რამდენად უსაფრთხოა თბილისის მეტრო და სარდაფები საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში და პირველი წესები, რაც საფრთხის დროს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს


უკვე რამდენიმე დღეა უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ქალაქები იბომბება და მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმიან. ამის გამო, უამრავი მათგანი წავიდა სხვა ქვეყანაში ლტოლვილად, ხოლო ისინი, ვინც ქვეყანაში რჩებიან, თავშესაფრებს მიმართავენ. უკრაინის ტერიტორიაზე არაერთი თავშესაფარია მოწყობილი, მათ შორის, მეტროში. საქართველოსთვის ომში ჩართვის რისკი არ არსებობს, თუმცა უამრავი ადამიანი შეშინებულია და აქვთ შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც უსაფრთხოებისთვის გამოადგებათ. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ვკითხეთ, ზოგადად დაბომბვის დროს, რომელია ყველაზე უსაფრთხო ადგილი, რამდენად გამოდგება კორპუსების სარდაფები თავშესაფრად და სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რისი მომარაგებაა წინასწარ
აუცილებელი:

- მეტროსადგურები და გვირაბები კრიტიკულ მომენტებში, დაბომბვის შემთხვევაში მოსახლეობის თავშესაფრად შეიძლება გამოგვადგეს. ასე ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში, საბჭოთა კავშირში, გერმანიაში - სადაც იყო მეტროსადგურები, მასიური დაბომბვის დროს მოსახლეობა თავშესაფრად იყენებდა. შეიძლება ითქვას, რომ მეტროსადგურებმა მილიონობით ადამიანი გადაარჩინა. 1960-იან წლებში, როდესაც თბილისში მეტროს ხაზი ამუშავდა, ორმაგი დანიშნულება გაითვალისწინეს: პირველი, ადამიანთა გადაყვანა იყო, ხოლო, მეორე, საჭიროების შემთხვევაში, მათი შეფარება. მით უმეტეს, მაშინ ცივი ომი მიმდინარეობდა და ბირთვული ომის ძალიან დიდი საფრთხე არსებობდა. გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურაში შემავალი თავშესაფრებიც იყო. მაგალითად, თბილისში, ლაგუნა ვერესთან, რამდენად მწყობრშია და გამოდგება ადამიანების მისაღებად, ამაზე საუბარი გამიჭირდება. მიწისქვეშა თავშესაფრებს მუდმივი ყურადღების მიქცევა სჭირდება, რომ არ არსებობდეს
სინესტე, ჰქონდეს ჰაერის გაწმენდის საშუალება და ასე შემდეგ. ასე რომ, ვერ გეტყვით, რამდენად მზადყოფნაშია ასეთი ადგილები, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის მისაღებად.

- კორპუსების სარდაფები თუ გამოდგება თავშესაფრად?
- ამაზე არქიტექტორებმა უნდა გასცენ პასუხები, თუმცა, ძალიან საეჭვოა. ბევრ სარდაფში წყალია. ასევე, არსებობს საფრთხე, რომ კორპუსი დაინგრეს და სარდაფში მყოფი ადამიანები პირიქით, იქ დარჩნენ მომწყვდეულნი. ნებისმიერ მიწისქვეშა თავშესაფარს აუცილებლად სჭირდება სათაგადირო გასასვლელი. ასევე, საჭიროა, რომ ჰაერი სხვადასხვა წყაროდან მიეწოდებოდეს. არ ვიცი, ძველი კორპუსების სარდაფები რამდენად უსაფრთხო იქნება. ამ თვალსაზრისით, ახალი კორპუსები, რომლებსაც მიწისქვეშ ავტოფარეხები აქვს, შესაძლოა უფრო გამოსადეგი იყოს, თუმცა აქ უამრავი ნიუანსია, რომლებზეც პროფესიონალებმა, დამპროექტებლებმა, არქიტექტორებმა უნდა გასცენ პასუხი.

- თბილისში არსებობს განგაშის სიგნალი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ირთვება?
- ადრე, საბჭოთა პერიოდში, როდესაც მობილური ტელეფონები არ არსებობდა, სამოქალაქო თავდაცვას ჰქონდა მეთოდი, რომლის საშუალებითაც განგაში ხაზის რადიოებსა და ტელევიზორში გადაიცემოდა. დღეს ამ მხრივ სხვა სიტუაციაა, ყველაზე მარტივი მოკლე ესემეს შეტყობინების გაგზავნაა. რაც შეეხება განგაშის ხმას, არის სპეციალური აპარატურა, რომელიც ქალაქში შეიძლება დაიდგას და საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდეს. ან კიდევ მოძრავ მანქანაზე დამონტაჟდეს. თუმცა, აუცილებელია ადამიანმა წინასწარ იცოდეს, სად არის თავშესაფარი. პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, არამედ მომზადებული შეხვდეს ფაქტს. თბილისში თუ არის მოწყობილობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში განგაშის სიგნალს ჩართავს, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფუნქციონირებს, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავს დროს მოქმედება.

- არის რაიმე წესები, რაც საჰაერო განგაშის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ?
- დაბომბვის დროს ადამიანის მთავარი ინტერესი ხშირად ფანჯრიდან გახედვა და გარეთ არსებული მოვლენების დათვალიერებაა. მაგრამ, აფეთქების ტალღა, როგორც წესი, ფანჯარას ამსხვრევს და ამის გამო მოქალაქეები ზიანდებიან. მაღალ სართულებზე დაზიანების მეტი შანსი არსებობს. მნიშვნელობა აქვს, სახლის ფანჯრები უყურებს თუ არა ფრონტის ხაზს, საიდანაც მოწინააღმდეგე ისვრის. თუ დაბომბვის საშიშროებაა და ადამიანი ვერ ასწრებს თავშესაფარში წასვლას, ისეთ ოთახში გაჩერებაა რეკომენდებული, რომელსაც საყრდენი კედელი იცავს.

- რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, როდესაც ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს?
- თუ საბრძოლო მოქმედებების საშიშროება არსებობს, მშობლებმა შვილები საბავშვო ბაღებიდან, სკოლიდან უნდა გამოიყვანონ, რადგანაც დაბომბვის შემთხვევაში ქუჩაში გადაადგილება ყველაზე საშიშია. ასევე, თუ მშობელი ატყობს, რომ სიტუაცია იძაბება, შვილი გვერდით უნდა ჰყავდეს. გარდა ამისა, გარკვეული მარაგი უნდა ჰქონდეთ. პირველ რიგში, წყლის. უნდა მოიმარაგონ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მალე არ ფუჭდება. ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები, სამწუხაროდ, საქართველოში ღიად არ იყიდება, რაც მგონია, რომ არასწორია, იმიტომ, რომ კონფლიქტის ზონის ქვეყანა ვართ და ვისაც აქვს ფინანსური საშუალება, უნდა შეეძლოს შეძენა. დაპირისპირების დროს ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტს არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. ამიტომაც, ის ცდილობს, რომ ძირითადად კიევს შეუტიოს. ეს დღეები გადამწყვეტია. უკრაინა, საბედნიეროდ, ინარჩუნებს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებსაც. რუსეთს სწრაფი შეტევა ჰქონდა ჩაფიქრებული, რაც არ გამოუვიდა. ახლა მასიურ დაბომბვაზე გადავიდა, მათ შორის, თავს ესხმიან სამოქალაქო ობიექტებს, რასაც ჰააგის სასამართლო განიხილავს და შესაბამისი რეაგირებაც ექნებათ.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარები

გიორგი. 2022-03-17 16:30
ალად! შენი აშენებული თავდაცვითი სარდაფები გვაჩვენე და მერე შეადარე ამერიკულებს. უთავბოლოებო.
დუდუ 2022-03-07 16:43
პანიკდებით ხო, საწყლები. მაინცდამაინც კარებზე სანამ არ მოგიკაკუნებენ ვერ გებულობთ რომ ისედაც ომში ვართ, ხვალ ან ზეგ რა მოხდება არ ვიცით?! თუ სანამ თქვენ კარებთან არ გაავლებენ მავთულხლართ მანამდე ვერ მოხვალთ გონს?! სწორედ იმისთვის რომ მშვიდობა იყოს და გადავრჩეთ, ბრძოლისუნარიანიც უნდა იყოს საზოგადოება და გეგმაც უნდა გვქონდეს, ხვალ რომ იმ ვირიშვილებმა გადაწყვითონ დანარჩენი საქართველოს მიერთებაც, რა ჭკუა დაუშლით თუ ღმერთის შეეშინდებათ მაგ უღმერთოებს, ჩვენ რას ვაკეთებთ ვინმემ თუ იცით - თქვით. ნუ აპანიკებ... საწყლები..
იური 2022-03-05 18:04
ბოდისი მაგრამ თუნდაც გლდანის მეტროსადგური 1000 სამდე თუ დაიტევს დისტანციურად ბევრად ნკლებს სულ ყველა მეტროსადგური მპატიეთ 20 ათასამდე მაქსიმუმ.არის სხვაგან მთავარია მტავრობა გვეუბნებოდეს რავარც 2008 წელს ....
ლია 2022-03-04 10:03
ამ ხალხს კიდევ დაშოკვა უნდა? და მთავრობას რომ უძახიან, მეტად ჩაერიეთო, უნდათ რომ პრაქტიკაში გაიგონ რამდენად უსაფრთხოა მეტრო? უფალმა დაიფაროს ომისაგან და განადგურებისაგან უკრაინა და მსოფლიო!დაგვანებეთ რა თავი! ნუ აპანიკებთ ისედაც დაზაფრულ ხალხს!
Joni 2022-03-04 08:47
თბილისის მეტროო, და თბილისის მეტროს სურათი მაინც დაგედოთ ფონად. ბუჰჰეჰეჰეჰეჰეჰე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები