აქ ნივთებიც საუბრობენ, კედლებიც, მრავლისმეტყველია ინტერიერიც და ექსტერიერიც, არაერთი მხატვრისა და კინემატოგრაფის მუზად ქცეული ლანდშაფტით და სახლის კეთილგანწყობილი ბინადრებით. ასაკი შეუზღუდავია, წარმომავლობაც - საქართველო, საფრანგეთი, ამერიკა, იტალია, ჰოლანდია, ბელგია და ა.შ. მათი სამეტყველო ენა კი ერთია - აქ ყველა და ყველაფერი ერთ ენაზე ლაპარაკობს - მას ხელოვნება ჰქვია.
მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები და სხვა პროფესიის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები ერთ სივრცეში იყრიან თავს. როგორც აქ ამბობენ, ისინი მასპინძლობენ ყველას, ვისაც სჯერა, რომ ხელოვნების ძალით თანამედროვე ეპოქის კულტურა იქმნება. რადგან საკომუნიკაციო ენა ყველასთვის
სახლი, უფრო ზუსტად კი პოლონელ დიდგვაროვანთა ყოფილი სასახლე, რომლის შესახებაც გიამბობთ, თბილისიდან 75 კილომეტრში მდებარეობს, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში (მეფის ძველ ქალაქში). ეს ადგილი იშვიათი კლიმატური პირობების" სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა, აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა.
ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი პირველად XVII საუკუნის დასაწყისში იხსენიება, 1609 წელს ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით. ამ დროს იგი არ იყო ქალაქი. ახალქალაქის გაქალაქება, ქართლის მეფე როსტომს უკავშირდება (1632-1658 წ.წ.). ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის კედელზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ-სეფის (1629-1642 წ.წ.) ყაენობის დროს როსტომსა და მის თანამეცხედრე მარიამ დედოფალს მდინარე თეძმის ნაპირზე გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის მეფის ქალაქი უწოდებიათ. ქალაქში აუშენებიათ საყდარი და მონასტერი. მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვილია დასახელებული. ახალქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ, სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ისინი მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი ქალაქად აღარ იხსენიება.
1885 წელს ახალქალაქმა პოლონელი ინჟინრისა და არქიტექტორის ვასილი ბოლგარსკის ყურადღება მიიპყრო, მან აქ სააგარაკო სახლი (სასახლე) ააშენა. სასახლე და დამხმარე ნაგებობები იმ დროისათვის ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით ყოფილა აღჭურვილი, საკუთარი ელსადგურით, ბუნებრივი მაცივრებით, ინფრასტრუქტურითა და საირიგაციო სისტემით, რაც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტირების საშუალებას იძლეოდა. ღვინოსთან ერთად აქ შამპანურსაც აწარმოებდნენ, ჰქონდათ ატმის კონსერვების ქარხანა, ფუნქციონირებდა წისქვილი და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ, რაც დაინგრა და გაპარტახდა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. პოლონელი დიდგვაროვნების მამულმა ქვეყნის ტრაგიკული ისტორია გაიზიარა, რევოლუციის შემდეგ ქონება ჩამოართვეს, მფლობელები გაასახლეს. უკანას-
კნელი შთამომავალი, რომელსაც სახლი ეკუთვნოდა, იყო ელენე ახვლედიანის თაობის მხატვარი, აკვარელისტი ვერა ბელეცკაია, რომელსაც თურმე სასახლეში სამხატვრი სკოლის ჩამოყალიბება სურდა. გასაბჭოების შემდეგ სასახლე ჯერ საჯარისო ნაწილების ბაზად, შემდეგ კი სკოლა-ინტერნატად გადაკეთდა, რომელიც 70-იანი წლების მიწურულს გაუქმდა. მას შემდეგ შენობამ ფუნქცია დაკარგა, დაინგრა და განადგურდა. ადგილობრივი გლეხები ზოგჯერ მას საწყობად ან თავლად იყენებდნენ.
ახალი სიცოცხლე სახლმა XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს შეიძინა. სოფლის ნახევრად დანგრეულ ძველ მამულში მხატვართა სპონტანურმა კომუნამ დაიდო ბინა, რომელიც ნელ-ნელა ორგანიზაციად გადაიქცა და სახელოვნებო ცენტრისთვის საჭირო ფუნქციების განვითარება დაიწყო. 2000 წელს "ბოლგარსკების სასახლეში" თბილისელი პედაგოგისა და მხატვრის ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა არტ-ვილა "გარიყულა".
დღეს არტ-ვილა "გარიყულა" თვითორგანიზებული სისტემის წარმატებული მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ცენტრისათვის საჭირო ყველა ფუნქციას ავითარებს. მას აქვს საგამოფენო სივრცე და თანამედროვე ხელოვნების 300 ნამუშევრისგან შემდგარი კოლექცია, ალტერნატიული განათლების პროგრამები, არტისტული რეზიდენცია და აქვე ტარდება ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი Fესტ ი Nოვა, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი როლი შესრულა საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ აქ ფართოდ გაიშალა საგანმანათლებლო საქმიანობაც, ტარდება ლექციები, სემინარები და მასტერკალსები, შედგა თანამშრომლობა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და სხვა საგანმანათლებლო ცენტრებთან.
არტ-ვილას ბაღიც აქვს, რომელიც ამჟამად, 2400 კვ/მ ფართობს მოიცავს, უმეტესი ნაწილი ხეხილსა და ვენახს უკავია. ნაკვეთის გვერდით ჩამოდის მდინარე თეძამი. ევროპული არქიტექტურის მქონე სახლის პირველ სართულზე ქართული მარანია მოწყობილი, ქვევრებითა და საწნახლით.
შენობას, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, კულტურის ძეგლის სტატუსი ჰქონია მინიჭებული, თუმცა, მოუვლელობის გამო სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა. "შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის" ინიციატივით მოხდა ძეგლის აღდგენა. ბოლგარსკების სასახლის პროექტი ახალი ფუნქციის შესაბამისად გარდაიქმნა. 2004 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს დებიუტის თემა იყო: "გარიყულა" - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი".
მასპინძლობა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა, ცნობილმა მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ გაგვიწია:
- როდის აღმოაჩინეთ ბოლგარსკების მამული და რით მოგხიბლათ, რა განწყობა შეგიქმნათ?
- სტუდენტები მყავდა პრაქტიკაზე, ჩვენ ე.წ. "მარშლიაანთ" სასახლეში, ანუ თარხნიშვილების სასახლეში ვიყავით, სადაც სამხატვრო აკადემიის ბაზა იყო განთავსებული, ხოლო აქ, ბოლგარსკების სასახლეში მერაბ კოკოჩაშვილი "ნუცას სკოლას" იღებდა. ფილმის მხატვარი ჩემი მეგობარი გოგი ტატიშვილია და დროის დიდ ნაწილს აქ ვატარებდი. ბუნებრივია, მაშინვე გაგვიჩნდა კითხვა - ვის ეკუთვნოდა ეს ულამაზესი და გაპარტახებული მამული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელი სისტემა გაუქმდა, აღარც მხატვართა კავშირი იყო, საგანმანათლებლო საქმიანობაც მინელდა, მთლიანად დაინგრა სოციალური სახელოვნებო სისტემა, ქართული ხელოვნება ახალ კონტექსტს ეძებდა, უნდა შექმნილიყო ახალ საგანმანათლებლო და საგამოფენო პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე სისტემა, რაზეც უკვე არსებობდა მოთხოვნა არტისტებს შორის და ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ მამულში საგანმანათლებლო ცენტრი დაგვეარსებინა. გავაკეთეთ პატარა რეზიდენცია. 2000 წელს კულტურის სამინისტროსთან გავაფორმე კონტრაქტი მის მფლობელობაზე და აგერ უკვე 15 წელია, რაც აქ პირველი რეგიონული თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ფუნქციონირებს. 2000 წლიდან, ფაქტობრივად, უკვე აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ. უამრავი ვორკშოპი ჩავატარეთ და გაირკვა, რომ ხორცს ისხამს ახალი პროექტი - ჩვენ გვინდა ხელოვნების სოფელი შევქმნათ, ინფრასტრუქტურით, კამპუსით, ორი ან სამი ხელოვნების ცენტრით. გვინდა მხატვრების ჩასახლება, უკვე ჩავასახლეთ კიდეც თხუთმეტამდე მხატვარი, მათ შეიძინეს სახლები არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ სამუშაოდ. ვთანამშრომლობთ, ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ჩვენი ქვეყნისთვის, ინვესტირება ხდება მიზერულ თანხაში, პრაქტიკულად უფასოდ. ჩვენ დავაარსეთ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, რომელმაც შეიძინა დიპლომატიურ-კულტურული და კონცეპტუალური დატვირთვა. აქტიური კომუნიკაცია შედგა ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ყველა თავის გამოცდილებას გვიზიარებს - ფრანგები, გერმანელები, ამერიკელები, ჩინელები, წელს ირანიდანაც გვეყოლება მხატვრები.
- ყველა, ვინც აქ ერთხელ მაინც ყოფილა, რაღაც პერიოდის შემდეგ კვლავ ბრუნდება თქვენთან. ეს ამ თბილი და ორიგინალური გარემოს დამსახურებაა...
- ამ სახლს თავისი ისტორია აქვს, ბოლგარსკები და ბელეცკები მეტწილად ხელოვანი, განათლებული ხალხი იყო - ინჟინრები, მხატვრები. მათ სახლში ძალიან დადებითი ენერგეტიკა დატოვეს, რაც დღესაც იგრძნობა. აქ მოსულ სტუდენტებსა თუ ცნობილ მხატვრებს არ ვუქმნით რაიმე განსაკუთრებულად კომფორტულ პირობებს, ყველაფერი გარემოს ადეკვატურია, მაგრამ ყველა გრძნობს არსებულ სითბოს, რასაც ალბათ პირველ რიგში ადამიანების ურთიერთობა ქმნის.
ჩემი სტუმრობის დროს შემოქმედებითი საქმიანობა "გარიყულაში" აქტიურ ფაზაში იყო შესული - თანამედროვე ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადებოდნენ. წარმატებები ვუსურვოთ მათ. იმედია, შიდა ქართლის ეს ულამაზესი და შთამბეჭდავი ადგილი როდესმე აუცილებლად გახდება ხელოვნების სოფელი.
თეა იაკობაშვილი
კომენტარები