შები შიკი (Shabby shic) ინტერიერის ახალი სტილია, რომელმაც მთელ მსოფლიოში უამრავი მობინადრის გული მოიგო. რაშია მისი საიდუმლო? ამბობენ, რომ ბებიის ტკბილ სახლს დამსგავსებული ინტერიერი სიმყუდროვისა და სიმშვიდის საოცარ განცდას იძლევა. შები შიკი ძველებური ნივთების მართლაც რომ ახალი სიცოცხლეა.
სხვათა შორის, ამ სტილის შემქმნელის ვინაობა ცნობილია. ის ინგლისელი დიზაინერი რეიჩელ ეშველი გახლავთ. მან გასული საუკუნის 80-იან წლებში საკუთარი ინტერიერის შექმნა გადაწყვიტა. გაავსო სახლი მეორადების ბაზრობაზე შეძენილი ავეჯითი, "ბებიას" ტექსტილით და ანტიკვარული ნივთებით. სტილს სახელიც მიანიჭა და ძალიან მალე მიმდევრებიც გაიჩინა.
შები
როგორ წესი, შები შიკი პასტელური ფერებით არის წარმოდგენილი - თეთრი, სპილოსძვლისფერი, კრემისფერი, ღია ცისფერი, ღია ყვითელი, ღია ნაცრისფერი... ეს ნაზი ფერთა გამა მთელ ინტერიერზე ვრცელდება.
ჭერი აღარ არის ქათქათა - მასზე თითქოს ბზარებიც შეიმჩნევა. კედლების გაფორმებისას მოწნული ნაკეთობები გამოგადგებათ: კალათები, ჩარჩოები, მედალიონები. იატაკი გაურანდავი ფიცრების ეფექტს უნდა ქმნიდეს. თუმცა შები შიკის მთავარი მახასიათებელი მაინც ავეჯი და ტექსტილი და აქსესუარებია.
ავეჯი
აუცილებლად ძველებური იერი უნდა ჰქონდეს და "წარსულის გადმონაშთს" უნდა ჰგავდეს. ამ ეფექტისთვის აქერცლილი საღებავის კვალი, ბზარები თუ გახუნებული დეტალები გამოდგება.
ტექსტილი
რუშები, მაქმანები და ნაქარგები - ამ ინტერიერში მათ დიდი ადგილი უკავიათ. მნიშვნელოვან შტრიხებს ქმნიან რბილი ავეჯის შალითები, ტახტებისა და საწოლების გადასაფარებლები, დეკორატიული ბალიშები და მუთაქები.
აქსესუარები
რასაც ძველმანების ბაზრობაზე ნახავთ, ყველაფერი გამოდგება - სააათები, ზარდახშები, ფაიფურის ნაკეთობები, ფაიფურის სახიანი თოჯინები, სანათები ქსოვილის აბაჟურით, აკვარელის ნახატები კედლებზე.
კომენტარები