ბაღი ისანში მრავალი სახეობის ყვავილით - "რასაც აქ ხედავთ, ჩემი დედამთილის შრომის შედეგია"

ჩვენი დღევანდელი მასპინძელი იურისტი მადონა უთრუგაშვილია. ის, რომ ოჯახს ზღაპრული ბაღი აქვს, მისი დედამთილის დამსახურებაა. დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს მადონას საქმიანობა, თუმცა დამღლელი დღის მერე, ყვავილებში ჩაფლულ ბაღში დასვენება ერთი სიამოვნება და ყველაზე დიდი განტვირთვაა.

- ჩვენი ბაღი მდებარეობს ისანში. ის, რასაც აქ ხედავთ, ჩემი დედამთილის შრომის შედეგი და დამსახურებაა. მოვლითაც თვითონ არის დაკავებული. ბაღი არის დაახლოებით 10-11 წლის და დღემდე გრძელდება მისი გამრავალფეროვნება.

- რომელი მცენარეები ალამაზებენ თქვენს ბაღს და რის მიხედვით არის თითოეული შერჩეული?
- ძირითადად გვაქვს
ვარდები, ძალიან ბევრი სახეობის. ასევე გვაქვს შროშანები, გვირილები, ჟასმინი, იასამანი, ოლეანდრები, ტიტები, ნარგიზები. შემოდგომას გვილამაზებს ქრიზანთემების არაერთი სახეობა.

- ბოსტნეული და ხეხილიც გაქვთ?
- ბოსტნეული არ გვაქვს. მხოლო ყვავილები და რამდენიმე დასახელების ხილი: ბროწეული, გარგარი, ყურძენი.

- ალბათ ეხმარებით დედამთილს ამ საქმიანობაში. რამდენად საინტერესო და აზარტულია?
- აზარტული ნამდვილად არის. სწორედ ამის გამო მხოლოდ თესლს ან პატარა ნერგს რგავს ჩემი დედამთილი, რადგან უყვარს მისი მოვლა და გაზრდა. თვითონ რომ ზრდის, ეს პროცესი სიამოვნებს. ნამდვილად განსაკუთრებული გრძნობაა მცენარეებთან ურთიერთობა. ხსნის სტრესს, დაღლილობას, დადებითად მოქმედებს განწყობაზეც. მიუხედავად იმისა, რომ მსიამოვნებს მცენარეებთან ურთიერთობა, სამწუხაროდ, ამისთვის ნაკლები დრო მაქვს და ალბათ მონდომებაც, რადგან უკვე მოვლილი მხვდება. პანდემიის დროს მქონდა რამდენჯერმე მცდელობა მომევლო და საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, რისი დროც სამწუხაროდ, პანდემიის შემდეგ აღარ მაქვს. თუმცა ახალ მცენარეს როდესაც ვყიდულობ, ყოველთვის მე ვურჩევ ქოთანს და ვცდილობ, რომ გადარგვითაც თვითონ გადავრგა.

- თბილისში დიდი ფუფუნებაა მსგავსი ბაღი, მით უმეტეს როცა პატარა გყავთ...
- ძალიან უყვარს ეზოში თამაში, სირბილი. ხანდახან ეფერება კიდეც ყვავილებს. უყვარს მარწყვის პერიოდი, როდესაც დადის და თვითონ კრეფს. ამ დროს ძალიან ბედნიერია. ფაქტობრივად მთელი ზამთარი ველოდებით გაზაფხულს, რომ თავისი ხელებით დაკრიფოს საყვარელი ხილი.

- არაერთი ბაღი გადამიღია და ყველგან არ მქონია ეს განცდა. აი, ახლა როცა ამ ულამაზეს აივანზე თქვენთან ერთად ფინჯან ყავას მივირთმევ, საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება დამეუფლა. სხვა სტუმრებსაც უთქვამთ იგივე? როგორ ფიქრობთ, ეს რისი დამსახურებაა?
- ჩვენი ბაღი და ეზო, ზოგადად მართლაც ყველას ძალიან მოსწონს. განსაკუთრებით ბაღის ტერიტორიაზე გამოყოფილი მოსასვენებლი ადგილი, სადაც ჩამოჯდომა და ყავის დალევა მართლაც ძალიან დიდ სიმშვიდეს გვრის ადამიანს. გარშემო არსებული ამდენი მცენარე, სიმწვანე, ცხელი ყავა და ახლად აყვავებული ვარდების თუ სხვა ყვავილების სურნელი, ამ ყველაფრის ერთად კომბინაცია ქმნის ალბათ შესაბამის განწყობასაც.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ლია 2022-08-08 15:03
სიკეთეში!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები