ულამაზესი სახლის ისტორია ქართული სოფლიდან, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა

ამ საოცარი სახლის ფოტოს და ინფორმაციას მასზე სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ჩვენი სოფლის სახლები" გვიზიარებს "სამოქალაქო ინიციატივას" თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი. ქეთის გავესაუბრეთ და მისივე ნებართვით ვაქვეყნებთ მის ფოტოსაც:

"ერთი შეხედვით იტალიურ ტოსკანას ჰგავს. ასეთი დასახლებაა, ულამაზესი მთების ფონზე, აგურით ნაშენი ულამაზესი სახლები, დაბლა მარნები, მაღლა ხის აივნები, ხის აივანზე, ვაზი ასული. ასე გგონია, სადაცაა ჯულიეტა გადმოდგება აივნიდან ან რომეო იმალება სადმე აივანს ქვემოდან. ნაძვები, ნაძვები და ვენახები, გადაჭიმული კილომეტრებზე და ირგვლივ, ყველგან სულ ნაძვნარი, სულ
და სულ... ჰოდა ხომ გგონიათ, რომ მართლა ტოსკანაში ხართ და მართლაც იტალიაში?
არადა ხირსაა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში და ყველა აღწერა, რაც ფოტოს ახლავს, სახელების გარდა, სიმართლეა.
არადა რა საინტერესოა, ჩვენსას რატომ ვერ ვხედავთ და სხვების ზღაპრულ სილამაზეებად გვეჩვენება?!
და რითაა ნაკლები ხირსის ღვინის მარნისთვის აშენებული ეს ულამაზესი აგურის სახლები? ტოსკანას მზით დახრუკული სახლები რატომ გვეზღაპრება და ხირსის არც კი ვიცით?!

ამ სოფელში, ასეთი ათობით სახლია, ფოტოს თუ დააკვირდებით, ამ ათობით სახლს ახლა სიღარიბე სჭამს, ერთი ოჯახი ცხოვრობს სახლის ერთ კუთხეში, დანარჩენი ღვთის ანაბარაა მიტოვებული და ფანჯრებჩამტვრეული.
ხირსა ისტორიული სოფელია, საუკუნეების წინ, კერამიკას აწარმოებდნენ.
ახლა? ახლა ყველა მიდის და არავინ ბრუნდება სოფელში, არავინ!

იტალიაში რომ დაგხვდებათ 30 წლის წინ აშენებული ასეთი ტიპის სახლი, წინ ულამაზესი ბაღით და ხეივნით, ხომ ავღფრთოვანდებით, უამრავ ფოტოს გადავიღებთ და დავჩექინდებით ტოსკანაში. და ხირსა? გინახავთ კი? ან ის მაინც იცოდით, რომ ასეთი ტიპის სახლები იყო ხირსაში", - წერს ქეთი. ხოლო ფოტოს კომენტარებიდან ვარკვევთ, რომ ამ სახლის პროექტის ავტორი ხალხური ხუროთმოძღვრების საუკეთესო მცოდნე და ცნობილი ქართველი არქიტექტორი ლონგინოზ სუმბაძეა. ტიპიური პროექტის სერიის ნომერია 209 და ის აშენებულია საქართველოს მრავალ ქალაქსა თუ დაბაში და გამოყენებული იყო რუმინეთში ომისშემდგომ ქალაქ ვიქტორიის მშენებლობისას.

როგორც ქეთი ამბობს, ეს და ასეთი ტიპის სახლები ღვინის მარნის თანამშრომლებისთვის იყო საბჭოთა კავშირის დროს.

- თუ არ ვცდები, ასეთი მეორე სახლი კიდევაა, დანარჩენი სხვა არქიტექტურის სახლებია. ამ სახლის მესაკუთრე რამდენიმე ოჯახი იყო, თუმცა ამჟამად ამ სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. ხირსა საკმაოდ მოშორებული სოფელია, ამიტომ მუდმივად იცლება და სახლების მესამედი ცარიელია. ძალიან საინტერესოა ხირსა, როგორც სოფელი, რადგან მის უკან არის ე.წ. ხორნაბუჯის ციხე და არწივის ხეობა, ამ სოფლიდან არის ბილიკები, რონელიც პირდაპირ არწივის ხეობაში მიდის.

- როგორ მოხვდით ხირსაში?
- მე წნორიდან ვარ და იქ პირველი პანდემიის დროს, ყველაფერი რომ დაიკეტა, ღია საზოგადოების პროექტი გვქონდა. ამ პროგრამის ფარგლებში, ხირსის საბავშვო ბაღის მოსწავლეებს ფანქრები, სახატავი ფურცლები, გასაფერადებლები და ა.შ. მივუტანეთ და ეს ფოტოც მაშინ გადავიღე. სხვა დროსაც ვყოფილვარ და ძალიან მიყვარს, ულამაზესი სოფელია, წინ სულ ვენახებია, ალაზნის ველზე და ეს სოფელი სულ ნაძვებშია, მართლაც ტოსკანას ჰგავს, ნუ ტოსკანას კი არა, საქართველოს, უბრალოდ ჩვენი ქვეყანა მართლა ლამაზია.


როგორც ინტერნეტ-ენციკლოპედია იუწყება, ხირსა კახეთის მხარის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ისტორიული პუნქტია (ყოფილი ხირსის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე). შედის ქვემო მაჩხაანის თემის საკრებულოში.

ძვ. წ. ათასწლეულის I მესამედში წარმოიქმნა დაბის ტიპის მსხვილი სამოსახლო. განვითარებული იყო კერამიკის წარმოება. ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში ქალაქური ხელოსნური წარმოების ჩასახვისა და განვითარების პერიოდში ხირსა თანდათან დაქვეითდა.

VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა სტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) აქ მონასტერი დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული.

კომენტარები

Лекишвили lekishvili 2023-04-26 00:05
სხვათაშორის ასეთი სზხლები ნაფარეულშიც არის ზუსტახ ასეთი პროექტით , ადრე ნაფარეულის ღვინის ქარხნის თანამშრომლები ცხოვრობდნენ
ჩიტო 2021-02-13 12:54
ამ სახლის ასლი ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თბილისში
ლევანი 2021-02-05 14:51
ნუ იცით ხოლმე მოთქმა-გოდება წარსულზე... ეს სახლები იმიტომ აშენდა მაშინ, რომ ფუნქცია ჰქონდა და დატვირთვა შესაბამისი. დღეს დღევანდელობის ფუნქციონალის და დატვირთვის მქონე შენობები უნდა აშენდეს. ვინ შევა და იცხოვრებს 2 საუკუნის წინანდელ სახლში, რომელიც საერთოდ განსხვავებული სტილით და ინტერიერის განაწილებითაა ნაშენები, ვიდრე დღევანდელი სტანდარტებია? არც არავინ.

იტალიას რომ მისტირიხართ, გარბის იქიდანაც ხალხი და იტალიელები 1 ევროდ ყიდიან მსგავს სახლებს იმ იმედით, რომ ვინმე იყიდის და ისევ გააცოცხლებს. თუმცა ეგ პროექტი რეალურად არ მუშაობს. იმიტომ რომ იმ 1 ევროიან სახლს 100 000 ევროს სარემონტო სამუშაოები სჭირდება რომ აზრზე მოვიდეს. ადგილზე კი არც ეკონომიკაა, არც ბიზნესები და არც სამუშაო ადგილები...

მოკლედ, მოეშვით ფანტაზიორობას და წარსულის მაგტივრად მომავალზე იფიქრეთ!
მაია 2021-02-03 14:58
ამ სახლს ელფერს უკარგავს მწვანე ფერში ნახევრად შეღებილი (დაწყებული და არ დამთავრებული) მოაჯირი, ან ეს გაურკვეველი ღობესმაგვარი რაა, თან უკვე დამპალი? ფოტოს გადაღების დროს მაინც მოაცილეთ ეზოში მიმობნეული ჟანგიანი ქვაბები, მითუმეტეს ამის ადგილი არის. მოკლედ ევროპული პეწი აკლია და მაგარი სახლი იქნებოდა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები