60-იანი წლების რეტრო სტილი ისევ მოდაშია

რეტრო სტილი დღესაც არ კარგავს პოპულარობას, ნათელი და მხიარული ფერები ნამდვილად დაამშვენებს თქვენს ინტერიერს. 

რეტრო სტილის დამახასიათებელი შტრიხებია: 
• პოლირებული ზედაპირის მქონე უჩვეულო დიზაინერული ნივთები. გრაფიკული პრინტები დეკორში, გეომეტრიული ფიგურები და ორნამენტები ტექსტილში, ხალიჩებზე და შპალერზე.
• მასალად გამოყენებულია მინა, ხე, პლასტიკატი.
• თამამი მკვეთრი ფერთა პალიტრა, ასევე მკვეთრი და ნეიტრალური ფერების შერწყმა.
• სტაციონარული და მობილური ავეჯის გამოყენება.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ სახლი რეტროს სტილში მოაწყოთ, არ არის აუცილებელი მკაცრად მიჰყვეთ ყველა ამ პუნქტს, რომელიმე ან რამდენიმე მათგანის უგულვებელყოფით თქვენი სახლის

დიზაინს არაფერი დაემუქრება. შეგიძლიათ სახლის მოწყობის დროს გამოიყენოთ ზემოთ აღნიშნული შტრიხებიდან რამდენიმე და ძალიან საინტერესო სინთეზი შექმნათ.

ეს ფერი გიხდებათ უფრო სწორად, თქვენს ინტერიერს უხდება. 60-ინი წლების ინტერიერი მართლაც გამოირჩეოდა მკვეთრი ფერებით. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ სტილის მიმდევრები გამოირჩევიან შინაგანი თავისუფლებით, საღი აზროვნებითა და მხიარული განწყობით.

 მკვეთრი ფერების გამოყენება ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებულად უხდება მისაღებ ოთახს და სამზარეულოს. მაგალითად, ძალიან ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს წითელი, ლურჯი, ლიმონისფერი და ყვითელ-მწვანე ფერები. ფონად კი გამოდგება შავი და თეთრი.
მისაღებ ოთახში დააფინეთ ხალიჩა, დადგით ფერადი წყვილი სავარძელი და თუ ჩათვლით, რომ ეს საკმარისი არ არის, შეგიძლიათ ერთ-ერთი კედელი შეღებოთ ზემოთ ჩამოთვლილ ფერში.

თუ არ ხართ მზად ასეთი მკვეთრი ცვლილებებისთვის და კედლის შეღებვის გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, შეგიძლიათ ის მკვეთრი პოსტერით ან ნახატებით გაალამაზოთ.

რეტრო სტილის ხაზგასმა შესაძლებელია უბრალოდ ფერად-ფერადი სკამებითაც. ჩვეულებრივი, ძველებური ხის სკამები შეღებეთ თქვენთვის სასურველ ფერებში და ბოლოს არ დაგავიწყდეთ ლაქის გადასმა.

რეტროს სტილის სამზარეულოს სავიზიტო ბარათად ითვლება დახვეწილი მწვანე ფერი. ამ ფერის გამოყენება შეიძლება როგორც სამზარეულოს მთელი ფასადისთვის, ისე მხოლოდ მაცივრის ან გაზქურის შესაღებად. ასეთი მწვანე სამზარეულოს დახვეწა შეგიძლიათ მკვეთრი, მოსტაფილოსფრო იატაკით, კარითა და სახელურებით.

60-იან წლებში არ არსებობდა ცნება ავეჯის კომპლექტი. ოთახში დგამდნენ ყველაფერს, რისი საჭიროებაც იყო და ეს ნივთები ერთი შეხედვით სულაც არ შეეხემებოდა ერთმანეთს. ძირითადად იყენებდნენ ბუფეტის ტიპის კარადებს, ფეხებიან ავეჯს. მასიური კარადები მაშინ არ არსებობდა. 

თუ გადაწყვეტთ, რომ სახლი 60-იანების სტილში მოაწყოთ, უპირატესობა მიანიჭეთ კომპაქტურ, სადა ავეჯს. შეიძინეთ დაბალი და ოვალური, ან სწორკუთხა ჟურნალის მაგიდა. ბუფეტი და კარადა კი ლაკონირი უნდა იყოს, არც ისე მაღალი, არა უმაღლეს 1,5 მეტრისა და უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება სადა და უბრალო ფასადი. 

რაც შეეხება რბილ ავეჯს, ნებისმიერი ზომის და ფორმის შეგიძლიათ აარჩიოთ, თუმცა გაითვალისწინეთ მთავარი ფაქტორი - ყველაფერს ერთად უნდა აერთიანებდეს ერთი მთავარი შტრიხი - ფეხები, ავეჯს უნდა ჰქონდეს ფეხები. სწორედ ეს შტრიხი განაპირობებს რეტროს სტილს.

ასევე ძალიან აქტუალურია ამ სტილისთვის პლასტიკატის გამოყენება. მაშინ აქტუალური იყო ქრომირებული ელემენტების გამოყენება.
ამ სტილის უმთავრესი შტრიხი და ტრენდი იყო ჭადრაკისებური იატაკი შავ-თეთრ, წითელ-თეთრ ან ყვითელ-თეთრ კომბინაციაში.
აქტუალური იყო კორიდორებსა და მისაღებში პარკეტის დაგება. კედლები ძირითადად ნეიტრალური ფერის იყო, თუმცა ზოგან შესაძლოა აგურის ეფექტიც ყოფილიყო გამოყენებული.

რეტროს სტილში მთავარი აქცენტი კეთდებოდა კომფორტსა და სიმყუდროვეზე. ცდილობდნენ სახლში ყიფილიყო ბევრი წიგნი, რაც მაღალინტელექტუალურ გამოვლინებად მიიჩნეოდა. ხშირად გამოიყენებოდა ტორშერები და აბაჟურები.ფარდები უნდა ყოფილიყო ნაზი, და აუცილებლად ნატურალური მასალისგან დამზადებული. გამოიყენებოდა ლამაზი და ფერადი ჭურჭელი. ასევე - ხალიჩები გეომეტრიული ფიგურებით. კოპლებიანი ან კუბოკრული სუფრები და გადასაფარებლები.იმ დროის დიზაინში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დიზაინერმა ენდი უორჰოლმა და მისმა ცნობილმა არტ ობიექტებმა - ცნობილი ადამიანების სურათების რეპროდუქციებმა და ასევე რეკლამებმა სუპებისა და კეტჩუპების გამოსახულებით. 

კომენტარები

Tbiliseli 2016-03-09 20:01
ძალიან მომეწონა და საერთოდ 60-იანი წლების მომწონს ყველაფერი: ინტერიერი, ავეჯი, ფილმები, მოდა.
საერთოდ ყველაფერი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები