ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ინდოეთში მოგზაურობას გეგმავთ - ქართველი წყვილის გამოცდილება

ვერიკო ბიწაძე "შინის" ერთგული მკითხველი და რესპონდენტია, რომელიც ხშირად გვიზიარებს საინტერესო ამბებს თავისი გამოცდილებიდან. შარშან მკითხველმა მასთან ერთად ტაილანდში იმოგზაურა. წელს ვერიკო და მისი მეუღლე ინდოეთს სტუმრობდნენ, საკმაოდ საინტერესო მოგზაურობა გამოუვიდათ და ამჯერად, მოგზაურობის ამსახველ ფოტოებთან ერთად ვერიკო გვიზიარებს იმ ადამიანურ და ასევე პრაქტიკულ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას, რაც იქ შეიძინა.

"ჩემი სუბიექტური თვალით დანახული ინდოეთი...

მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა, მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია თავისი კულტურის უდიდეს ნაწილს სწორედ ინდოეთისაგან ეზიარა.
ეს არის ქვეყანა, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, ინდური ფილმების გავლენით, რა თქმა
უნდა. ის კი არა, დედა ფერად, სართულებიან კაბებს მიკერავდა, მეც სიამოვნებით ვიცვამდი, ჩემი ძმა მღეროდა ინდურად, მე კი ვცეკვავდი... ჰოდა, ერთ დღესაც ოცნებები ხდება და მეც აღმოვჩნდი ინდოეთში...
პირველივე დღიდან უფალს მადლობას ვწირავდი, რომ დავიბადე საქართველოში და არა ინდოეთში. ჩემი თვალით დანახული ქვეყანა, არასრული სურათით და სუბიექტური თვალით... შეუძლებელია, ამხელა ქვეყანა ნახო ერთ კვირაში და ვიცი, რომ ბევრად ლამაზი ცხოვრებაც და ხალხიც არსებობს, მაგრამ რეალური სურათი იმის, რაც ჩვენ ვნახეთ ინდოეთის ოქროს სამკუთხედად წოდებულ დელი, აგრა, ჯაიპურში, არის...

პირველ რიგში, ადამიანები...  დიდი ნაწილი ქუჩაში შემხვედრი ადამიანების თუ მომსახურების სფეროში, ცდილობს მოგატყუოს. ამის მაგალითი იყო ჩვენი ტრანსპორტი, რომელიც მეორე დღეს შეგვიცვალეს, ასევე ქუჩაში ხვდები, რომ ყველა ცდილობს რაც შეიძლება მეტი გადაიხადო, ვაჭრობაც "მოდის" და ფასები ზოგჯერ დაჰყავთ წარმოუდგენელ ნიშნულამდე, როდესაც ხვდებიან, რომ არ იყიდი. "ქრთამიც" მოსულა. როდესაც გვითხრეს, რომ დალევა აკრძალულია ტაჯ მაჰალის სიახლოვეს, ამ დროს 500 რუპიას თუ ჩაუდებდი ჯიბეში, ვეღარ ხედავდა სასმელს... იმდენად უჭირთ ადამიანებს, თავმოყვარეობა ძალიან დაბალ ნიშნულზეა. ტუალეტთან შეუძლიათ მოგაწოდონ ქაღალდი ხელის დაბანის შემდეგ, რომელიც შენც შეგიძლია აიღო ისედაც, თუმცა გაწვდიან, რომ ამაშიც ფული იშოვონ... კიდევ ბევრი რამ, რაც იმის ნიშანია, რომ ხალხი უკიდურესად ღარიბია. როგორც გიდმა გვითხრა, მოსახლეობის 30%-ს შემოსავალი აქვს 100 რუპია დღეში, ანუ 3 ლარი... წარმოუდგენელია...

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ნამდვილად არ არის უსაფრთხო ქვეყანა. მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ტურისტულ ადგილებში, ჩანთაზე და ტელეფონზე. საკვები ცალკე "სიამოვნებაა" - ისეთი ცხარეა, არასდროს კუჭი არ მტკენია, მესამე დღეს დამეწყო ტკივილი... მერე უკვე მივეჩვიე და თან ვისწავლე ამორჩევა, მშიერი ნამდვილად არ დარჩები. ვიკვებებოდით მხოლოდ სასტუმროში, ქუჩის კვება უნდა გამორიცხოთ. მე წავიღე კუჭნაწლავის დამცავი წამლები და ვცდილობდი, ცხარე გამომერჩია...
რაც შეეხება ხსენებულ ოქროს საკუთხედს, საკმაოდ გრძელი და დამღლელი გზაა და გამოდის, რომ ერთ კვირაში სამი დღე გზაში ხარ, ერთი ქალაქიდან მეორემდე 5-7 საათი გვჭირდებოდა, საერთო ჯამში სრული ოთხი დღე არ გამოდის ადგილზე და სრული სურათი ვერ გექნება ქვეყანაზე... გიდების თემა კიდევ ცალკე სალაპარაკოა, გუგლის და მათი ნაამბობი ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ტურიზმის გონზე არ არიან, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გადაიხადო... განსაკუთრებით არ მომეწონა სპილოების სოფელში, ამ უსაყვარლესი არსებების პატრონები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ტურისტების "დაბოლებას".


პირველად ჩავფრინდით დელიში და იქიდან წავედით აგრაში. სწორედ ამ ქალაქმა ჩამაგდო პირველ შოკში თავისი ღირსშესანიშნაობებით და ასევე მედლის მეორე მხარით - სიღარიბით, ხალხის ცხოვრებით. მართლა ძალიან დამთრგუნა... ქუჩაში ნაგვის გადაყრა, დაბოყინება, ფურთხება, თან საუბრობენ, თან  შარდავენ... აგეკიდებიან მოვაჭრეები, რომლებიც უარის მიუხედავად ავტობუსამდე მოგყვებიან...
ამავე ქალაქში იყო მარმალოს ხელნაკეთი ზღაპრული მაღაზიები, ეს ქალაქი ცნობილია ამით. ტაჯმაჰალი კი მსოფლიოს საოცრება...

შემდეგ უკვე ჯაიპური. ბევრად სასიამოვნო იყო ეს ქალაქი ჩემთვის, თავისი ვეგეტარიანული სასტუმროთი, მოწესრიგებული სტუმრებით და ქორწილებით.

ბოლოს უკვე დელი. აქ იგრძნობა, რომ ხარ დიდ ქალაქში, თავისი საცობებით, ლამაზი სახლებით და მაღაზიებით, და კიდევ - ხიდის ქვეშ მცხოვრები ადამიანებით. თითქმის ყველა ტურისტულ ადგილას ან გვაცმევდნენ ბახილებს ან გვახდევინებდნენ ფეხზე, თუმცა ტოვებდი თუ არა ტერიტორიას, იქვე ქუჩაში ყრიდნენ ნაგავს თვითონ...
ეს არის ქვეყანა, სადაც შავი ფერი არ არსებობს, იმდენად ჭრელია ყველაფერი. ჩემთვისაც კი, რომელიც ვგიჟდები ფერებზე, ძალიან დიდი კონტრასტი იყო ასეთი სიჭრელე და ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი...
რომ მკითხონ, თავიდან რომ მივდიოდე, წავიდოდი თუ არა, რა თქმა უნდა, წავიდოდი, მარტო ტაჯ-მაჰალის ნახვა რად ღირს და კიდევ რამდენი იუნესკოს ძეგლი მოვასწარით ამ მცირე დროში, მაგრამ მაინც მეტს ველოდი... ამიტომ, ვინც აპირებთ მოგზაურობას, ისე დაგეგმეთ ტური, გზაში არ დაკარგოთ ამდენი და დრო, იყავით ფრთხილად ტურისტულ ადგილებთან და ასევე არ დატოვოთ თანხა ავტობუსში. არ ენდოთ არსად წყალს, რომელიც ონკანიდან მოდის და იყიდეთ მხოლოდ ქარხნულად ჩამოსხმული. მე პირადად წყალიც კი თბილისიდან წავიღე, 5 ლიტრამდე...
და ბოლოს, არ შემიძლია არ ვთქვა - მადლობა უფალს ყველაფრისთვის, განსაკუთრებით კი - რომ დავიბადე საქართველოში.

















კომენტარები

ნაკა 2024-03-23 11:58
ნამდვილად საინტერესო ქვეყანაა მაგრამ არ გამჩნდა სურვილი წავიდე ოდესმე. ლამაზი სურათებისთვის მადლობა თქვენ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები