რატომ მოექცა რაჭის ულამაზესი სოფელი შქმერი ყურადღების ცენტრში და რა ემუქრება მას

რაჭისკენ მიმავალი სამანქანო გზა საგრძნობლად შემოკლდა მას მერე, რაც საჩხერე-ონის დამაკავშირებელი მაგისტრალი გაიხსნა. ახალი გზის წყალობით, რაჭის ულამაზესი სოფელი შქმერი, რომელიც ერთ-ერთ მიუვალ სოფლად ითვლებოდა, დღეს უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
სწორედ ამ მაღალმთიან სოფელზე გადის გზა, რომელსაც ონამდე მივყავართ. რა ვიცით შქმერის შესახებ?
სოფელი შქმერი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე, ონიდან კი 21 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში, ჯერ კიდევ 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 23 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია.
შქმერი ცნობილია მკაცრი, დიდთოვლიანი ზამთრითა
და განსაკუთრებულად გრილი ზაფხულითა და ცივი წყაროებით, რაც მას იდელურ საკურორტო ზონად აქცევს. 


საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ადგილობრივები იმედით ელოდნენ, რადგან შქმერი ზამთრის სეზონზე პერიოდულად გარესამყაროს წყდება, მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო კი სოფელს რამდენიმე ოჯახი შემორჩა.
სამწუხაროდ, გზის მშენებლობამ შქმერელებს დიდი პრობლემაც გაუჩინა - საქმე მანგანუმის საბადოს ეხება, რომელიც სოფელში მდებარეობს. წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 1 531 070 კვადრატულ მეტრზე მანგანუმის მოსაპოვებლად ორი ახალი ლიცენზია გასცა, რაც, ადგილობრივების შეფასებით, სოფლის განადგურების ტოლფასია.





საფრთხე რომ რეალურია, ამის შესახებ გარემოსდამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. სოცილურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი ,,შქმერისთვის“, სადაც მოქალაქეები სოფლის გადასარჩენად ერთიანდებიან. მათ 21 ნოემბერს , 14:00 საათზე, სოფელი შქმერის ცენტრში, საბჭოსთან ფართომასშტაბიანი აქცია დაგეგმეს, სადაც მთავარი მოთხოვნა გაცემული ლიცენზიების გაბათილება იქნება.
,,მოგეხსენებათ, რომ დაიწყო ჩვენი მოძრაობა #შქმერისთვის, რაც გულისხმობს სოფლის იერის, სოფლის სიდიადის შენარჩუნებას, გულისხმობს იმას, რომ როგორც ჩვენ ბავშვობიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე გვიხაროდა და გვიხარია ეს სოფელი, მსგავსად უნდა უხაროდეთ ჩვენს შემდეგ თაობასაც! მაგრამ მანგანუმის მომპოვებელმა კომპანიებმა, რომლებიც მონოპოლისტებად არიან ჩამოყალიბებულები ამ სფეროში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს შქმერის მომავალი!" - ნათქვამია ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გვიხაროდა რაჭაში ახალი გზა რომ მოვიდა. ადრე თუ 6 საათი გვჭირდებოდა თბილისიდან, ახლა 2.5 საათში ვართ აქ. ხალხი ბრუნდებოდა შქმერში, აქ დამკვიდრებას და განვითარებას ვაპირებდით. მაგრამ, რაც ამათ აქვთ დაგეგმილი, შქმერი განვითარდება კი არა, დაინგრევა და აღარაფერი იქნება. ერთ მტკაველ მიწასაც არ დავთმობთ. არანაირ შემოთავაზებას არ ვიღებთ და შქმერის დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ.“ - აღნიშნავს შქმერის მცხოვრები ცოტნე გლოველი ,,მთის ამბებთან“ საუბრისას.
ჯგუფი ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჭიათურელთა კავშირის” კვლევას, რომელიც, თითქმის 10 წელია, ჭიათურის სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს შეისწავლის.

კვლევაში ნიადაგზე მანგანეზის მოპოვების გავლენაა შეფასებული.
"მოპოვება საგრძნობლად ცვლის ლანდშაფტს და გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე, იცვლება სოციალური გარემო. კარიერული წესით მადნის მოპოვების შედეგად განადგურდა ზეგნისა და ხეობის ფერდობების სტრუქტურები, გაიჩეხა ტყეები“, - აღნიშნულია კვლევაში.
მადნის მოპოვების შემდეგ მიტოვებული ღია კარიერებიდან საშიში ნივთიერებები მტვერთან ერთად ჰაერში, იქიდან კი სასმელ წყალში ხვდება. მანგანუმისა და სხვა მძიმე ლითონების ოქსიდები ატმოსფერულ ჰაერს ერევა მტვრის სახით, ნალექებთან ერთად ხვდება ნიადაგში, ნიადაგიდან - მიწისქვეშა წყლებში და მდინარეებში, რომლის მეშვეობით გადადის მცენარეებში, ცხოველებისა და თევზების ორგანიზმებში, რაც ბიომრავალფეროვნებას უქმნის საფრთხეს...ნადგურდება მცენარეული საფარი, იცვლება ნიადაგის სტრუქტურა, რასაც მივყავართ ნიადაგის ეროზიისა და გაუდაბნოებისაკენ”, - ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები

ნანი 2023-04-25 10:10
იბრძოლეთ ბოლომდე.არ დასთმოთ.შეძლებთ.იმედი არ დაკარგოთ.ყველაფერი კარგად იქნება.
eteri 2022-01-24 20:48
იბრძოლეთ მიზნის მიყწევისათვია,ქართველი ხალხი თქვენთან იქნება
გრიშა 2021-11-14 13:52
რაჭველებმა ვიფიქრეთ ბიძინა გზას აკეთბს რაჭის განვითარებისთვისთქო თურმე რა ქონია ჩაფიქრებული!
datiko48 2021-11-13 06:47
რამდენად დაუნდობელი უნდა იყო რომ ფულის გულისთვის გაანადგურო სამშობლოს ბუნების სილამაზე რაც უფალმა გვიძღვნა.
ნინო 2021-11-12 13:34
70 იაან წლებშიი შესწავლილი იქნა ეგ ადგიები და არაა ხარისხიანი მადანიოო მოიზზიონ ეგ კვლეევებიი. აპიირებენ ფულის გეტრებას ბუნების გაჩანაგებასტან ეეტად... ბუნება არ გვაპატიიებს შემოგგვიტევსსს ბუნება მბრძანებელიია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები