როგორ გავზარდოთ აბაზანა ვიზუალურად

ამჯერად გვინდა გესაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება რთული სარემონტო სამუშაოების გარეშე მივაღწიოთ სივრცის ვიზუალურად გაზრდას აბაზანაში.

დახურული შესანახი სისტემა

იმისათვის, რომ მცირეგაბარიტიანი აბაზანა პროპორციულად და იმაზე ფართოდ და დიდად გამოიყურებოდეს, ვიდრე რეალურად არის, უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერ ვიზუალურ ქაოსზე. ამისთვის მნიშვნელოვანია დახურული შესანახი სისტემების არსებობა, სადაც ყველაფერს კომპაქტურად და მოხერხებულად დააბინავებთ. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული აქსესუარები ჰარმონიულად ეხამებოდეს აბაზანის საერთო სტილს.

სადა ტექსტილი
კაშკაშა აქსესუარები და ტექსტილი სივრცეს ვიზუალურად იმაზე უფრო მცირედ აჩენს, ვიდრე რეალურად არის. ტექსტილი შეარჩიეთ სადა, ან ძალიან
წვრილი პრინტით თუ ორნამენტით, თუმცა უმჯობესია იყოს ერთ ტონში. ფერი შესაძლებელია იყოს მკვეთრ, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად უმჯობესია არ ამოვარდეთ ფერთა საერთო პალიტრიდან.

გასაწევი კარები

გამოსაღები კარი შესაძლოა სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს შეზღუდულ სივრცეში. თუ იმდენად ხართ შეზღუდული სივრცეში, რომ ამან შესაძლოა პრობლემა შეგიქმნათ, მიმართეთ ალტერნატიულ ვარიანტს, გასაწევ კარებს.

უარი აბაზანის ხალიჩაზე
ერთიანი ზედაპირი ძალიან მოქმედებს სივრცის აღქმაზე. ამიტომ არ არის სასურველი აბაზანის საერთო სივრცის ზონებად დაყოფა. მკვეთრი ფერის აბაზანის ხალიჩა მცირე გაბარიტებში ხშირად პრობლემას ქმნის.

განათება
რაც უფრო მეტად არის განათებული სივრცე, მით უფრო დიდად მოჩანს. ეცადეთ განათება გახადოთ უფრო მკვეთრი, დაუმატეთ ნათურები, მიუახლოვეთ ის დღის სინათლეს და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.

გამჭვირვალე ეკრანი
რაც გინდა სადა იყოს აბაზანის ფარდა, ის ან გადატვირთავს სივრცეს ან დაფარავს მის ნაწილს. მის ნაცვლად უმჯობესია გააკეთოთ გამჭვირვალე მინის ან პლასტმასის ეკრანი. ის კარგად დაგიცავთ შხეფებისგან და თავიდან აგაცილებთ ობისა და სოკოს არსებობას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები