ძველი თბილისური უბნები მყუდრო ეზოებით, მდიდრული ევროპული ფასადებით, აივნებითა და თაღებით არათუ უცხოელს, ხშირად მკვიდრ თბილისელსაც აოცებს. XIX საუკუნის კლასიცისტურ ან ბაროკოს სტილის ფასადებს მიღმა თბილისური ეზოები იმალება. ხის მოხარატებული აივნებისა და კიბეების მოდერნის სტილი და შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ნაერთი ქალაქის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის. შეიძლება ითქვას, ამ არაჩვეულებრივ ქალაქში სხვადასხვა საუკუნე თანაარსებობს.
ქალაქის ერთ-ერთი მშვენება თბილისური სადარბაზოებია - მდიდრულად მორთული სადღესასწაულო ჰოლებით, მარმარილოს იმიტაციის პანელებით, სალონური ხასიათის მხატვრობითა და ვიტრაჟებით. ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძემ ძველი თბილისური სადარბაზოების დეკორი გამოიკვლია. ქალბატონ
- ამჟამად თბილისში სულ რამდენიმე ათეული დეკორირებული სადარბაზო შემორჩა. თუმცა თავის დროზე ყველა სახლს მეტ-ნაკლებად მორთულ-გაფორმებული შესასვლელი ამშვენებდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში სახლის რესპექტაბელურობის, მისი „ევროპული“ სტილის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სწორედ შესასვლელი-სადარბაზო-ჰოლი ყოფილა.
XIX საუკუნის II ნახევრიდან არსებითად იცვლება ქალაქის ხუროთმოძღვრული იერი - თბილისი ფეოდალური ქალაქის სახეს კარგავს და სულ უფრო ბურჟუაზიულ ქალაქად იქცევა. შეძლებული მოქალაქეებიც ევროპული ყოფის სტანდარტებისკენ მიისწრაფვიან და აღარ კმაყოფილდებიან წინანდელი სახლების მასშტაბითა და კომფორტის დონით. სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ მიდრეკილება იზრდება, ბაღებს, შადრევნებს, რელიეფებითა და ქანდაკებებით მორთულ ფასადებს მოკაზმული სადარბაზოებიც ერთვის და იმდროინდელი ქალაქის ერთიან ატმოსფეროს ქმნის.
მორთულმა სადარბაზო-ვესტიბიულმა საზეიმო იერი შესძინა თბილისურ სახლს, ერთგვარი შუამავალი გახდა საზოგადოებრივ და კერძო სივრცეებს შორის. ზოგჯერ ის გვამცნობს კიდევაც სახლის ისტორიას და თავგადასავალს, მოგვითხრობს მის მშენებელსა და მესაკუთრეზე, განსაზღვრავს პირველ შთაბეჭდილებას და ქალაქური ყოფის კულტურას, სახლის აშენების დროსა და ატმოსფეროს.
როგორი იყო ძველი თბილისური სადარბაზოები
სადარბაზო გახლდათ შესასვლელი ერთ ან რამდენიმე ბინაში. ერთ სახლს ორი სადარბაზო შეიძლებოდა ჰქონოდა: ერთი - პირველ სართულს, ხოლო მეორე ზედა სართულებს უკავშირდებოდა. შეძლებული მოქალაქის საცხოვრებელი ბინა მთელ სახლს ან ერთ სართულს იკავებდა (პირველ სართულს, როგორც წესი, აქირავებდნენ). ტიპური ბინა ექვსი ან შვიდი ძირითადი ოთახისგან შედგებოდა, რასაც დამხმარე სათავსოებიც ერთვოდა. ოთახების კედლებსა თუ ჭერს, სადარბაზოს მსგავსად, დეკორით, მხატვრობით ან შპალერით ამკობდნენ. სადარბაზოს დეკორი უფრო თვალში საცემი იყო. მდიდრულად მორთულ სახლის ფასადთან ერთად, ის მეპატრონის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა და კომფორტულიც უნდა ყოფილიყო.
თბილისში ამგვარი ფუფუნებით მოწყობილი სადარბაზოები ძირითადად სოლოლაკში, ჩუღურეთსა და ვერაზეა. მრავალი მათგანი სახეცვლილი და ნაწილობრივ გადაღებილია. თუმცა რამდენიმე სახლის სადარბაზო თითქმის უცვლელად ინახავს პირვანდელ მორთულობას.
თბილისური სადარბაზოების შესახებ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა წიგნი „თბილისური სადარბაზოები“ (ავტორები: ცისია კილაძე, მარინა მეძმარიაშვილი, თამაზ გერსამია), რომელშიც საფუძვლიან გამოკვლევასთან ერთად მკითხველს შეუძლია, ნახოს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური ფოტომასალა.
ვინ ხატავდა თბილისურ სადარბაზოებს
- თბილისელი ხელოსნები ამქრებში იყვნენ გაერთიანებულნი. ცალკე არსებობდა მხატვარ-მღებავთა ამქარიც, რომელიც ფერმწერებს, მღებავებსა და მათი მონათესავე პროფესიის მქონე ადამიანებს აერთიანებდა. ხელოსნების შრომა ამქარში დიფერენცირებული ყოფილა: ერთნი ოთახებსა და სადარბაზოებს ამკობდნენ, მეორენი - საეკლესიო თუ სამხედრო დროშებს, სხვები აბრებს ხატავდნენ და ფოტოატელიეებისთვის ფონებს ქმნიდნენ. მაღალი კვალიფიკაციის მხატვარს ფერმწერისა და მღებავის წოდების ატესტატით აჯილდოებდნენ. ფერმწერთა ამქარი ვაჭრებს, მაღაზიების, რესტორნების, დუქნებისა და სასტუმროების მფლობელებს ემსახურებოდა.
ხელოსნები მთავარი მხატვრის ხელმძღვანელობით ერთად მუშაობდნენ და რაკიღა სადარბაზოს მორთვა-მოხატვა ამქრის საერთო ნაწარმად ითვლებოდა, ავტორი მხოლოდ იშვიათად თუ აწერდა მას ხელს. მხატვარი დამკვეთის გემოვნებასა და მოთხოვნებზე იყო დამოკიდებული და სიუჟეტებისა და ორნამენტის შექმნისას მის შეხედულებასაც ითვალისწინებდა. თუმცა ის სახლის პატრონს უკვე მზა ნიმუშებსა და სადარბაზოს მორთვა-მოხატვისთვის შემუშავებულ მხატვრულ პროგრამასაც სთავაზობდა.
თემები, კომპოზიციები ამა თუ იმ ცნობილი მოხატულობით, ფერწერული ტილოებითა თუ ქანდაკებებით იყო შთაგონებული. ესკიზებსა თუ პროექტების შექმნაში დეკორატორი-მხატვრები სპეციალურ გამოცემებს, ალბომებს, გრავიურებს, ლითოგრაფიებსა და ილუსტრირებულ ჟურნალებსაც იყენებდნენ, რომელთა დიდი არჩევანი იყო ევროპაში და რომლებიც, როგორც ჩანს, ევროპიდან ჩვენშიც მრავლად შემოდიოდა. ამ გამოცემებში უხვად იყო წარმოდგენილი ორნამენტული მოტივების ნიმუშები, საინტერესო ვიზუალური თუ წერილობითი ინფორმაცია, რეკომენდაციები და სხვა.
ზეთით ან ტემპერით ძირითადად ტილოზე, უფრო იშვიათად კი ბათქაშზე ხატავდნენ. შედარებით მარტივი და გავრცელებული ორნამენტებისთვის ტრაფარეტს იყენებდნენ. ნახატის უკეთ შესანახად ზედაპირს ლაქით ფარავდნენ. დეკორის სისტემის შექმნაში ხშირად არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. დიდი წვლილი შეიტანეს თბილისში სადარბაზოთა მორთვა-მოხატვის საქმეში უცხოელმა ოსტატებმა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, ინტერიერის გაფორმების საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრეს თბილისში. ევროპის დიდ ქალაქებში: პეტერბურგში, პარიზში, ამსტერდამში, ბუდაპეშტში, ლონდონში, მილანში, პრაღაში, ბერლინსა თუ ვენაში - სახლების სადარბაზოები ერთმანეთის მსგავსი მიდგომითაა გაფორმებული.
თბილისური სადარბაზოებისთვისაც ტიპურია როკოკო, გაშლილი ცის ხედები, ჩიტები, გირლანდები თუ იდეალიზებული ქალების ფიგურები. გავრცელებულია აღმოსავლური და ანტიკური მოტივებიც.
საგანგებოდ აღსანიშნავია თბილისში შემორჩენილი ე.წ. სპარსულ სტილში შესრულებული სადარბაზოები, გაფორმებული ხალიჩისებრი ხასიათის ნაირგვარი, პოლიქრომიული ორნამენტული მოტივებითა და სტალაქტიტებით. ამგვარია, მაგალითად, დეკორით უხვად შემკული ივ. მაჩაბლის #17-ის პომპეზური სადარბაზო, რომელიც დღესაც აღმოსავლურ, ზღაპრულ სასახლეს მოგვაგონებს, ისევე, როგორც არშაკუნის ყოფილი სახლის (ახლანდელი თბილისის სამხატვრო აკადემია) ინტერიერი.
სადარბაზოების მოხატულობებში ხშირია ალეგორიული მოტივებიც (მაგალითად, წელიწადის დროების პერსონიფიკაციები, ბავშვების გამოსახულებები, რომლებიც უმანკოებას განასახიერებენ, სხვადასხვა ქვეყნისა და კონტინეტის ალეგორიული გამოსახულებები, რომლებიც თითქოს კულტურული იდენტობის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, ერთგვარი მიკროკოსმოსის შექმნას უწყობს ხელს).
- თბილისურმა სადარბაზოებმა თუ შემოგვინახა უცხოელი დეკორატორი-მხატვრების ხელმოწერები?
- ამგვარი ხელმოწერა გვხვდება, მაგალითად, დავით აღმაშენებლის N93-ში - ბ. ტელინგატერი და დე მარცო, მ. წინამძღვრიშვილის N39-ში - პოზნანი, კ. მარჯანიშვილის N18-ში - რ. კერგერი.
ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა. სავარაუდოდ, მასვე მოუხატავს სეილანოვების სახლი გ. ტაბიძის N18-ში. ორივე სადარბაზო (დავით აღმაშენებლის N93 და ტაბიძის N18) მსგავსია მხატვრული პროგრამით, სიუჟეტური თუ დეკორატიული მოტივებით. გადმოცემის თანახმად, ბენო ტელინგატერს ეკუთვნის „ჩინური დარბაზისა“ და „გერმანული ოთახის“ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მოხატულობა.
ცნობილია, რომ ნიკო ფიროსმანი, დაზგური სურათების გარდა, კედლებზეც ხატავდა. ყველა ეს მოხატულობა დაიღუპა: ზოგი შეათეთრეს ქალაქის სანიტარიული ინსტანციების მოთხოვნით - დუქნის კედლები სუფთა უნდა ყოფილიყო; ზოგი თვით შენობებთან ერთად გაქრა; ზოგს საღებავი ჩამოცვივდა. არსებობს ცნობა, რომ ფიროსმანს კედელზე “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები შეუსრულებია. შესაძლოა, მას სადარბაზოს მოხატვის შეკვეთაც მიეღო და ესკიზები მაინც შეესრულებინა, თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. მას მცირე ხნით გიგო ზაზიაშვილთან ერთად სახელოსნოც კი გაუხსნია, მაგრამ, როგორც ჩანს, თავმოყვარე და მედუქნეების მიერ „გრაფად“ წოდებული ნიკო ფიროსმანი დამკვეთის ზედმიწევნით ბურჟუაზიულ გემოვნებას ვერ შეჰგუებია.
თბილისური სადარბაზოები ძველი ქალაქის კოლორიტის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. დღევანდელ მნახველს ისინი წარსული ბურჟუაზიული, ქალაქური ყოფის უეცარ ხიბლად, გარდასული ეპოქის რომანტიკულ მოგონებად წარმოუდგება და ერთგვარ ნოსტალგიას უღვიძებს. მით უფრო, რომ სურათი საკმაოდ სევდიანია - თითქმის ყველა სადარბაზოში კედლები - დაბზარულია, დეკორი კი ძლიერ დაზიანებულია. გამქრალია ქანდაკებები თუ ფილები, მომტვრეულია კარნიზები და სვეტისთავები, მხატვრობა ნახევრად გადაღებილი და გაჭვარტლულია, კიბის მოაჯირები - მორყეული, შუქფარები - ჩამსხვრეული... ძველი თბილისი ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა გაფრთხილებასა და შველას ელის.
თეა ცაგურიშვილი