„გარდიანი“ ხალხს დიუსელდორფში ქართულ რესტორან „პეპელაში“ სტუმრობას ურჩევს

ცნობილი ინგლისურენოვანი გამოცემა "გარდიანის" სტატიაში გამოჩნდა რჩევა, დიუსელდორფში მოხვედრისას ტურისტები ქართულ რესტორან „პეპელას“ ეწვიონ (იხილეთ სტატია)... რესტორანი გამოცემამ გერმანიის საუკეთესო რესტორნების რეიტინგში ჩართო. მართლაც ძალიან კარგი ფაქტია საქართველოსა და ქართული კულინარიისთვის. რასაკვირველია, დავინტერესდით რესტორნით, რომელზეც პოპულარული გამოცემა ასეთი აღფრთოვანებით წერს და მის ერთ-ერთ დაფუძნებელს კახაბერ გაბელაიას სასაუბროდ გერმანიაში დავუკავშირდით...

- ამ წლის 15 მარტს გვქონდა რესტორან-ბარის „პეპელას“ გახსნა ქალაქ დიუსელდორფში. მე და რატი წაქაძემ დავაარსეთ. ინტერიერი მთლიანად ჩვენი მოწყობილია. ერთადერთი იატაკი ვერ დავაგეთ ჩვენ თვითონ... შევეცადეთ, ძალიან არ გადაგვეტვირთა ინტერიერი და მყუდრო გარემო შეგვექმნა
ჩვენი სტუმრებუსთვის...
რაც შეეხება სახელწოდებას, „პეპელა“, უბრალოდ აზრად მოგვივიდა და დავარქვით. არაფერი განსაკუთრებული ისტორია სახელთან დაკავშირებით არ გვაქვს. ალბათ უფრო არ გვინდოდა რომ უკვე მრავალნაცად სახელზე შევჩერებულიყავით. 


- მენიუ ქართული გაქვთ ძირითადად?
- მენიუზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ევროპელთათვის მისაღები ფორმით რომ შეგვეთავაზებინა კერძები და ამავდროულად ავთენტურობაც არ დაგვეკარგა ქართული სამზარეულოსი.

- ევროპაში საუკეთესო რესტორნებს შორის „პეპელა“ დასახელდა... რას უმადლით ამ წარმატებას?
- წარმატების საწინდარი თავდაუზოგავი შრომა და თითოეული სტუმრის მიმართ გამოჩენილი ყურადღება და პატივისცემაა. ჩვენ თვითონვე არც სტუმრების მომსახურებას ვთაკილობთ (გვიხარია კიდეც) და არც სამზარეულოში ტრიალს ვიკლებთ.. სამზარეულოში რატის მეუღლე, უსაყვარლესი და პროფესიონალი ენუკა (ელენე) ყიფიანი შეფმზარეულობს. უმეტესობა კერძების ენუკას შექმნილია...
შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევქმენით ოჯახური სიტუაცია, სტუმრებს როგორც ქართველებს გვჩვევია, სიყვარულით ვუმასპინძლდებით...

- ევროპელებს განსაკუთრებულად რომელი ქართული კერძი მოსწონთ?
- გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ყველა კერძი მოთხოვნადი და პოპულარულია. შეგვიძლია გამოვარჩიოთ ოდნავ იმერული და აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ცხვრის ჩაქაფული და, რა თქმა უნდა, ყველა სახის მხალი...
გვაქვს ძირითადი მენიუ, რომელიც გადატვირთულად დიდი არ არის. ყოველ კვირა მრავალფეროვნებისთვის კერძების სხვადასხვა სახეობა ემატება და იცვლება...

- ალბათ ქართული ღვინოები გაქვთ?
- გვაქვს სხვადასხვა მსხვილი და პატარა მეღვინეების ღვინოების ფართო ასორტიმენტი... გერმანელებს ქართული კერძების გარდა ძალიან მისწონთ ქართული ღვინო და ბევრი უკვე მხოლოდ ღვინის დასაგემოვნებლად შემოივლის ხოლმე სასიამოვნო საღამოს გასატარებლად. ქვევრის ღვინო სარგებლობს დიდი პოპულარობით!

- რამდენად ხშირად სტუმრობენ რესტორანს ქართველი ემიგრანტები?
- ხშირად მოდიან. ყველას უნდა, რომ ცოტა ხნით მაინც იგრძნის თავი ქართული სამზარეულოს მეშვეობით სახლში... არც ადგილიბრივების სიმცირეს ვუჩივით და მეტიც: ძირითადად ჩვენი სტუმრები ადგილიბრივი მაცხოვრებლები არიან.
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება