დასავლეთის ქვეყნებში პოპულარული ფლუგერი ფეხს საქართველოშიც იკიდებს

ფლუგერი სახლის სახურავზე მაგრდება, ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს უჩვენებს და იმავდროულად მეხამრიდის ფუნქციასაც ასრულებს. ის ანძაზე დამაგრებული, თავისუფლად მოძრავი ფირფიტაა, თუმცა, დეკორატიული დანიშნულებაც აქვს და საკუთარ სახლებს განსაკუთრებულ მოხდენილობას ანიჭებს. ბევრმა ნაკლებად ან თითქმის არ იცის ფლუგერის შესახებ. გადავწყვიტეთ, ჩვენს მკითხველს პრაქტიკული რჩევები შევთავაზოთ. ჩვენს შეკითხვებს დიზაინერმა გიორგი მუჩიაშვილმა უპასუხა. ის რამდენიმე წელია, ამ საქმიანობითაა დაკავებული.

- იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყოფილება დავამთავრე. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც მონუმენტური კერამიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. შევისწავლე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი და მას

შემდეგ დიზაინის კუთხით ვმუშაობ. ფლუგერის დამზადება რამდენიმე წლის წინ დავიწყე. კოტეჯებისა და აგარაკების მფლობელები მზად არიან, დაამშვენონ სახურავი საინტერესო დეტალებით. ფლუგერი, ორიგინალური ფიგურით გამოარჩევს სახლს მეზობელი შენობებისაგან. ის პოპულარულია დასავლეთის ქვეყნებში. სწორედ ჩვენი ქვეყნის სწრაფვამ ევროპისკენ გამიჩინა ფლუგერის დამზადების იდეა.

- როგორი ტიპის სახლს უხდება ფლუგერი და რა ძირითადი ცოდნაა საჭირო მის დასამზადებლად?
- ფლუგერები ძირითადად ძველი სტილის სახლებს უხდება, მაგრამ არ არის აუცილებელი, მხოლოდ საკუთარ სახლზე გაკეთდეს. ის შეიძლება კორპუსზე დამაგრდეს ან რომელიმე ფირმამ ლოგოდ გამოიყენოს. რაც შეეხება მის დამზადებას, მაგალითად, მე ორი წელი დამჭირდა, რომ ის გამემართა. ერთი შეხედვით მარტივი ფიგურაა, მაგრამ აუცილებელია, ისარმა ქარის მიმართულება სწორად გიჩვენოს.

- რა მასალისგან მზადდება და როგორ შეიძლება დავამაგროთ სახურავზე?
- ფლუგერები ხელნაკეთია, ფოლადისაა, თუმცა მისი დამზადება სხვა მასალითაც შეიძლება, თუნდაც კერამიკით. დამზადებული ფლუგერის აწყობა-დამაგრება, საკუთარი ხელით, სპეციალური ხრახნილების მეშვეობით შეგიძლიათ.



- საქართველოში ყველაზე მეტი მოთხოვნა ფლუგერის რომელ გამოსახულებაზეა?
- ჯერჯერობით ოცი ფლუგერი მაქვს დამონტაჟებული. მას მიკვეთავენ, ან უკვე დამზადებულს ყიდულობენ. მისი წარმოება სერიულადაცაა შესაძლებელი. ფორმა მეპატრონის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჩოგბურთელმა შეიძლება ჩოგანი შემიკვეთოს, ან რომელიმე კომპანიამ - თავისი ლოგო. ყველაზე გავრცელებული მამლის გამოსახულებაა, მაგრამ არა მოთხოვნადი. ვცდილობ, ფლუგერი არ გავიმეორო და ყველა დამკვეთს ინდივიდუალური გამოსახულება შევთავაზო. მაგალითად, რამდენიმე ფლუგერი ახლობლების სახლებზე გავაკეთე. ერთი ჩემს სახლზე მაქვს შინდისში.

- საქართველოში სად შეიძლება ფლუგერის შეძენა ან რამდენი უჯდება დამკვეთს მისი დამზადება?
- მართალი გითხრათ, არ ვიცი, სად შეიძლება შეიძინოთ დამზადებული ფლუგერი, მაგრამ დამკვეთს, ქართველი იქნება თუ უცხოელი, მისი დამზადება დაახლოებით 200 დოლარი დაუჯდება. თუ ფიგურების რაოდენობა და ზომა მკვეთრად განსხვავდება სტანდარტული ზომისგან, მაშინ მისი ფასი იზრდება.

- რა უნდა გაითვალისწინოს სახლის პატრონმა ფლუგერის შეძენა-დამზადებისას?
- თუ ფლუგერის დამზადება გადაწყვიტეთ, მაშინ გამოსახულებაზე მეტად, ყურადღება მის დანიშნულებას მიაქციეთ.

ნათია ჩაშინი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები