ბავშვებისთვის მოწყობილი ედემის ბაღი ქართული ტაძრის ეზოში - ეს უნდა ნახოთ!

წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი მცხეთასთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. მონასტრისკენ მიმავალი ჯერ მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ქუჩები გავიარეთ, შემდეგ ნელ-ნელა ქუჩები მეჩხერი სახლებით შეიცვალა, მერე კი მინდვრებით და ხეებით დაფარულ გზას დავადექით. ძველი, ბებერი ხეები ისე იყო გზისკენ გადმოხრილი, მზეს ფარავდა. წვიმდა, უეცრად ცივმა ქარმა დაუბერა. ვუახლოვდებოდით ტაძარს და განსაკუთრებული გრძნობა გვეუფლებოდა. ყოველ მხარეს ამწვანებული არემარე მოჩანდა. მწვანეში იყო ჩაფლული ეს დიდებული ტაძარი.


მართლაც საოცარი და სანატრელი ადგილია. ქრისტეს მხედრები არიან აქ მოღვაწე მამები. ეზოში ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანგია შემოგვეგება.

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეზო ლამაზ-ლამაზი სუვენირებით, ნაკეთობებით, მცენარეებით შექმნილი ულამაზესი კომპოზიციებით არის გაფორმებული. სწორედ ამ ტაძრის ეზოში განისვენებს იტალიაში გმირულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია. ღვთის განგებას კაცი ვერ ჩაწვდება. აქ საოცარი ჰარმონია და სიმშვიდე სუფევს. მონასტერი უფალთან სიახლოვეს, სულიერ საზრდოს უხვად იმეტებს ადამიანისთვის.


ტაძრის მშენებლობა მამა დავით ჯიშკარიანის ხელმღვანელობით 2002 წელს დაიწყო. მას შემდეგ, რაც მამა ილია კარტოზია ამ ტაძარში დაკრძალეს, მონასტრად გადაკეთდა. მონასტრის ეზოს მოწყობასა და გამწვანებაში წინამძღვარი, მამები, მორჩილები, მრევლი ერთნაირად იყო ჩართული.

მამა ანგიას თქმით, ეს უფრო ბავშვებისთვისაა გათვლილი. ბუჩქებიდან მაცდურად იცქირება ყველა ბავშვისთვის საყვარელი მაშა, რომელიც დათვს ახალ ოინს უმზადებს. იქვე ახლოს სტუმართმოყვარე, ულვაშებდაწკეპილი კახელი კაცი სვან კაცს ეპატიჟება თავის სამფლობელოში, სვანი კი კოშკებიდან დაკოხილი უმზერის. ეზოში განსაკუთრებული ადგილი უკავია კაცხის სვეტს, რომელიც მიუდგომელ კლდეზეა ნაშენები. ფიროსმანსაც შეხვდებით. მისმა ერთადერთმა სიყვარულმა მოჩვენებასავით გაიელვა. დგას ახლა აქ მოწყენილი და თავის მარგარიტას ელოდება.



მამა ანგია:
- ეზოს ჯერ დასრულებული სახე არ აქვს. წინ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს განსახორციელებელი. ვგეგმავთ მოსასვენებელი ფანჩატურის და ჩანჩქერის გაკეთებას. ბევრი ხე დავრგეთ, მრავლად გვაქვს სურნელოვანი ხეები და ბუჩქები. ბუჩქებს ყვავილი გამოაქვს და ეზოში საოცარ სურნელს აფრქვევს. გვაქვს სპარსული ლიმონის კიპარისი, სოჭი, მუხა. ქალაქთან შედარებით აქ განსხვავებული კლიმატია, ამიტომ ყველა მცენარე საგანგებოდ შევარჩიეთ, რომ პირობებს ადვილად შეეგუოს. უმრავლესობა მარადმწვანეა, წინასწარ გავთვალეთ, ზამთარშიც ლამაზი უნდა იყოს ეზო.

პირველ რიგში გამწვანებას უნდა მივხედოთ, უხარისხო ბალახია და ვცდილობთ გამოვაკეთილშობილოთ. ძალიან გვინდა სრულყოფილი მეურნეობა გვქონდეს. მონასტრის გვერდით არის ადგილი, განაცხადი გვაქვს გაკეთებული. თუ ეს ადგილი გადმოგვცეს, გვინდა იქ ხეხილის გაშენება, ბოსტნეულის მოყვანა, ერთი სიტყვით, ნატურალური პროდუქტის წარმოება. დავიწყეთ ხოხბის მოშენება. ჯერ მხოლოდ სამი გვყავს, გვინდა ფერმასავით მოვაწყოთ. ვაპირებით 30 სახეობის მოშენებას. გვაქვს საქათმე, სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ 5 ქათამი გვყავს, სააღდგომოდ 60 კვერცხი, პირველი მოსავალი მიუსაფარ ბავშვებს გადავეცით. წინ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, უფლის წყალობით ყველაფერს წარმატებით გავართმევთ თავს.


მერი ბლიაძე

კომენტარები

თამო 2018-11-09 21:52
რა სილამაზეა,აღვფრთოვანდი
მარიამ საყვარელიძე 2017-05-25 21:16
დედათა მონასტერთან რომ ასახვევია იმ გზას უნდა გაუყვეთ და ახლოსაა. მცხეთის სააფლაოზეა ეს პატარა წალკოტი
Mariami 2017-05-25 17:32
Dzalian minda moviloco es tadzari da iqneb zustad gvitxrat sad aris,mcxetamde tu mcxetidan unda gavidet ... madloba cinascar!
მეკო 2017-05-25 17:05
მე ვიყავი 2 თვის წინ. ულმაზესია
sofo 2017-05-25 14:28
tbilisidan ramden kilometrshia? zustad sad aris?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები