ქართველი დიასახლისის მიერ გურჯაანში მოწყობილი ულამაზესი ბაღი

როცა ადამიანები მოგზაურობის დროს ჩემოდნებით ტანსაცმელს, სხვადასხვა ნივთს დაატარებენ, ქალბატონი ზოია რუაძე ჩემოდნებით საქართველოში ყვავილებს ეზიდება. მისი ულამაზესი ბაღი გურჯაანში 500 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ყველაფერი საკუთარი გემოვნებით, დიზაინით მოაწყო. არასოდეს ყიდულობს გაზრდილ და გახარებულ ყვავილებს, ურჩევნია, თესლით, კალმით, ტოტით თავად გაამრავლოს და გაახაროს. საკუთარი თვალით ნახოს, როგორ ამოყოფს თავს მიწიდან ესა თუ ის მცენარე, როგორ იფეთქებს და გადაშლის ულამაზეს ყვავილებს. ქალბატონი ზოია მთელი წელი მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა ზაფხულში, უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ შვილებს, სიძეებს, შვილიშვილს პატარა სამოთხე, წალკოტი დაახვედროს.

- ყვავილების,
მცენარეების, მიწის, ბუნების სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მომყვება. დედას ქონდა ძალიან ლამაზი ეზო. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ვცდილობდი დავხმარებოდი ეზოს მოვლაში.
80-იან წლებში კვლევით ინსტიტუტებზე დაარიგეს სააგარაკე ადგილები და გამოგვიყვეს კრედიტები. წყლულეთში გვერგო ნაკვეთი და იქ გავაკეთე ულამაზესი ბაღი. მაშინ მე და ჩემი მეუღლე ახალგაზრდები ვიყავით და მეტი შეგვეძლო, სხვა ენთუზიაზმი გვქონდა. სახლიც ერთად ავაშენეთ და ეზოც ჩვენი ხელით გავაკეთეთ. წყლულეთი ჩემი დიდი სიყვარულია. ამ გაზაფხულზე ვიყავით და გავერანებული დამხვდა. ძალიან დამწყდა გული. ვაშლის ხეებიც კი გამხმარი იყო.

- თუმცა ბაღი, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ გურჯაანში მდებარეობს...
- გურჯაანში გვიან წავედით. ისე მოხდა, რომ 16 წლის წინ ჩემი მეუღლე იქ გადავიდა სამუშაოდ, ამიტომ იქ დავფუძნდით. გადავწყვიტეთ, აგვეშენებინა სახლი. ეზოში მარტო დიდი კვიპაროსები და ნაგავსაყრელი იყო. ალბათ ამ ხელებს 5-6 მანქანა ნაგავი მაინც აქვს გატანილი. ხელში მეჭირა წერაქვი და ვასუფთავებდი სამოსახლო ადგილს. ასე ენთუზიაზმით, 50 წლის ასაკში დავიწყე სახლის მშენებლობა და ლამაზი ეზოს გაკეთება.
ეზოს გასუფთავების შემდეგ დავგეგმეთ, სად რა, და როგორ უნდა გაკეთებულიყო. ჩემი სახლის და ეზოს არქიტექტორიც მე ვარ და დიზაინერიც. ჩემს მეუღლეს არ ჰქონდა დრო, ამიტომ მის მეგობარს მოჰყავდა ხოლმე არქიტექტორი, რომლსაც ვახვედრებდი ჩემ მიერ შესრულებულ ნახაზებს. ამბობდა, ეს ასე არ გამოვა, ასე არ არის სწორი, მაგრამ მე ვეუბნებოდი, ბატონო დიმა, მე ასეთი მინდა. ბოლის მაინც ისე გამოვიდა, როგორც მე მინდოდა.
მცენარეები, რომლებიც ჩემს ეზოშია, ჩემი გამოყვანილია. ბევრმა იცის გაზრდილი მცენარის ყიდვა. მე მირჩევნია თვითონ გავახარო. როცა ვთესავ, სულ პატარა რომ არის, იქიდან ჩავყურებ, შვილივით მიყვარს და ველოდები როდის გაიზრდება, როდის აყვავდება, როგორი გამოვა. 500 ძირამდე კვიპაროსი ჩემი ხელით მაქვს გახარებული. ყველა მე თვითონ დავთესე. 2-3 მეტრიანები გაიზარდნენ. აღფრთოვანებული ვიყავი, ძალიან ბევრი გავაჩუქე. 20-30 ძირი დღესაც მაქვს.

- რთული არ იყო თესლიდან ამხელა და ამდენი კვიპაროსის გახარება?
- იცით, ყველას უკვირს. რთულია, მაგრამ რაღაცნაირად გამომივიდა. მთავარია მონდომება და ნებისყოფა. ერთ და ორ დღეში არ ხდება მცენარის, ყვავილის, ხეხილის, ხის გახარება. ამ ბაღს უკვე 16 წელიწადია ვაკეთებ. დღესაც მიმდინარეობს მისი განახლება, დახვეწა. ეზოში მაქვს ლამაზი, მოსასვენებელი კუთხეები. მაქვს ჩაის კუთხე, ყავის კუთხე და ა.შ. მინდა ეს კუთხეები კიდევ უფრო გავალამაზო. ადამიანები, როცა საზღვარგარეთ დადიან ჩემოდნებით ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები დააქვთ. მე ჩემოდანში მხოლოდ ყვავილები მიდევს. ეხლაც თურქეთიდან ულამაზესი ყვავილი, ოლიანდრი ჩამოვიტანე. პირველად, რომ წავედი თურქეთში ვჭრიდი, სველ ტილოში ვახვევდი ტოტებს, მომქონდა და შემდეგ აქ ვამრავლებდი. ამ ეტაპზე ექვსი ფერი მაქვს, მაგრამ ის ფერი, რომელიც ეხლა წამოვიღე არ მქონდა, ძალია ლამაზი ფერია.
ჩემი გატაცება თავიდან ახირებად მიიღეს ჩემი ოჯახის წევრებმა. მსაყვედურობდნენ ამდენს, რომ ვშრომობდი. მაგრამ მე ამის გარეშ ვერ გავძლებ. ამას უკვე გატაცება არ ჰქვია. ეს არის ჩემი სამყარო, რაც ძალას მაძლევს და რითიც ვიკვებები. როგორ ცუდადაც არ უნდა ვიყო, გავალ თუ არა ეზოში, ყველაფერი მავიწყდება. ახლა ჩემი შვილები თავად ყიდულობენ, მიგზავნიან, ჩამოაქვთ საჩუქრად სხვადასხვა ლამაზი ყვავილი.

- რამდენი სახეობის ყვავილი გექნებათ, დაგითვლიათ როდისმე?
- მე არ დამითვლია. ჩემი შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, როცა ჩამოდიან, ისინი ითვლიან ხოლმე. ჩვენს ეზოში არ არის ხე, რომელიც სხვისი ხელით არის დარგული. მე იქ უნდა ვიდგე, მივიღო მონაწილეობა, რადგან სხვას ვერ ვანდობ. ბალახიც ჩემი დარგულია. იქ თავდაპირველად სულ ქვა, მინები და ბოთლები ეყარა. ხელში სულ თოხი და წერაქვი მეკავა და ეზო მოვიყვანე აქამდე...

- რამდენ კვადრატზე გაქვთ ბაღი გაშენებული?
- დეკორატიული მექნება 500 კვადრატულზე გაშენებული.

- ყველა მცენარეს განსხვავებული მოვლა სჭირდება. როგორ ისწავლეთ ეს ყველაფერი?
- ალბათ გამოცდილება წლებთან ერთად მოდის. მთავარი ოქროს წესი რაც არის ყველა ახალ მცენარეს, როცა ვრგავ აუცილებლად ვაყრი ერთმანეთში გაზავებულ ტორფს, ნაკელს და წმინდა სილას, რომელიც სიმსუბუქეს აძლევს მიწას.

- ფავორიტი ყვავილი თუ გყავთ?
- ეზოს ყვავილებიდან ყველაზე მეტად მიყვარს ვარდები და ოლეანდრები. მიყვარს ისეთი ყვავილები, რომლებიც დიდხანს ყვავილობს. ძალიან მიყვარს ცინიები, რადგან ეხლა, რომ დაიწყებს ყვავილობას ყვავის ყინვებამდე. ძალიან მიყვარს პეტუნიებიც. ოთახის მცენარეებიდან გამოვარჩევ ულამაზეს ბალბებს. თითქმის ყველა სახეობა მაქვს რაც საქართველოში არსებობს.

- უამრავი მცენარე, ხეხილი, ვენახი, ბოსტანი გაქვთ. მათ მოვლაში ვინმე გეხმარებათ?
- დიახ, გვაქვს დიდი ნაკვეთი, ვენახი, ხეხილი, ბოსტანში გვაქვს კიტრი, პამიდორი, მწვანილები. მათ მოვლაში ერთი მეზობელი გვეხმარება, რომელიც უკვე 10 წელია ჩვენთან მუშაობს. თავის დროზე ბევრად მეტი შემეძლო, დიდ ორმოებსაც ვთხრიდი, ახლა აღარ შემიძლია. მძიმე სამუშაოებში ჩემი მეუღლეც მეხმარება.
მთელი წელიწადი მხოლოდ ორი კვირის გამო ვშრომობ. ეს ის ორი კვირაა, რომელსაც ჩემი შვილები ჩემთან ატარებენ. მთელი წელი ვზრუნავ იმაზე, რომ აქ ჩამოსულ ჩემს შვილებს შევუქმნა კომფორტი. მინდა, დილით მშვიდ და ლამაზ გარემოში მიირთვან ჩაი, ყავა, ისაუზმონ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

nino 2017-08-09 13:13
ra kargi bagi gaqvt, uzomod momewona. yochag qalbatono.
Maiko bucxrijudze 2017-06-26 11:54
Gaixaret tqven ,am silamazis sheqmnistcis!!
neli saqartvelo 2017-06-25 13:46
Bagi ki ara walkotia.didi siyvarulia chadebuli.enit auwereli silamazea

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები