"ადრე ეს ბერიას აგარაკი იყო, მერე - ბავშვთა სახლი... წლების განმავლობაში იძარცვებოდა და დღეს გაპარტახებულია..."

ეს ნაგებობა გასული საუკუნის დასაწყისში კოჯორში აშენდა. საბჭოთა პერიოდის დროს ყველა შენობა გადაეცა საქალაქო სამმართველოს. ლურჯი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების საბჭოს აგარაკი გახდა. იქ მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით ყოფილა შესაძლებელი. ამავე ეზოში მდგარი ორსართულიანი შენობა კი თავად ლავრენტი ბერიას საზაფხულო აგარაკი გახლდათ. ოთახებში თავის დროზე ფრანგული შპალერი ყოფილა გაკრული. ინტერიერი ევროპიდან ჩამოტანილი ავეჯით და ულამაზესი ბუხრებით ყოფილა გაწყობილი.

როგორც ცნობილია, 1926 წელს ამ ტერიტორიაზე ბავშვთა სახლი გაიხსნა. მასში ძირითადად 1921-1924 წლებში ჩატარებული რეპრესიების შედეგად უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები ბინადრობდნენ.
ამის შემდეგ საბავშვო ბაღად გადაკეთდა, რომელიც 2001 წლამდე ფუნქციონირებდა. ეზოში დღემდე არის შემორჩენილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ფიგურები, ინვენტარი, თუმცა ყველაფერი დაზიანებულია. შენობის შესახებ Shin.ge ქალბატონ თამრიკო მაღრაძეს ესაუბრა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბავშვო ბაღში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა სამეურნეო დარგში.

- ეს შენობა და კიდევ მის მიმდებარედ მდგარი ორსართულიანი შენობებიც ბერიას აგარაკი იყო. 2001 წლამდე ამ შენობაში ფუნქციონირებდა მე-13 საბავშვო ბაღი. მე 1976 წელს დავიწყე ბაღში მუშაობა. ეს ბაღი ქალაქში ერთადერთ წარმატებულ ბაღად ითვლებოდა, რაც იქ მომუშავე კოლექტივის დამსახურება იყო. კოჯორში ყოველ ზაფხულს ორი თვის განმავლობაში ვასვენებდით 300-მდე ბავშვს კეთილმოწყობილ შენობასა თუ მიმდებარე შენობებში. ყველა მათგანი აღჭურვილი იყო საჭირო ნივთით, საწოლებით, კარადებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და სხვა.
ოთახებში იდგა ბერიას დროინდელი მაგიდები, კედლის თაროები, იყო ბუხრები, მარმარილოს ხელსაბანები, სარდაფებში მუხის კასრები, მაგრამ დღეს ყველაფერი გაპარტახებული და გაძარცვულია.

ბაღმა ფუნქციონერობა კოლექტივთან შეთანხმების გარეშე შეწყვიტა 2001 წელს. ჩვენი ბევრი მცდელობის, წინაღმდეგობების მიუხედავად მაინც დაიხურა. განათლების სამინისტროს მივმართეთ, ბავშვთა უფლებების დამცველებს, მერიას, სასამართლოებს, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. შენობების ამჟამინდელი მეპატრონის დადგენა ვერაფრით მოვახერხეთ. წლების განმავლობაში იძარცვებოდა, ნადგურდებოდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია ასეთი მნიშვნელოვანი შენობა, რაც ძალიან სამწუხაროა.






მერი ბლიაძე


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები