"თბილისში რვასაათიანი სამუშაო გრაფიკით არსებობას, ჩემს სოფელში ცხოვრება ვარჩიე... როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, დაახლოებით ისე ვცხოვრობ..." - თბილისიდან სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა

ნუცა აივაზაშვილი წლების განმავლობაში უცხო ქვეყნებში ცხოვრობდა. იტალიასა და ჩინეთში ინგლისურს ასწავლიდა. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ სოფლად ცხოვრება გადაწყვიტა და მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდა. ნუცა თელავის რაიონში, სოფელ სანიორეში დასახლდა. აქვს მცირე მეურნეობა, გამოჰყავს ნაძვის და მუხის ნერგები, უვლის ოთხფეხა მეგობრებს და ეზოს, რომელიც საკუთარი ხელით გაკეთებული დეკორაციებით გაალამაზა.

- ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპისმცოდნეობის მაგისტრი ვარ. ეს პროგრამა მთლიანად ინგლისურენოვანია, რაც ძალიან დამეხმარა ენის დახვეწაში და შემდგომში საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი პროფესიული მიმართულება: გავხდი ინგლისური ენის ტუტორი. ავიღე სერტიფიკატი,
რაც სხვადასხვა ქვეყანაში ენის სწავლების უფლებას მაძლევს. ვასწავლიდი იტალიასა და ჩინეთში, უმაღლეს სკოლაში.

- რატომ გადაწყვიტეთ, სოფელში დასახლებულიყავით?
- ჩინეთიდან რომ დავბრუნდი, ვაპირებდი უკან წასვლას, სამუშაო ვიზაც მქონდა, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი და სულ სხვანაირად წარიმართა ჩემი ცხოვრება. მედალს ორი მხარე აქვს და შეიძლება ითქვას, კორონამ ჩემი სურვილი, დავბრუნებოდი ბუნებას - დააჩქარა. თბილისში რვასაათიანი სამუშაო გრაფიკით არსებობას, ჩემს სოფელში ცხოვრება ვარჩიე. ბუნების სიყვარული სისხლში მაქვს. თუ ვერ ვხედავ მზეს, არ დავდივარ მიწაზე და არ გავყურებ მწვანე სივრცეს, უბრალოდ უბედური ვარ.

- რა უპირატესობები აქვს სოფლად ცხოვრებას?
- დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ „ბეტონის ჯუნგლებში“ ჩემი ადგილი არ იყო, მაგრამ მეგონა, სოფელში გადმოსვლისთვის მომზადება მჭირდებოდა (პირველ რიგში - ფინანსები). აქ არანაირი კარგი საცხოვრებელი პირობა არ მაქვს ჯერჯერობით. როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, დაახლოებით ისე ვცხოვრობ და მინდა გითხრათ, რომ ამაში ვერანაირ კატასტროფას ვერ ვხედავ. პირიქით, ყოველთვის „სავსე ჭიქას“ ვხედავ ამა თუ იმ მოვლენაში და მიმაჩნია, რომ ქვაბში ადუღებულ წყალს, რომელიც დასაბანად შეგაქვს, თავისი ხიბლი აქვს. ასე ვთქვათ, ნელი ცხოვრების ტემპს გაგრძნობინებს. თბილისში სულ სადღაც მეჩქარებოდა, სულ სადღაც მაგვიანდებოდა. დღეები ისე გადიოდა, ვერც აღვიქვამდი. ახლა კი მშვიდად შემიძლია ვუყურო, მაგალითად, როგორ დუღდება წყალი. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ცხოვრების ნელი, აღქმადი ტემპი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ჩემი თავის უფალი თავად ვარ. როცა მინდა ვდგები, როცა მინდა ვწვები, როცა მინდა ვმუშაობ და რამდენ ხანსაც მინდა, იმდენს ვმუშაობ (მოსწავლეებს ვგულისხმობ, დისტანციურად ვასწავლი ინგლისურს).

- ალბათ მარტივი არ იყო ახალ გარემოსთან შეგუება. როგორ აუღეთ ალღო სოფლად ცხოვრებას?
- სხვათა შორის, მარტივად. დიდ სიამოვნებას მანიჭებს მიწასთან ურთიერთობა. მაქვს პატარა ბოსტანი, გაფართოების სურვილით და პერსპექტივით. ვატარებ „ექსპერიმენტებს”. მაგალითად გირჩებისგან ვიღებ თესლს, მაცივარში ვაყოვნებ ერთი თვე და მერე ნაძვის ნერგები გამომყავს. რკოსგან გავახარე ნერგები და დავრგე შვიდი მუხა. თან ვიდეოებსაც ვიღებ და სოციალურ ქსელებში ვდებ. მინდა სხვებმაც ნახონ, რომ სოფელში ცხოვრება ტანჯვა არაა, პირიქით. ზოგადად, ბუნებასთან კონტაქტი ადამიანს უხსნის სტრესს, უმკლავდება ნერვულ აშლილობებს და სხვადასხვა მენტალურ დაავადებებს, რაც თანამედროვეობის სენი გახდა. ვხვდებოდი, რომ მეც ცხოვრების ნაცრისფერ ფერებში აღქმას ვიწყებდი. შეიძლება ითქვას, თავის დროზე ვუშველე თავს. თბილისში ძირითადი ჩემი საქმიანობა სწავლა და იოგა (ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა) იყო, მაგრამ ძნელია იყო ჭაობში თევზი.

- მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- მშობლებს ჩემი გადაწყვეტილების არ სჯეროდათ. მოიცადე, აცივდება და გამოიქცევიო - მეუბნებოდნენ. აჰა, აცივდა, მაგრამ ველოდები ჩემს ენერგო-ეფექტურ, ეკო-მეგობრულ ღუმელს, რომელიც ფიჩხზე მუშაობს და რომელსაც არქიტექტორი მიმზადებს შეკვეთით. არსად არ ვაპირებ გაქცევას. ახლა კი ალბათ, შეეგუვნენ კიდეც. ჩემი ოჯახის წევრები ისედაც ხშირად ჩამოდიოდნენ აქ და ახლა უფრო ხშირად მოიჩქარიან, სევდიანი და დაკეტილი სახლი რომ აღარ ხვდებათ.

- სამკაოდ ორიგინალურად გაქვთ ეზო მოწყობილი. რატომ შეარჩიეთ ეს სტილი?
- ჯერჯერობით, ისევ სოფლური ცხოვრების შესწავლის ფაზაში ვარ. ვცდილობ გავალამაზო და გავაფერადო ეზო. ვაკეთებ ყვავილების ქოთნებს, ვხატავ, ვქსოვ, ვუვლი მცენარეებს. ამასთან, ვუვლი რუში გადაყრილ ორ კნუტს (ადოლფი და ჭრელო) და საფანტის ტყვიით დაჭრილ ძაღლს, პუტკოს. ვსწავლობ ჩინურ და ესპანურ ენებს.

- სად ხედავთ მომავაში თქვენს თავს?
- მომავალში ჩემს თავს ვხედავ ბუნებაში. შეიძლება მოგზაურობის სურვილმა ისევ შემომიტიოს და ლათინურ ამერიკას მივაწყდე: პერუ, ჩილე, გვატემალა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს შორეული და მისტიკური ქვეყნები.
მოკლედ, როგორც ჩემმა ერთმა ძალიან კარგმა მოსწავლემ მითხრა: ხომ უთქვამთ, ღმერთმა ადამიანი არც შრომისთვის შექმნა და არც დასვენებისთვის, ის შემოქმედებისთვის შექმნაო და მეც ვცდილობ, შემოქმედებითად ვიცხოვრო.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ლია 2020-12-12 13:35
გაიხარე ..ყოჩაღ!
daji 2020-11-13 12:26
saocari da sauketeso xar , carmatebebi
დარეჯანი 2020-11-13 08:59
ყოჩაღ, ნიცა!
ქეთევანი 2020-11-12 21:27
გაიხარე ..ყოჩაღ! მაგარი გოგო ხარ..
მანანა 2020-11-12 18:39
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა,ასაკი არ მიწყობს ხელს.თორემ... ნეტა ბევრი ახალგაზრდა მოგბაძავდეთ.სოფელი ძლიერი უნდა იყოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები