რას ნიშნავს უბარიერო მშენებლობა და რას გვირჩევს გერმანიაში მცხოვრები ქართველი არქიტექტორი და ექსპერტი

თამარ (ჩხეიძე) კესელი გერმანიაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორი და უბარიერო სისტემების მაგისტრია. იგი მუშაობს უბარიერო მშენებლობის ექსპერტად, ავტორად, რეფერენტად და თავისუფალ დოცენტად. უბარიერო მშენებლობა საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულ გარემოს, როგორც არქიტექტურული, ასევე ქალაქგეგმარებითი სივრცის დაგეგმარებას გულისხმობს. უბარიერო არქიტექტურის შესახებ უფრო ვრცლად ქალბატონი თამარი მოგვიყვება.

- პროფესიით გახლავართ უბარიერო მშენებლობის ექსპერტი და არქიტექტორი. პროფესიის სპეციფიკიდან და ჩემი სპეციალიზაციის კუთხიდან გამომდინარე, ჩემი სამოღვაწეო სპექტრი ძალიან მრავალფეროვანი და რაც მთავარია ინტერდისციპლინარულია. იგი მოიცავს როგორც ობიექტის დაგეგმარებას, ასევე საკონსულტაციო
საქმიანობას მუნიციპალური თუ კერძო დამკვეთისათვის ან თვითონ არქიტექტორთა ჯგუფისათვის: უბარიერობის კონცეფციის განვითარებას ახალი ობიექტის დაგეგმარებითი ფაზის დაწყებამდე ან უკვე რეალიზირებულ ობიექტში; ბარიერთა შემცირების კონცეფციის განვითარებას ისტორიულ ძეგლში, ძეგლთა დაცვის ასპექტების გათვალისწინებით და შესაბამის მუნიციპალურ ორგანოებთან უბარიერობის დამტკიცების პროცედურას და ა.შ.
ვინაიდან უბარიერობა საკმაოდ ახალი და განვითარებადი დისციპლინაა და მის განხილვას ხელოვნურ გარემოსთან მიმართებაში, მხოლოდ არქიტექტურული პერსპექტივით, ქმედით უბარიერო კონცეფციამდე ყველა მომხმარებლისათვის ვერ მივყავართ, გადავწყვიტე, ჩემს უკვე არსებულ სამეცნიერო ნაშრომზე დაყრდნობით, კვლევითი საქმიანობის გაღრმავება. ამ მიზნით, ამჟამად ვმუშაობ ჩემს დისერტაციაზე გერმანიაში, სადაც უკვე თითქმის 32 წელიწადია ვცხოვრობ და ვსაქმიანობ, კერძოდ გერმანიის სამხრეთში მდებარე ქალაქ კარლსრუეში, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინოვაციო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვითარებისა და მისი ეკონომიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებით, ახალი პოზიცია მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩემი ბავშვობის და ახალგარდობის პირველი 20 წელიწადი, რომელიც ძალიან ნათელ, ხალისიან, სტუმრიან, სიკეთით და სიყვარულით სავსე ოჯახთან და მის დიდ სამეგობრო წრესთან არის ჩემს მოგონებებში დაკავშირებული, გავატარე საქართველოში, ჩემი დაბადების ადგილას - ქალაქ თბილისში. მიუხედავად ჩემი ცხოვრების უკვე საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთისა, რაც გერმანიაში ვცხოვრობ და მიუხედავად უკვე დიდი ხნის წინ დასრულებული ადაპტაციის პერიოდისა ამ ქვეყანაში, არასდროს არ განელებულა ჩემში დიდი სითბოს, სიყვარულის, მადლიერების, ურთიერთკავშირის და სოლიდარობის გრძნობა ჩემი ცხოვრების პირველ ოც წელიწადთან დაკავშირებულ პიროვნებებთან და გარმოსთან მიმართებაში.

- რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება, რომ საქართველოდან წასულიყავით?
- საქართველოდან სამუდამოდ და ნებაყოფლობით წასვლის და სხვა ქვეყანაში დასახლების გადაწყვეტილება, წინასწარ არ დამიგეგმავს. ჩემი გერმანიაში წამოსვლა დაკავშირებული იყო 1990 წელს პირველად შემდგარ სტუდენტურ გაცვლასთან, რომელსაც უფრო „ექსპერიმენტის“ ფორმა ჰქონდა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კარლსრუეს ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო ფორმების გამოსაკვლევად.
ამ პერიოდში, რომელიც საქართველოში დიდ პოლიტიკურ ძვრებთან, მომავლის იმედთან და ოპტიმიზმთან იყო დაკავშირებული, გერმანიის ქალაქ კარლსრუესთან პირველ კონტაქტებს, კურტურულ გაცვლას და შემდგომ საუნივერსიტეტო თანამშრომლობის საწყისებს ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ამ თანამშრომლობის ფორმის და საშუალებების მოლაპარაკების საწარმოებლად ჩამობრძანებული პროფესორი და ქალაქმგეგმარებელი ბატონი ჰანგარტერი გვესტუმრა გერმანიიდან თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. მე ამ პერიოდში უკვე არქიტექტურის ფაკულტეტის ბოლო კურსზე ვსწავლობდი და ახლო მომავალში დაგეგმილი სადიპლომო ნამუშევრისათვის ვემზადებოდი. ვინაიდან გერმანულ ენას მე უკვე ბავშვობიდან კარგად ვფლობდი და გარდა ამისა ვიყავი სერჟი-პონტუაზის ქალაქგეგმარებით საერთშორისო კონკურსში გამარჯვებული, ამიტომ არჩევანი შეჩერდა ჩემზე.
ზემოხსენებული „ექსპერიმენტული“ სახე იმიტომ ჰქონდა ამ ინიციატივას, რომ საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ როგორ შეძლებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გერმანიაში, გერმანული სადიპლომო ნამუშევრის შესრულებას, იგივე მოთხოვნებითა და იგივე დროის ინტერვალის გათვალისწინებით, როგორც კარლსრუეს ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი. ამ მიზნით, 1990 წლის შემოდგომაზე გავემგზავრე გერმანიაში და წარმატებით დაცული სადიპლომო ნამუშევრის დასრულების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, სადაც ჩავაბარე ასპირანტურაში.
შემდეგ, საქართველოში დატრიალებული მოვლენების გამო, გერმანელმა კოლეგებმა და ჩემი დიპლომის ხელმძღვანელმა პროფესორმა ჰანგარტერმა, მიმიწვიეს გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეს ქალაქგეგმარების დეპარტამენტში სტაჟიორად. საქართველოში შემდგომში მოვლენათა დამძიმებული მსვლელობის გამო, ქალაქ კარლსრუეს მუნიციპალურმა ორგანომ განახანგრძლივა დასაქმების ხელშეკრულება. 90-იანი წლების მძიმე პირობების და მშენებლობის სექტორის სრული კოლაფსის გამო, იძულებული გავხდი გერმანიაში ჩემი ყოფნის პერიოდი გამეხანგრძლივებინა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა არქიტექტურულ საპროექტოში დავიწყე მუშაობა იმ იმედით, რომ ეს მძიმე პერიოდი საქართველოში ოდესმე დასრულდებოდა. სამწუხაროდ, ამ პერიოდმა ძალიან დიდხანს გასტანა და ამ დროის განმავლობაში ჩემს პირად ცხოვრებაშიც ცვლილებები მოხდა. დავქორწინდი გერმანელ კოლეგაზე. დღეს ჩვენ ერთმანეთთან გვაკაშირებს ორი ვაჟიშვილი: ანდრო 20 წლის და გიორგი 17 წლის. ანდრო არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტია, გიორგიმ კი სკოლის წარმატებით დასრულებს შემდეგ კოლეჯში გააგრძელა სწავლა.

- რთული არ იყო უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება? რა სირთულეების გადალახვლა მოგიხდათ ამ წლების განმავობაში?
- რაკი თქვენ სიტყვა „დამკვიდრება“ ახსენეთ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან, დამკვიდრების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარდაუვალი ბრძოლა, ბევრად უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე მე ეს შეიძლება წინათ აღმექვა. ამ პროცესისათვის საჭირო შრომატევადი და ხანგრძლივი ფაზა დაიწყო ალბათ იმ დღეს, როდესაც მე ბოლომდე გავიაზრე, რომ გზა შინისაკეს სხვა, რადიკალურად და რაც მთავარია სამუდამოდ შეცვლილ რეალობაში დაბრუნებას ნიშნავდა და ეს რეალობა დიამეტრალურად საწინააღმდეგო იყო იმ მომავლისა, იმედისა და პერსპექტივისა, რომლშიც მეც ვოცნებობდი ჩემი წვლილის შეტანას. თვითდამკვიდრების ფაზას, ასეთ ეგზისტენციალურ სიტუაციაში, ყოველთვის წინ უძღვის თვითგადარჩენის ფაზა. ამ წინაპირობას კი ყოველი ადამიანი თავისი ინდივიდუალური ფასეულობათა სისტემით, შესაძლებლობით, ინსტინქტით და ინტუიციით უდგება. ჩემს პრიორიტეტს ამ პროცესში ავტომატურად პროფესიული მხარის განვითარება და აქედან გამომდინარე დამოუკიდებლობა და დაზღვეულობა წარმოადგენდა. ამისათვის ვეცადე, პროფესიული ორიენტაციის და მაქსიმალურად ფართო სპექტრის გამოცდილების მიღების მიზნით, როგორც მუნიციპალურ დაგეგმარებით ორგანოებში, ასევე კერძო სექტორში, საპროექტოებსა თუ დიდ სამშენებლო ფირმასა და წარმოებაშიც, მემუშავა. მრავალი ეტაპის გავლის შემეგ, მაშინ როდესაც გარკვეული ყოველდღიურობის და რუტინული ცხოვრების შეგრძნება დამეუფლა, გასაგები გახდა სწორედ ის მტკივნეული გარემოება, რასაც ალბათ ყველა ქართველი ემიგრანტი თან დაატარებს: ის რაც მიყვარდა და მენატრებოდა, ჩემი ოჯახი, ახლობლები და (პათეტიკაში ნუ ჩამომართმევთ) სამშობლო, შორს იმყოფებოდა. ალაბათ სწორედ მაშინ დაიწყო ის ინტუიტიური პროცესი, რასაც თვითდამკვიდრება ჰქვია.
დღესდღეობით, როდესაც მე გერმანიაში ჩემი საკუთარი ოჯახი მყავს და ორი ვაჟი, რომლებიც მიუხედავად გერმანული წარმოშობისა, თავის ქართულ მხარეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ამ ფაქტით ამაყობენ, ვხვდები, რომ სწორედ ამ ეტაპთან ერთად დასრულდა ჩემი თვითდამკვიდრების ხანგრძლივი ფაზა. პროფესიული თვითრეალიზაცია კი თვითდამკვიდრების მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენდა, რომლის ბალანსიც ჩემთვის პირადად სწორედ ჩემი ნახევრად გერმანელი შვილების საშუალებით, საერთო ჯამში ამ გარემოში თვითდამკვიდრების სუბიექტური შეგრძნების საფუძველს იძლევა. მე ვფქრობ, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანს კონკრეტული ერისა და მისი კულტურის მიმართ, რომელიც მისი წარმოშობის და ისტორიის ნაწილი არ ყოფილა, ბუნებრივი ემპათიის და სოლიდარობის გრძნობა უჩნდება, მაშინ სრულდება მისი თვითდამკვიდრების ხანგრძლივი პროცესი სხვა, მისთვის ოდესღაც უცხო გარემოში.

- უბარიერო არქიტექტურა საქართველოში ნაკლებად ცნობილია. რას გულისხმობს ის?
- უბარიერო მშენებლობა უბარიერო გარემოს ერთი კომპონენტია. უბარიერო გარემოს (ე.ი. ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი გარემოს) ცნება ითვალისწინებს როგორც ნაგებობისა და გარე სივრცის, ასევე პროდუქტის და ინფრასტრუქტურის უბარიერობას. უბარიერობის ტერმინის უკან დგას ძალიან დიდი მოცულობის და თემატურად კომპლექსური მოცემულობების, კანონების და ნორმების სისტემა, რომელთა გათვალისწინებაც არქიტექტურაში, ისევე როგორც ინტერიერისა და დიზაინის, ქალაქგეგმარების და ლანდშაფტის არქიტექტურის დაგეგმარებაში, სხვადასხვა კრეატიულ კონცეფციებამდე და პროდუქტებამდე მივყავართ. თავისი სიმბიოზური ხასიათის გამო, უბარიერო მშენებლობა მოიცავს სხვა დისციპლინების კომპონენტებსაც, როგორიც არიან თანამედროვე ტექნოლოგიები და სოციალური ქეიზ მენეჯმენტი, რომელთა ჩართვა ან გათვალისწინება, იდეალურ შემთხვევაში თავიდანვე, კონცეფციის შექმნის პროცესშივე ხდება. უბარიერო მშენებლობა უდაოდ ძალიან აქტუალური თემაა, რომელის პროდუქტიც, გონივრული და კრეატიული კონცეფციის განვითარების შემთხვევაში, ყველა ადამიანს ჰუმანურ და კომფორტულ გარემოს სთავაზობს და ყოველი მომხმარებლისათვის ცხოვრების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მას საფუძვლად უდევს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-3 მუხლში აღწერილი კანონი, რომლის მიხედვითაც იკრძალება ადამიანის დისკრიმინაცია მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო. თვითონ უბარიერობის ცნება დაფიქსირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორუფლებიანობის აქტში, რის მიხედვითაც უბარიეროა სამშენებლო და სხვა ინფრასტრუქტურული საშუალებები, სატრანსპორტო სისტემები, გამოყენებითი ტექნიკური ობიექტები, საინფორმაციო სისტემები, აკუსტიკური და ვიზუალური ინფორმაციის წყაროები და საკომუნიკაციო საშუალებები, ისევე როგორც ცხოვრების სხვა დაგეგმარებული სფეროები, თუ მათი პოვნა, ხელწვდომა და მოხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაძლებელია ჩვეული წესით, განსაკუთრებული სირთულისა და სხვის მიერ დახმარების გარეშე.

- რით განსხვავდება უბარიერო არქიტექტურა ტრადიციული არქიტექტურისგან, რას ითვალისწინებთ, რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას, სანამ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას? როგორ გეგმავთ სივრცეს?
- უპირველეს ყოვლისა განსხვავება გამოიხატება იმაში, რომ უბარიერო არქიტექტურა ანგარიშს უწევს ნაგებობის და მისი გარე მომიჯნავე სივრცის მომხმარებელთა ფიზიკურ, კოგნიტიურ და მენტალურ მრავალფეროვნებას და ითვალისწინებს ნაგებობის სპეციფიური მოხმარების პროცესებს მომხმარებლის პერსპექტივიდან. ეს ფაქტი მოითხოვს დაგეგმარების პროცესთან განსხვავებულ მიდგომას, როდესაც არქიტექტორი, მომავალი ნაგებობის კონცეფციის განვითარების და შემდგომი დაგეგმარების ყველა კონკრეტული ნაბიჯის პროცესში, ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსპექტივას, მათ მოცემულობებს, საჭიროებებს და კომფორტისაკენ სწრაფვის სურვილს ისევე, როგორც ყველა სხვა პირისა, რომელიც ზემოაღნიშნულ ჯგუფს არ მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ უბარიერეობის მცნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საჭიროებებს უკავშირდება, მისი ტრანსფორმაცია განაშენიანებულ სივრცეში ყველა მომხმარებლის კომფორტს უნდა ემსახურებოდეს. კარგად დაგეგმარებული უბარიერობა სწორედ ისაა, რომელიც თვალში არ გვეცემა, ან რომელსაც საერთოდ ვერ ვხედავთ. უბარიერო განაშენიანებული სივრცე არის მხოლოდ მაშინ ქმედითი, როდესაც იგი ეფუძნება ერთიან უბარიერობის კონცეფციას და არ წარმოადგენს უბარიერობის ნორმათა რეალიზებულ არქიტექტურულ ან ინფრასტრუქტურულ ფრაგმრნტთა „ჩამონათვალს“ დაგეგმარებულ სივრცეში. თავისი სწორედ გააზრებული კონცეფციისა და დიზაინის საშუალებით, უბარიერო ნაგებობა ან სხვა განაშენიანებული სივრცე, ერთნაირად ემსახურება ყველა ადამიანს, იქნება ეს შეზღუდული შესაძლებლობის პირი, ფეხმძიმე, მშობელი ეტლით, მოხუცი თუ ბავშვი, ან ნებისმიერი სხვა მომხმარებელი. უბარიერო მშენებლობის მთავარი ბუნება ემპათიაა!

- რატომ გადაწყვეტეთ ამ მიმართულებით მუშაობა? რა მოგწონთ ამ საქმეში და რა არის ყველაზე დიდი აზარტი ამ სფეროში?
- უბარიერო მშენებლობაში სპეციალიზაციის სურვილის მიზეზი ჩემი უმცროსი ვაჟიშვილია. მას 2 წლის და ექვსი თვის ასაკში აუტიზმის დიაგნოზი დაესვა. მასთან ურთიერთობის, მისი სპეციფიური აღქმის და აქედან გამომდინარე აზროვნებისა და რეაქციის თავისბურებანი, ჯერ ჩემი თერაპიული ცოდნის მიღებას და მისთვის, კვალიფიციურ პერსონალურ ასისტენტთა გუნდის შექმნას მოითხოვდა. ამ ხანგრძლივი და დღემდე მიმდეინარე პროცესის განმავლობაში შეძენილმა ცოდნამ, აუტიზმთან მიმართებაში განვლილმა მრავალმა ტრენინგმა, ისევე როგორც TEACCH-ის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური სწავლების მეთოდის ორწლიანი სერტიფიცირებული კურსის დამთავრებამ და სისტემატიურმა სუპერვიზიებმა ABA/VB თერაპიაში, იმ ერთმნიშვნელოვან შემეცნებამდე მიმიყვანა, რომ გარემოს მოდიფიკაციას გადამწყვეტი როლი ჰქონდა აუტიზმის სპექტრში მყოფი ბავშვისა თუ მოზარდის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი თერაპიული მეთოდი აუტიზმის სპექტრში მყოფ ბავშვთან და მოზარდთან გარემოს სოციალურ-პედაგოგიური მოდიფიკაციაზე მუშაობს, განაშენიანებული გარემოს ფაქტორი თითქმის ხელშეუხებელ თემად იყო დარჩენილი და მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ორიოდე დამგეგმარებლისა და მკვლევარის ინტერესს წარმოადგენდა. სწორედ ამ ფაქტორის, კერძოდ განაშენიანებული გარემოს მოდიფიკაციის როლისა და გავლენის მნიშვნელობის და ამის კონკრეტული საშუალებების გამოკვლევამ აუტიზმის სპექტრში მყოფი ადამიანისათვის, გადამაწყვეტინა ჯერ საფუძვლიანი განათლება მიმეღო იმ გარემოს დაგეგმარებაში, რომელიც ყველა სხვა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანისათვის უბარიერო და კომფორტული იქნებოდა. მხოლოდ ამ ცოდნით და არსებული მრავალგვარობის მოთხოვნების პერსპექტივით არის შესაძლებელი ისეთი კომპლექსური, უხილავი და სუბტილური ფენომენისათვის, როგორიც არის აუტიზმი, განაშენიანებული სივრცის უბარიერო დაგეგმარება. ჩემი მაგისტრატურა შესაბამისად სამეცნიერო ნაშრომით დავასრულე, რომელიც სწორედ უბარიერო და ინკლუზიურ მშენებლობას ეძღვნება აუტიზმის სპექტრში მყოფი ადამიანებისათვის სასკოლო სივრცეებში. ეს ნაშრომი გერმანიის წამყვან სამეცნიერო-კვლევით გამომცემლობაში იქნა გამოქვეყნებული.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს მიმდინარეობა საქართველოში ნაკლებად პოპულარული? ამის საჭიროება ნაკლებია, თუ ხალხს არ აქვს ინფორმაცია ამის შესახებ?
- უბარიერო მშებელობის ფაქტორი საქართველოს განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურისათვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში არსებული ხელოვნური გარემოსათვის, რომელიც თავის მოსახლეობას უბარიერო მოხმარების საშუალებას და კომფორტს უნდა უქმნიდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უბარიერო მშენებლობა გვავალდებულებს, შევქმნათ ყველა ადამიანისათვის ისეთი ადაპტირებული და კომფორტული განაშენიანებული გარემო, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ემსახურება, რომლის მოხმარებაც თვითეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი ფიზიკური, კოგნიტიური ან მენტალური (სამუდამო ან დროებითი) მდგომარეობისდა მიუხედავად, ჩვეული წესით, განსაკუთრებული სირთულისა და სხვის მიერ დახმარების გარეშე, მივხვდებით, რომ დიდი და საინტერესო სამუშაო იქნება საქართველოში გასაწევი არქიტექტურული და მუნიციპალური სამსახურების მხრიდან. რა თქმა უნდა თბილისიც, როგორც მზარდი დედაქალაქი, თავისი არსებული და მშენებარე მრავალსართულიანი განაშენიანებით, თავისი მრავალი ისტორიული ძეგლით და დედაქალაქის მთაგორიანი ტოპოგრაფიით, განსაკუთრებით მოითხოვს უბარიერო მშენებლობის კრეატიულ კონცეფციებს.

- რას ურჩევთ ადამიანებს, რა გაითვალისწინონ, რა შემთხვევაში როგორ მოიქცნენ, სანამ სახლს დააპროექტებენ?
- თუ თქვენ საკუთარი საცხოვრებელი ბინის ან სახლის თემატიკას გულისხმობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თავიდანვე, სიცოცხლის განმავლობაში ასაკთან, ჯანმრთელობასთან ან რაიმე სახვა მოვლენასთან დაკავშირებული შესაძლო ცვალებადობა ჩვენს ფიზიკურ, კოგნიტიურ ან მენტალურ შესაძლებობებში. ამ თვალსაზრისით დაგეგმარებული უბარიერო საცხოვრებელი სივრცე მოითხოვს თავიდანვე სხვა გეომეტრიულ, კონსტრუქციულ და ტექნიკურ, ისევე როგორც ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს დაგეგმარების პროცესის პირველი ეტაპიდანვე. ამ პროცესში, საცხოვრებლის გეგმის სტრუქტურული კონფიგურაცია ისევე მნიშვნელოვანია, როგოც თითოეული ფუნქციური და დეტალური გადაწყვეტილება. უბარიერო სააბაზანო, საპირფარეშო თუ სამზარეულო ისევე, როგორც საძილე და მისაღები ოთახების სივრცე, უზღურბლო კავშირი, როგორც შიდა, ასევე შიდა სივრცისა გარე სივრცეს (აივანი, ტერასა, ბაღი…) შორის, უბარიერო მოხმარებისათვის დაგეგმილი კარი თუ კიბე და ა.შ. ნებისმიერ ასაკში და მდგომარეობაში კომფოტული გარემოს წინაპირობაა, საჭიროების შემთხვევაში კი ნაგებობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ თანხებს და დისკომფორტს აგვარიდებს. გარდა კიდევ მრავალი სხვა უბარიერობისათვის გასათვალისწინებელი ფაქტორისა, აუდიტიური თუ ვიზუალური კომფორტი, სივრცის აკუსტიკიკური თვისებების და (ხელოვნური ან ბუნებრივი) განათების კონცეფციის გააზრებას მოითხოვს. იმისათვის, რომ ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში უბარიერეობის თითოეული ასპექტი ჩვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს და ცხოვრების სტილს იყოს მორგებული, გავაანალიზოთ ჩვენი ყოველდღიური რუტინული ქცევის ხასიათი, ჩვენი მოთხოვნა პრივატული და სოციალური სივრცის ბალანსთან მიმართებაში, გავითვალისწინოთ უბარიერო ხელმისაწვდომობის ინდივიდუალური საჭიროება სატრანსპორტო, სავაჭრო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სარეკრიაციო ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში საცხობრებელი ობიექტის ადგილბდებარეობის არჩევნის მიღებისას.

- თქვენი სამომავლო გეგმეგიც გაგვანდეთ. უკავშირედაბა თუ არა ეს საქართველოს?
- როგორც უკვე მოგახსენეთ, უბარიერო მშენებლობის კონკრეტულ პროექტებზე მუშაობის გარდა, მე პარალელურად ვარ დოქტორანტი კარლსრუეს ტექნოლოგიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე და ვმუშაობ ჩემს დისერტაციაზე ადამიანიასა და გარემოს ურთიერთქმედების სფეროში, რომლის განხილვის ერთერთ ნაწილსაც უბარიერეო მშენებლობა წარმოადგენს. თემის ფოკუსი, ჩემს მიერ ჩამოყალიბებული და გამოქვეყნებული უბარიერობის პრინციპების ევიდენტურობის ჩვენებაა ისევე, როგორც უბარიერობისათვის საჭირო კონკრეტული დიზაინის განვითრება აუტიზმის სპექტრში მყოფი ადამიანებისათვის. მე ვფიქრობ, რომ ჩემი სამომავლო პერსპექტივა თავისუფალი კონსულტანტის და პროფესორის სტატუსით საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული, უბარიერო მშენებლობასა და ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებაზე ფოკუსით. საქმიანობის ამ ფორმით გაგრძელების შემთხვევაში მე არ ვიქნები შეზღუდული არც დამატებითი შესაძლო პერსპექტივის და არც გეოგრაფიული სამყოფელის არჩევნის გაკეთებაში.
მერი ბლიაძე

კომენტარები

zura 2024-01-27 22:29
როგორ დაგიკავშირდეთ.?
ზურა 2021-04-08 18:30
გვესტუმრა გერმანიიდან თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ასეთ სასწავლებელი არ მახსოვს თბილისში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები