რა არის ერკერი, რომელიც ჩვენს სახლებსაც აქვს ხოლმე და როგორ ვაქციოთ ის სასარგებლო ფუნქციურ ზონად

სულ ცოტა ხნის წინ ინგლისურ სახლებზე ვსაუბრობდით და აღვნიშნეთ, რომ ერკერი ინგლისური სახლებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი დეტალია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი დეტალი, ანუ ერკერი, ჩვენთანაც ხშირად გვხვდება და სამწუხაროდ, მის გამო საკმაოდ დიდი სივრცე სახლში აბსოლუტურად აუთვისებელი რჩება. გვინდა შემოგთავაზოთ საინტერესო იდეები, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ერკერი ისე, რომ კი არ დაკარგოთ კვადრატული მეტრები, არამედ დამატებითი ფუნქციური და კომფორტული ზონა შევიქმნათ.

შეგახსენებთ, რომ ერკერი გახლავთ სახლის ფასადის წინ გაწეული ზონა ფანჯრებით მთელ მის პერიმეტრზე. ფორმით შესაძლოა იყოს მრგვალი, სამკუთხედი, მართკუთხედი, ნახევრად მრგვალი
და ა.შ. სხვადასხვა ფორმის. ზოგ შემთხვევაში ერკერი ფასადის მხოლოდ გარკვეულ ნაწილშია გაწეული ზოგჯერ კი მთელი ფასადის სიგრძეზეა.
რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ირჩევენ არქიტექტორები საცხოვრებელ სახლებში ერკერს. ერთი, რომ ასე შესაძლოა მიიღო სახლის ორიგინალური ფასადი და მეორე, შენობა ერკერით ბევრად ნათელი და დიდი ჩანს და მესამე, ასეთი ფანჯრებიდან, როგორც წესი, შესანიშნავი ხედი იშლება.
ერკერს უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, იმიტომ, რომ გაწეულია ძირითადი კედლიდან, მუდმივად ქარის ზემოქმედების ქვეშაა, რაც თავისთავად ძალიან უარყოფითად მოქმედებს სახლში არსებულ ტემპერატურაზე. გარდა ამისა, რთული გეომეტრიული ფორმის გამო რთულია სახლის ამ ნაწილისთვის ავეჯის შერჩევა, ფუნქციის გამონახვა და ა.შ. მაგრამ, თუ მოინდომებთ, სწორედ სახლის ეს ყველაზე თავისებური ნაწილი შესაძლოა იქცეს თქვენს ყველაზე საყვარელ ადგილად.
მაშ ასე, რისი გაკეთება შეიძლება ერკერში?

კაბინეტი

ამ ზონაში თავისუფლად შეგიძლიათ მოაწყოთ ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკული სახლის ოფისი. საამისოდ დაგჭირდებათ ფანჯრის რაფის სამუშაო მაგიდად გადაკეთება. ლამაზიც არის და მოსახერხებელიც.

მაკიაჟის ზონა


გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ავეჯის განთავსება ჯობია ერკერის ზონაში, ოჯახის წევრების საჭიროების და მოთხოვნების მიხედვით უნდა მიიღოთ. ერთ-ერთი საინტერესო ვარიანტია ამ ზონაში მაკიაჟის კუთხის მოწყობა.

სასადილო ზონა

თუ ერკერი მრგვალია, შეგიძლიათ სასადილო ზონის მოწყობა სცადოთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მაგიდის ფორმის შერჩევა, რომელიც ჰარმონიულად ჩაჯდება ზონაში. ერკერის რაფები, თუ მისის სიმაღლე იძლევა ამის საშუალება, შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებით დასაჯდომ ადგილად, მოათავსეთ მასზე რბილი ბალიშები ან მატრასი და ძალიან კომფორტული ადგილი მზად არის.

დასასვენებელი ზონა

თუ ზონას დაბალი რაფები აქვს და იქ არაფრის გაკეთებას არ გეგმავთ, შეგიძლიათ მოაწყოთ ლაუნჯ ზონა.

სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი

თუ რემონტი გაქვთ და არ იცით, რა მოუხერხოთ ერკერს, აუცილებლად გამოიყენეთ ეს იდეა და სამზარეულოს მოწყობის დროს ისე დააპროექტეთ, რომ ერკერის ზონა სამუშაო ზედაპირად გამოიყენოთ.

საკითხავი ადგილი

წიგნების მოყვარულებს ძალიან კარგი საშუალება მიეცემათ მოაწყონ ძალიან კომფორტული საკითხავი ადგილი, ერთგვარი ბიბლიოთეკა.

აბაზანა



გაგიკვირდათ? არადა, თანამედროვე, ახალაშენებულ ბინებში ესეც გვხვდება. აბა სცადეთ მსგავსი იდეის განხორციელება, თუ ეს თქვენთვის მისაღებია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები