ტურისტულ მექად ქცეული ფერადი კოლუმბიური ქალაქი

კოლუმბია ცნობილი თავისი ლამაზი სოფლებითა და ბუნებით, თუმცა კოლორიტული დასახლებული პუნქტის, პატარა ქალაქის, გაუატაპეს შესახებ ბევრ ჩვენგანს არაფერი სმენია. ამ ფერადი ქალაქის მეშვეობით კოლუმბიის ისტორიის შესწავლაცაა შესაძლებელი. გარდა ამისა, აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ეს პატარა ქალაქი ტურისტულ მექად ქცეულიყო.


სამხრეთ ამერიკის ეს ყველზე კოლორიტული ქალაქი ანტიოქიის დეპარტამენტში, კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზე, უზარმაზარი წყალსაცავის ნაპირზე და ულამაზესი ბუნებით არის გარშემორტყმული.


ქალაქი გუატაპე თავის სიჭრელით არის ცნობილი. აქ ყველაფერი ფერადი, ყველა შენობა, ყველა ნაგებობა, ტრანსპორტი და
ა.შ. კედლებზე ულამაზესი ფრესკები შეგხვდებათ, სწორედ ეს არის ქალაქის მთავარი ხიბლი. ამ ფრესკების და ნახატების მიხედვით ქალაქის მთელი ისტორიის შესწავლაა შესაძლებელი. ნახატებით ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა იყიდება ამ თუ იმ მაღაზიაში, ან როგორი კერძები დაგხვდებათ ამა თუ იმ კაფეში.


ზუსტად არავინ იცის, მათ შორის ქალაქის მკვიდრმა მოსახლეობამაც კი, თუ როდის გაჩნდა აქ ყველაფრის გაფერადებისა და მოხატვის ტრადიცია, თუმცა პირველი ნახატები და ნაძერწები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 150 წლის წინ გამოჩნდა.


ქალაქში უამრავი ძველი ფასადია შემორჩენილი, თუმცა ახალიც ბევრი დაემატა. ადგილობრივი მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ტურისტი მიიზიდოს. მართლაც, ეს ფერადი ქალაქი დიდი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით იმ ადამიანებს შორის, ვისაც მშვიდი, საინტერესო და სასიამოვნოდ დასვენება სურს.


მიუხედავად იმისა, რომ თავად გუატაპეში საყოველთაოდ აღიარებული და ცნობილი არც ერთი ღირსშესანიშნაობა არ არის, დამსვენებლები მაინც ახერხებენ აქ ვიზიტისას საოცარი ემოციებით ავსებას, რასაც აქ თითოეული ადამიანის სახლი და კარი იწვევს. დადებითი ემოციები აღიძრება ულამაზესი ფასადების დათვალიერების დროს. ქალაქში ხეტიალი ტურისტებს საათობით არ ჰბეზრდებათ. აქ ყოველი შენობა ხელოვნების ნიმუშია.





აღსანიშნავია, რომ გუატაპე რეგიონის იმ ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილთან, გიგანტურ წყალსაცავთან მდებარეობს, სადაც ასევე შესაძლებელია საოცარი, უზარმაზარი მარტოდ მდგომი კლდის ნახვა, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ელ-პენიონ-დე-გუატაპე. 220 მეტრი სიმაღლის კლდე, რომლის 2/3 მიწაშია დამალული, სავარაუდოდ 10 მლნ ტონას იწონის და დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ზომაში მცირედით დაპატარავდა, თუმცა მაინც ინარჩუნებს ანტიოქიის ყველაზე შთამბეჭდავი ობიექტის ტიტულს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ კლდეს ეთაყვანებოდა და აქ რიტუალებსაც კი მარტავდა. ეს კლდე ამ ადგილის მთავარ სიწმინდედ ითვლება.



ამ კლდის მწვერვალზე პირველად სამი მეგობარი 1954 წელს ავიდა. პროფესიონალ ალპინისტებს ამისთვის 5 დღე დასჭირდათ.
ტურისტებს მიზიდვის მიზნით აქ გაკეთდა კიბე. ამ კიბეზე ასვლა ყველას შეუძლია, ვისაც სიმაღლის არ ეშინია. კიბეს 740 საფეხური აქვს. გზადაგზა შესაძლებელია სპეციალურად გაკეთებულ მაღაზიებში ტრადიციული სუვენირების შეძენა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები