სოფელი ცასთან ახლოს და 12-ბავშვიანი სკოლის მასწავლებელი

ნინო ჭიჭინაძე 7 წლის წინ ქალაქიდან მესტიის რაიონის სოფელ იელიში აღმოჩნდა... ის განათლების სამინისტროს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონკურსის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. იმ დროისთვის იელის საჯარო სკოლას საჭირო კადრი არ ჰყავდა, სწორედ ამან განაპირობა ნინოს ამ სოფლის სკოლაში მოხვედრა... სკოლაში სულ 12 მოსწავლეა, ამ პატარა სოფელს და სკოლას უამრავი პრობლემა აქვს. სწორედ ამ პრობლემებზე, მოსწავლეებზე, სკოლაზე და სვანების მასპინძლობის შესახებ ნინო სვანეთიდან გვესაუბრა...


- პროექტმა "ასწავლე საქართველისთვის“ მომცა საშუალება მემუშავა ამ ლამაზ კუთხეში. გავცნობოდი სვანეთს, დავმტკბარიყავი მისი სილამაზით და გამეცნო ხალხი,

რომელიც ჩემი ცხოვრების ლამაზი ეტაპის შეუცვლელი თანამგზავრნი არიან. მინდა მადლობა ვუთხრა ადამიანებს, ვინც პროექტი შექმნა და აგრძელებს მას, რადგან საქართველოს ბევრ სოფელს ნამდვილად ესაჭიროებოდა კადრები, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე იზრუნებდა. პროექტმა ასევე დიდი წვლილი შეიტანა მიგრაციის შეჩერებაში.
ეს სოფელი რომ ნახოთ, იტყვით, უფალს მიუმალავს, რომ ავ თვალს არ ენახვებოდესო. საგვარეულო კოშკები და სოფელს შემოკრული შვიდი ტაძარი, დაუვიწყარ სილამაზეს ქმნის. სამუშაო დღეებში სოფლის მთავარი ცოცხალი ნაწილი სკოლაა, უქმეებზე კი - ტაძარი. 12 მოციმციმე ბავშვი არის სოფლის დიდი განძი.
იელის სკოლაში ჩამოსულ არაჩვეულებივ ბავშვებთან ერთად არაჩვეულებრივი თანამშრომლები დამხვდენენ. აქ ბავშვებს ყველაფერი სხვანაირად უხარიათ, სწავლობენ ძალიან კარგად და დიდი მონდომებით ეკიდებიან ამ საკითხს... ბავშვების და ჩვენი ურთიერთობა არ გულისხმობს მხოლოდ გაკვეთილებზე შეხვედრას. სკოლაში ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობას. მათთვის არ არის უცხო წიგნთან ურთიერთობა. ვატარებთ შემეცნებით კონფერენციებს, სასწავლო პროექტებს, ლიტერატურულ მიმოხილვებს და სხვა უამრავ აქტივობას. ბავშვების სულიერ საზრდოზე კი მოძღვარი არჩილ ბურჯანაძე ზრუნავს... სწორედ მის სახელს უკავშირდება ინტელექტუალური თამაშის "ჭადრაკის“ პოპულარიზაცია მესტიის რაიონში...


მოსწავლეებთან ვმუშაობთ ერთიანი და თბილი გუნდი პედაგოგებისა, რომელთაც არაჩვეულებრივი ადამიანი, დირექტორი ლეილა ხვიბლიანი ხელმძღვანელობს. იგი თავდადებულია პროფესიისთვის, ყველაფერს აკეთებს ბავშვებისთვის და თანამშრომელბისთვის, რომ სკოლა იყოს წარმატებული, ცოცხალი და შედეგიანი. ყველამ იცის, რომ პედაგოგთა მუშაობა მიზნად ისახავს მოსწავლეთა კონკურენტუნარიან ადამიანებად აღზრდას, რომ თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში. "გაზაფხულს, ერთი მერცხლის ჭიკჭიკი ვერ მოიყვანსო“, სწორედ ამას ვეყრდნობით და ერთიანი ძალებით ვცდილობთ, სოფლის პატარა მარგალიტებს, ჩვენის მხრივ, არაფერი მოვაკლოთ.


მთავარი სიძნელე უგზოობაა. რვაკილომეტრიანი გზა გამოუსწორებელ სირთულეს ქმნის. წელიწადის 7-8 თვე სოფლამდე მხოლოდ ორხიდიან ტრანსპორტს შეუძლია მოსვლა. აქედან 6 თვე თოვლი და გზად ჩამოსული ზვავები აფერხებს გადაადგილებას, დარჩენილ დროს კი - სავალ მანძილზე დამდგარი ტალახი. მოსახლეობა შემოდგომაზე იმარაგებს ზამთრისათვის საჭირო ფქვილს და პროდუქტს.ზამთარში ავადობაზე უმჯობესია, არ ვიფიქროთ, რადგან სასწრაფო დახმარება თუ მოვიდა, უფლის მადლობელი უნდა ვიყოთ. ხშირად შეუძლოდ მყოფი ადამიანი მარხილით გაუყვანიათ 8-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადამდეც მესტიიდან მომავალი სასწრაფოს ავტომობილი მოსვლას ახერხებს.
მესტიის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის, მხოლოდ საკუთარი ან მეზობლის მანქანით თუ ჩავალთ მესტია, ხოლო სოფლიდან წასული თანასოფლელის მოსვლა კი ყველას პრობლემაა. მოიკითხავენ ხოლმე, მოვიდა თუ "ჩარჩა“. ასეთ შემთხვევაში ხარებით და ნიჩბებით მიეგებებიან და ამოიყვანენ. სადაც ვცხოვრობ, იმ ოჯახის ან მეზობლების დახმარებით მიწევს მეც შინ წასვლა-წამოსვლა ან მესტიაში საქმეზე ჩასვლა. ოჯახის და თანასოფლელთა თანადგომის გარეშე, ვერ შევძლებდი აქ ცხოვრებას, მადლიერი ვარ ყოველი მათგანის.
უგზოობა და უტრანსპორტობა - ეს პრობლემა გარდა დიდებისა, ბავშვებსაც აწუხებთ, ხშირად საგანმანათლებლო კონკურსებისთვის ემზადებიან და ვერ მიდიან, რაც მათი გულისწყვეტის მიზეზი ხდება.


იელიში სკოლა მხოლოდ დაწყებით და საბაზო საფეხურის განათლებას იძლევა, მაღალკლასელი ბავშვები კი გვერდით მდებარე სოფელ წვირმის სკოლას ეკედლებიან, რომელიც იელიდან 6 კმ-ით არის დაშორებული. მოსწავლეები ამ გზას მეტრობით თოვლში გადიან და ხშირად მტაცებლების პირისპირ რჩებიან. ხოლო ვისაც თოვლში ყოველდღიურად სიარული არ შეუძლია, ოჯახისგან უწევთ მოწყვეტა და სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში სწავლის გაგრძელება. ყოფილა ოჯახები, რომლებიც ამ პრობლემას გაქცევიან და სრული შემადგენლობით წასულან სოფლიდან, რადგან ბავშვებს სათანადო განათლებას ვერ აძლევდნენ. ეს ყველაზე მეტად სოფელს აზიანებს და დაცლისკენ მიჰყავს... ეს განსაკუთრებით გულდასაწყვეტია სოფლის მცხოვრებლებისათვის და არამარტო მათთვის. აქ დარჩენილებს მხოლოდ უკან დაბრუნების იმედიღა რჩებათ...
სოფელი ხუთი გვარის ოჯახებით ყოფილა დასახლებული, პრობლემებს უკვე ორი გვარი გაექცა. მათ გადასვლას ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუწყო და ეს დარჩენილი 21 ოჯახი შეუდრეკლად იბრძვის, მაგრამ ეს გარანტი არაა იმის, რომ დიდხანს გაუძლებენ და არ დატოვებენ იელს.

ნინო ჩიქოვანი

კომენტარები

ნინო 2017-04-19 14:05
მიყვარს სვანეთი, ჩემი კუთხე, სადაც არაჩვეულებრივი ბავშობის წლები მაქვს გატარებული. გული მწყდება იმაზე რომ ჩვენ თვითონ სვანები იქ არ ვრჩებით და არ გვებრალება ჩვენი სახლები, რომლებიც მიტოვებული რჩება... ნინო არჩვეულებრივი ადიმიანი ჩანს. წარმატებები მას..
ხატია 2017-04-05 12:36
"ეს სოფელი რომ ნახოთ, იტყვით, უფალს მიუმალავს, რომ ავ თვალს არ ენახვებოდესო." ჭეშმარიტი ნათქვამია :)
მადლობა სტატიისთვის, მაგრამ იელი, იელიმ, იელის და არა იელს, გთხოვთ!
ნათია 2017-04-04 14:29
წარმატებები ნინოს და ამ არაჩეულებრივი სილამაზით შემკულ სოფელ იელს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები