"ხეები მგრძნობიარენი არიან. თვალისათვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სიყვარულს ამჟღავნებენ მათი მზრუნველის, მომვლელ-პატრონის მიმართ... საოცარ ძალას იჩენენ დიდი გრძნობითა და სიყვარულით დარგული ნერგები", - ეს მართლაც საოცარი სიტყვები ერთ-ერთი ქადაგებისას წარმოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. თუ მათ გულისყურს მივუგდებთ, იქნებ ისიც გაგვახსენდეს, რომ ოდესღაც, სულ თავიდან, როცა ედემის ბაღში ვცხოვრობდით, ყველას გვესმოდა ეს ენა, მერე კი, როცა ჩვენი ნებით ედემი დავკარგეთ, ეს ცოდნაც დაგვეკარგა. ახლა აღარც ისე კარგად ვართ... ჩვენს ეზოებში, ან თუნდაც კორპუსების ციცქნა აივნებზე, სადაც მიწას გამოქცეულები ვცხოვრობთ, ნელ-ნელა მძიმე ფიქრებით
"დიდი სიხარულიცა და დიდი მწუხარებაც ადამიანს განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს: ამ გრძნობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ უნდა იქცეს ხეების დარგვა. ვფიქრობთ, ცალკე უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერი ადამიანები, - ახალდაქორწინებული წყვილები და ახალდაბადებული ბავშვების მშობლები დარგავენ ნერგებს, მათთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღის აღსანიშნავად", - ამასაც ჩვენი პატრიარქი გვეუბნება. თავად მან ამ ოცი წლის წინ საკუთარი ხელით დარგო კვიპაროსები საპატრიარქოს ბაღსა და ორანჟერეაში. დღეს ბაღსა და ორანჟერეას ბევრი სტუმრობს და იქიდან სულ სხვა ადამიანი გამოდის. ამ სიმშვიდის "კუნძულზე" შეუძლებელია იმაზე ფიქრი, რომ გარშემო არსებობს ხმაური, ჩხუბი, დავა და მტვერი...
- სხვაგანაც მინახავს 20 წლის კვიპაროსები, მაგრამ არსად ასე მაღალი... როგორ ზრდით?! - ვეკითხები საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე დედა თეკლეს.
- მოვლით, - მპასუხობს ღიმილით, - თუმცა მოვლაზე მეტად უწმინდესის ლოცვა-კურთხევა ზრდის. იცით, დარგვისას ეუბნება ხოლმე, - "გაიხარე და გამახარე!" ისე ელაპარაკება, როგორც ცოცხალს. შემოდგომით, როცა მცენარეებმა უნდა დაიძინონ, ასე ლოცავს: "მშვიდობით დაიძინე და გაზაფხულზე მშვიდობით გაიღვიძეო"...
ეს ბაღი სავსეა ეგზოტიკით და სილამაზით. ვინც იცის, რომ უწმინდესს მცენარეები უყვარს, ჩუქნის. მერე აქ ვრგავთ და ძალიან მალე ეგუებიან ამ მიწას, ლაღდებიან. ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ჰარმონიულად ცხოვრობენ სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და ხეები, ყველას თავისი წილი მზე ჰყოფნის.
- ალბათ იმიტომ, რომ მომვლელმა მათი ენა იცის. იცის, რომელ მცენარეს რომელი მცენარე მოსწონს და უყვარს...
- ამას ჩვენ საპატრიარქოს დეკორატიულ კოლეჯში ვასწავლით, როგორც ორი ადამიანი არ ჰგავს ერთმანეთს, ისე არ ჰგვანან ერთმანეთს მცენარეები: ზოგი ჩრდილის მოყვარულია, ზოგი - მზის, ზოგი - ნესტის... ზოგი გამორჩეულია და ზოგიც - ჩუმი და უპრეტენზიო... მაგალითად, ჩვენი ბაღის მშვენებას, 300-წლოვან ზეთისხილებს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, ჩვეულებრივ, კირქვიან ნიადაგზეც მშვენივრად ხარობენ, უპრეტენზიოდ, ისე, როგორც თავიანთ სამშობლოში, საბერძნეთში...
- ეს ბევრს აინტერესებს, - უწმინდესის სიყვარულითა და კურთხევით, ჩვენთან ჩამოიტანეს რამდენიმე მრავალსაუკუნოვანი ზეთისხილის ხე, მათ შორის ერთი რუსთაველის პროსპექტზე, ქალაქის მტვერსა და გამონაბოლქვშიც გალაღდა. ასე როგორ ხდება? ცოცხალი არსება, რომელსაც მშობლიურ მიწაში 300-400 წელიწადი აქვს გატარებული, სულ სხვა, უცხო მიწას ასე ადვილად როგორ ეგუება?
- ამის ოსტატები საბერძნეთში არიან. ზეთისხილი იმ ასაკს რომ მიაღწევს, როცა მსხმოიარობა უკვე ნაკლები აქვს, თავის ფესვიან-მიწიანად იღებენ, უზარმაზარ კონტეინერებში რგავენ და სხვაგან მიაქვთ. ასე ეხმარება თავისი მიწა სხვასთან შეგუებაში. ჩვენი ზეთისხილები კი ახლაც მსხმოიარობენ, ვკრეფთ და მარინადსაც ვამზადებთ.
- პრეტენზიული რომელი მცენარეა?
- ვარდი. ის განსაკუთრებულია და განსაკუთრებულ მოვლასაც მოითხოვს, თან - ყოველდღიურს. სხვებთან თანაცხოვრება არ მოსწონს, სულ გარშემო უნდა უარო, დამჭკნარი ყვავილები რომ შეატოვო, ისიც ძალას აცლის. ჩვენი მებაღეებიც დილაადრიანიდან უვლიან ვარდებს... ისე კი, დახედვა ყველა მცენარეს უნდა. რაც მეტ დროს ატარებ ბაღში, მით უფრო უკეთესი და ლამაზი ხდება.
- უწმინდესი ალბათ ყოველდღე დადის ბაღში...
- ყოველდღე. ის ყველას ცოცხალივით ესაუბრება. ერთხელ დაავადებული მცენარე მოსაჭრელი გაგვიხდა... უწმინდესმა თქვა: "მივედი, მადლობა გადავუხადე, რომ ამდენ ხანს გვემსახურა და მოვუბოდიშე, უნდა მოგჭრათ-მეთქი".
- სულ რამდენიმე მეტრში ქალაქის ხმაურიანი ტრასაა, აქ კი ყველაფერი ხასხასებს...
- კაცის ხელსა და სიყვარულს სიცოცხლის მინიჭება ყველაფრისთვის შეუძლია. თან მიკროკლიმატიც გვეხმარება, - მცენარე თუ გინდა ლაღობდეს, მუდამ არც მზის გულზე უნდა იყოს, არც ჩრდილში, არც გამუდმებული ქარი უნდა აწუხებდეს. ჩვენს ბაღში კი სწორედ ისეთი მიკროკლიმატია, რომ ამ ყველაფრისგან დაცულია...
- ალბათ შოშიებიც იმიტომ ცხოვრობენ თქვენთან... ბევრი შოშიის "სახლი" გიდგათ... ეს მყუდრო, თბილ გარემოს ქმნის. თითქოს, შენც "შინ" ხარ...
- მართლა ძალიან ბევრი მგალობელი გვყავს. მგალობელი ფრინველი ყველა ბაღს სჭირდება და უხდება... ასეთი სახლები იყიდება და თავის ბაღში ყველას შეუძლია, მგალობლებს ასეთი ბუდე მოუწყოს...
- ამ ბაღს ძალიან უხდება ქვის სკამიც.
- ქვები, მათ შორის დეკორატიული, ყველა ბაღის მშვენებაა. დეკორატიული ქვები მდინარეთა ნაპირებიდან არის მოტანილი და დიდი გულმოდგინებით შერჩეული ფერებით, სილამაზით...
- ამ ბაღის სილამაზის აღსაწერად სიტყვები მართლაც არ გეყოფა - სხვადასხვა ფორმის ზეთისხილის ხეები, ვერცხლისფერი ნაძვები, ულამაზესი უთხოვარი, ნეკერჩხალი, არყის ხე, კამელიები, ჰორტენზიები, ჯუჯა ფიჭვები...
- ბროწეულები, იები, ტიტები, ვარდები... ერთი რომ ყვავილობას ამთავრებს, მეორე მაშინ იწყებს აყვავებას. მაისის ბოლო გარდამავალია, ამ დროს ადრეულ გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეები ჭკნება და აყვავებას იწყებს საზაფხულო მცენარეები... მაისის დასაწყისში აქ სხვადასხვა ფერის ტიტები ბრდღვიალებდნენ... ახლა მათ ბოლქვებს ამოვიღებთ, შევინახავთ და სხვა საზაფხულო ყვავილებს დავრგავთ, გაზაფხულზე კი ისევ ტიტებს მივუბრუნდებით... ახლა ყვავილობას იწყებს ბროწეულებიც - ულამაზესი, ხასხასა წითელი ყვავილი მწვანე ფონზე ენითაუწერლად მშვენიერია.
- რით კვებავთ მცენარეებს?
- გადამწვარი ნაკელით. ჩვენს ბაღს ძირითადად ამ ბუნებრივი საშუალებით ვახარებთ და ვალაღებთ... ნაკელის შემოყრა თითოეულ მცენარეს წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდება. ვარდები კი ორჯერ ითხოვენ ასეთ კვებას - მათ გადამწვარ ნაკელს გაზაფხულზე და შემოდგომის მიწურულს ვუყრით გარშემო, - მითხრა დედა თეკლემ და კარამდე მიმაცილა, მასთან ერთად კი - ედემმა, სადაც ჩვენი სულიერი მამის ხელით დარგულ-ნაფერები მცენარეები ლაღობენ. მათ შორის კი ორანჟერეიდან გაზაფხულის მზის საცქერლად ბაღში გამოტანილნიც... კარიბჭესთან, 400-წლოვანი ზეთისხილის ძირში მიყურსული გედების ქანდაკებები სიცოცხლის ამ ზეიმს თითქოს თავადაც გაეცოცხლებინა. ალბათ ამიტომაც უნდა ეცადო, რაღაც მსგავსი გააკეთო - ერთი ხე დარგო, ერთი ყვავილი გაახარო... ანუ, როგორც დედა თეკლე ამბობს, - უნდა აღდგეს ის ბალანსი, რაც ღმერთმა სამოთხეში შექმნა. უფალმა ადამს სამოთხის ბაღის მოვლა დაავალა, მაგრამ მან ყველაფერი დაკარგა, ამიტომ ბუნებასთან კავშირი უნდა აღდგეს. ეს არის ღმერთთან მიახლების, ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალება. ღმერთმა ყველაფერი მოგვცა, ჩვენ კი ვანადგურებთ. მცენარეები გადმოგვცემენ საოცარ ენერგიას, გვანიჭებენ სილამაზის აღქმის უნარს. დარგვის შემდეგ დგახარ და ელოდები, როდის გაიზრდება, როდის აყვავდება, მოძლიერდება... ელოდები ისე, როგორც ცოცხალი არსების ნამოქმედარს, რადგან ის მართლაც ცოცხალია...
ეთერ ერაძე