იაპონიაში გათხოვილი ქართველი გოგონას ულამაზესი მინი-ბაღი და იაპონელებისთვის ჩატარებული ქართულის გაკვეთილები

ალბათ ბევრს უოცნებია, გაზაფხულზე იაპონიაში საკურას დღესასწაულს დასწრებოდა და ამ საოცრების ხილვით დამტკბარიყო. ეს ოცნება მარიამ ინაბამ (გათხოვებამდე - ბეჟანიშვილი) ექვსი წლის წინ აიხდინა. იაპონიაში სასწავლებლად გაემგზავრა, თუმცა იქ თავის ცხოვრების მეგზურს შეხვდა და წყვილმა მალევე იქორწინა. ქართველმა გოგონამ ახალი ცხოვრების რიტმს უპრობლემოდ აუწყო ფეხი. მარიამმა სახლში პატარა მინი-ბაღიც მოაწყო, სადაც პირველ რიგში საქართველოდან წაღებული ქინძი, რეჰანი და კამა გაახარა. ამბობს, რომ იაპონიაში დიდ ყურადღებას აქცევენ გალამაზებულ ეზოებს და ყველა ცდილობს მეზობელზე უკეთესი ბაღი ჰქონდეს.

- დამთავრებული მაქვს თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო
ურთიერთობების ფაკულტეტი, იაპონური ენის განყოფილება, მაგრამ რაც იაპონიაში ჩამოვედი, იმდენ პროფესიას დავეუფლე, ზოგჯერ მავიწყდება კიდეც. აქ იაპონიის განათლების სამინისტროს სამწლიანი პროგრამით მაგისტრატურაზე ჩამოვედი თითქმის ექვსი წლის წინ. ვისწავლე რელიგიები, არა მარტო იაპონიის ბუდიზმი და შინტოიზმი, არამედ ცოტ-ცოტა ისლამი, იუდაიზმი, ქრისტიანობა.
ახლა ვასწავლი ქართულს და ინგლისურს. ქართულს ერთი იაპონელი ბაბუა სწავლობს უკვე ოთხი წელია. საქართველოში ყოფილა, ძალიან მოეწონა, თუმცა დისკომფორტი იგრძნო, ქართული რომ არ ესმოდა, ამიტომ მიპოვა და დაიწყო ქართულის სწავლა.

- და სწორედ იქ შეხვდით თქვენი ცხოვრების ადამიანს... თქვენი სიყვარულის შესახებ მოგვიყევით...
- დიახ, კიოტოში გაზაფხულის ერთ ლამაზ დღეს სრულიად შემთხვევით, წვეულებაზე შევხვდი კოსუკეს. ეს ორივესთვის ერთი ნახვით სიყვარული იყო. არასდროს მჯეროდა რომანტიკული, ერთი ნახვით შეყვარების ისტორიების, მაგრამ თავად აღმოვჩნდი ერთ-ერთ რომანტიკულ „ფილმში“. თავიდან კულტურული სხვაობის გამო გვქონდა პატარა გაუგებრობები, მაგრამ ახლა მალე (11 აპრილს) ხუთი წელი გახდება, რაც შევხვდით ერთმანეთს და ფაქტობრივად გაუგებარი და ამოუცნობი აღარაფერი გვაქვს.

- საქართველოში თუ არის ნამყოფი თქვენი მეუღლე?
- საქართველოში რამდენჯერმე არის ნამყოფი. პირველად რომ ჩამოვიყვანე, „შემოგვექორწილა“ (იღიმის). აი, ასე, 2-3 დღეში უცებ დაიგეგმა ქორწილი, ტორტი, კაბა და ხელი მოვაწერეთ 2015 წლის 29 აგვისტოს. 31-ში კი ფრენა გვქონდა. ძალიან უყვარს ქართული ღვინო, კერძები. თავიდან ტყემალს ვერ ჭამდა, მაგრამ ახლა ჩემზე მეტად უყვარს. უყვარს ჩვენი ტრადიციები და ის, რომ ოჯახის წევრები და მეგობრები ჩვენთვის ყველაფერია. უკვირდა, ასე ახლოს რომ ვიყავით ყველა. განსაკუთრებით ჩემი მეგობრების რაოდენობამ გააოცა.

- თქვენ როგორ შეეგუეთ სრულიად განსხვავებული ტრადიციების მქონე ქვეყანას? როგორ აუწყეთ ფეხი ახალი ცხოვრების რიტმს?
- თავიდან რომ ჩამოვედი, ტურისტივით ვიყავი. პირდაღებული დავდიოდი, ყველაფერს ფოტოს ვუღებდი, ვმოგზაურობდი უამრავს. შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც უცხოდ და ზედმეტად ვიგრძენი თავი. განსაკუთრებით კიოტოში, რადგან ცოტა სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ თუ გაგიცნეს და მოეწონე, გადაგყვებიან.
ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ სრულიად შევისწავლე იაპონელების და კიოტოელების ხასიათი. ვიცი, როდის როგორ უნდა მოვიქცე, სად რა უნდა ვთქვა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რამდენად იცავ მათ წესებს. მაგალითად, გუშინ გასაუბრებაზე ვიყავი. რომ დამთავრდა, ოთახიდან გამოსვლისას ზურგი არ უნდა შეაქციო იქ მყოფ ადამიანებს და ისე უნდა გამოხვიდე უკან სვლით, ჰოდა, მეც ავტომატურად ასე გამოვედი ოთახიდან და მერე მივხვდი, რომ სწორად შევასრულე ყველა მათი წესი თუ მოთხოვნა. უკვე იმდენად ჩემი გახდა აქაური ყოველდღიურობა, ალბათ გამიჭირდება სხვაგან გადაბარგება და თავიდან შეგუება.

- პატარა ბაღიც მოაწყვეთ თქვენს სახლში...
- ყვავილები და ზოგადად მცენარეები, ბუნება ძალიან მიყვარს. რომ ჩამოვედი, საერთო საცხოვრებლის ერთი ბეწო აივანზეც კი მქონდა ქოთნის ყვავილები. ახლა ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, არაშიამაში, სადაც ბუნების გარდა სხვა არაფერია და თან ფანჯრის წინ პატარა ადგილი იყო. მეც მეტი რა მინდოდა და საქართველოდან წამოღებული ქინძი, კამა და რეჰანი დავთესე ქოთნებში. მინი პომიდორიც მქონდა, მხოლოდ 2-3 ცალი მოისხა, მაგრამ მაინც მიხაროდა. ახლა ნოემბერში დარგული ყვავილები ყვავდება რიგ-რიგობით. ფერების მიხედვით ვიყიდე ნაკრები, იისფერი და ვარდისფერი ყვავილების. ტიტები, ანემონე და სხვების სახელი არ მახსოვს, სამწუხაროდ.
იაპონიაში ძალიან უყვართ ყვავილები და ქოთნის მცენარეები. კიოტოში ბევრი პატარა სახლია და თითქმის ყველას სახლის გარეთ პატარა ბაღი აქვს მოწყობილი.

- ალბათ დიდ ყურადღებას აქცევენ გამწვანებულ ეზოებს...
- ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ეზოს, შესაბამისად ყველა ცდილობს მოუაროს და ყოველთვის ლამაზად ჰქონდეთ მოწყობილი. მეზობელი რას იტყვის აქაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველანაირად ეცდებიან მეზობელზე ლამაზი ბაღი ჰქონდეთ. ასევე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სახლის წინ სისუფთავეს, ყოველ დილას გვიან და რწყავენ ხოლმე ქუჩას.

- სულ მალე საკურა იყვავილებს. რა ისტორიებს, მითებს, ლეგენდებს გიყვებათ ხოლმე თქვენი მეუღლე საკურას შესახებ?
- გამიგია, საკურას ყვავილობის დროს იაპონელები არ ქორწინდებიან. მიზეზი არის ის, რომ საკურას ყვავილი სულ რამდენიმე დღე ყვავის და ქორწინებაც მოკლე იქნებაო, მაგრამ ჩვენი იაპონური ქორწილი ჩემი დაჟინებული თხოვნით საკურას ყვავილობას დავამთხვიეთ.
ჰანამი (ყვავილების ყურება - პირდაპირ რომ ვთარგმნოთ) არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიცია, რაც საკურას უკავშირდება. ჰანამი იმართება პარკებში საკურას ხეების ქვეშ. ე.წ პიკნიკი მეგობრებთან, თანამშრომლებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. კიოტოში ყველაზე მეტ მოპიკნიკეს შეხვდებით მარუიამას ბაღში, იმპერატორის სასახლის ბაღში, რომელიც უზარმაზარია და საკურაც ულამაზესია, ან მდინარის პირას. ძალიან ლამაზ, სასიამოვნო გარემოში საკურას ყვავილებით ტკბობას რა სჯობია. ჰანამის უმეს, იგივე ქლიავის ყვავილობის დროსაც შეიძლება შეხვდეთ, მაგრამ ძალიან იშვიათად იმიტომ, რომ როგორც წესი საკმაოდ ცივა ამ დროს.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა პირველად იხილეთ საკურას „დღესასწაული“?
- პირველ წელს სამწუხაროდ, ისეთ დროს მომიწია ჩამოსვლა, რომ წვიმები დაემთხვა და არ მქონდა საშუალება დავმტკბარიყავი საკურათი. არც ვიცოდი, სად შეიძლებოდა წასვლა და ნახვა, მაგრამ შემდეგ წლებში ავინაზღაურე დანაკლისი და ყოველ წელს, ერთ დღეს ყოველთვის მარტო ვატარებ საკურასთან. ფოტოაპარატით ხელში დავდივარ და ვიღებ უამრავ ფოტოს. მარტო როცა ვარ, უფრო მეტად შევიგრძნობ მის სილამაზეს და უფრო მეტად ვკონცენტრირდები, მოგონებები ხომ უნდა გამყვეს მთელი წელი. იმდენად მიყვარს საკურა და ზოგადად გაზაფხული, ჩემი ნება რომ იყოს სულ აყვავებულს დავტოვებდი. ჩემთვის საკურა და გაზაფხული ახლის დაწყებასთან ასოცირდება, მეც გაზაფხულზე ჩამოვედი აქ და ახალი ცხოვრებაც გაზაფხულზე დავიწყე, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია საკურას ყვავილობის ის ერთი კვირა. მოკლე, მაგრამ დაუვიწყარი...

- ახლო მომავალში საქართველოში სტუმრობას ხომ არ გეგმავთ?
- დაახლოებით წელიწად-ნახევარია რაც არ ვყოფილვარ და ძალიან მინდა ჩამოსვლა. მაქსიმალურად ვეცდებით წელს ჩამოვიდეთ და ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ვნახო.



მერი ბლიაძე

კომენტარები

ზოია რუაძე 2019-03-20 14:38
ძალიან მიყვარს ისპონური ბაღები მათ ბაღის მოწყობის განსაკუთრებული მიდგომა აქვთ ....
სვეტლანა 2019-03-20 10:11
მომეწონა სტატია ,რა სილამაზეა,თქვენც ნიჭიერი და შრომისმოყვარე ყოფილხართ,წარმატებებს გისურვებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები