"უამრავი ვარდი გავამრავლე და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მათი მოვლის, დიდი სიამოვნებით ვჩუქნი..." - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მიერ შვილისთვის მოწყობილი მშვენიერი ბაღი

მარიტა აფულავა პროფესიით ექიმია. თბილისში მეუღლესთან და 11 წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ დიდ სიამოვნებას ანიჭებს მცენარეებთან, მიწასთან ურთიერთობა, რაც მის ბაღზეც აისახება. ორი წლის წინ შეიძინა სახლი ეზოთი, რომელიც ნამდვილ ყვავილნარად აქცია. მეგობრების, გარშემო მყოფების აღფრთოვანება მარიტას კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს, რომ ეზო მეტად გაალამაზოს და გაამრავალფეროვნოს.

- 10 წელი ვიცხოვრეთ კორპუსის ბინაში. ჩვენს ოჯახს ორი წლის წინ შემოემატა ძაღლი, რომელიც ჩვენი შვილის დიდი ოცნება იყო. დღემდე მასზე თავად ზრუნავს. სწორედ ორი წლის წინ გადავწყვიტეთ საცხოვრებლის შეცვლა,
შემთხვევით ვიპოვეთ სახლი, რომელიც დანახვისთანავე შეგვიყვარდა. თუმცა დიდი ხნის უცხოვრებელი იყო და შესაბამისად არაერთი სირთულე იყო დასაძლევი. ვინაიდან ჩემი და ჩემი მეუღლის მისწრაფებები და სურვილები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, ამ სახლის მფლობელები გავხდით. დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ მოგვეწყო კომფორტული სივრცე, სადაც თამამად შევძლებდით მეგობრების მასპინძლობას. ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები, მცენარეები. ყოველთვის დამოუკიდებლად ვაკეთებდი ყველაფერს, მომწონდა ნულიდან დაწყება და მიღებული შედეგით ტკბობა. ასეა, ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში. მართალია, სახლის და ეზოს მოვლა დიდ ენერგიას მოითხოვს, თუმცა დადებითი არის ის, რომ ყველა პროცესში ჩემი შვილი ჩართულია და ნაკლებ დროს ატარებს გაჯეტებთან.


- რომელი მცენარეები ამშვენენ თქვენს ბაღს და როგორ უვლით მათ?
- ბაღის გაშენება დავიწყეთ ეზოს დაგეგმარებით. სკოლის პერიოდში დავამთავრე სამხატვრო სკოლა და დღემდე ვხატავ. ეზოს ესკიზი თავად დავხატე და აქტიურად დავიწყეთ სამუშაო. მაქსიმალურად გვინდოდა, ესთეტიური სილამაზეც ყოფილიყო, ასევე გვინდოდა გვქონოდა პატარა ბოსტანი, სადაც ჩვენი ხელით მოვიყვანდით ბოსტნეულს. ხეხილის ნაწილი უკვე იყო ეზოში, რაც განვაახლეთ და გამოვაცოცხლეთ. პირველი მცენარე, რომელიც ეზოში თავად გავამრავლე, იყო როზმარინი. მეგობრისგან წამოვიღეთ პატარა ტოტი და ის გავახარეთ. როზმარინი ფართოდ გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე თავის მოვლის სფეროში. მისი მეშვეობით მარტივად გაუმკლავდებით ისეთ შემაწუხებელ მწერს, როგორიცაა კოღო. მარადმწვანეა და ზამთარშიც იდეალურ სიმწვანეს ქმნის.

ვიდრე ეზოში მცენარეს დავრგავ, აუცილებლად ვეცნობი მის ფიზიკურ მახასიათებელს, კლიმატურ თავისებურებას, ვარჩევ შესაბამის ადგილს და წესების დაცვით ვრგავ, რადგან ეს მნიშველოვანია მცენარის სიცოცხლისთვის. ეზო წარმოუდგენელია ვარდების გარეშე. ჩემს ეზოში შეხვდებით საკოლექციო ვარდებს (აბრაჰამ დარბი, აკროპოლისი, ლედი ოფ შარლოტა, გოლდენ სელებრეიშენი და ა.შ.), მარადმწვანე ტუიების სხვადასხვა ჯიშს, ლავანდას, იასამნის სხვადასხვა ჯიშის ბუჩქებს. სულ ახლახანს ეზოში ბინა დაიდო ვარდმა სახელად „პატრიარქი ილია მეორე“, რომელიც არის უცნობი და ჩვენს პატრიარქს უსახსოვრა დანიის კონსულმა.

ამ ვარდს ამრავლებს ვარდის სახლი, რომელმაც 50 ნერგი საჩუქრად გადასცა ვარდომანების ჯგუფს, რომლის აქტიური წევრი გახლავართ და სწორედ ერთ-ერთი ნერგი მერგო საჩუქრად. ჩემი მიზანია ამ ვარდის გამრავლება და უსასყიდლოდ გაჩუქება. უამრავი ვარდი გავამრავლე და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მათი მოვლის, დიდი სიამოვნებით ვჩუქნი. მცენარეების მოვლისთვის აუცილებელია წამლობა და კვება. ამისთვის ვიყენებ ბიო პრეპატარებს, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან სასარგებლო მწერებს. სასუქად კი ვიყენებ ასევე ბიო პროდუქტს, როგორიცაა მაგალითად ბალახის ნაყენი. მცენარის, მათ შორის ვარდის უხვი ყვავილობისთვის მნიშვნელოვანია სწორი სხვლა და ფორმირება.


- ხეხილი და ბოსტენულიც გაქვთ ბაღში?
- ბაღში გვაქვს ყურძნის რამდენიმე ჯიში, რომლის მცირე მოსავალი 2022 წელს დავწურეთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გავაშენეთ პატარა ბოსტანი, სადაც მოვიყვანეთ კიტრი, პომიდორი და სხვადასხვა სახის მწვანილი. წლევანდელი ბოსტნისთვის ჩითილებიც გამოვიყვანეთ თებერვალში და აპრილში ამინდების მიუხედავად გადავიტანეთ ღია გრუნტში.


- რთული არ არის ბაღის მოვლა და მისი სილამაზის შენარჩუნება?
- ბაღის მოვლა გულისხმობს ყოველდღიურ დათვალიერებას. ეს ჩემთვის სასიამოვნო და საჭირო პროცესია. იღვიძებ დილით და ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე რუდუნებით ათვალიერებ თითოეულ მცენარეს. არსებობს რიგი დაავადებები, რომელიც სწრაფად შეიძლება პროგრესირდეს და მომაკვდინებელი აღმოჩნდეს მცენარისთვის. სწორედ ამიტომ არის საჭირო ყოველდღიური დათვალიერება. მცენარე ასხივებს დადებით ენერგიას და თავადაც გრძნობს ზრუნვას. ბუნებასთან სიახლოვე დადებითად მოქმედებს განწყობაზე. მიხარია, როდესაც ვკითხულობ, თუ როგორ უვლის ადამიანი ბაღს და როგორი ბედნიერია ამით. მისასალმებელია, რომ თქვენ საიტზე უამრავ საჭირო ინფორმაციას იპოვის მკითხველი. ამის შემდეგ თავისი გემოვნებით შეძლებს ეზოს თუ აივნის მოწყობას და ეს სტიმული იქნება სხვა ადამიანისთვის.





მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები