ასწლოვანი ფერადი სახლი იმერეთიდან, რომელმაც უამრავი ადამიანი მოხიბლა

თამარა კირთაძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. თბილისში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, თუმცა იმერეთში, ერთ პატარა და ულამაზეს სოფელში, ასეთივე ლამაზი და ფერადი, მამაპაპისეული სახლი აქვს, რომელსაც ხშირად სტუმრობს და დიდი რუდუნებით უვლის. სახლი საუკუნეზე მეტს ითვლის. ის თამარას დიდმა ბებიამ და ბაბუამ ააგეს. ახლა კი მისი მამა ცხოვრობს. დღეს ზუსტად ამ სახლზე ვისაუბრებთ, რომლის ფოტოები სოციალურ ქსელში ჯგუფ "ჩვენი სოფლის სახლებში" გამოაქვეყნა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

- სახლი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში განვათავსე, მდებარეობს იმერეთში, ხონის რაიონში, სოფელ გორდში. სახლი გასული
საუკუნის ოციან წლებში ჩემმა დიდმა ბებიამ და ბაბუამ ააშენეს, თუმცა დიდი ბაბუა ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და ამის გამო სახლის დასრულება ვერ მოხერხდა. მცირეწლოვან შვილებთან ერთად დარჩენილმა ბებიამ მოახერხა რაღაც ნაწილის აშენება, რის შემდეგაც საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა. იმ სახით, რაც დღემდეა შემორჩენილი ეკუთვნის ბაბუას, რომელიც ხის ოსტატი იყო. არქიტექტურული სტილი, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი სოფელისათვის, სრულიად დაცულია. სახლში ცხოვრობდა დიდი ბებია, რომელიც აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ უკან დაბრუნდა. შემდეგ ჩემი ბებია და ბაბუა ოთხ შვილთან ერთად. ამჟამად კი სახლში ცხოვრობს მამა.

- რა მოგონებები და ისტორიები გაკავშირებთ ამ სახლთან?
- სახლთან ბავშვობის მოგონებები მაკავშირებს. ზაფხულის არდადეგების უმეტეს ნაწილს აქ ვატარებდი, მრავალრიცხოვან ბიძაშვილ-მამიდაშვილთან ერთად. ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი, ლაღი დღეები იყო, სავსე სილამაზით, სიმწვანით, ბუნებასთან სიახლოვით. ცხელი ზაფხულის მდინარეზე გატარებული დღეები, მინდვრის ყვავილებით დაწნული გვირგვინები და ღამით ვარსკვლავების თვლა. აქ ვისწავლე ცხოველებისა და ბუნების სიყვარული. გამორჩეულად მახსოვს შემოდგომაზე მეზობლებთან ერთად მოსავლის აღება-დაბინავების რიტუალი, რომელიც ტრადიციული სუფრით სრულდებოდა ბებიას მომზადებული უგემრიელესი კერძებით.

- ძალიან ფერადოვანი და ლამაზი სახლია. ვისი იდეა იყო ამ ფერებში და სტილში მოწყობა?
- გორდში სახლები იმერეთისათვის დამახასიათებელი არქიტექტურითაა აგებული. პირველი სართული ქვითა და ნაწილობრივ ხითაა აგებული, მეორე სართული კი ფიცრითაა შეკრული. ერთი თავისებურებაც ახასიათებს ჩემი სოფლის სახლებს, ისინი გამორჩეულია თავისი სიფერადით. ჩემი სახლის ფერის იდეა მამას ეკუთვნის. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ჩემს სოფელში დამეთანხმება, რომ ცას განსაკუთრებულად ხასხასა ლურჯი ფერი აქვს და რადგან ჩვენი სახლი მთის ძირში დგას და თავზე ლურჯი ცა გადმოგვყურებს, სახლის ფერის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა.

- სახლს ძალიან ლამაზი ეზო აქვს. რა ხეხილი, ყვავილები და მცენარეები ხარობს და ვინ უვლის ამ ყველაფერს?
- სოფელში საკმაოდ დიდ დროს ვატარებ. შეძლებისდაგვარად ვზრუნავ სახლსა და ეზოზე. ეზოში გვაქვს ბებიას დანატოვარი ვარდები, რომელიც ძალიან უყვარდა და ჩვენც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. მრავლადაა თვითნებურად ამოსული გვირილები და კესანები. ეზოში ხარობს კომში, ქლიავი, ატამი და ყურძენი, ასევე მრავალწლოვანი კაკლის ხეები.

- ალბათ ზაფხულში მეტად ხალხმრავალია თქვენი სახლი. ვინ სტუმრობს სახლს ზაფხულობით და როგორ ატარებთ დროს ერთად?
- ჩვენს დიდ ოჯახს ტრადიციად გვაქვს ზაფხულობით სოფლის სახლში შეკრება. ზაფხულის აქ გატარებული ყოველი დღე დღესასწაულია. ვმხიარულობთ და დროს ვატარებთ ჩვენს შვილებთან ერთად.



მერი ბლიაძე

კომენტარები

badri 2021-04-16 20:47
ზუსტად ასეთი სახლი (თითქმის ზუსტად) გვაქვს სამტრედიაში, ისიც ასი წლისაა, ალბათ ერთი და იგივე "არქიტექტორის" აშენებულია
ჰოი 2021-04-13 09:45
იხარეტ
ხათუნა ჯალაღანია 2021-04-10 11:08
კომპლიმენტი
ხათუნა ჯალაღანია 2021-04-10 11:06
საოცრებაა თამრო კომპონენტი
ჯორჯიანა 2021-04-10 03:44
საოცრებაა
რეტრო ჰარმონია
კესანები
????????????????????????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები