"მთელი ცხოვრება მეყოფა იმისათვის, რომ აღარასდროს მომინდეს სახლის გარემონტება..."

ჩანაწერები სახლის გაყიდვისა და ახალსახლობის ჟამს - ეცნობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც გადაბარგებულა სხვა სახლში

ეს ჩანაწერები ძალიან კარგ მწერალს ნინო თარხნიშვილს ეკუთვნის და დაიწერა ნელ-ნელა, ფეისბუქის პოსტებად მაშინ, როცა ის თავის სახლს ყიდდა და ახალ სახლში გადადიოდა... ბევრს ეცნობა ეს სიტუაციები და ალბათ სხვა მხრიდანაც შეხედავს იმ ალიაქოთს, რასაც სახლის გაყიდვა-გარემონტება ჰქვია.

„იმ სახლს, რომელსაც ვყიდი,
აქვს რძისფერი კედლები,
ცერად ჩაკრული ხის იატაკი,
წითელი აბაზანა,
ყავისფერი სამზარეულო.
იმ სახლში, რომელსაც ვყიდი, ვტოვებ 12 წელს
მუცლიდან ახლადგამომძვრალ გოგოს,
ერთი წლის გოგოს ორი წლის გოგოს სამი წლის გოგოს ოთხი წლის გოგოს და ა.შ. 12 წლამდე.

იმ სახლში, რომელსაც ვყიდი,
ვტოვებ 24 წლის გოგოს შავი თმით,
გამხდარი ზურგით,
თხელი მკლავებით.
ვტოვებ 25 წლის გოგოს, 26 წლის გოგოს, 27 წლის გოგოს…
30 წლის ქალს გახუნებული თმით,
32 წლის ქალს, თეძოებშევსილს,
33 წლის ქალს, ტახტზე მიწოლილს,
36 წლის ქალს, სამსახურიდან ახლადდაბრუნებულს.
იმ სახლის სარეცხის თოკებზე, რომელსაც ვყიდი,
ვტოვებ 12 წლის ნაირ-ნაირ, ფერად-ფერად, სხვადასხვა ზომის კაბებს, შარვლებს, ზამთრის ქურთუკებს.
იმ სახლში, რომელსაც ვყიდი,
ვტოვებ 3000-ზე მეტ საუზმეს, გახუხულ პურს, მოხარშულ კვერცხს.
იმ სახლში, რომელსაც ვყიდი, ვტოვებ პატარა ბიჭს,
ღამღამობით ხარბად მომზირალს,
დილაობით ჩემ ზურგზე აკრულს.
12 ნაძვის ხეს ვტოვებ.
12 საჩუქარს.
იმ სახლის კედელზე, რომელსაც ვყიდი,
ვტოვებ 3 წლის გოგოს ხელით მიხატულ გამხდარ კაცუნას, ბუშტით ხელში, ოდნავ მომღიმარს.
ყველაზე მეტად ის მენანება.
ბედნიერები იქნებით იმ სახლში, რომელსაც ვყიდი.
წამოვიკიდებ მხრებზე 12 წელიწადს ზურგჩანთასავით,
თან გავიყოლებ,
და მოსავლელად დაგიტოვებთ ჩემი გოგოს ხელით დახატულ კალმის კაცუნას.
ნუ გადაღებავთ...“

"ეს მისაღები ოთახია. ვიკრიბებოდით ხოლმე მეგობრები, ვუყურებდით ტელევიზორს, ვახრამუნებდით სასუსნავებს და ათას სისულელეზე ვიცინოდით. ნაძვის ხეც ამ ოთახში გვედგა ხოლმე. ფოტოზე ის კუთხე არ ჩანს, სადაც ნაძვის ხეს ვრთავთ, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან. უხდება ამ ოთახს ნაძვის ხე..."

"ესეც სამზარეულო. ვერ ვიტყვი, რომ კულინარიული შესაძლებლობებით გამოვირჩევი. აი, მანდ, ქურაზე ყვავილებიანი ჩაიდანი რომ დგას, დილაობით, საუზმისთვის წყალს ვადუღებ. გვერდით, ლურჯი ქვაბი რომ უდგას, მაგ ქვაბში 10 წელი ჩემი გოგოსთვის ფაფას ვხარშავდი. ეგაა და ეგ. თუმცა, არა. კიდევ ვიცი ერთ კერძი, "ვენერას ძუძუები" ანუ ნიგვზიანი კვერცხი. ამ სამზარეულოში, რა თქმა უნდა, მაცივარიც დგას და კიდევ ერთი კარადა. და ჰო, სარეცხის მანქანაც დგას. გაზის ქურის გვერდით, კარადაში..."

"ეს საძინებელი ოთახია. 10 წელი ამ საძინებელში მე და ჩემ კაცს გვეძინა. მე სულ ვხედავდი სიზმრებს. ჩემი კაცი ვერ. ან ხედავდა და ვერ იხსომებდა. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. მერე მივხვდით, რომ საძინებელი ჩვენ გოგოს უფრო სჭირდებოდა და ამიტომ ოთახი მას დავუთმეთ. აი, ბარბის სამსართულიანი სახლიც იმიტომ დგას ამ ოთახში. კიდევ დიდი კარადაც დგას, უბრალოდ, ფოტოში არ ჩაეტია..."

"ხო, ნუ, არ ვიცი, შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს წითელი აბაზანა-ტუალეტი მაგარი დებილობაა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ..."

* * *
„...ჩემი ძვირფასი სახლი იყიდა ოჯახმა, სადაც ცხოვრობს ორი პატარა გოგონა... ბედნიერები იქნებიან.“

* * *
„...დარჩნენ კედლებზე ჩვენი ლურსმნები. ზოგზე რომ ფოტო ეკიდა, ზოგზე ნახატი და ზოგზე თეფში.
დარჩნენ ლურსმნები მოწმეები, რომ ამ სახლში ვცხოვრობდით ჩვენ, ჩვენ ჩვენი ახირებებით: ერთს რომ შავ-თეთრი ფოტო მოსწონდა, მეორეს ჭრელი ნახატი და მესამეს თეფშები სხვა ქვეყნებიდან.
დარჩნენ კედლებზე ჩვენი ლურსმნები და ალბათ მალე სხვის ახირებებს აიკიდებენ ბეჭებზე.
მორჩილები, თავდახრილები, დაუღალავი ლურსმნები.“

* * *
„ნივთები, რომლებსაც ყრი...

გამოცლილია ორი კარადა,
სამი უჯრა,
ოთხი თარო.
დასაცლელია მილიონი.
იატაკზე მიმოფანტულ ნივთებს შორის ღმერთივით ვდგავარ
და ერთი ხელის მოსმით ვწყვეტ მათ ბედს:
ეს დამჭირდება,
ეს აღარ,
ამას წავიღებ,
ჯანდაბას, იყოს ესეც.
და ვანაწილებ ჩვენს ნივთებს,
როგორც წითელი ჯვრის თანამშრომელი დევნილებისთვის დახმარებას.
წიგნები
ჭურჭელი
ბლოკნოტები
სათამაშოები
ვადაგასული საგარანტიო ფურცლები
საუკუნის წინ დადებული ხელშეკრულებები
ათასი ჭინჭი.
დავაბოტებ გაშლილ ნივთებში გულივერივით
და შიშის ზარს ვცემ ლილიპუტ ნივთებს.
"პუშკინი, ვინ არის ამის წამკითხავი", ვფიქრობ გულში,
უელბეკის "ნაწილაკები" გადასაზიდ წიგნებს შორის იკავებს ადგილს.
დაბადების მოწმობა თურმე აქ ყოფილა, მე რა ვიცოდი.
აუ, ეს თოჯინა დაკარგული რომ გვეგონა, თურმე სად შემინახავს.
ამ ფაზლს ცხრა დეტალი აკლია, გადასაგდებია.
ეს გაბზარული ჭიქა ვის რაში უნდა.
არც ეს ჭაღი, საქორწილოდ რომ შევიძინეთ.
ამ ძველ ფარდასაც ახლით შევცვლი…
და იზრდება გორა ნივთების, რომლებსაც ვყრი
და რომლის ადგილიც აღარ იქნება ჩემს ახალ სახლში.
ვდგავარ ოთახში გზადაკარგული მომლოცველივით,
ხელში მიჭირავს ღვთისმშობლის ხატი უკან კალენდრით, 2004,
ცერა თითს ვუსვამ
და უელბეკის "ნაწილაკებში" როგორც სანიშნეს, ისე ვაყოლებ.
ვდგავარ მთასთან მუჰამედივით, იმ ნივთების, რომლებიც უნდა გადავყარო
და ვზლუქუნებ.
იმიტომ, რომ
მე არც ღმერთი ვარ,
არც წითელი ჯვრის თანამშრომელი,
არც გულივერი,
არც მომლოცველი,
არც მუჰამედი,
მე ვარ ერთი წირპლიანი,
მეძონძე ქალი.“

* * *

„სტადია - რემონტი
და მე მივხვდი:
ზუსტად ისეთივე გატაცებით ვათვალიერებ უნიტაზებს, ნიჟარებს, ე.წ. სმესიტელებს (შემრევებს), ლამინატსა თუ კაფელს, როგორც მაგალითად ფეხსაცმელს,
ჯინსებს, კაბას თუ სამკაულს.
ჯერ შორიდან ვუთვალთვალებ. მერე ახლოდან ვათვალიერებ. ვუსვამ ხელს.
ხო არ იკაწრება.
ხო არ იჩხვლიტება.
ხო სასიამოვნოა.
ხო არ მომიჭერს.
მერე ლამინატს ფეხზე ვირგებ. ნიჟარას მაჯებზე.
უნიტაზს თეძოებზე
და კმაყოფილი ვიწყებ ტრიალს საშხაპე მინის წინ.
კი, იქაც ვირეკლები.
მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ.
არ არის საჭირო.
ჩემიც მეყოფა“.

* * *
„რაც მე ამ ორ დღეში ლამინატი, შპალერი, კაფელი და მეტლახი ვათვალიერე, ვიკამათე, ვიწუწუნე, ვიბუზღუნე და ვიჩხუბე, მთელი ცხოვრება მეყოფა იმისათვის, რომ აღარასდროს მომინდეს სახლის გარემონტება. სულ ამერია თავ-გზა. ყველა ფერი, ყველა მასალა, ყველა ფაქტურა, ერთმანეთში აირია და დიიიიდ ურჩხულად იქცა, რომლის სახელიცაა რემამონტი“.

* * *
„რაც მთავარია, ნაძვის ხის ადგილი შერჩეულია ახალ სახლში. დანარჩენი მოგვარდება რა. სამზარეულო, მისაღები, საძინებლები, აბაზანა, სათავსო, გარდერობი… ეს უკვე ადვილია. ყველაზე რთული ნაძვის ხის ადგილის შერჩევაა და ის შერჩეულია. დავდექი დღეს გამოცარიელებული სახლის კუთხეში, გავშალე ხელები და ვთქვი: აქ დავდგამთ დიდ ნაძვის ხეს! მარიტა და ჭანო დამეთანხმნენ და თქვეს: კი, კარგი არჩევანიაო...“

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები