თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც იტალიაში 49 საუკეთესო მხატვარს შორის მოხვდა

მხატვარ ეკა რუხაძის სახელი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია ცნობილი. თვითნასწავლ მხატვარს იტალიაში აქვს მიღებული ლეონარდო და ვინჩის პრემია და 49 საუკეთესო მხატვარს შორის მოხვდა. ამასთან, მისი ნამუშევრები შესულია ერთ-ერთ პრესტიჟულ კანადურ გამოცემაში. ეს მისი წარმატების ნაწილია. უფრო ვრცლად საკუთარი შემოქმედების შესახებ ქალბატონი ეკა თავად მოგვიყვება.

- დავიბადე ქალაქ თბილისში. ვიზრდებოდი სოლოლაკში. დედაც და მამაც ინჟინრები იყვნენ. ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში დავიწყე ხატვა. მამაჩემიც არაჩვეულებრივად ხატავდა და კარგად ერკვეო
და ხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუსიკაში. მეც ბავშვობიდან მინერგავდა ხელოვნების სიყვარულს. ორი და ვიყავით და ორივეს საუკეთესო გემოვნება ჩამოგვიყალიბეს მშობლებმა. სკოლის პერიოდში მიმაბარეს სამხატვრო სკოლაში, მეშვიდე კლასში კი დავიწყე ხატვის წრეზე სიარული მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. იქ სამი ბავშვი აგვარჩიეს და საკავშირო გამოფენებში ვმონაწილოებდით. უკვე პროფესიის არჩევის წინაშე რომ დავდექი, მინდოდა, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, თუმცა მაშინ ცოტა სხვა დრო იყო და ჩემს არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინეს მშობლებმა და პროფესიით ბიოლოგი ვარ.

- მშობლების ჩარევამ თქვენს მომავალ კარიერაზე ხომ არ იქონია გავლენა?
- სხვათა შორის, არა. საბედნიეროდ, არანაკლებ მიყვარდა და მაინტერესებდა ის დარგი, რომელიც ავირჩიე. ძალიან მიყვარდა ცხოველები და აქედან გამომდინარე, ერთი წუთითაც არ მინანია პროფესიული არჩევანი. სერიოზულად დავკავდი ჩემი პროფესიით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბიოლოგიის კათედრაზე დავიწყე მუშაობა. მერე გავაგრძელე ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობა. წლების მერე ამერიკაში გავაგრძელე სწავლა. 2000 წლის ბოლოს დავბრუნდი საქართველოში და აქ დავიწყე საქმიანობა. ბოლო ერთი წელია ერთ-ერთ კომპანიაში კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სექტორზე ვარ პასუხისმგებელი. ორ ქვეყანას, საქართველოს და აზერბაიჯანს ვუწევ მეთვალყურეობას.

- მხატვრობას რომ დავუბრუნდეთ, როდის დაიწყეთ ამ მიმართულებით უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა?
- სამი შვილის დედა ვარ და ოთხი შვილიშვილის ბებია, ასე რომ, ოჯახშიც საკმაოდ გახლდით დაკავებული. 2015 წლიდან კი რაღაც გარდატეხა მოხდა - მანამდე არ მქონდა სივრცე, სადაც შევძლებდი მუშაობას. საბედნიეროდ, პირველივე ნაბიჯები წარმატებული იყო. ერთ-ერთ საერთაშორისო გვერდზე დავდე ჩემი ნამუშევრები. მაშინ აკვარელით დავიწყე მუშაობა. ვხატავდი როგორც აკვარელის ქაღალდზე, ასევე ექსპერიმენტები მქონდა იაპონურ ბრინჯის ქაღალდზე, ტილოზე და ა.შ. თავდაპირველად იტალიელებმა მიაქციეს ჩემს ნამუშევრებს ყურადღება. დაახლოებით ორი-სამი დღის ატვირთული მქონდა ინტერნეტსივრცეში, რომ იტალიის სამხრეთში, ქალაქ არცევიაში საერთაშორისო არტ ფესტივალზე მიმიწვიეს. შემდეგ კი თავისთავად წავიდა პროცესი. ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვცდიდი და ვიყენებდი სხვადასხვა შერეულ ტექნიკას, ინსტალაციებს და შესრულებული მაქვს შერეული არტ-პროექტი - მოვხატე მაღალი მუსიკალური ბგერის ვინტაჟური დინამიკები, რომელთა ბგერის ხარისხზე მოხატვამ გავლენა არ იქონია. მიმდინარეობას, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობ, პოპსიურრეალიზმი ჰქვია. მრავალრიცხოვან ტექნიკურ საშუალებას ვიყენებ, შეუზღუდავად. ნამუშევრებში ასევე გამოყენებული მაქვს სკულპტურული ჩანართები, მომცრო ზომის ქანდაკებების (მეტწილად თოჯინების) სახით, რასაც ძირითადად პოლიმერული თიხის საშუალებით ვქმნი.
დღემდე 18 გამოფენა მქონდა. მათ შორის ორი პერსონალური საქართველოში და დანარჩენი უცხოეთში, უმთავრესად - იტალიაში, ასევე - პორტუგალიასა და ლიტვაში.
საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ კერძო კოლექციებში ძალიან ბევრი ჩემი ნამუშევარი ინახება.

2019 წელს კანადაში დაიბეჭდა გამოცემა Art Freaks Coffee Book Global, სადაც შესული იყო მსოფლიოს 49 მხატვარი. მათ შორის გახლდით მეც. იქ ჩემი ნამუშევრების საკმაოდ სიღრმისეული შეფასება და გაშლა გააკეთა ამერიკელმა ხელოვნებათმცოდნემ. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მისი თვალით დანახული ჩემი შემოქმედება. არაერთი დიპლომი და პრიზი მაქვს მიღებული უცხოეთში, მაგრამ ასეთი პროფესიონალის ხედვა და საფიქრალი, ნამუშევრების ღრმა ანალიზი (თუნდაც სუბიექტური) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი აღქმა ძალიან განსხვავდებოდა ჩემი ნაფიქრის და ნაგრძნობისგან.

- განსხვავებულ და მისტიკურ პერსონაჟებს ხატავთ. როგორ იბადებიან ისინი?
- ეს არის შთაგონების მომენტი. ბავშვობიდან მოყოლებული სამხატვრო სფეროში ყველაფერს ვცდიდი, ჩრდილები იქნებოდა, ფერები და ა.შ. თუმცა ყოველთვის ვყავი ფიგურალური მხატვარი. გაცილებით მიზიდავდა ჯადოსნური არსებების თემა. თუმცა ზოგჯერ ნამუშევრებში არქიტექტურულ ელემენტებს ვიყენებ, შესაძლოა წყლის ეფექტებიც გამოვიყენო, გამხმარი ფოთლები, ფრთები, ქვები, ტოტები, ლითონის ნაწილები. შთაგონების წყარო დიდწილად ბავშვობიდან მოდის. ყველა ადამიანის გემოვნება ინდივიდუალურად ყალიბდება. მე დედა მყავდა ბერძენი და ანტიკური ხელოვნება ჩვენს ოჯახში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ალბათ ამანაც იქონია ჩემზე გავლენა. ჩემი საყვარელი მხატვრები არიან ასევე მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის იმპრესიონისტები... ერთი სიტყვით, ბევრი რამ ახდენს გავლენას შთაგონებაზე. ბევრ ჩემს ნამუშევარში დაინახავთ გროტესკულ ფიგურებსაც, რომელიც მომწონს და მიზიდავს. არ ვთვლი, რომ სილამაზე არის მაინცდამაინც კლასიკა. შესაძლოა ფორმაში ბევრად მეტი ესთეტიკა მოძებნო ადამიანმა, ვიდრე ანტიკურ პროპორციებში, რასაც ემსახურებოდა ძველი დროის დიდი კულტურა.

- მუზას თუ ელოდებით?
- რა თქმა უნდა. არის სტაგნაციის პერიოდები. განწყობაზე ძალიან არის ხატვა და ზოგადად შემოქმედება დამოკიდებული, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებზე. გააჩნია რა ხასიათის სტრესს განიცდის ადამიანი. ზოგიერთი ადამიანი სტრესის დროს ძალიან ნაყოფიერი ხდება, ზოგი საერთოდ ვერ ახერხებს მუშაობას. 2019 წელს მამა გარდამეცვალა და რამდენიმე თვე საერთოდ ვერ ვხატავდი, ნახევარი წელი გაჩერებული ვიყავი... ამის მერე რომ დავიწყე, ვერ დავემდურები განგებას, შთაგონების დეფიციტი არ მაქვს.

- ტექნიკურად ძალიან მრავალფეროვანია თქვენი ნამუშევრები. რა დროს ანდომებთ მათ შექმნას?
- ჩემი ნამუშევრები სრულყოფილად რომ აღიქვა, პირადად უნდა ნახო, ფოტოზე ძალიან ბევრი დეტალი იკარგება. ვინაიდან ძირითადი სამსახური მაქვს, ცხრიდან ექვსამდე ვმუშაობ. ის დრო, რომელიც სამსახურის შემდეგ შემიძლია გამოვყო ხატვისთვის, არის ძალიან მცირე. აქედან გამომდინარე, შესაძლოა დღეში ორი-სამი საათი ვხატავდე, რადგან ტექნიკა საკმაოდ ფილიგრანული და რთულია, ერთ ნამუშევარს ხანდახან ერთ თვეს ვანდომებ.

- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...
- არიან იტალიელი გალერისტები, მამა-შვილი ფრანჩესკო და სალვატორე რუსო, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობ. 2021 წელს გამოვიდა ორი გამოცემა, ერთი პალერმოში და მეორე რომში, სადაც ჩემი ნამუშევრებია შესული. ხოლო 2022 წლის თებერვალში ფლორენციაში შედგა შერჩეული მხატვრების დაჯილდოება ლეონარდო და ვინჩის სახელობის პრიზით. ასევე გამოიცა სათანადო კატალოგი, დაიბეჭდა კალენდარი და ა.შ. იგივე გალერისტებმა 30 მხატვარს შორის შემარჩიეს სწორედ მაშინ, როცა ჩემი პერსონალური გამოფენა მიმდინარეობდა საქართველოში. 21 ოქტომბრიდან იგეგმება სერიოზული არტ-ექსპო/გამოფენა საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, ლუვრის მუზეუმში, სადაც მეც ვარ მიწვეული და ვგეგმავ წასვლას. ეს რაც შეეხება უახლოეს გეგმებს. გარდა ამისა, ახლახან ბრიტანულ-უკრაინული პროექტი იყო, რომელშიც მეორე საპრიზო ადგილი აიღო ჩემმა სამმა ნამუშევარმა. სათანადო ჯილდო და სიგელი მივიღე, რომელიც უკვე გამოიგზავნა და გზაშია. ლონდონში წასვლას რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი, მაგრამ საფრანგეთში ნამდვილად ძალიან მინდა გამგზავრება.




მერი ბლიაძე

კომენტარები

ბრავო! 2022-09-11 13:31
ძალიან საინტერესო შემოქმედია!.. განცვიფრებული და აღფრთოვანებული ვარ!.. მადლობა საიტს, რომ გამაცანით ეს დიდი მხატვარი, რომლის არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები