უცნაური და ულამაზესი სოფლები მთელი მსოფლიოდან

ივუარი შუა საუკუნეების დროინდელი სოფელია საფრანგეთში, ჟენევის ტბის სანაპიროზე. ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და „მოყვავილე“ სოფლად მიიჩნევა. ძველებურ არქიტექტურას და ვიწრო ქუჩებს ხომ ძალიან უხდება ყვავილები, რომლებიც ყველგან არის - ქუჩებში, მაღაზიებთან, სახლების ეზოებში.


ბილბერი ინგლისის სოფელია, ერთ-ერთი ულამაზესი მსოფლიოში. ისიც ძველებური სოფელია და ისეთი, როგორიც უძველეს ინგლისში იყო - პატარა ქუჩებით, მდინარეზე გადებული ძველებური ხიდით, პატარა ეკლესიით და მე-17 საუკუნის ქვის სახლებით.


სირაკავა-გო იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფელია, სამოცამდე სახლით. ადრე სრულიად იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან და არც იქიდან გამოდიოდა
ვინმე და არც სოფელში ჰყავდათ მიმსვლელები. დღეს საინტერესო არქიტექტურით და ადგილობრივების ცხოვრების წესით ბევრ ტურისტს იზიდავს.


ბანიო ვინიონი იტალიის ულამაზეს მხარეში - ტოსკანაშია. ისიც ძველებური სოფელია, მევენახეების, სავსე ლამაზი მდელოებით. გარშემო ჩამქრალი ვულკანებია. ეს სოფელი მინერალური წყლებითაც არის ცნობილი და ისტორიული ნაგებობითაც.


გიტჰორნი, რომელსაც „ჰოლანდიურ ვენეციასაც“ უწოდებენ, მართლაც საოცარი ადგილია. ეს არის სოფელი ქუჩებისა და ორღობეების გარეშე - აქ მხოლოდ წყლის ტრანსპორტით შეიძლება გადაადგილება. შოფელი 7,5 კილომეტრზე გადაჭიმული წყლის არხების გარშემოა გაშენებული. 1230 წელს დაარსდა ქვეყნის სამხრეთიდან ჩამოსული დევნილების მიერ. დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ლამაზ სოფლად მიიჩნევა.


ია საბერძნეთის ვულკანური კუძულის - სანტორინის დასახლებაა და ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ადგილად მიიჩნევა. კლდეზე შეფენილი ეს სოფელი თეთრი სახლებით და ეკლესიების გუმბათებით, ზღვიდან მართლაც საოცარი სანახავია. ამბობენ, რომ აქაურობა ძველთაგანვე ახალშეუღლებული წყვილების საყვარელ ადგილად ითვლებოდა.


მონსანტო პორტუგალიის სოფელია. ადგილობრივი გამონათქვამის თანახმად, „მონსანტოში არასდროს იცი, ქვა იბადება სახლიდან თუ სახლი ქვიდან“. მართლაც ადგილობრივი არქიტექტურა ისეთია, უშველებელი ლოდები ხან სახლების კედლებია და ხან - სახურავები.


ლუნცზის ბრინჯის ტერასებიც ერთ-ერთია საოცარ სანახაობათა შორის და ჩინეთის ულამაზესი ადგილების სიაშია. ხალხში ამ დგილებს დრაკონის გორის ტერასებს უწოდებენ. ეს ტერასები სოფელ პინ ანის გარშემოა და ადამიანების მრავალწლიანი შრომის შედეგია. ამბობენ, რომ ისინი მე-12 საუკუნიდან არსებობს 1100 მეტრი სიმაღლის მთების ფერდებზე. გლეხები ამ ტერასებზე მოყვანილი ბრინჯით კვებავდნენ ოჯახებს საუკუნეების განმავლობაში.

კომენტარის დამატება