სახლი, სადაც ილიას სული ახლაც იგრძნობა


შესაძლოა ბევრს არ სმენია სახლზე, რომელიც ჩუბინაშვილის 22 ნომერში მდებარეობს და ქართველი ერისთვის ერთ-ერთ უდიდეს და უსაყვარლეს ადამიანს, ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა... თუ ერთხელ მაინც შეგივლიათ თვალი ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გადაღებული ილიასეული სახლის ფოტოსათვის, შეამჩნევდით, რომ სახლის ფასადი დღეისათვის იმდროინდელი სახითაა დაცული, უფრო მეტიც, ეზოს რკინისგისოსებიანი გალავანი, პატარა ჭიშკარი და შენობაში შესასვლელი ხის კარი ილიას ხელშენავლებია და მოწმეა 1907 წლის 30 აგვისტოს ტრაგედიისა, როდესაც ქართველი ერის წინამძღოლი - ილია ჭავჭავაძე გოლგოთას გზას შეუდგა...

სახლის ისტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ ადრინდელი
თავგადასავლით, ისტორია დღესაც გრძელდება, რადგან აქ შეძლებისდაგვარად კვლავ ილიასდროინდელი გარემოა შემორჩენილი.



თბილისში ცხოვრების პერიოდში ილიამ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. სხვადასხვა დროს იგი ცხოვრობდა ნაქირავებ ბინებში, ძირითადად მთაწმინდასა და სოლოლაკში (ამ სახლებს ამშვენებს შესაფერისი მემორიალური დაფები). 1889-1901 წლებში ილია ცხოვრობდა თავისი უმცროსი დის ელისაბედ საგინაშვილის სახლში, სადაც გაზეთ “ივერიის” რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული.

1900-იან წლებში კი, უკვე ხანდაზმულმა მწერალმა საკუთარი სახლის შეძენა გადაწყვიტა. ამ მიზნით მან ანდრეევის ქუჩაზე (ახლ. გიორგი ჩუბინაშვილის ქ. #22) გაბრიელ და ბარბარე ღვინიაშვილისაგან (აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მეუღლის ნინო ღვინიაშვილის დედ-მამისაგან) შეიძინა ეზო და პატარა ერთსართულიანი სახლი, რომელსაც ადრინდელი მფლობელი სათავსოდ და სამზადად იყენებდა.



შენობას თავდაპირველად მომცრო ზომის ოთახები ჰქონდა. შემდეგში ილიამ ფასადის გალამაზებისა და გაფართოების მიზნით, XIX საუკუნის ცნობილი არქიტექტორის, სიმონ კლდიაშვილის პროექტის მიხედვით სახლზე მიაშენებინა ორი ოთახი შემოსასვლელი ფასადით. ერთში სამუშაო ოთახი მოაწყო, მეორეში კი - სასტუმრო (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი უფრო რთული და მდიდრულია, მაგრამ ფინანსური შეჭირვების გამო განხორციელდა მარტივად, იმ სახით, როგორიც დღეს არის წარმოდგენილი). სიმონ კლდიაშვილი პირველი დიპლომიანი ხუროთმოძღვარი იყო. სწორედ მას მიანდო ნიკო ცხვედაძემ მაშინდელი სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლანდელი უნივერსიტეტის I კორპუსი) დაპროექტება, მასვე ეკუთვნის სამხატვრო აკადემიის ერთი ფლიგელის და ბევრი სხვა შენობა-ნაგებობის პროექტები, რომლებიც დღეს თბილისის კოლორიტს ქმნიან.

სახლის მშენებლობას უძღვებოდა მშენებელ-ინჟინერი იაკობ ფრანგიშვილი.

ამ სახლში თითოეული ნივთი, წიგნი თუ ავეჯი ილიასეულია და ისეა განლაგებული, როგორც მის დროს ყოფილა.

ილიას თბილისის სახლზე ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის ოლღა აგლაძის მოგონებებიც, სადაც იგი დეტალურად აღწერს, როგორი მყუდრო ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობდნენ ილია და ოლღა. როგორ შეიძინეს, როგორ დააპროექტეს და მოაწყვეს სახლი.



„ილია ძალიან მოყვარული იყო მყუდრო ოჯახური ცხოვრებისა და თავის საცხოვრებელი ბინის კულტურულად მოწყობას დიდ ყურადღებას აქცევდა. როდესაც ანდრეევის ქუჩაზე (ახლანდელი ჩუბინაშვილი – ავტ.) სახლი იყიდა, გულმოდგინედ შეუდგა მის გარეგან და შინაგან მოწყობასა და მორთულობას. ოთხი წყვილი ძველებური სკამ-სავარძლები გააახლებინა და გააკეთებინა სქელი სხვადასხვა ფერის ატლასით: მოყვითალო, ყავისფერი, ბორდოსფერი და მუქი ყვითელი. დიდ მისაღებ ოთახში ოთხივე კუთხე დაკავებული იყო ამ რბილი მორთულობით, შუაზე იდგა მრგვალი მაგიდა. მაგიდის გარშემო შემოწყობილი იყო ჩალის სკამები. კედელზე ეკიდა დიდი სურათები, ოქროთი მოვარაყებულ ჩარჩოებში: ერთ-ერთ მათგანზე გამოხატული იყო გაჭენებული მერანი, რომელზედაც დაკრული იყო მშვენიერი შეხედულების ჭაბუკი, მეორეზე - რაღაც რაინდი და სხვა („მაზეპა“)“.

„საერთოდ, ილიას ძალიან უყვარდა სურათები და გატაცებით ლაპარაკობდა მათზე. თუ სურათი რომელიმე გამოჩენილი მხატვრის იყო, ილია დაწვრილებით განმარტებას იძლეოდა მის შესახებ, თუ რა დროისაა, სად ინახება მისი დედანი და რითია შესანიშნავი“, - იხსენებს ოლღა აგლაძე.




ილიას სამუშაო კაბინეტი

ილია აქ საცხოვრებლად 1902 წელს გადმოვიდა თავის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლში ყველაზე საინტერესო სამუშაო კაბინეტია, რომელიც ერმაკოვის ფოტოების მიხედვით არის აღდგენილი. კედლების მოხატულობა, იატაკი, ნივთების განლაგება, ზუსტად ისევეა, როგორც ილიას დროს იყო.

აქ ინახება რაფიელ ერისთავის ბიუსტი, რომელიც ილიამ რაფიელის გარდაცვალების შემდეგ დაამზადებინა. ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთ საქმეს ემსახურებოდნენ. აქვეა ილიასეული მე-19 საუკუნის გლობუსი, რომელზეც არ არის დატანილი საქართველო და საერთოდ, კავკასია.

ილია არა მარტო ეროვნული ისტორიის აზრთა მპყრობელი იყო, არამედ მან შესანიშნავად იცოდა უცხო ქვეყნების ისტორიული გზამკვლევები და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება ევროპაში. იგი “ივერიაში” აქვეყნებდა მასალებს ევროპის პოლიტიკაზე, არჩევნებზე, პარლამენტის სხდომებზე და ა.შ. ზოგჯერ პროგნოზსაც კი აკეთებდა, თუ რა კანონმდებლობას მიიღებდა ევროპა.

ილიას სამუშაო მაგიდაზე ხელშეუხებლად დევს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული “ვეფხისტყაოსანი”. ილია დიდი ხნის განმავლობაში ამ საზოგადოების წინამძღოლი იყო. სწორედ მისი თაოსნობით და გიორგი ქართველიშვილის დაფინანსებით გამოიცა მიხაი ზიჩის მიერ დასურათებული ეს წიგნი. ცოცხალი სურათები იდგმებოდა თეატრში და მათ მიხედვით კეთდებოდა ჩანახატები. წიგნის შინაარსით იმდენად აღფრთოვანებული იყო ზიჩი, რომ ეს ილუსტრაციები ქართულ საზოგადოებას უსასყიდლოდ გადასცა.

ილიას სამუშაო ოთახში შეხვდებით ჯუზეპე გარიბალდის პორტრეტს. იტალიის „ხმალი“ - ჯუზეპე გარიბალდი იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის, რათა იტალია ავსტრია-უნგრეთის იმპერიას გამოყოფოდა. ილია სტუდენტობის დროს მის ბრძოლებში მონაწილეობასაც კი აპირებდა. ევროპული იდეალებიდან წამოვიდა ჩვენი ეროვნული რწმენის სულისკვეთება და გამოცოცხლება...

რატომღაც ილიაზე გავრცელებულია აზრი, რომ დაბალი ტანის კაცი იყო. თუმცა, სავარაუდოდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ოთახში განთავსებულია მაღალი მაგიდა ე.წ. „კანტორკა“. ილია დაბალი ტანის რომ ყოფილიყო, ამ მაგიდაზე წერას ვერ შეძლებდა. ამ მაღალ სკამზე ჯდებოდა, აქვე ჰქონდა სამელნე და ძალიან მოხერხებულად წერდა.

ოთახს ამშვენებს ილიასეული ავეჯი. ილიამ გერმანიაში, ლაიფციგში გამოცემული ფოტოალბომის ორტომეული შეიძინა. ოლღამ და ილიამ შეუკვეთეს ოქროსფრად დაფერილი ჩარჩოები, ამოჭრეს ფოტოები და მთელ ოთახში გამოფინეს. გაცილებით დიდი კოლექცია იყო, ვიდრე დღეს ვხედავთ ამ კედლებზე. სამწუხაროდ, ფოტოების გარკვეული ნაწილი დაკარგულია.

ილიას სამუშაო ოთახს ამშვენებს ულამაზესი ბუხარი, რომელიც აღდგენის გარეშეა შემონახული. აქვეა სერაფიმე პოლოლიკაშვილის გამოქანდაკებული რუსთაველის ბიუსტი, რომელიც ავტორმა ილიას აჩუქა.

წიგნების კარადებზე განლაგებულია ხოდოროვიჩის მიერ შექმნილი თეთრი თაბაშირის ქანდაკებები. ილია ხშირად მასპინძლობდა გამოჩენილ მოღვაწეებს, მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირებს. ილიას ხშირი სტუმრები იყვნენ: სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, არტურ ლაისტი, ნიკო ნიკოლაძე და იმდროინდელი ბევრი ეროვნული მოღვაწე. მსჯელობდნენ და კამათობდნენ მტკივნეულ საკითხებზე.

ოთახში შემონახულია ჭადრაკის დაფა, რომელზეც ილია ხშირად ეთამაშებოდა თურმე კოტე ყიფიანს როგორც ჭადრაკს, ისე ბანქოს.




ილიასეული სასტუმრო ოთახი

ილიამ ეს სახლი იყიდა, სასტუმრო ოთახი მიაშენებინა და მხოლოდ ამის მერე გადმოვიდა საცხოვრებლად. ორივე ბუხარი, როგორც სამუშაო, ისე სასტუმრო ოთახშიც, სიმონ კლდიაშვილის დაპროექტებულია. ეს ბუხარი თეთრი ფერის ყოფილა. დროთა განმავლობაში ფერი იცვალა და შემდეგ გადაუღებავთ.

სასტუმრო ოთახის კედლებს ოლღას მიერ ილიასათვის ნაჩუქარი ნახატების ასლები ამშვენებს (დედნები საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმში ინახება). ოლღა ხშირად ჩუქნიდა საყვარელ მეუღლეს ნახატებს, რადგან ილია თვითონ იყო მხატვრობის და საერთოდ ხელოვნების მოტრფიალე. ამ ოთახში განთავსებულ სამივე ტილოს წარწერები აქვს.


1897 წელი

“ჩემს სახსოვრად მიიღე ეს სურათი, ჩემო კარგო და სანახავად სანატრელო ილიავ! მოგილოცავ შენს დაბადებას, ერთი ასად შეგმატოდეს ბედნიერი ცხოვრება. შენი ოლიკო“.


1903 წელი

“ჩემო კარგო ილიავ! გილოცავ შენს დაბადებას, იცოცხლე დიდხანს ჩემს სანუგეშოდ. შენი ოლიკო“.


1904 წელი

„ჩემო კარგო ილიავ! გილოცავ შენს დაბადებას. ღმერთსა ვთხოვ შენს დიდხანს სიცოცხლეს. შენი ოლიკო. ჩემს სახსოვრად მიიღე ეს სურათი“.

ამ ნახატების ერთ-ერთი ავტორი ცნობილი ფრანგი მხატვარი იყო. ეს ფაქტი შემთხვევითობა არ იქნება, რადგან ილია იმდენად იყო დაინტერესებული მხატვრობით, რომ შესაძლოა, ოლღამ ზუსტად ის ტილო უყიდა, რომელიც მის მეუღლეს მოსწონდა.

აქვეა უცნობი მხატვრის ნახატი, რომელსაც არ აქვს ავტოგრაფი და მიმდინარეობს მოკვლევა, ვის ეკუთვნის ეს ნამუშევარი.

სასტუმრო ოთახი ილიას დროს სცენის ფუნქციასაც ასრულებდა. აქ ყოფილა ფარდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ერთი ხელის შევლებით იხსნებოდა. ილიასაც განუსახიერებია თავისი „კაცია-ადამიანიდან” ლუარსაბის როლი, როცა ის თავის მომავალ შვილს ეალერსება. მას ეს ეპიზოდი ოლღას თხოვნით შეუსრულებია.

ილიას და ოლღას სახლში ხშირად იყრიდნენ თავს სტუმრები და იმართებოდა საღამოები.

ილიას მკვლელობამდე ბოლო ერთი კვირა მას საგურამოში არტურ ლაისტი სტუმრობდა. ლაისტი იხსენებს, ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს. შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია“.

უკანასკნელი საღამო კი ილიამ ამ სახლში გაატარა. ოლღასაც ცუდს უგრძნობდა გული და სთხოვდა, გადაედოთ მგზავრობა, მაგრამ ილია რასაც იტყოდა, კანონი იყო ოლღასათვის. დიდ მგოსანს ყველა სიტყვას უსრულებდა მოსიყვარულე მეუღლე.

...1907 წლის 30 აგვისტოს (ძველი სტილით), ილიამ უკანასკნელად გაიხურა ამ სახლის კარი...

სამწუხაროდ, იმ ავბედით დღეს მოხდა ის, რამაც ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ისტორია...




ილიას მკვლელობის შემდეგ...

ამ სახლის ისტორია ილიას მკვლელობის შემდეგაც გაგრძელდა.

მკვლელობამდე ორი წლით ადრე ილია, თავისი სიყრმის მეგობრის ილია წინამძღვრიშვილის სანოტარო ბიუროში ადგენს ანდერძს, რომელშიც წერს: „მე, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, საღის გონების და მტკიცე მეხსიერებისა, ვინიცობაა მოვკვდე, ვაცხადებ ჩემს სურვილსა და ნებას: რაც კი მეკუთვნის, მოძრავი და უძრავი ქონება, ჩემი სიკვდილის შემდეგ მიანდერძებია სასარგებლოდ ჩემის მეუღლე ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისათვის, ვიდრე იგი ცოცხალია, იმ პირობით, რომ კნეინას სიკვდილის შემდეგ კეთილშეძენილი ქონება, უძრავი და მოძრავი, გახდეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება“...

...თავდასხმის დროს ოლღა სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელებს. უგონო მგომარეობაში მყოფი ოლღაც მკვდარი ეგონათ და სწორედ ამიტომ დაანებეს თავი.

ილიას სიკვდილის შემდეგ ოლღას აღარც საგურამოსკენ გახედვა სურდა და ვეღარც თბილისის სახლში ჩერდებოდა. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონია. ფიზიკურად ცოტა მომჯობინებულა თუ არა, მთაწმინდაზე, ილიას საფლავთან ახლოს გადასულა საცხოვრებლად. მთელი უძრავ-მოძრავი ქონება კი, ილიას ანდერძისამებრ, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაუცია. ამბობენ, 20 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე ადიოდა მთაწმინდაზე და ილიას საფლავზე წვებოდაო...


ილიას სახლ-მუზეუმი დღეს...

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანება 2016 წლის 5 აგვისტოს დაფუძნდა, რომელიც 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას გულისხმობს. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველია.

ამ გაერთიანებაში შემავალი თითოეული მუზეუმის მნიშვნელობა დიდია საზოგადოებისთვის, მაგრამ ილიას როლი უდიდესია ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის.

2017 მნიშვნელოვანი წელია, როგორც მწერლის საიუბილეო, ასევე ილიას მემორიალურ-ლიტერატურული მუზეუმის განახლების წელი. თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის ხელშეწყობით უკვე დაწყებულია ჯავახიშვილის ნომერ 7-ში მდებარე ილიასეული სახლის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაგეგმილია ჩუბინაშვილზე მდებარე სახლის განახლებაც. საგამოფენო სივრცე რამდენიმე მნიშვნელოვან თემატურ ექსპოზიციად დაიყოფა - აქ განთავსდება შესაბამისი თემატური მემორიალური ნივთები, საგამოფენო ობიექტები, ნაბეჭდი მასალა და ინსტალაციები; ჩატარდება სხვადასხვა ტიპის საგამოფენო და სამეცნიერო ღონისძიებები...

თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორს ნინო სანადირაძეს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს: ლელა კალანდაძეს, მაია ოქროცოიძეს, ნატო ჩაჩავას.

მერი ბლიაძე

კომენტარები

UNDUMBNAX 2022-12-20 08:01
generic name for cialis She loved life and was a bright light

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები