"შეღებვამდე 15 წუთით ადრე კვერცხი ცივ წყალში გააჩერეთ" -სანამ კვერცხების შეღებვას დაიწყებთ, ჯერ ამ რჩევებს გაეცანით - იდეალური ფერის ძველებური საიდუმლო


მალე სააღდგომოდ ყველა დიასახლისი კვერცხების ღებვის სამზადისს შეუდგება. ეს თითქოს ადვილი საქმეა, მაგრამ ახალბედა დიასახლისებს რამდენიმე რჩევას მაინც მივცემთ. მოგეხსენებათ, რასაც წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ, იმაში "დაოსტატებას" ვერ ვახერხებთ. თითქოს წინა წლის გამოცდილება მეორე წელს გვავიწყდება. ასე რომ, კვერცხების სრულყოფილად შესაღებად ეს რჩევები გაითვალისწინეთ.

1. შესაღებად ძალიან დიდი ზომის კვერცხებს ნუ აირჩევთ. საშუალო და ოდნავ მომცრო კვერცხს უფრო გამძლე ნაჭუჭი აქვს.
2. კარგია თუ შეღებვამდე 15 წუთით  ადრე ცივ წყალში ჩაალბობთ, კვერცხი არ აგიჭრელდებათ და თანაბრად შეიღებება. 
3. შესაღები ხსნარის მომზადება რამდენიმე

დღით ადრე დაიწყეთ, მაგალითად, სამშაბათს, რათა ფერი ბოლომდე გაიხსნას და კვერცხებმა უფრო მუქი შეფერილობა მიიღონ.
4. ზემოხსენებული არ ეხება კვერცხის ხელოვნურ საღებავებს, ისინი გაცილებით სწრაფად იხსნება, თუმცა გირჩევთ, ტრადიციული და ნატურალური ინგრედიენტები გამოიყენოთ.
5. დაჩეჩქვეთ 2-3 კონა ენდროს ფესვები და მოათავსეთ დაახლოებით 5 ლიტრის მოცულობის ემალირებულ ჭურჭელში (გაითვალისწინეთ, ამ ჭურჭელს ენდროს ფერს ვეღარ გააცლით). დაამატეთ ხახვის ფურცელი იმდენი, რომ ენდროსა და ფურცლის წილი 2:1 იყოს. ამ მასას დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ამატეთ ხარშვისას დაკლებული წყალი. გააცივეთ და ისევ დადგით მოსახარშად. ასე გაიმეორეთ
3-ჯერ.
6. გაცივებულ ხსნარში ჩააწყვეთ კვერცხები. ეცადეთ, მოხერხებულად მოათავსოთ ენდროს ძირებსა და ხახვის ფურცლების მასაში. კვერცხები მაცივრიდან ერთი საათის გამოღებული მაინც უნდა იყოს, ანუ არა ძალიან ცივი. კვერცხის და ხსნარის ტემპერატურა ერთნაირი უნდა იყოს.
7. დადგით დაბალ ცეცხლზე. უნდა იხარშოს 10-15 წუთის განმავლობაში. თუ ხსნარში 1 სადილის კოვზ მარილს ჩაყრით და ცოტა ძმარს ჩაამატებთ, კვერცხების დასკდომის შანსი კიდევ უფრო შემცირდება.
8. მოხარშვის შემდეგ ცეცხლი ჩააქრეთ, მაგრამ მაშინვე ნუ ამოყრით კვერცხებს ქვაბიდან. 15-20 წუთით შიგნით დატოვეთ. ამის შემდეგ ამოალაგეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და რომ შეშრება, ჯეჯილში ჩააგორეთ.

თუ სხვა პრაქტიკულ და გამოცდილ ხერხებს თავად ფლობთ, კომენტარებში გაგვიზიარეთ.

კომენტარები

დალი 2024-04-29 07:45
მადლობა კარგი რჩევებია მეც ასე ვღებავ მაგრამ არის რაღაც რასაც არ ვაკეთებ წელს აუცილებლად გავაკეთებ
თინიკო 2024-04-28 22:27
მაინც რა საოცარი გემ აქვს ენდროში შეღებილ სააღდგომო კვერცხს :)
ახლოვდება აღდგომა. მადლობა რჩევებისთვის,ასე ვღებავ მეც.
ყველას გილოცავთ მეგობრებო ქრისტეს აღდგომას,
ლიკა 2024-04-25 12:25
თუ კვერცხს ყიდულობთ ეცადეთ წითელ ნაჭუჭიანი იყოს. მე სულ სწორედ ამ რეცეპტით ვხარშავ მაგრამ ერთ წელს არ შემეღება ანუ ფერი არ მიიღო. ამიტომ ვცდილობ მუქნაჭუჭიანი შევღებო და კიდევ ანდროს ხსნარს ვამატებ ჭარხალს თხლად დაჭრილს
ხატია 2024-04-24 15:00
გავითვალისწინებთ????მადლობა რჩევისთვის
ნატა 2024-04-04 22:45
რაც თავი მახსოვს მასე ვღებავდით და მეც მასე ვღებავ დღემდე !არაჩვეულებრივი ფერი,გემო და სუნი! ცოტას ვაპრიალებ ხოლმე ზეთიანი ხელებით!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები