოვანი. კი, ლამაზია, მიმზიდველია, მაგრამ აბაჟური დავკიდე იმ ტონის გამო, რომელიც მას ჰქონდა. ასევე მნიშვნელოვანია, რა სიმაღლეზე კიდია. აბაჟურის ფუნქცია ისაა, რომ თვალში სინათლე არ უნდა გხვდებოდეს, მარტო მაგიდას უნდა ანათებდეს, ეგ ქმნის მყუდროებას. დაინახეს ეს აბაჟურები, ვერ მიხვდნენ მის რეალურ დანიშნულებას და მაღლა დაკიდეს. ამას ვეძახი იმიტაციას, მექანიკურად გადატანას.


თანამედროვე დიზაინი

ბევრჯერ უკითხავთ: „რატომ ყიდულობ ძველ ნივთებს, თანამედროვე არ მოგწონს?“ მე ხარისხი მომწონს. ძველი ნივთები ძალიან ხარისხიანია. მაგალითად, ფაიფურის თეფშები ლამაზი და მაღალი ხარისხისაა. მე რომ ასეთი დონის თანამედროვე თეფში ვიყიდო, ათჯერ ძვირი დამიჯდება.

რა ახასიათებს თანამედროვე დიზაინს? - მიმბაძველობა, რაზეც ან არ ფიქრობენ, ან თანხმდებიან იმას, რასაც დიზაინერები სთავაზობენ. ძალიან ცოტაა კარგი არქიტექტორი ან კარგი დიზაინერი, ვინც სწორი მიდგომით მუშაობს. რაღაც სტილი შემოვა ხოლმე მოდაში და მერე ერთიანად ყველა იმას აკეთებს. ბოლოს გამოდის ერთნაირი, არაფრით გამორჩეული, უსახო... მეტსაც გეტყვით, ბევრ ბინაში ვყოფილვარ, რომლებიც პირდაპირ სარეკლამო განცხადებებიდან ამოღებულს ჰგავს და ინდივიდუალიზმი საერთოდ არ იგრძნობა. არის ერთი სტანდარტი, მაგალითად, „ბინა გასაქირავებლად“ კეთდება მარტივად, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები იქმნება და იქ მთავრდება ყველაფერი, საინტერესო აღარაფერია.





ესთეტიკა და მყუდროება ყველგან შეიძლება შეიტანო. მაგალითად, ახალაშენებული კორპუსის ბინაში ბეტონი დატოვო და იმავე სივრცეში ძველებური სავარძელი დადგა. ერთმანეთის საწინააღმდეგოა, მაგრამ ერთად ძალიან საინტერესოა.

კიდევ ერთი რამ, რაც არ მომწონს - ბინა, რომელიც ოფისს ჰგავს... როცა სახლის დიზაინს ქმნი, იმ ადამიანის მიხედვით უნდა შექმნა, ვინც იქ უნდა იცხოვროს... იმასაც კი უნდა მიხვდე, რაზეც მას საერთოდ არ უფიქრია. უნდა ჰკითხო: წიგნებს კითხულობს? მუსიკის მოსმენა უყვარს? ძაღლები ჰყავს? ოჯახი სახლში სადილობს?.. თუ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინე და დიზაინი კონკრეტული მცხოვრებლის ცხოვრების წესს არ მოარგე, გამოვა არანაფიქრი, უსახო ბინა, რომელიც სხვა ბინებისგან არაფრით განსხვავდება.


პროექტები

ორი ქუთაისელი კომპანიონი მყავდა. თავიდან ამბობდნენ, ვინ ივლის ქუთაისში კაფეში ჩაის დასალევად; 11-ის მერე ვინ გამოვა ღამე... ვეუბნებოდი: არავინ გამოვა, რადგან არაფერი გაქვთ. როგორც კი გაჩნდება ადგილი, სადაც შეიძლება, ქალი მარტო მივიდეს, სასიამოვნო გარემოში დრო გაატაროს, აუცილებლად ივლიან-მეთქი. ასეც მოხდა და მადლობებსაც მიხდიდნენ. არ დამავიწყდება, ერთხელ მამაჩემის ნაცნობი ქალბატონი მოვიდა, ისეთი დახვეწილი რუსულითა და ქართულით საუბრობდა... მადლობა გადამიხადა, კომპლიმენტები მითხრა, რომ ასეთი კაფე გაიხსნა მის ქალაქში.

„ფოე ფოეზე“ მუშაობა რომ დავიწყე და ვთქვი, რომ შუაში უნდა დარჩეს ეს ჩამოშლილი ბოძი, შოკში იყვნენ. ვატყობდი, რომ ცქმუტავდნენ და თქმას ვერ მიბედავდნენ. არადა, როცა მუშაობა დავასრულე და კაფე გაიხსნა, ქართველი თუ უცხოელი რომ შემოდიოდა, პირველ რიგში, სწორედ იმას იწონებდა და ფოტოებს უღებდა, რასაც მანამდე ჩემი კომპანიონები შიშით უყურებდნენ.

რესტორანი „მაყაშვილებთან“ ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია იმათ შორის, რაც ბოლო დროს გამიკეთებია. შეიძლება იმიტომ გამოვიდა ასეთი საინტერესო, რომ ის მართლა მაყაშვილების სახლია. ყველაფერი გადაიღება, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ნივთები, ნახატები, ავეჯი ის არის, რაც აქ იყო...

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საინტერესო იყო მწერალთა სახლის რეზიდენციის პროექტი. მუშაობისას სრული თავისუფლება მომცეს. რემონტის პროცესში იბადებოდა იდეები. თუნდაც ის, რომ 5 მწერლის 5 განსხვავებული ოთახი მოგვეწყო: ალექსანდრე დიუმას (ფრანგული) ოთახი, ნიზამი განჯელის (აღმოსავლური) ოთახი, ბორის პასტერნაკის (რუსული) ოთახი, ოლივერ უორდროპის (ბრიტანული) ოთახი და ჯონ სტაინბეკის (ამერიკული) ოთახი.


რჩევები სახლის მოწყობის წინ

გაითვალისწინეთ თქვენივე ცხოვრების წესი. სახლში ვახშმობთ, თუ გარეთ გასვლას ამჯობინებთ? თუ სახლში დიასახლისია, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოსა და სასადილო სივრცის აუცილებლობა.

ასევე, მნიშვნელოვანი ნიუანსებია, სახლში ბავშვები, შინაური ცხოველი იქნებიან თუ არა; თუ ვარჯიშობთ და, შესაბამისად, ტრენაჟორი თუ დაგჭირდებათ. საღამოობით ტელევიზორის ყურებას ანიჭებთ უპირატესობას, თუ კითხვას ან მუსიკის მოსმენას... როდესაც საკუთარ თავს ამ და სხვა შეკითხვებს დაუსვამთ, ეს უკვე პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ თქვენი სახლი ფუნქციური იყოს.

ასევე, წინასწარ გაითვალისწინეთ ადგილი ყველა ნივთისთვის. თუ ბინა საშუალებას იძლევა, სასურველია გარდერობისთვის ცალკე სივრცე გამოყოთ, რომ ოთახი დიდი კარადებით არ გადატვირთოთ. განსაკუთრებით კორპუსებში, სადაც პატარა საძინებლებია, ძალიან ჭირს მისი კომპაქტურად მოწყობა. მე ყოველთვის ვცდილობ, გარდერობს ცალკე ადგილი დავუთმო, საძინებელში კი მეტი სივრცე იყოს.

ჩვეულებრივ, თავიდან არ ითვალისწინებენ ადგილს ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნივთებისთვის, როგორიცაა მტვერსასრუტი, აქანდაზი, ჰიგიენური საშუალებები... ხშირად მინახავს, ძალიან ძვირიან კაფელს გააკრავენ აბაზანაში, მაქსიმალურად გაპრანჭავენ, მერე შედიხარ და ხედავ შამპუნებს, კრემებს... ანუ სხვა რაღაც უნდათ, მაგრამ ძალაუნებურად ისე გამოდის, რომ სასურველ შედეგს მაინც ვერ იღებ. ამიტომ წინასწარ უნდა გაითვალისწინო ყველაფერი. მაგალითად, აბაზანაში პატარა კარადა შეიტანო, სადაც ამ ნივთებს დამალავ და სივრცე ისეთივე ლამაზი იქნება, როგორიც ჩაფიქრებული გქონდა.

დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტილს. ჩემთვის ნაჭერიც ინტერიერის ნაწილია. ფარდა რომ კიდია ოთახში, თუნდაც არასდროს არ ჩამოაფაროს პატრონმა, ძალიან ლამაზია. თუ კედელზე ბევრი ნახატის დაკიდებას აპირებთ, ნეიტრალური შპალერი შეარჩიეთ.

მე ხშირად ერთი ზოლისთვის ან ერთი კედლისთვის ვყიდულობ დეკორატიულ შპალერს, რომელიც ნახატისა თუ ფარდაგის ეფექტს ქმნის. მაგალითად, ლოგინის მხარის გაფორმება შეიძლება ასეთი დეკორატიული შპალერით.

ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის განათება. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მეტი შტეფსელი გააკეთეთ ოთახებში, სასურველია - ყველა კედელზე, ყველა კუთხეში. განათება საოცრად ცვლის ინტერიერს. შეიძლება ცენტრში რაღაც გეკიდოს, მაგრამ ლამპებს სულ სხვა დანიშნულება და ღირებულება აქვს, სულ სხვა მყუდროებას ქმნის. ლამპებისა თუ ტორშერების დახმარებით შეგიძლია ერთ ოთახში სხვადასხვანაირი განწყობა შექმნა. ნათურასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ცივი ნათების ნათურებს თბილი ნათების სჯობს, რათა ინტერიერიც თბილი, მყუდრო იყოს და ადამიანზეც დადებითად იმოქმედოს.

დაბოლოს, ნუ უყურებთ მოდას, ტენდენციებს... ძალიან მოდურს როცა აკეთებ, ის მეორე წელს გადადის მოდიდან. მყუდრო და გემოვნებიანი ინტერიერი კი ყოველთვის მყუდრო და გემოვნებიანი იქნება.

მარიამ ტურძილაძე
(სტატიაში გამოყენებულია გოგა მარეხიშვილის, ირაკლი ბლუიშვილის, ირაკლი დოლაბერიძის, შაკო შანშიაშვილის, ვანო გორგიშვილის ფოტოები და ასევე ფოტოები კაფე "პურპურისა" და "ლეილას" ფეისბუქგვერდებიდან)

კომენტარები

მაკა 2022-12-05 11:32
საშინელებაა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები