თბილისში იასამნის ყვავილობის ხილვა ყველაზე კარგად ბოტანიკურ ბაღშია შესაძლებელი. ამიტომაც იქ ამ ულამაზესი სანახაობის დასათვალიერებლად მისული ხალხის ნაკადი არ წყდება და მუდმივი რიგებია. ბაღში დღეისთვის 98 ჯიშის იასამანი ხარობს. მათ რამდენიმე ათეული წელია, ნონა ანთიძე უვლის და პატრონობს. ქალბატონი ნონა აგრონომია, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დისერტაცია სწორედ იასამანზე აქვს დაცული... მეცნიერ ქალბატონს "იასამნების კეთილ დედოფალსაც" უწოდებენ... ის ახლა ambebi.ge -ს სტუმარია და გვიყვება როგორც თავის, ისე იასამნების საკოლექციო ნაკვეთის ისტორიას...
- დავამთავრე საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. დაუსწრებელზე ვსწავლობდი და
- რომელ წელს დაიწყეთ ბოტანიკურ ბაღში მუშაობა?
- 1961 წელს... დავამთავრე თუ არა ინსტიტუტი, აქ ორანჟერეაში გადმომიყვანეს, სადაც საოჯახო მცენარეები იყო. ბოტანიკურ ბაღში არის გარკვეული გეოგრაფიული ნაკვეთები, მათ შორისაა, არბორეტუმი, სადაც სხვადასხვა მცენარეა წარმოდგენილი. ეს დამთვალიერებლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და იქაც გარკვეული პერიოდი ვიმუშავე. პარალელურად ბოტანიკური ბაღის ფიჭვნარიც მებარა, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს ტყე იყო წარმოდგენილი, რომელიც ხალხს ასევე ძალიან აინტერესებდა. იმ ნაკვეთებში ჩემი უშუალო განყოფილების გამგე ბატონი გიორგი მანაგაძე იყო, რომელიც ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილეც გახლდათ - პარკ-მშენებლობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ინიციატივით, სურვილით და მონდომებით ბოტანიკურ ბაღში შეიქმნა იასამნების საკოლექციო ნაკვეთი, სადაც საქმიანობა მე შემომთავაზა. მახსოვს მკითხა, - ხომ არ გეწყინება, ამ საკოლექციო ნაკვეთზე რომ იმუშაოო? მანამდე იასამნებთან საქმე არასდროს მქონია. ვინაიდან ჩემი მხრიდანაც იყო დაინტერესებაც, შემოთავაზებას დავთანხმდი. იმ დროისთვის ბაღში რამდენიმე იასამნის სახეობა არსებობდა, ჯიშები არ იყო. შემდეგ საკავშირო მასშტაბით მივლინებაში დავდიოდი და სხვადასხვა რესპუბლიკიდან სხვადასხვა ჯიში ჩამომქონდა. თანამშრომლებიც დიდი ინტერესს იჩენდნენ, მივლინებიდან თავისი სურვილით მათაც ჩამოჰქონდათ სირინგარიუმისთვის ნერგები. ნელ-ნელა ივსებოდა ჩვენი კოლექცია...
- და ეს ნაკვეთი რომელ წელს შეიქმნა?
- 1970 წელს. 1988 წელს უკვე დატერასებული იყო და ჯიშები საკმაო რაოდენობით გვქონდა. ჩვენს პირობებშიც კალმით ბევრი გავამრავლეთ და ჯიშები რაოდენობაში მოგვემატა. დღეს 98 ჯიში გვაქვს უკვე. ძალიან საინტერესო ჯიშები პოლონეთიდან ჩამოიტანეს. ცხადია, სახელწოდება თითოეულს აქვს და ყველა ეტიკეტირებულია. ხალხის მხრიდანაც დიდი დაინტერესებაა ხოლმე, დასახელებები აინტერესებთ.
ვუვლით კოლექციას. რაც მთავარია, მუდმივად ვცდილობთ, რომ გავამდიდროთ... საერთოდ, მსოფლიოში იასამანის 1500-ზე მეტი ჯიშია. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა რაოდენობა აქვს. ისეთი უპრეტენზიო მცენარეა, რომ თითქმის ყველგან ხარობს...
- საინტერესოა... ბავშვობაში 5-ფურცლიან იასამანს ვეძებდით. თუ გაგვიმართლებდა და ვიპოვიდით, უნდა გადაგვეყლაპა. რასაც თითქოს რაღაც სიხარული უნდა მოეტანა. სხვათა შორის, დღემდე ვეძებ ხოლმე 5-ფურცლიან იასამანს...
- იასამნის მტევნებში სამი ჯგუფი გამოიყოფა - ძლიერი ბუთხუზა, ნახევრად ბუთხუზა და მარტივ ყვავილებიანი. ზოგს ექვსი და მეტი ფურცელიც აქვს, არის 2-რიგიანი გვირგვინის ფურცლები, სამ-რიგიანიც, არის ჩახუჭუჭებული, კიდეებაწეული, უკან გადაგრეხილი, შიგნით ჩახვეული, - ყველა თავისებურ სილამაზეს ქმნის. თითოეულს თავისი თავისებურებები ახასიათებს.
თუ მზე დააცხუნებს, იასამანი ერთბაშად ჭკნება. მაღალი ტემპერატურა ერევა. თუ ტემპერატურა მატებას შეაჩერებს, მაშინ ყვავილობას ახანგრძლივებს. ყვავილობის მაქსიმალური ვადა მაინც 25 დღეა. ისე გაზაფხულს გააჩნია, წელს მარტის ბოლოს საკმაო სითბო იყო მცენარეებისთვის და ადრე გაიღვიძეს. კვირტებმა გაშლა ადრე დაიწყო - 20 დღე კარგად იყვავილეს. ახლა თითოეული უკვე დაყვავილების ფაზაშია. იასამანი გამორჩეულად მიყვარს. სოფელი არ მქონია, თბილისში გავიზარდე. ადრე გაზაფხულზე მაინც არაჩვეულებრივი სურნელი აქვს, - საყვარელი მცენარეა.
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ იასამნების ფოტოები