მაიმუნების კუნძული, სტუმრად სპილოებთან და ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი კანაფი - მოგზაურობა ტაილანდში (მესამე ნაწილი)

ჩვენი ვებგვერდის აქტიური მკითხველი და რესპონდენტი, პროფესიით ჟურნალისტი, თუმცა ამჟამად დიასახლისი და სამი შვილის დედა ვერიკო ბიწაძე ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ტურით გაემგზავრა ტაილანდში, მეუღლესთან ერთად და უამრავი შთაბეჭდილება დაუგროვდა. ჩვენც გავყვებით მას ამ მოგზაურობაში და მასთან ერთად დავათვალიერებთ და გავიცნობთ ტაილანდს.

(იხილეთ პირველი ნაწილი)

მესამე ნაწილი
ბანგკოკიდან საათ-ნახევარი ფრენა კრაბის ნახევარკუნძულამდე და შემდეგ გემით ორსაათიანი მგზავრობით აღმოვჩნდით პატარა სამოთხეზე - ულამაზეს ფი ფის კუნძულზე. კუნძულზე არ მოძრაობს არანაირი ტრანსპორტი, გადაადგილება შეიძლება მხოლოდ ფეხით, რაც განსაკუთრებულად ეგზოტიკურია. კუნძულის სახეა
ტაილანდური გრძელკუდიანი ნავები, მორთული და საოცრად ლამაზი. პატარა კუნძულებზე სწორედ ამ ნავებით გადაადგილდებიან.
ამ კუნძულზე შეგიძლია დაისვენო მშვიდად, ტაილანდური მასაჟი გამოსცადო პირდაპირ სანაპიროზე ზღვის ხედით და ასევე გართობის მოყვარულებისთვის არის ყველანაირი სიტუაცია - ღიად იყიდება კანაფი (სხვათა შორის, კანაფი ყველგან იყო, სხვა ქალაქებსა და კუნძულებზეც, ქუჩებში თუ მაღაზიებში, რამაც ძალიან გამაოცა), სასმელები, და საოცრად მომხიბვლელი გარემოა მათთვის, ვისაც ასეთი გართობა უყვარს. შაბათ საღამოს ვნახეთ პლაჟზე ცეცხლოვანი შოუ და მარიხუანის სუნში გახვეული ფი ფი.




ფი ფი კუნძულების კარგი ერთსიტყვიანი აღწერა იქნება "სამოთხე". გარშემორტყმულია ანდამანის ზღვით. თვალწარმტაცი ხედებია და კრისტალურად სუფთა წყალი. პლაჟები მოფენილი ულამაზესი რბილი თეთრი ქვიშებით. კირქვის მთები ამ კუნძულების კიდევ ერთი შთამბეჭდავი ადგილებია.










ფი ფის კუნძულებად წოდებული რამდენიმე კუნძული დავათვალიერეთ. pileh lagoon-ის შემდეგ წავედით კუნძულ maya bey-ზე. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა დაგვხვდა, რადგან ამ კუნძულზეა გადაღებული ფილმი "სანაპირო" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით... ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ფილმში: მსუბუქი ქვიშა, მარჯნის რიფები, სუფთა წყალი. ყველა, ვისაც უყვარს სიამოვნება და უბრალოდ უყვარს კარგი დასვენება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ შესანიშნავი კუნძულს.

სანაპირო "მაია ბეი" დაცული ტერიტორიაა, ასე რომ, ღამის გათევას ვერ შეძლებთ, მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსია შეიძლება.


აქედან წავედით bamboo island-ზე - ეს კუნძული საკმაოდ შორს ყოფილა ჩვენგან. ადგილობრივმა გამყოლმა კი გვითხრა, ქარია და არ გინდათ, ახლო კუნძულებს გაჩვენებთო, მაგრამ ხომ არ გვატყუებსო, ვიფიქრეთ და თავს ხომ არ მოვატყუებინებდით? მაგ კუნძულის უნახავად აქედან არ წავალთ-თქო და რას იზამდა. ავიღეთ გეზი ბამბუკების სანაპიროსკენ, ამბობენ ულამაზესიაო, მაგრამ მისი სილამაზე მე არ აღმიქვამს... ასეთი მწველი მზე უცებ შეიცვალა და ტალღებმა იმატა. თავიდან ცოტა გვესხმებოდა და ვხალისობდით, მაგრამ ბოლოს ისე იმატა, თავიდან ბოლომდე გვაბანავებდა ტალღებში. ზოგი მშვიდად იყო, ხალისობდა, ზოგიც პანიკაში ჩავარდა. მე კი ვიჯექი მშვიდად, მაგრამ საკმაოდ შეშინებული...


არადა გზა არ ილევა, ტალღებიც იმატებს. წარმოვიდგინე, რომ ამოტრიალებულიყო ნავი. ყველა ფილმი, რაც მინახავს მსგავს ამბებზე, ხელახლა დამიტრიალდა გონებაში და ვეცი სამაშველო ჟილეტს. თან ზურიკოს ვეუბნები, აღარ მინდა აქ, წამიყვანე ჩემს თბილისში-თქო.... ამ წივილ-კივილში გავხედე ადგილობრივ გამყოლს - ზის ნავის კიჩოზე და იცინის, დაგვცინის. ერთი კი გავბრაზდი, რა აცინებს-თქო, მაგრამ მერე გამიხარდა, ალბათ არც ისე ცუდადაა საქმე, თორემ რა გააცინებდა. 

ძლივს მშვიდობით დავდგით ფეხი სანაპიროზე და მაშინვე დაემსგავსა რობიზონ კრუზოს სანაპიროს - ყველა ხეზე ჩვენი სველი ტანსაცმელი ეკიდა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დამზადებულ ამ ნავზე ფეხის დამდგმელი არ ვიყავით არც ერთი, თუნდაც კუნძულზე დავეტოვებინეთ. დაუკავშირდნენ სანაპირო დაცვას და გამოიძახეს კატერი. კატერითვე წავედით მაიმუნების სანაპიროზე, კატერის ხტომა ტალღებზე იავნანასავით იყო იმის ფონზე, რაც გადავიტანეთ, მაიმუნების გამოჩენამ კი კარგად გაგვახალისა.




ფი ფი-დან ორი საათი გემით მგზავრობა საკმარისია, რომ მოხვდე ნახევარკუნძულ კრაბიზე. ფი ფისგან განსხვავებით, უფრო დიდია და ხმაურიანი, უამრავი ადამიანი ირევა. კრაბი არის ქალაქი და პროვინცია, აქვს მრავალი ბუნებრივი პარკი, ულამაზესი სანაპირო ზოლი და პაწაწინა ლამაზი კუნძულები, ყველა განსხვავებული.








კრაბიზე გავისეირნეთ ჯუნგლებში, რომელიც ერთ დიდ ზოოპარკს ჰგავს. ბოლო გაჩერება სპილოებთან იყო, ყველაზე შთამბეჭდავი. უნდა ვთქვა, რომ ძალიან შემეცოდნენ სპილოები. ერთი განსაკუთრებით, რომელიც ჯაჭვით იყო დაბმული, მაგრამ ესეც ვერ აკავებდა, ბოლთას სცემდა და ვერ ისვენებდა. მთელი ჯგუფი შევწუხდით მისი საცოდაობით.








ტაილანდი არის ტყეების, ბუჩქნარებით სავსე მდელოების და ჭაობების ქვეყანა, რომელიც მოფენილია ლოტოსებითა და წყლის შროშანებით.







უგემრიელესია და ძალიან ეგზოტიკური ტაილანდურ-ჩინურ-მექსიკური სამზარეულო.



მწერების, კიბორჩხალების გარდა, ასევე მორიელის, ნიანგის, რომელიც არ გამისინჯავს. 

რაც შეეხება პრაქტიკულ დეტალებს, ფასებს, მაგალითად, მასაჟი ყველა ფეხის ნაბიჯზეა და კლასიკური ტაილანდურიდან დაწყებული, რომელიც ტანსაცმელში კეთდება, ალოე ვერათი და ქოქოსის ზეთების გამოყენებით დამთავრებული. საღამოს დაღლილი ადამიანების რიგი დგას ფეხის მასაჟზე.
მთლიანი სხეულის მასაჟი ღირს დაახლოებით 20 ლარიდან 30-მდე, ჩვენს ფულზე თუ დავთვლით. 100 დოლარი დაახლოებით 3200 ბატია - მათი ფულის ერთეული.

კვებაც არ არის ძალიან ძვირი - ქუჩის და პატარა კაფეების კვებას ვგულისხმობ. მაგალითად, ხილი - მანგო კილო 8 ლარამდე ღირს და უფრო იაფიც, ბანანი - 3 ლარში ალბათ ორ კილომდე მოვა. ხილის ფრეშ წვენები, ადგილზე მომზადებით 50-70 ბატი (4-7 ლარი).
სამზარეულო ცხარეა, თუმცა მე მომეწონა. მიმტანებს თუ ეტყოდი, სიცხარესაც უკლებდნენ. ძირითადად ზღვის პროდუქტებია, ძალიან გემრიელად მომზადებული, საინტერესო დესერტები. ერთ-ერთი უგემრიელესია შემწვარი ბანანი.
გარშემო სისუფთავეა, მაღაზიებში, სასტუმროებში. მეტი ქაოსია ბანგკოკში, რადგან დიდი ქალაქია, 10 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
ტაქსის მძღოლები საკმაოდ ხშირად იტყუებიან. ვითომ ხურდა არ აქვთ, რომ დაგიბრუნონ ან უცებ, გზაში გიმატებენ თანხას.
მარგალიტების საოცარი არჩევანია და საკმაოდ დაბალ ფასებად.
ხალხი არის საკმაოდ კეთილგანწყობილი და სასიამოვნო ღიმილით გხვდებიან ყველგან.
ტემპერატურა ძირითადად მაღალია, ცხელა, თუმცა საღამოს მოსაცმელები გვჭირდებოდა. საუკეთესო სეზონი ზამთარია სამოგზაუროდ, რადგან ზაფხულში ტროპიკული წვიმებია.



დასასრული

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები