"ცარიელი ტერიტორია იყო, დაუმუშავებელი... 10 წელია გავაშენე ეს ბაღი და დღემდე ვალამაზებ..." - საუცხოო ბაღი დიდ დიღომში

ბაღი, რომელზეც დღეს გიამბობთ, მრავალფეროვანი და გამორჩეულია. მისი მეპატრონე, ქალბატონი ლეილა ვაზაგაშვილი უკვე 10 წელია თავს ევლება და სიყვარულით უვლის მას. ჩვენი ყურადღება ჯგუფ „ყვავილნარში“ განთავსებული მისი ულამაზესი ბაღის ფოტოებმა მიიპყრო. ბაღი 600 კვ.მ-ზეა გაშენებული და მართლაც საუცხოო სანახავია.

- ვცხოვრობ დიდი დიღმის კერძო დასახლებაში. მაქვს 600 კვ.მ-ის ეზო. თავის დროზე ტერიტორია სრულიად დაუმუშავებული იყო, ცარიელი ყამირი. 10 წელია გავაშენე ყვავილები და დღემდე ვალამაზებ და ვუვლი.

- რთული იყო გზა, რომელიც აქამდე გაიარეთ? ზოგადად რა სირთულეები ახლავს ბაღის გაშენებას?
-
კი, თავიდან რთული იყო. ნიადაგს კარგად უნდოდა დამუშავება. შემოვიტანე ტყის შავი მიწა, ნაკელი და მიწა გავანოყიერეთ, რაშიც ჩემი მეუღლე დამეხმარა. რა თქმა უნდა, ბაღის მოვლას არაერთი სირთულე ახლავს. ყველა მცენარეს უნდა შეურჩიო შესაბამისი ადგილი. ზოგს ჩრდილი უყვარს, ზოგს - მზიანი ან ნახევრად მზიანი და ისინი ამის მიხედვით უნდა განაწილდეს. არსებობს მცენარეები, რომლებსაც მჟავე ნიადაგი და ტენიანი ჰაერი სჭირდება, ასეთ მცენარეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რაც მე გამიჭირდა. ამიტომ გადავწყვიტე, ისეთი მცენარეები გამეშენებინა, რომლებიც აქაურ კლიმატს და ნიადაგს შეეფერებოდა. ყველაზე დიდი რაც ჩემ ბაღს აზიანებს ძლიერი ქარია, მოგეხსენებათ დიდ დიღომში როგორი ქარი იცის.


- დღეს რამდენი სახეობის მცენარე ბინადრობს თქვენს ბაღში?
- არასოდეს დამითვლია მცენარეები. ძალიან ბევრი ყვავილი მაქვს როგორც ეზოში, ისე ქოთნის. ასევე, მაქვს უამრავი სახეობის ვარდი, რამდენიმე ეგზოტიკური ხე, ხეხილი, ატამი, ვაშლი, ბალი, და სხვა. მაქვს პატარა ბოსტანიც, სადაც ოჯახისთვის საჭირო მწვანილი, კიტრი, პამიდორი, ლობიო და ცოტა ბადრიჯანიც მომყავს.

- ყველაფერს თავად უვლით?
- ყველაფერს მეუღლის დახმარებით ვუვლიდი. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. მამაკაცის საქმე ბევრია და ამაში ჩემი ბიძაშვილი, ივანე ვაზაგაშვილი გულმოდგინედ და სიამოვნებით მეხმარება.


- ეზოში ფავორიტი ყვავილი თუ გყავთ?
- როგორც ასეთი, ფავორიტი ჩემს ეზოში ვარდია, მაგრამ ყველა მცენარე, რაც მაქვს, ერთნაირად მომწონს და მიყვარს.

- ბაღს ყოველწლიურად უცვლით იერსახეს?
- დიახ, ერთი და გივე გარემოს ყურება ცოტა მოსაბეზრებელია. დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს ლამაზი ეზო, სულ სჭირდება განახლება, გასუფთავება, ხელის შევლება.






მერი ბლიაძე

კომენტარები

მაია 2023-05-25 20:07
ამას სიყვარულის აფეთქება ჰქვია
ციური თურმანიძე 2023-05-25 16:28
პატარა სამოთხეა.ოქროს ხელები გქონიათ.ძალიან მომწონს ასეთი ყვავილებიანი ეზოები.მე არ გამომდის.
ცისანა 2023-05-25 14:28
ღმერთმა ბევრი შეგაძლებინოს შენი
ულამაზესი ბაღის გაშენებაში ჩემო ლეილა იხარე და იბედნიერე შენი დიიდი და ლამაზი ოჯახით.
naira tukhashvili 2023-05-24 00:38
ლეილა,ულამაზესი ეზო გაქვს... ღმერთმა დიდხანს გაფუსფუსოს შენს სახლ-კარში, ჯანმრთელი და ბედნიერი...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები