“ინტერიერს ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ის ჩემთვისაც რაღაცას განსაზღვრავს, უპირველესად, იმ განწყობილებას მიქმნის, რომელიც ჩემი შინ ყოფნის ხასიათს განაპირობებს”, - გვეუბნება კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ შინ, ვერაზე ვესტუმრეთ.
ქალბატონი ლანა ცხოვრობს სახლში, სადაც წარსული, ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. რეჟისორს ყველა ნივთი უყვარს, რომელიც იქ არის დაცული, ზოგიერთი კი, როგორც ამბობს, მთელ მის ცხოვრებას განასახიერებს... ამ სახლში მისვლა ყველას უხარია.
- მნიშველოვანია ასევე მოგონებები, რომელიც გარკვეულწილად სწორედ სახლს უკავშირდება.
ეს დიდი ოთახი, რომელიც 85 კვ.მ-ია,
მოკლედ, ამ სახლში ყველაფერი ლადოს უკავშირდება. ჯერ ერთი, აქ მისი ნახატებია, ხომ ხედავთ, მთელი კედელი მათ ეთმობა. აქვეა ზურა ნიჟარაძის მიერ შექმნილი პორტრეტებიც, მაგრამ ლადოს ეს ჩანახატები გამორჩეულად მიყვარს. არქიტექტორისთვის ასეთი ხატვა იშვიათია...
მოკლედ, მინდოდა, რომ ამ სივრცეში ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მას ეკუთვნოდა. ავეჯიც ძირითადად ის არის, რაც მის სიცოცხლეში გვქონდა: კამოდი, სავარძლები, ბევრი რამ დიდი ლადო მესხიშვილის (მსახიობი), ანუ ლადოს ბაბუის ნაქონი საგნები და ნივთებია. ამ სკივრით მას კოსტიუმები დაჰქონდა, როდესაც გასტროლებზე დადიოდა...
სვანური ტახტი მრავალი წლის წინ სვანეთში ყოფნისას შევიძინეთ და ძალიან მიყვარს, ოსტატის მიერ ხელით შექმნილი უნიკალური ნამუშევარია.
აქ არის ცნობილი ადამიანების ნაჩუქარი ნივთები: ფარაჯანოვის თოჯინა, კოკა იგნატოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები. ყველაფერს თავისი სახელი და ადგილი აქვს.
- ძალიან ძველი და კარგად შენახული ავეჯი გაქვთ...
- ეს კარადა კაკლის ხისგან არის დამზადებული. XVII საუკუნის ნივთია, სავარძლები და კამოდი ალექსი-მესხიშვილებისეულია.
- ბუხარიც არ ჰგავს თანამედროვე ნამუშევარს, ძალიან ორიგინალურია...
- მართალია, არ არის მასობრივი, როგორიც დღეს ოჯახებში აქვთ. თითქოს წიაღიდან, სიძველიდან მოდის. პირადად ლადოს ნამუშევარია, მან გააკეთა. ქვები, რომლითაც მოპირკეთებულია, სადღაც იპოვა, მოიტანა და ბუხარი შექმნა. მოკლედ, მისი შემოქმედებაა და ძალიან უყვარდა, ისე, როგორც სპორტის სასახლის, ტელეგრაფის და სხვა მისი დაპროექტებული შენობა...
- თქვენს სახლში სიძველე თანამედროვეობას ბუნებრივად ერწყმის...
- ეს ჩვენთან სულ იყო - სიძველის, ტრადიციის თანამედროვეობასთან, დღევანდელობასთან შერწყმა. ეს ევროპაში ძალიან გავრცელებული თემაა.
ლადო უამრავ ესკიზს აკეთებდა, სხვა თუ 10-15 ესკიზს ქმნიდა, ის - 1000-ს, რაც წარმოუდგენელი რამ იყო. ამიტომ, სახელოსნოც სავსე იყო ნახატებითა და ნახაზებით, იქამდე აკეთებდა, სანამ მისთვის მნიშვნელოვან სილუეტს იპოვიდა.
- აქ არსებული ნივთებიდან გამორჩეულად რომელი გიყვართ?
- ეს დოქი და დედაჩემის ნაქონი ლარნაკი ჩემთვის ძვირფასია, მიყვარს ლადოს ჩანახატები, რაზეც უკვე ვილაპარაკე. ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრება.
- აქ ვხედავ, პურისგან შექმნილ ხელნაკეთ მინიატიურულ ნამუშევრებს. ამაზე რას გვეტყვით?
- ეს ჩემი ნამუშევრებია და ჩემი საყვარელი ჩვევა, გატაცებაა, რომელიც სულ მქონდა, - ხელში პურის პატარა გუნდა მეჭირა და ვზელდი, მერე მისგან ვაკეთებდი ჭურჭელს - ფინჯანს, თეფშებს. ერთხელ თელავში ვიყავი და ჩემს შვილებს, მაშინ პატარები იყვნენ, პირველად ჩაის სერვიზი გავუკეთე, მერე ერთად თეთრად და ცისფრად მოვხატეთ. ძალიან უხაროდათ, მაგრამ ფანჯრის რაფაზე გასაშრობად რომ დავდეთ, რომელიც ბაღში გადიოდა, დილას აღარ დაგვხვდა, კატამ შეჭამა. ისე მოხდა, რომ ჩემი პირველი ნამუშევარი კატის მსხვერპლი გახდა... მერეც სულ ვაკეთებდი რაღაცებს: ხან ცხოველებსა და ფრინველებს, ხანაც ეგვიპტურ ფიგურებს, პორტრეტებს...
- როგორ მოდის იდეა, თუ რა უნდა გამოძერწოთ?
- როდესაც დავიწყებ პურის ზელას, თავად სიტუაცია მკარნახობს, რას გავაკეთებ. დასამუშავებლად ქართული პური საუკეთესოა, ძირითადად, გულს ვიყენებ, ყუის დამუშავება რთულია. მოკლედ, მასალა რბილი უნდა იყოს, რაც ძერწვის პროცესისთვის აუცილებელია...
ამ ცისფრად შეღებილ ნამუშევრებზე ვიცინი, როგორც პიკასოს ჰქონდა ცისფერი და ვარდისფერი პერიოდი, მეც ასე მაქვს ცისფერი და ვარდისფერი პერიოდი-მეთქი. ისე, ასეთი სახე უფრო ბოლო დროს მიიღო.
ევროპაში რომ ვიყავი, იქაც ვძერწავდი. მაქვს ისეთი პერიოდები, როცა რაღაცას ვხატავ. თუმცა, ხომ გეუბნებით, საერთოდ ჩვევად მაქვს, ხელში სულ მიჭირავს პურის გული და კარგად ვამუშავებ, მერე რაღაც ფორმას ვაძლევ და ვაფერადებ, ზოგს არც ვღებავ. გამოძერწილებს ლანგარზე ვაწყობ, ლანგრის გარეშე რომ დავდე, ჭია შეეპარა, ამიტომ ლანგარი ამისგან იცავს. ამას ახლა მივხვდი. აი, ესენი, მაგალითად, შეუღებავებია, - ჯამი კოვზით, საყვავილე, ფინჯანი და ლამბაქი, ფილთაქვა, ეგვიპტური ფიგურები, ცხოველები და აბსტრაქტული ნამუშევრები.
- მასშტაბი ცოტა რომ გაზარდოთ?
- პურისგან უფრო დიდი ნამუშევრის შექმნა შეუძლებელია და არც მიცდია.
- როგორ ფიქრობთ, რა ჰქვია თქვენს ცხოვრებაში ამ საქმიანობას?
- რაღაც იდეა რომ მოდის, იმის დაკმაყოფილება. ვფიქრობ, რაღაცის მაგიერიც არის, ფილმს თუ არ ვიღებ - ვძერწავ, ვწერ. თუმცა წერა ჩემთვის ორგანული ნაწილია, არსებობისთვის აუცილებელი რამ. უკვე რამდენი წიგნი მაქვს გამოცემული. პირველი რომ დაიბეჭდა, 25 წლის ვიყავი. იყო თარგმანებიც. აი, ამ თაროზე მიდევს ჩემი წიგნები, თუმცა პირველი გამორჩეულად მიყვარს. 1956 წელს არის გამოსული, შეხედეთ, როგორი ყვითელი ფურცლები აქვს. საინტერესო მონოგრაფიაა უიტმენზე... მერე იყო სულ კინო...
- ახლა რისი სურვილი გაქვთ?
- მინდა, ფილმი გადავიღო. პირობითად “მინდვრის ყვავილები” ერქმევა ახალ სურათს. ამისთვის ახლა სცენარზე აქტიურად ვმუშაობ, ეს დიდი პროცესია.
რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ერთ-ერთი გატაცება მცენარეების მოვლა-პატრონობაც არის. სახლში პატარა ორანჟერეა აქვს.
- აქაურობა ძალიან მიყვარს. თავიდან პატარა მცენარეები მქონდა, 1978 წლიდან კი, რაც ამ ბინაში გადმოვედით, მცენარეები გავამრავლე. როცა აქ დავსახლდით, ფილმს “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ვიღებდი.
ნუცამ, ჩემმა უმცროსმა შვილმა, პალმა მოიტანა ქოთნით, რომელიც ახლაც ცოცხალია. სწორედ ეს პალმა გახდა ჩვენი ორანჟერეის პირველი მერცხალი. ისე გაიზარდა, ჭერამდე ავიდა. ოთახი დიდია და ეს მცენარეები აქ თავისუფლად თავსდება. ერთად თავმოყრილი კი ბაღის ილუზიას ქმნის...
ოთახის ამ ნაწილს ზურა ჟვანია ბაღს ეძახდა და გვიან, როცა სამსახურიდან თავისუფლდებოდა, მირეკავდა: “ქალბატონო ლანა, შეიძლება, მოვიდე და ბაღში ჩაი დავლიოთ?” ეს ორი დიდი პალმა ზურას ნაჩუქარია. სანამ პატარები იყო, პარლამენტში, ჩემს კაბინეტში იდგა. პარლამენტიდან რომ წამოვედი, წამოვიღე. მას შემდეგ ნახეთ, ორივე როგორ გაიზარდა!
ჩემი მცენარეები სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს. ხან მიწას ვუფხვიერებ, ხან ზედმეტ ფოთლებს ვაცლი. მცენარეებთან ურთიერთობაში მართლაც არის რაღაც მისტიკური, რაც დღეს ადამიანს აკლია. ამიტომ, კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მცენარეებს ესაუბრებიან. ჩვენი სამყარო მეტისმეტად რაციონალურია, რაღაც სხვა გვჭირდება და მას ზოგი სად ეძებს და ზოგიც - სად. ამის პოვნა მცენარეებთან ურთიერთობისას შეიძლება, რადგან საოცრებაა, როგორ იზრდება, ხარობს...
ყვავილებს დილაობით ვრწყავ, ზაფხულში - ყოველდღე, ზამთარში - კვირაში ორჯერ. ზოგს წყალი მუდმივად სჭირდება, ზოგს - იშვიათად. ამ ადგილას ყველა ხარობს, რადგან მზე მხოლოდ დილით ადგება.
მაქვს ბამბუკი, რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ, რომელიც ჩემი სტუდენტი იყო, დაბადების დღეზე მაჩუქა. დანარჩენი ბამბუკები მერე შევიძინეთ. ესეც ხანდაზმული, ეკლიანი მცენარეა, დიდი ხნის არის. ადრე ამათთან იდგა, მერე განვაცალკევე და ახლა დაიყვავილა...
თითქოს ნუგეშია, როცა შინ მცენარეს ახარებ. კვირტები რომ გამოაქვს, არაჩვეულებრივი განცდაა. ახალ ფოთოლს რომ დავინახავ, ბავშვივით მიხარია. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერიერს და მისი ეს ცოცხალი ნაწილიც ძალიან მიყვარს.
ლალი ფაცია
კომენტარები