ხაშურელი დათუნა ფერაძე - უფეხო კაცი, რომლის შექმნილი სკამები უამრავ ადამიანს აქვს სახლში

ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის მიერ გადაღებული ფოტოები და პოსტი, რომელიც ერთი კარგი ადამიანის შესახებ მოუთხრობს საზოგადოებას:

 

ეზოში თავისი აწყობილი სკამები გამოეტანა და ღებავდა. მივემშვიდობე და როცა ხელი გამომიწოდა, მაშინღა დავინახე, რომ არც ერთი ფეხი ჰქონდა.

ეს კაცი შრომის მაგალითი იყო.
ახლა გავიგე, რომ გარდაიცვალა და ხვალ, 15 სექტემბერს დაკრძალავენ.

ეს კაცი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ არ უნდა ჩამოგეშვა ხელები!
კაცი, რომელსაც არც ერთი ფეხი ჰქონდა, მაინც თავდაუზოგავად შრომობდა, მაინც მოძრაობდა, რომ ხის სკამები, საქანელები და ხის სხვა ნივთები გაეკეთებინა. ეს ხაშურელი დათუნა ფერაძე იყო. ლამის მთელი დღე სახლში დანადგერებთან ატარებდა.

2003 წელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ჯერ

ერთი ფეხი მოჰკვეთეს, 2013 წელს კი - მეორეც და ეტლში ჩაჯდა.

1998 წელს უმცროსმა მეგობარმა კახა შარიქაძემ დურგლობა შეასწავლა და როცა სრულიად უიმედოდ დარჩა, სწორედ თავისი ცოდნის გამოყენება დაიწყო.
ამ ზაფხულს დათუნა ფერაძე ხაშურში რომ ვინახულე, მითხრა, რამე რომ არ გავაკეთო, ცუდად გავხდებიო. სკამების დამზადებაში მისი ვაჟი ეხმარებოდა, რომელსაც, თურმე, მამაზე უკეთესი ხელი აქვს.

მე ისიც ვნახე, ბატონ დათუნას მისი მეუღლე ქალბატონ ნატოც რომ ეხმარებოდა.
შრომა უფრო ნაყოფიერი რომ გაეხადა, „აწარმოე საქართველოს“ გრანტით ცირკული ხერხი, შალაშინი, ბურღი, ფიგურების გამოსაყვანი და სხვა ხელსაწყოები შეიძინა.
ფერაძეების სკამები იყიდება ლილოს ბაზრობაზე, ხაშური-სურამის გზაზე და სხვაგანაც.


დიდი გეგმები მაქვსო, მითხრა ამ შრომისმოყვარე კაცმა. ოცნებობდა სახლში ლიფტისა და ადაპტირებული მისასვლელების გაკეთებაზე.
გამგეობა ადრე მეხმარებოდა, მაგრამ ახლა შეწუხება უხერხულიაო, მითხრა მან.
დათუნა ფერაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ მაცნობა და ისიც მითხრა, რომ მის საქმიანობას ოჯახი აუცილებლად გააგრძელებს.

დათუნა ფერაძე ჩემთვის საუკეთესო მაგალითი იყო, როგორ არ უნდა ჩამოუშვა ხელები".

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები