კონსტანტინე ბეჟანიშვილი ახალგაზრდა ფერმერია. წლების განმავლობაში, დიდი შრომის შედეგად მოაშენა ფუტკარი და თაფლის წარმოება ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარა. ამასთან, ასურეთში შეიძინა საკარმიდამო ადგილი, სადაც ნამდვილი წალკოტი მოაწყო. სახლი თავად გაარემონტა, სამშენებლოდ კი მხოლოდ ნატურალური მასალები, ხე და ქვა გამოიყენა. ის კი არა, ავეჯიც საკუთარი ხელით, კაკლის ხისგან გამოთალა. სულ ახლახან მის მიერვე შექმნილ ზღაპრულ გარემოს ტურისტული დანიშნულება მისცა. ამ ყველაფერზე ვრცლად კონსტანტინე თავად მოგვიყვება.
- მეფუტკრე ვარ. ვცხოვრობ თბილისში, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა ასურეთს
- ინტერიერის დიზაინიც თქვენ გეკუთვნით?
- დიახ, ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე. ინტერიერში დომინირებს ხე და ქვა, ვინაიდან ბუნებრივი მასალაა. ლამინატი, ე.წ დეესპე, ემდეეფი და მსგავსი მასალები არ გამომიყენებია.
- ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ავეჯი არ არის ქარხნული.
- ავეჯის უმეტესობა არ არის ქარხნული. ისინიც ჩემი ხელით გავაკეთე. სკამები კაკლის ხისგან გამოვთალე, ასევე მაგიდა. ორი წელი ვაკეთებდი ავეჯს ხელით. თითქმის ყოველ დღე ვმუშაობდი. მარტივი არ იყო ნამდვილად. ყველა იარაღი შევიძინე. დღემდე თუ რამე იარაღი არსებობს ავეჯისთვის, ყველაფერი მაქვს უკვე და მათი საშუალებით ვთლიდი.
- ძალიან ლამაზი ეზო გაქვთ. ეზოს გაშენებაში გეხმარებოდათ ვინმე თუ ესეც მარტომ ითავეთ?
- ეზოც ჩემი გაშენებულია. ქვაც მე დავაგე და მცენარეებიც მე გავაშენე. ბოლოს ზღვიდან ჩამოვიტანე ახალი მცენარეები. ჯერ პატარა ნერგებია და კარგად უნდა მოვლა, რომ გაიზარდონ. მეც ძალისხმევას არ ვიშურებ და ყურადღებას არ ვაკლებ.
- მცენარეების შერჩევა და მოვლა როგორ ისწავლეთ?
- როგორც გითხარით, მეფუტკრე ვარ. ასე თუ ისე ყველა მცენარე მაქვს შესწავლილი. ვიცი, რას როგორი მოვლა, როგორი ნიადაგი და პირობები სჭირდება, ამიტომ ეზოს გაშენება არ გამჭირვებია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბუნებამ მასწავლა.
- ფუტკრები ასურეთში გყავთ?
- მთაში გამყავს ხოლმე, მაგრამ ახლა ასურეთში მყავს ჩამოყვანილი. ამ ეტაპზე 60 ძირი მყავს და კიდევ გავამრავლებ.
-
ფუტკრების მოვლა უფრო რთულია თუ, კარმიდამოს მოვლა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება?
- ორივე საქმეს ფერება და დიდი ძალისხმევა უნდა. ფუტკრის მოვლა ძალიან რთულია და სიღრმისეულ ცოდნას საჭიროებს. თუმცა ამავე დროს ძალიან საინტერესო და აზარტულია. თუ ვინმე გაიჩენს ფუტკარს და ღრმად ჩახედავს, შეიგრძნობს მის სურნელს, ვეღარასოდეს დაანებებს თავს.
- ეზოს ულამაზესი აუზი ამშვენებს. თევზებიც გყავთ გაშვებული?
- დაახლოებით ოთხი წლის წინ ვიყიდე რამდენიმე თევზი. მეზობელს ჰქონდა აკვარიუმი და იქ გავუშვი. სამი წლის მერე რომ ვნახე, გამრავლებულან შიგნით. გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა აუზი და ჩემთან გადმომეყვანა. ასეც მოვიქეცი. ცოტა კიდევ ვიყიდე, ძველებს მივამატე და ჩემი ხელით გაკეთებულ აუზში გავუშვი.
აუზი ნატეხი მარმარილოთია გაკეთებული და საკმაოდ დიდხანს მოვუნდი მის დასრულებას. შრომატევადია თითოეული საქმე, მაგრამ შედეგს რომ ხედავ, დაღლა გავიწყდება.
- სახლს განსაკუთრებულ ელფერს მატებს ბუხარი. რამდენი ხანი მოუნდით მის დასრულებას და რა მასალით მუშაობდით?
- ბუხარმა გამაწამა. პატარა მარმარილოს კენჭებითაა მოპირკეთებული და თვენახევარი მარტო ამ კენჭებს ვაკრავდი. გარდაბნის ნაკრძალში ფუტკარი მეყენა. იქ იყო ერთი სახელოსნო, სადაც გადაყრილი ქვები მაჩუქეს. სწორედ ამ ქვებით გავაკეთე ბუხარი.
- სახლს უკვე დასრულებული იერსახე აქვს?
- დიახ, სახლი უკვე დასრულებულია, მაგრამ კიდევ ბევრი რამის გაკეთებას ვფიქრობ. საცურაო აუზი მინდა გაზაფხულისთვის. ასევე, საუნის გაკეთება ეზოში.
1
- ტურისტული მიმართულებითაც იყენებთ სახლს?
- დიახ, სახლს ვაქირავებ დღიურად. მსურველებს შეუძლიათ ფეისბუქზე ნახონ ჩვენი გვერდი Event House კონა ⤮ Kona და დაჯავშნონ სასურველი დროით. მყუდრო, ლამაზი გარემო, სუფთა ჰაერი მშვიდი და სასიამოვნო დასვენების გარანტიაა. თან კარგი ისაა, რომ ასურეთი თბილისთან ძალიან ახლოსაა და გზაში დიდი დროის დაკარგვა არ გიწევთ. ვფიქრობ აქ ყველაფერია, რომ ადამიანი ქალაქის ქაოსურ ცხოვრებას მოწყდეს და ნაყოფიერად დაისვენოს. ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნა ჩვენს სივრცეში და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება.
მერი ბლიაძე