"მტკივა, როცა ვხედავ, ქალაქს როგორ ამახინჯებენ... ხშირად ვამოწმებ, დგანან ის სახლები ისევ თუ არა..." - ნახატებით გადმოცემული ქალაქის ტკივილი და სევდა

პოეტსა და მხატვარს თამარ ლომიძეს და მის ქართულ-ნორვეგიულ ოჯახს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ამჯერად ჩვენი ყურადღება მხატვრის ახალმა სერიამ მიიპყრო - ძველმა თბილისურმა სახლებმა, რომლებიც ინგრევა ან სახეს იცვლის და იმ ტკივილმა, რასაც განიცდის შემოქმედი ადამიანი ქალაქის დღევანდელი ქაოტური არქიტექტურის გამო და ცდილობს, ეს და სხვა სატკივარი თავისი ნამუშევრებით გამოხატოს. 
თამარს სწორედ მის ნამუშევრებზე, ხედვასა და მის მიერ დანახულ თანამედროვე ამბებზე ვესაუბრეთ.



- საზოგადოება გიცნობთ, როგორც მხატვარსა და პოეტს. მაინც რომელია თქვენში მეტი? როგორ ათავსებთ ამ ორ შემოქმედებით ნიჭს?
- ვერ გეტყვით,
რომელია მეტი ან ნაკლები. ლექსს დავწერ თუ დავხატავ, ეგ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაშია ჩემი სული, საით მივყავარ ფიქრებს, ემოციებს - ფერისკენ თუ სიტყვისკენ... შეიძლება სულაც ვხატავდე, მაგრამ იმ ნახატში ლექსსაც ვწერდე, ფერებად ვამბობდე სათქმელს ან სიტყვებით ვხატავდე წერისას. ორივე ჩემი სულის ნაწილია და არასდროს მქონია იმის ამბიცია, მერქვას პოეტი ან მხატვარი. მთავარია, გამოვხატო და ვთვქა ის, რაც მაწუხებს ან მიხარია. თუ ასე უკეთ გამიცნობს საზოგადოება, ამას რა სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი სასაუბრო ენაა, ხშირად არ ვაწუხებ მათ არც ჩემი საღამოებით და არც ხშირი გამოფენებით. მინდა დამიგროვდეს ხოლმე ემოცია და სათქმელი.


- როდიდან ხატავთ და როგორ შემოვიდა თქვენში ეს დიდი ხელოვნება?
- წერით ბავშვობიდან ვწერდი და ამიტომაც ჩავაბარე ფილოლოგიურზე. ლიტერატურა პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა. ხატვა სტუდენტობის დროს დავიწყე. მანამდე სერიოზულად არ ვხატავდი. გრაფიკულ ჩანახატებს ვაკეთებდი ჩემთვის. უნივერსიტეტში, მეორად ფაკულტეტზე დავდიოდი ფერწერაზე. ცოტა ხანი კერძოდაც ვიარე და მუდმივ ძიებაში მყოფს, ბევრი რამ შემომესწავლა.


- რამდენად იქონია გავლენა თქვენზე, როგორც მხატვარზე, ისეთ ძველ და საოცარ უბანში ცხოვრებამ, როგორიც ლეღვთახევია?
- ძველ უბანში ცხოვრება ჩემი ოცნება იყო. ძველი თბილისი ყოველთვის სიგიჟემდე მიყვარდა. თუმცა, სულ კორპუსებში მიწევდა ცხოვრება. ხუთი ბინა გამოვიცვალე, ყველგან ვარემონტეთ. ბოლოს ვხვდებოდი, რომ იქ არ ვიყავი, სადაც მინდოდა. თავს "სახლში“ ვერ ვგრძნობდი. სიძველე ყოველთვის მიყვარდა და სულ ძველ თბილისში დავხეტიალობდი. ბოლოს, ღმერთმა მეც დამასაჩუქრა საოცარი უბნით, ქუჩით, კულტურული ძეგლით. სადაც ახლა ვცხოვრობ, 300 წელს მიღწეული შენობაა.

ისტორიულად აქ თბილისის შემოსასვლელი და სათვალთვალო კოშკი იყო. ახლაც ბევრი რამაა შემორჩენილი ჩვენ გარშემო, უდიდესი ბედნიერებაა ფანჯრებიდან ნარიყალას და ლეღვთახევის ყურება. რაც ძველ თბილისში გადმოვედით, რასაკვირველია, უფრო ხშირად ვხატავ ძველი თბილისის მოტივებს. ახლა კიდევ უფრო ახლოს ვგრძნობ მათ. სახლებს, ქუჩებს რა სტკივა, სისხლით განვიცდი... დავდივარ ხოლმე და უკვე ნახატებად ვხედავ მათ.

- რა არის თქვენთვის თბილისი, რა გტკივათ ყველაზე მეტად ამ ქალაქში, თქვენს უბანში, ქვეყანაში?
- თბილისი ჩემთვის სამყაროს ცენტრია. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ყველაფერი აქ ვისწავლე, სხვაგან ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. მტკივა, როცა ვხედავ, ქალაქს როგორ ამახინჯებენ. განსაკუთრებით, ძველ თბილისზე შემტკივა გული. არ შეიძლება ისეთი შენობა ჩადგა იქ, რომ ამოვარდნილი იყოს საერთო სივრციდან, ხასიათიდან. მოხუცს ხომ ყველაფერი არ უხდება, მაგრამ ხომ შეიძლება ისე მოუარო, ისე შემოსო და შეამკო, სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს. ეს საყვარელი "ბებო-სახლები“ ყურადღებას ითხოვენ ჩვენგან და არა გადაკეთება-გადასხვაფერებას. თბილისი თბილისად უნდა დარჩეს. კი არ უნდა ველოდოთ მის ჩამოშლას, ხელი შევაშველოთ, მოვუაროთ და განვავითაროთ ქალაქიც, სოფელიც და მთელი ქვეყანა. ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს ისე, რომ რამე არ დაგვეკარგოს. უნდა ვიცოდეთ ყველაფრის ფასი, რაც წინაპრისგან დაგვრჩენია. სხვა ქვეყნებიდან ყველაფრის ბრმად გადმოღება არაა გამართლებული. უნდა მოუხდეს შენს იდენტობას, შენს სხეულს. ამ მხრივ, უამრავი პრობლემა გვაქვს, სამწუხაროდ.


- ხშირად ხატავთ ძველ თბილისურ სახლებს და ეზოებს და წუხხართ თბილისის არქიტექტურაზე, მოუვლელ ძველ სახლებზე, ეს თქვენს ნახატებზეც აისახება ხოლმე. გვიამბეთ ამაზე და რაში ხედავთ გამოსავალს თქვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ასევე შემოქმედი?
- ხშირად ვხატავ იმიტომ, რომ მთხოვენ. რომელი სახლიც დავხატე, მერე ან დაანგრიეს, ან ჩამოიშალა, ან გადააკეთეს და სხვა, სრულიად შეუფერებელი შენობა დგას ახლა იქ. გული მტკივა. ხშირად ვამოწმებ, დგანან ის სახლები ისევ თუ არა. ვცდილობ, ჩემი შემოქმედებით სიცოცხლე დავუბრუნო. საფრანგეთში მე-12 საუკუნის ქალაქში რომ ვიყავი, მეგონა, ისევ იმ საუკუნეში დავდიოდი, ისე იყო მოვლილი და შენარჩუნებული ყველაფერი. მართალია, ხის სახლებს, რომელიც ჩამომპალია და იქ ცხოვრება შეუძლებელია, ვერ გაამაგრებ, მაგრამ ნუ გადააკეთებ მაინც... იგივენაირი ხომ შეიძლება იდგას იქ და არა სრულიად სახეცვლილი. იმას, რაც ქვაა და დროს უძლებს, რატომ ანგრევ? რატომ ცდილობ, მის ადგილას თანამედროვე რკინის ჩონჩხი ჩადგა, როგორც ეს გუდიაშვილის მოედანთან და აფხაზის ქუჩაზე გააკეთეს. ეს ხომ საერთოდ ვერ იქნება ძველი თბილისის სხეულის ნაწილი...

გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ყველგან პროფესიონალი უნდა მუშაობდეს. ფულზე არ უნდა იყიდებოდეს ყველაფერი - არც ქუჩა, არც ქალაქი და არც ქვეყანა. დამოუკიდებელი ქვეყანა თუ გქვია და გიყვარს ეს ყველაფერი, უნდა მოუარო, თუ არ მოგწონს და გინდა კორპუსი, ადგილის მეტი რაა... ისე უნდა ზრუნავდე შენს ხალხზე და ქვეყანაზე, როგორც მათ სჭირდება და არა სხვას.


- თქვენი ქართულ-ნორვეგიული ოჯახი ხშირად სტუმრობს უცხოურ ჯგუფებს. საინტერესოა, რა აღაფრთოვანებთ უცხოელ ტურისტებს ყველაზე მეტად და ასევე - რით რჩებიან იმედგაცრუებულნი, რა არ მოსწონთ?
- სიმართლე გითხრათ, სწორედ ის სიძველე და ტრადიცია აღაფრთოვანებთ მათ. ამის სანახავად და გასაცნობად ჩამოდიან აქ, თორემ მსგავსი რაში უნდა აინტერესებდეთ ან უგემოვნოდ მიმსგავსებული. ჩვენს ტურისტებს ყველაფერი მოსწონთ, რაც ნამდვილია, ნაღდია, ქართული და ტრადიციულია. ის სულიერება მოსწონთ, რაც ილევა დროთა განმავლობაში მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, ჩვენც დიდი ძალისხმევა გვჭირდება ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად, მაგრამ უნდა შევძლოთ. სხვანაირად ადვილად ავითქვიფებით სხვა ერებში, დავკარგავთ იმ ღირებულებებს და საქართველო საქართველო ვეღარ იქნება.


- ტურისტულ სფეროში, რომელიც სახელმწიფოს პრიორიტეტულად აქვს გამოცხადებული, თქვენ, როგორც ამ სფეროში ჩახედული ადამიანი, რა ხარვეზებს ხედავთ?
- ძალიან ბევრი ხარვეზია, რის გამოსწორებასაც ვურჩევდი სახელმწიფოს. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კანონი და შეეზღუდოთ უცხოეთში რეგისტრირებულ გიდებს საქართველოში ტურის ჩატარება. ისტორიის არცოდნის გამო მათგან მცდარ ინფორმაციას იღებს ტურისტი. თუ აგზავნის ტურისტული კომპანია გიდს, აუცილებლად უდა დახვდეთ მათ ადგილობრივი გიდი. სასომხეთში რამდენჯერაც გავუშვით ჯგუფი, ყველგან დაგვხვდა ადგილობრივი გიდი. არავინ მოგცემს მათი ისტორიის გაყალბების უფლებას. გარდა მაგისა, ჩვენი გიდები უფრო უნდა დაფასდნენ. საქართველოს ისტორიის გაყალბება დანაშაულია და ამას ხშირად აკეთებენ უცხოელი გიდები, სამწუხაროდ. გიდი ქვეყნის "ელჩია“ტურში და უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ აცნობს იგი ქვეყანას სტუმარს. საქართველო არაა მარტო ხაჭაპურის და ხინკლის ქვეყანა. მათ უნდა იცოდნენ სად მოდიან და რის გასაცნობად, მოდიან უძველესი ცივილიზაციის, ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანაში, სადაც მოემსახურებიან საკადრისად.

ხშირად მოგზაურობთ სხვა ქვეყნებში, თქვენი შვილებიც უცხოეთში ცხოვრობენ, როცა ბრუნდებით შინ, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გახარებთ, რაც გენატრებათ ხოლმე სხვაგან, რა აქვს ყველაზე მთავარი და უნიკალური ჩვენს ქვეყანას თქვენი გადმოსახედიდან?
- დიახ, ხშირად ვმოგზაურობ და ვხვდები, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა ყველაფრით. მეც და ჩემს შვილებსაც მხოლოდ აქ გვინდა ცხოვრება. ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც ვაგროვებთ, გვინდა მხოლოდ საქართველოს მოვახმაროთ. გვახარებს, როცა რამე ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება, ვითარდება, მაგრამ ბოლო ხანებში იმდენად სარისკო ნაბიჯების გადადგმა გვიწევს ქართველებს, ეს ყველაფერი საით წაგვიყვანს, ვერ გეტყვით.ზოგადად, მსოფლიოში შეიცვალა ყველაფერი. ცხოვრება თითქოს სხვა რელსებზე შედგა. ამიტომ ყოველთვის მიხარია, როცა შინ დაბრუნებული, მართლა შინ ვგრძნობ თავს და ვხედავ ეს ყველაფერი ჩემია, ქართულია, მშობლიური. მეტკბილება ყველაფერი აქ და ესაა ჩემი შთაგონების წყაროც. მთავარია, ამ რთულ დროს გავუძლოთ, მოვითმინოთ, ვიშრომოთ, გადავრჩეთ, გავიმარჯვოთ.





ლელა ზურებიანი

კომენტარები

ალექსანდრე 2023-06-06 14:23
წარმატებებს ვუსურვებ უნიჭიერეს პოეტსა და მხატვარს, ქალბატონ თამარს! ვეთანხმები ამ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებსა და წინადადებებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები