"ყველაფერი ჩემი გემოვნებით და დიზაინით იქმნება" - საახალწლოდ მორთული ბინა, რომელმაც ბევრი აღაფრთოვანა

სოფიო ქენქაძე ინგლისური ენის მასწავლებელია. ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი. სოფიო "რემონტის" ჯგუფში გავიცანით. მის მიერ შექმნილმა საახალწლო გარემომ ჯგუფის წევრები აღაფრთოვანა. არანაკლებ საინტერესოა მისი ბინის ინტერიერის დიზაინი, რომელიც ასევე სოფიოს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ დიზიანის სფეროში გამოცდილება არ აქვს, ნათელია, რომ ამ საქმეს წარმატებით გაართვა თავი.

- ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ. თქვენი გემოვნებით და დიზაინით მოაწყვეთ თუ დიზაინერი დაიხმარეთ?
- მადლობა ასეთი შეფასებისთვის. როგორც სახლის ინტერიერის, ისე საახალწლო დეკორაციებისა და ნაძვის ხის დიზაინი მე მეკუთვნის. არასდროს არ მქონია დიზაინის
სფეროსთან პროფესიული კავშირი. რასაც ვქმნი, ყველაფერი ჩემი გემოვნებით და დიზაინით იქმნება, რაც დიდ სამოვნებას მანიჭებს.

- თქვენი და თქვენი მეუღლის გემოვნება რამდენად ემთხვევა ერთმანეთს დიზაინის საკითხში? 
- ზოგადად ჩემი და ჩემი მეუღლის გემოვნება ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა საახალწლო დეკორაციები მხოლოდ ჩემი გემოვნებითაა გადაწყვეტილი და მას ეს ძალიან მოსწონს.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი? როგორი უნდა იყოს ის, რომ თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოთ?
- ჩემთვის სახლი სიმშვიდის, სიყვარულისა და ბედნიერების ასოციაციაა. იგი ერთგვარი „უსაფრთხოების კუნძულია“. ჩემთვის კომფორტული გარემო ღია, ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. სადაც კლასიკური და მოდერნული ინტერიერების სინთეზია, შესაბამისად ჩემი სახლი ასეთია. სრულყოფილი ვფიქრობ ქვეყნად არაფერია, მაგრამ ჩემი სახლი აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს.

- სირთულეების გარეშე ძნელია მიაღწიო სრულყოფილებას. თქვენ რა პრობლემებს აწყდებოდით რემონტის დროს? ყველაზე მძაფრად რა დაგამახსოვრდათ?
- ზოგადი რეალობის გათვალისწინებით ყველაზე პრობლემური ხელოსნებთან ურთიერთობაა. თუმცა სხვადასხვა სარემონტო მასალის შერჩევაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

- რემონტის ჯგუფში ბევრი აღაფრთოვანა თქვენმა ნაძვის ხემ, საახალწლო გარემომ. რამდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია თქვენთვის ახალი წელი და როგორ ემზადებით 2021 წლის შესახვედრად?
- ძალიან სასიამოვნო იყო ეს ფაქტი ჩემთვის. დიახ, ახალი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ტრადიციული ოჯახური დღესასწაულია. ბავშვობის ასაკიდანვე განსაკუთრებული მოლოდინითა და აღტაცებით ველოდი ახალი წლის მოსვლას, რაც პირველ რიგში ოჯახიდან გამომდინარეობდა.


მერი ბლიაძე

კომენტარები

თამრიკო 2020-12-25 12:42
ულამაზესია, ბედნიერ წელს გისურვებთ!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები