ბატონი დავით ლაზაშვილი ცნობილი კოლექციონერია. მისი კოლექცია განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და ნამდვილად იმსახურებს სამუზეუმო ყურადღებას. ბატონი დავითი 35 წლის განმავლობაში აგროვებდა უნიკალურ ნივთებს და დღეს მის კოლექციაშო 10 000 მდე ხელოვნების ნიმუშია შესული.
- ასტრახანში არის დაკეტილი სამეფო ქალაქი, სადაც ქართველი მეფეები თეიმურაზ მეორე და ვახტანგ მეექვსეა დაკრძალული. იმ პერიოდში ხშირად დავდიოდი ასტრახანში, ყოველთვის მივდიოდი ამ ქალაქში სანთლის დასანთებად. შიგნით შესვლა არ შეიძლებოდა, ამიტომ გარეთ ვანთებდი სანთელს. როგორც სტუმარს, მომიტანეს შანდალი, სადაც უნდა ამენთო სანთელი. ულამაზესი და განსხვავებული შანდალი იყო. დავინტერესდი.
- რამდენი ექსპონატი ინახება თქვენს კოლექციაში?
- დაახლოებით 10 000 ექსპონატი მაქვს. აქედან მეტი წილი სურათებია, ფერწერულ ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი უკავია თავადის ქალი, მარიამ ამილახვარის უიშვიათეს ნამუშევარს. ამ ქალბატონზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ორი ნახატი. ერთი სამეგრელოში დადიანების სასხლეში ინახება, მეორე ჩემი კოლექციის ნაწილია. ასევე მნიშვნელოვანია ძვირფასი საიმპერატორო ჭურჭელი. კოლექციაში ნახავთ როგორც რუსი იმპერატორების, ასევე ქართველი თავადების ნაქონ ძვირფას ჭურჭელს, მათი მონოგრამებით და დამღებით. კოლექციაში გამორჩეული ადგილი უკავია ნიკოლოზ მეორის მინიატურულ უბის წიგნაკს, რომელიც იმპერატორის ოჯახის წევრების მინიატურულ ფოტოებს აერთიანებს.
ასევე მაქვს ფრანგული და ჩინური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფაბერჟეს საიუველირო ნაწარმი, ცხენი, კვერცხები. ზოგჯერ ანტიკვარულ ნივთებს ვყიდი, რომ ახალი შევიძინო, მაგრამ ფაბერჟეს არ გავყიდი, ის სამუდამოდ ჩემთან დარჩება (იღიმის).
- სულ ახლახანს თქვენი ნივთები ფართო საზოგადოებამ ხელოვნების სასახლეში იხილა. როგორ მიმდინარეობდა გამოფენა?
- გამოფენა წარმატებით ჩატარდა. წარმოდგენილი იყო 250 უნიკალური ფაიფურის, ვერცხლის ნივთები, სამკაულები, როგორც რუსული, ისე ევროპული ნახატები, ფაბერჟეს ნივთები. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ბაგრატიონების, მუხრანბატონების, ჭავჭავაძეებისა და ამილახვრების ნაქონი ნივთები. კოლექცია დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში გროვდებოდა და იგი ევროპული სკოლის წარმომადგენლების, მათ შორის მურილიოს სკოლის ნახატებს მოიცავს. ვუმასპინძლეთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებელს. სტუმრად იყვნენ გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან.
მსგავსი გამოფენები სახელმწიფოს პრესტიჟს წინ სწევს. თუ ქვეყანაში რაიმე საფრთხეა, ამხელა რაოდენობის უნიკალურ და ძვირადღ ირებულ ნივთებს ვერ შეინახავ, მით უმეტეს მზის შუქზე ვერ გამოფენ. ტურისტებზე ეს ფაქტი დადებითად მოქმედებს, ხდება ქვეყნის გაცნობა, სახელმწიფოს რეიტინგის წინ წამოწევა. ვისურვებდი, სხვა კოლექციონერებმაც მომბაძონ, გამოფინონ საკუთარი ექსპონატები და ხელი შეუწყონ ამ სფეროს პოპულარიზაციას. ბევრი მუზეუმი დაინტერესდა, მაქვს მოწვევა ისრაელიდან. რუსულმა ტელეარხმა გააკეთე სიუჟეტი ამ გამოფენაზე.
- დღეს რამდენად ხელმისაწვდომია საზღვარგარეთის ქვეყნებში ანტიკვარული ნივთების შეძენა და საქართველოში შემოტანა?
- დღეს ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ყველა სახელმწიფო ცდილობს დაიბრუნოს თავისი ნივთი. ანტიკვარი არის მაწანწალა, სულ დადის. საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობით შემოდიოდა სანქტ პეტერბურგიდან, მოსკოვიდან. ჩვენთან განვითარებული იყო ეს კულტურა, ხალხს საშუალება ჰქონდა შეეძინა ნებისმიერი ნივთი, ეჩუქებინათ ერთმანეთისთვის. ამიერკავკასიის არც ერთ ქვეყანაში იმდენი რაოდენობით არ შეედინებოდა ანტიკვარული ნივთები, რამდენიც საქართველოში. ჩვენ ვიყავით მოწინავეები ამ საკითხში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მე-20 საუკუნეში შემოვიდა, მაგრამ დღეს უკან გაედინება. როგორც უკვე ვთქვი, ყველა ქვეყანა იბრუნებს თავის ნივთს.
- როგორც ვიცი გასწიეთ ქველმოქმედება და ხელოვნების სასახლეს რამდენიმე ძვირად ღირებული ექსპონატი გადაეცით.
- დიახ, გადავეცი ფრანგული წარმოების ვაზა, გერმანელი მხატვრის შონ ლებერის ნახატი, რუსული წარმოების საიმპერატორო ვაზა. ეს ფაქტი დიდი სიამოვნებას მანიჭებს.
მერი ბლიაძე
კომენტარები