ჩრდილი ეზოსა და აივანზე - რომელი მცენარეებია საუკეთესო ამისთვის?

რაც უნდა დიდი და კეთილმოწყობილი კარ-მიდამო გქონდეთ, ზაფხული ტანჯვად გექცევათ, თუ ეზოში ჩრდილი არ გაქვთ. საჩრდილობლის მოსაწყობად კი რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. საამისოდ პრაქტიკულ რჩევებს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი მაია ქურდაძე გვაძლევს.


სანამ უშუალოდ დარგვა-გამწვანებას შეუდგებით, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:

* თავდაპირველად გადაწყვიტეთ, მთელი წლის განმავლობაში გნებავთ დაჩრდილვა თუ მხოლოდ ცხელ სეზონზე. თუ მთელი წლის განმავლობაში ჩრდილი გჭირდებათ, მაშინ მარადმწვანე ხეები შეარჩიეთ.

* მნიშვნელობა აქვს ეზოს ფართობს. სხვადასხვა ზომის სივრცეს განსხვავებული მოცულობის მცენარე მოუხდება. გასათვალისწინებელია სიმაღლე და ვარჯის

ფორმაც.

* რამდენად სწორია ეზოს ზედაპირი. ფერდობებზე დასარგავ მცენარეებს ფესვთა სისტემა ძლიერი უნდა ჰქონდეთ, რომ მორწყვის ან წვიმის დროს ფესვები არ გამოერეცხოს.

* რამდენი ხნით გეგმავთ საჩრდილობელს. ზოგი მცენარე ადრე ბერდება და დეკორატიულობას კარგავს. ზოგი დღეგრძელობით გამოირჩევა. თუ რამდენიმე წელიწადში ეზოს გადაკეთება გეგმავთ, დღეგრძელი მცენარის განადგურება აფსუსია. უმჯობესია, სწრაფმზარდი შეარჩიოთ.

* ადგილობრივი კლიმატური პირობები. ეზო არის თუ არა დახრილი და ჰორიზონტის რომელ მხარეს. გათვალეთ სიცხისა და სიცივის პერიოდები, ქარიანობა, ჰაერის ტენიანობა, ნიადაგის თვისებები, გრუნტის წყლები.

მცენარეები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, გარდა დეკორატიულობისა, იმის გათვალისწინებითაც შევარჩიეთ, რომ მათ ჩრდილში მშვიდად იგრძნოთ თავი: არ აქვთ მომწამლავი თვისებები, ნაყოფის ცვენა კი უსიამოვნო და უხერხულ შედეგებს არ იწვევს.

ცაცხვი - 40 მ-მდე სიმაღლის იზრდება. მრგვალი ან ოვალური ვარჯი აქვს. საქართველოში კარგად ხარობს. სიცივის კარგი ამტანია. ჰაერის სიმშრალეს იტანს მხოლოდ კარგი მორწყვის პირობებში. დამდგარ წყალს ან მაღალ გრუნტის წყლებს ვერ ეგუება, თუმცა მოითხოვს ტენიან ნიადაგს. საკმაოდ სწრაფმზარდი ხეა. მისი სურნელოვანი ყვავილები სამკურნალოდ გამოიყენება. ქარგამძლეა. იტანს ნაწილობრივ დაჩრდილვას. მოითხოვს დიდ სივრცეს, სივიწროვეში იჩაგრება. მრავლდება თესლით, ამონაყრით და გადაწვენითაც. ცოცხლობს ასეულობით წელი.

დიდფოთოლა ნეკერჩხალი - საშუალო სიდიდის, სწრაფმზარდი ხეა, 30 მ-მდე იზრდება. ჩრდილისა და სიცივის ამტანია, თუმცა მზე ურჩევნია. საქართველოში კარგად ხარობს, გარდა მაღალმთისა და ნახევარუდაბნოსი. კარგად ეგუება ქალაქის პირობებს, ამიტომ საავტომობილო გზებისა და ზღვის პირასაც ხარობს. ქარგამძლეა. თაფლოვანი. გაზაფხულზე დიდი ვარდისფერი ნაყოფი თანდათანობით ყავისფრდება. ახალგაზრდობაში კარგი მორწყვა სჭირდება, ზრდასრული გვალვის ამტანია. გამოყვანილია წითელფოთლიანი ჯიშები. შეიძლება ფერდობებზე დარგვა. მრავლდება თესლით და ამონაყრით.

კატალპა - საშუალო სიმაღლის ხეა მომრგვალო ფორმის ვარჯითა და დიდი, ფართო, გულისებრი ფოთლებით, რომლებიც შემოდგომით არ ყვითლდება, მწვანე ცვივა. ქარში ფოთლები ეხევა და ეფექტს კარგავს, ამიტომ მყუდრო ადგილი სჭირდება. გრძელი, ჯოხებივით ნაყოფი ზამთარში ლოლოებს მოგაგონებთ. საკმაოდ ყინვაგამძლეა. ყვავის გაზაფხულზე. მზის მოყვარული ხეა. ჰაერის სიმშრალეს ცუდად იტანს. მოზარდობისას მოითხოვს ხშირ და უხვ მორწყვას. მოსწონს ფხვიერი და ნოყიერი ნიადაგი. შეგიძლიათ ნაკელით ან მინერალური სასუქით გაანოყიეროთ.

იფანი - (დასავლეთ საქართველოში კოპიტს ეძახიან), საშუალო სიმაღლის ხეა გადაშლილი ვარჯით. უპრეტენზიო მცენარეა, ყინვა და გვალვაგამძლე. მოზარდობისას ნაწილობრივ დაჩრდილვას იტანს. ნოყიერ ნიადაგზე, კარგი მორწყვის პირობებში სწრაფად იზრდება. ცოცხლობს 300 წლამდე. ქარგამძლეა. შემოდგომით ფოთლები ოდნავ უყვითლდება. მწვანე, ფრთიანა ნაყოფები ჯგუფებად ეკიდება ტოტებზე და გვიან ზამთრამდე რჩება. კრეჭა-ფორმირებას ცუდად იტანს. ქალაქის პირობებისთვის შესაფერისი ხეა. გამოყვანილია ჭრელფოთოლა კულტივარები: თეთრი და ყვითელი ლაქებით. ადვილად მრავლდება თესლით.

არღავანი - დაბალი ხეა, 8-12 მ-მდე. ხშირად მიწიდანვე იტოტება. სითბოს მოყვარულია, მთაში ვერ ხარობს. იზრდება საშუალო სისწრაფით. მზიან ადგილს მოითხოვს. ჰაერის სიმშრალისა და გვალვის კარგი ამტანია. გაზაფხულზე ფოთლები ღია მწვანეა, შემოდგომით ნახევრად ყვითლდება. შეფოთვლამდე ყვავის ვარდისფერი უსუნო ყვავილებით, რომლებიც პირდაპირ ტოტებზე გამოსდის. ყვავილები ლობიოს ფორმისაა, პატარა და ძალიან ბევრი, იმდენი, რომ ტოტები იფარება. ამ დროს ულამაზესი სანახავია. ფერდობებზეც მშვენივრად ხარობს. კარგი მცენარეა პატარა ეზოებისთვის. იტანს ქალაქის არახელსაყრელ პირობებს.

სოფორა - საშუალო სიმაღლის ფართოვარჯიანი ხეა, 25 მ-მდე იზრდება. ხშირად შეხვდებით თბილისის გამწვანებაში. ფოთლები აკაციის მსგავსი აქვს, მაგრამ უეკლოა, ყვავის ზაფხულის II ნახევარში აკაციისებრი, მხოლოდ ყვითელი, ნაკლებად სურნელოვანი ყვავილებით. ნაყოფები პატარა, წვრილი მწვანე ჩურჩხელებივით კიდია ხეზე გაზაფხულამდე. ტოტები ზამთარშიც მწვანე რჩება. მზის მოყვარული, ყინვების საშუალოდ ამტანი, გვალვაგამძლე ხეა. ხარობს ყველანაირ ნიადაგზე გარდა დაჭაობებულისა. სწრაფმზარდია. აღსანიშნავია მტირალა ფორმის კულტივარი, რომელიც კარავს მოგაგონებთ.

დიდფოთოლა მაგნოლია - მაღალმზარდი ხეა ფართო პირამიდული ვარჯით, ხშირი შეფოთვლით. ფოთლები ტყავისებრი, დიდი და პრიალაა. ცალკეული 25 სმ-მდე სიფართის რძისფერი ყვავილები ტოტების წვეროებზე იშლება. სურნელოვანია, მაგრამ მისი დიდხანს ყნოსვა თავის ტკივილს იწვევს. ყვავილობა გაზაფხულიდან ხშირად შემოდგომამდე გრძელდება. ნაყოფიც დეკორატიულია: ოვალური გირჩის ფორმის, რომელზეც წითელი თესლები მოკლე ყუნწებით კიდია. სანამ პატარაა, მოჩრდილული ადგილი ურჩევნია. მზეს ამ დროს კარგად იტანს ხშირი მორწყვის პირობებში. ტენის მოყვარული და საკმაოდ ყინვაგამძლე ხეა, -15 ჩო უძლებს. იზრდება თბილისში და საერთოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, თუმცა უჭირს ჰაერის სიმშრალის გამო. დასავლეთ საქართველოში კარგად ხარობს. მოსწონს მჟავე რეაქციის ნიადაგი (რომელიც დასავლეთ საქართველოს დაბლობშია). გადარგვას და ტოტების შეჭრა-ფორმირებას ცუდად იტანს. არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია, ფოთლები სულ დასცვივდეს, მაგრამ მოვლით ადვილად აღდგება. მრავლდება თესლით, შესაძლებელია კალმით გამრავლებაც.

მწვანე ფარდები - ეზოსა და აივნის მოსაჩრდილებლად
აივნის მოსაჩრდილებლად ძირითადად ხვიარა მცენარეები გამოდგება, რომლებსაც ლიანებსაც უწოდებენ. ისინი შეიძლება ჩარგოთ ქოთანში ან პირდაპირ მიწაში. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ, ჰორიზონტის რომელ მხარეს გადის თქვენი აივანი.

ყველა მაღალმოზარდი ლიანა, რომელიც აივნისთვის ან სხვა საჩრდილობლისთვის გამოგადგებათ, ქოთანში საკმარის სიმაღლეზე ვერ იზრდება. ზოგი მცენარე, მიწაში ჩარგვის შემთხვევაშიც კი, მაღალ სიმაღლეზე ვერ ადის, მხოლოდ II-III სართულამდე. თუ მწვანე ან მოყვავილე ფარდა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში გჭირდებათ, მაშინ ერთწლოვანი ლიანები გამოგადგებათ, რომლებიც ზამთარს ვერ უძლებენ და აცივდება თუ არა, შეგიძლიათ "ჩამოხსნათ". საჩრდილობლად ხშირად ეზოში ფანჩატურს აწყობენ: ტალავერის პრინციპით აკეთებენ ხის, ლითონის ან სხვა გამძლე მასალის კარკასს და მასზე ხვიარა მცენარეს უშვებენ, რომელიც სწრაფად ფარავს ზედა ნაწილს. მცენარით დაფარულ საჩრდილობელში მეტად გრილა, ვიდრე არაცოცხალი მასალით დახურულში. აივნისთვისაც და ფანჩატურისთვისაც შემდეგ მცენარეებს გირჩევთ:

 



მრავალწლოვნები:
გლიცინია ანუ ვისტერია ფოთოლმცვენი ძლიერი ლიანაა. ქოთანში ჩარგული არ გამოგადგებათ, შევიწროებული ფესვებით აივნის დაჩრდილვას ვერ შეძლებს, ყვავილობაც უჭირს. მიწაში ჩარგულს კი 20 მ სიმაღლეზე შეუძლია ავიდეს. ხშირი ტოტები პირველ წელს წვრილი და მოქნილია, იხვევა, შეგიძლიათ სასურველი მიმართულებით დააფიქსიროთ საყრდენზე. თავისით დიდ სიმაღლეზე ვერ ადის, თავს ვერ იჭერს, ქვემოთ ეშვება. მეორე წლიდან კი მერქნიანდება და მიმართულებას ინარჩუნებს. მზის მოყვარულია, ყინვაგამძლე. გვალვის საშუალოდ ამტანი. კარგი მორწყვის პირობებში სწრაფმზარდია. ორიოდე წელიწადში ფარავს აივანს ან ფანჩატურს. ყვავის გაზაფხულზე, განმეორებით – ადრე შემოდგომაზე. ყვავილედები, 50 სმ-მდე და უფრო გრძელიც, ტოტებიდან ქვემოთ ეკიდება. ნაზ სურნელოვანი ყვავილები ერთდროულად იწყებს გაშლას ზემოდან ქვემოთ. ყვავილობს 5 წლის ასაკიდან. ტენიანი და სუფთა ჰაერის მოყვარული მცენარეა, ამიტომ თბილისში თავიდან უჭირსხოლმე, ყვავილედიც იმხელა ვერ იზრდება, როგორც ტენიან გარემოში, თუმცა ხშირი ფოთლების წყალობით, მშვენიერი საჩრდილობელია. მრავლდება თესლით და კალმით ადრე გაზაფხულზე.

იაპონური ცხრატყავაც (კაპრიფოლი) მიწაში გაზრდილი ჩრდილს იძლევა, ქოთანში კი პატარა ბუჩქად იზრდება. სწრაფმზარდია, ნახევრად მარადმწვანე, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ დიდ სიცივეში - იანვარ-თებერვალში ცვივა ფოთლები, თბილ ზამთარს კი მწვანედ ატარებს. ხშირი, წვრილი ტოტები სწორად მზარდია, ამიტომ თავიდან საყრდენზე აკვრა სჭირდება. ადის 4 მეტრამდე. გვიან გაზაფხულზე უხვად და საკმაოდ ხანგრძლივად ყვავის, ყვავილები თეთრიდან მოყვითალოში გადადის, აქვს სასიამოვნო, ნაზი სურნელი, რომელიც დიდ მანძილზე იგრძნობა. ტენიანი და მზიანი ადგილი უყვარს, თუმცა ჩრდილშიც კარგად იზრდება, მხოლოდ მეჩხერად ყვავის. გვალვის საშუალოდ ამტანია, ადვილად ემორჩილება კრეჭა-ფორმირებას. ადვილად მრავლდება კალმით.

უსურვაზი მიწაშიც შეგიძლიათ დარგოთ და მოზრდილ ქოთანშიც გაახაროთ, ორივე შემთხვევაში შეძლებს აივანი მოგიჩრდილოთ. ფოთოლმცვენი, სწრაფმზარდი, უპრეტენზიო მცენარეა. ერთნაირად კარგად იზრდება როგორც მზეზე, ისე ჩრდილში. შემოდგომით მზეზე წითელ-მელნისფერი ხდება, ულამაზესი სანახავია. არის ორი სახეობის: სამნაკვთიანი და ხუთფოთოლაკიანი. სამნაკვთიან უსურვაზს წვრილი, ნაზი ყლორტები აქვს. საყრდენს თვითონ ემაგრება პაწაწინა მისაწოვრებით. ვერტიკალურ სიბრტყეზე თხელი ხალიჩასავით ეფინება, ფოთლების წყობა კრამიტს მოგაგონებთ. ხუთფოთოლაკიანი უფრო "ფუმფულაა", მოზრდილი ფოთლებითა და ღეროებით. მისაწოვრები არ აქვს. ამიტომ სიმაღლეზე ასაყვანად თავიდან აკვრა დაგჭირდებათ. პირობები ორივე სახეობას ერთნაირი სჭირდება. კარგი ყინვაგამძლეა. დაჭაობებულის გარდა ყველანაირ ნიადაგს ადვილად ეგუება. სწრაფად ფარავს დიდ ფართობებს. ადის 20-25 მ სიმაღლეზე. კარგად იტანს ქალაქის პირობებს. შემოდგომით, ფოთლების გაწითლებასთან ერთად მწიფდება მისი მუქი ლურჯი კენკრასავით ნაყოფი, რომელიც მომწამლავ ნივთიერებებს შეიცავს და ბავშვებს უნდა მოარიდოთ, შემთხვევით არ შეჭამონ. ადვილად მრავლდება თესლით.

კატაბარდას მრავალი სახეობა და ჰიბრიდი არსებობს. ყველას წვრილი, ნაზი და ხშირი ტოტები აქვს. უმეტესობა ფოთოლმცვენია. არსებობს მარადმწვანე სახეობაც. განსაკუთრებით ლამაზია ჟაკმანის ჰიბრიდები დიდი, 15-20-სმ-იანი ყვავილებით. სურნელი არ აქვს. სუსტი ტოტები ქარში ადვილად ემტვრევა. ქალაქის პირობებში: სიცხეში, მტვერში და ჰაერის სიმშრალეში - ყვავილობა უჭირს. ტენიან და მზიან ადგილზე კი დიდებულად ყვავის. დარგვისას გაითვალისწინეთ, რომ ფესვის ყელი (ადგილი, სადაც მცენარის ღერო ფესვს უერთდება, ე. ი. მიწისპირთან) მოჩრდილებული ჰქონდეს, მზეზე ადვილად იწვება და მცენარე ზიანდება. საყრდენს ეხვევა ფოთლის ყუნწების საშუალებით. დიდ სიმაღლეზე ვერ ადის, ფანჩატურსა და პირველ სართულს იოლად დაგიფარავთ. ეცადეთ, ლითონის საყრდენს მოარიდოთ - სიცხეში ღეროები იწვება, ზამთარში კი ადვილად იყინება, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ყინვაგამძლეა. კარგად იზრდება ნოყიერ ნიადაგში. მრავლდება ძირის დაყოფით, ამონაყრით ან გადაწვენით.



ერთწლოვანები:
იპომეა ანუ აბილილი - მას დილის ყვავილსაც ეძახიან. ღია გრუნტში 5 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს, ქოთანში - 1,5 მეტრამდე. საყრდენზე თვითონ ეხვევა. ყვავილობს ზაფხულის განმავლობაში, შუა ივნისიდან გვიან შემოდგომამდე. აქვს დიდი, მუქი მწვანე, გულისებრი ფოთლები. გრამოფონისებრი ყვავილები ჰიბრიდულ ჯიშებს განსაკუთრებით დიდი აქვთ - 10-12 სმ დიამეტრის. საყრდენად ვერტიკალურად დაშვებული მავთული ან წვრილი თოკი გამოგადგებათ. ბრტყელ საყრდენზე დახვევა გაუჭირდება და ჰორიზონტალურად გაიზრდება. უყვარს მზიანი, მყუდრო ადგილი, ქარში ადვილად იმტვრევა. ეცადეთ, თავიდანვე ნოყიერ მიწაში ჩარგოთ, რადგან სასუქები ზრდას აძლიერებს და ყვავილობას აფერხებს. მორწყვა ზომიერი სჭირდება, მიწა მუდმივად ტენიანი უნდა ჰქონდეს და არა წყლიანი. გაითვალისწინეთ, რომ გადარგვას ცუდად იტანს. ამიტომ იმ ადგილას დათესეთ, სადაც უნდა გაიზარდოს. შეგიძლიათ რამდენიმე ფერის მცენარე ერთად დარგოთ.

ნასტურცია ანუ დედოფლის ყვავილის ფოთლები საჭმელად გამოსადეგიცაა, სალათებში ხმარობენ. წვნიანი ღეროები 2-3 მეტრს აღწევს. დეკორატიული ფოთლები მრგვალია, სხივისებური დაძარღვით. ბუნებრივად ნარინჯისფერი ყვავილი აქვს, დღეისათვის გამოყვანილია სხვადასხვა ტონალობის თეთრი, ყვითელი, ღვინისფერი და ვარდისფერყვავილიანი ჯიშები. ხარობს მზეშიც და ჩრდილშიც, ნოყიერ და ღარიბ ნიადაგში. რა თქმა უნდა, უკეთესი პირობები ურჩევნია. გადარგვას ცუდად იტანს, ამიტომ კონტეინერიდან მიწაში ისე გადაიტანეთ, რომ მიწის გუნდა არ დაეშალოს. ქარში ადვილად იმტვრევა. მორწყვა ზომიერი სჭირდება. ზედმეტი წყლისგან ადვილად ლპება. თუ გადაყვავილებულ ღეროებს მოაცილებთ, ყვავილობა გაუხანგრძლივდება გვიან შემოდგომამდე. ძალიან ეფექტურია ზემოდან დაშვებული მწკრივში დარგული ნასტურციების ფარდა. ადვილად მრავლდება თესლით, რომელიც აღმოცენების უნარს 4 წელი ინარჩუნებს.

დეკორატიული ანუ თურქული ლობიო საჭმელ ლობიოზე ადრე იწყებს ყვავილობას. აქვს ხშირი, მოზრდილი ფოთლები და თეთრი, ვარდისფერი ან წითელი, დიდი ყვავილები. მოვლა ისეთივე სჭირდება, როგორიც ჩვეულებრივ ლობიოს: მზიანი, მყუდრო ადგილი, ზომიერი მორწყვა და კარგი ნიადაგი. ყვავის გვიან შემოდგომამდე. კარგად ეგუება ქოთნის პირობებს, თუ ჭურჭელი შეუფერებლად პატარა არ არის. მრავლდება თესლით. ითესება აპრილში, როცა კარგად დათბება.

სურნელოვანი არჯაკელი მუხუდოს ახლო ნათესავია, მისი მსგავსი აგებულება აქვს, მხოლოდ გაცილებით გრძელი და მტვრევადი ღერო ეზრდება, ზოგი ჯიში 2,5 მ-ს აღწევს. ქარისგან დაცული ადგილი სჭირდება. აქვს სურნელოვანი, სხვადასხვა ფერის ყვავილები - თეთრიდან მელნისფრამდე. მისგან კარგ ჩრდილს ვერ მიიღებთ, გამჭვირვალე, მსუბუქ ფარდად თუ გამოგადგებათ. მრავლდება თესლით. დათესვის წინ თესლი ერთი დღით წყალში დაალბეთ, ასე უფრო მალე გაღივდება. წამოიზრდება თუ არა, კენწერო წააწყვიტეთ, რომ დაიტოტოს და მეტი ყვავილი განუვითარდეს, რაც ამ ხვიარა მცენარის მთავარი ღირსებაა.

თეა ცაგურიშვილი

კომენტარები

giorgi 2017-06-13 22:34
I და II სურათის მცენარეების ახელები მომწერეთ რაა
კოტე 2016-10-09 15:46
სად იყიდება დეკორატიული ნეკერჩხლის და ცაცხვის ნერგები ?
ნატო 2016-06-29 21:25
მაინტერესებს პირველი და მესამე სურათი რა ხეებია?მადლობთ
madona 2016-06-25 12:29
ელზა,ნიადაგი გამოკვლეუკი გაქვს?ph
ან როგორი ნიადაგია ვიზუალურად,ქვიანი თიხნარი .რადა მეც თერჯოლაში მაქვს ეზო და არცერთ ხეს პრობლემა არა აქვს
ელზა 2016-06-22 10:27
ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს მამა პაპისეულ ეზოში ვერცერთმა თაობამ ეზოში ნარგავები ვერ გაახარა, ეზო არის ვაკე მინდვრიანი, ნერგების განახლება ხდება მუდმივად.რამოდენიმე წელში მცენარე იწყებს გახმობას როგორ შეიძლება მიზეზის დადგენა,ეზო არის დასავლეთში თერჯოლის რაიონში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები