თამუნა მუსერიძე ახალ სახლში გადავიდა - „ძალიან გამიჭირდა სასურველი ბინის პოვნა“

თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში სასიამოვანო სიახლეებია - სახლი იყიდა და შვილთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავიდა. გარდა ამისა, მის ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ჩნდება სანდრო მიკუჩაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები, როგორც ჩანს, წყვილი შერიგდა, თუმცა ჩვენმა რესპონდენტმა ამჯერად ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ მასთან ინტერვიუ ახალმოსახლეობაზე ჩავწერეთ.

- სახლი ვიყიდე და ჩემს შვილთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავედი. როცა ეს სტატუსი დავწერე, ზოგი მწერდა, რა იშოვე ასეთიო... არაფერი მიშოვია და არც ფულით სავსე ტომარა დამცემია. ბებია-ბაბუის დანატოვარი სახლი გავყიდე ვაკეში და მის ნაცვლად სხვა ვიყიდე.
დედა რომ ცუდად იყო, ბუნებრივია, მისი მკურნლობა ფინანსებთან იყო დაკავშირებული. მისი გარდაცვალების შემდეგ, მეც რთული პერიოდი მქონდა, როგორც ფიზიკურად, ისევე ემოციურად, ამას დაემატა ისიც, რომ იმ დროს ტელევიზიიდანაც გამომიშვეს, დავრჩი სამსახურის გარეშე, მხოლოდ კარაოკებარში ვმუშაობ ახლაც და მაშინაც ასე იყო... ეს შემოსავალი კი, ბუნებრივია, მე და ჩემს შვილს არ გვყოფნიდა. მომიწია ვალის აღებამ, მის გასასტუმრებლად ისევ ვალი დავამატე და ასე დამიგროვდა ვალები. იმისათვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, ვაკეში გავყიდე ბებია-ბაბუის დანატოვარი სახლი -დედაჩემის მშობლებისგან დამრჩა ეს მე, ჩემს ძმას მეორე სახლი აქვს, ასე ვთქვათ, გავიყავით.

- როგორც ვიცი, შენი ახალი ბინაც ვაკეშია. როგორი ფართისაა?
- კი, ესეც ვაკეშია. 80 კვადრატულია. გაყიდვით კი გავყიდე, მაგრამ სახლის ყიდვა ყოფილა ძალიან რთული. ვითომ ამდენი განცხადება დევს, ბევრი სახლი იყიდება, მაგრამ რეალურად კარგი სახლის არჩევა ურთულესია. რასაც ვნახულობდი, ან არ ჰქონდა ეზო, სადაც ბავშვი შეძლებდა თამაშს, ან ისეთი თხელი კედლები ჰქონდა, რომ მეზობლის ამოხვნეშაც კი ისმოდა... მოკლედ, ბევრი ფაქტორი ყოფილა გასათვალისწინებელი სახლის ყიდვისას. მეც ბევრი ვეძებე, ამ პროცესში ვიყავი ჩართული, როცა ერთ-ერთმა ქალბატონმა მომნიშნა იმ პოსტზე, რომელშიც გასაყიდ სახლზე იყო საუბარი, ვნახე ფოტოები და ღამის პირველ საათზე დიდი ბოდიშებით დავურეკე მეპატრონეს. დილით დავათვალიერე ბინა და ნახევარ საათში წავიყვანე გადასაფორმებლად. 2 დღეში გადმოვედი საცხოვრებლად. ვინაიდან ჩემი ძველი სახლი პირველ სართულზე იყო, კომერციულ ფართად გაიყიდა, შედარებით ძვირი გადაიხადეს, რამაც საშუალება მომცა ვალები გამესტუმრებინა და სახლიც მეყიდა. თან, ახალ სახლში ფაქტობრივად ყველაფერი დამიტოვა მეპატრონემ, ავეჯის ყიდვა არ დამჭირდა. ერთადერთი, რაც შევაცვალე კედელია, მხოლოდ ერთი კედლის შპალერი ვიყიდე, მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენივე ხელით ჩამოვხიეთ და ჩვენვე გავაკარით, დანარჩენი ყველაფერი დამხვდა გაზქურიდან დაწყებული, სარეცხი მანქანით დამთავრებული, კარადებზე აღარაფერს ვამბობ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სახლს ჰქონოდა ეზო. ძალიან არ მომწონს, ბავშვები რომ სულ მიჯაჭვულნი არიან კომპიუტერზე, ჩემი შვილიც მათ შორისაა, ვინც სულ კომპიუტერთან ზის, მაგრამ კარგ ამინდებში ეზოდან ვერ ამომყავდა. ამიტომ, როცა სახლს ვარჩევდი, ეს ფაქტორიც გავითვალისწინე, რომ ბავშვს ჰქონოდა ეზოში თამაშის საშუალება. ჩვენს ახალ სახლს ჩაკეტილი ეზო აქვს, მანქანები არ მოძრაობენ, აქვე სტადიონიცაა და სანდრო კარგად ერთობა. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია ახალ სახლში გადმოსვლით.

- მართალია, თქვი, სახლის მეპატორნემ ყველაფერი დამიტოვაო, მაგრამ რაც არ უნდა მოწყობილი სახლი დაგხვდეს, მაინც გინდა შენს გემოზე, შენებურად განალაგო ნივთები, დაასრულე ეს პროცესი?
- ძველი სახლიდან არ წამომიღია არაფერი, წიგნებისა და ტანსაცმლის გარდა. რადგან ახალი ცხოვრება დავიწყე, ბარემ ყველაფერი იქ დავტოვე, იქაურ ავეჯს ნაწილ-ნაწილ ვყიდი, ოღონდ ამაზეც პრობლემა შემექმნა. ეს ავეჯი თავის დროზე ძალიან ძვირფასი იყო და მეც ფასი „მილიონი“ დავადე, მაგრამ მერე რომ გავიარე, მივხვდი, რეალურად ამ ძველ ავეჯს არანაირი სასწაული ღირებულება არ აქვს და ბოლოს, მართლა კაპიკებში გავყიდე. შეიძლება უბრალოდ გაგიმართლოს, ათასში ერთი ადამიანი შეგხვდეს ისეთი, ვისაც სახლის ძველებურ - კლასიკურ სტილში მოწყობა უნდა და იყიდოს, თორემ რეალურად ძალიან გამიჭირდა მისი გაყიდვა.

- თამუნა, ახლა ცოტა სანდროზე ვისაუბროთ, როგორც ვიცი, სკოლა შეუცვალე, რატომ?
- სიმართლა გითხრე, თავიდანვე მინდოდა შემეყვანა არა საჯარო, არამედ კერძო სკოლაში, მაგრამ მითხრეს, დიდი სხვაობა არაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის, კერძოს მოსწავლეებს მაინც სჭირდებათ დამატებით მომზადებაო და ა.შ. და მეც ისევ საჯაროზე გავაკეთე არჩევანი. დამატებით მასწავლებელი მყავდა აყვანილი, რომელიც ეხმარებოდა და ფაქტობრივად ეს ყველაფერი კვებასთან და სხვა საჭიროებებთან ერთად იმდენი მიჯდებოდა, რაც კერძო სკოლაში უნდა გადამეხადა. უკვე დაწყებული მქონდა ამ თემაზე ფიქრი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ახლობელი ასწავლიდა ალასანიას კერძო სკოლაში. მისი რჩევით ბავში იქ გადავიყვანე. თუმცა, იქაც პრობლემას წავაწყდით, აღმოჩნდა, რომ კერძო სკოლის ბავშვები ბევრად წინ არიან და სანდრო ჩამორჩება მათ, მაგრამ ახლა ყევლაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ დავეწიოთ და ავუწყოთ ფეხი. ზოგადად, სანდრო ძალიან კონტაქტურია, ახალ კლასთან შეგუების პრობლემა არ ჰქონია, პირველ დღეს უბრალოდ გასაუბრებაზე მივედით, წესით, არ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ისე მოეწონა და ისე უნდოდა დარჩენა, იძულებული გავხდი დამეტოვებინა.

- იქიდან გამომდინარე, რომ „პროფილში“ თავად გააჟღერე ეს თემა, დასასრულ თავს უფლებას მივცემ და გკითხავ, ხომ არ გამოჩენილა, ან ხომ არ გიპოვია შენი ბიოლოგიური დედა?
- რეალურად ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს, ძალიან ბევრი ქალი გამომეხმაურა, რომელსაც შვილი გაჩენილი ჰყავს 1984 წელს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არც ერთი არ აღმოჩნდა. აგრეთვე გამოჩნდა რამდენიმე მამაკაცი, რომელიც შეიძლება პოტენციური მამა ყოფილიყო, მაგრამ ესეც ამაოდ. ახლა ვიღაცებმა მითხრეს, შეიძლება შენს ბიოლოგიურ დედას, თავის დროზე უთხრეს, ბავშვი მოკვდაო და ალბათ ამიტომ არ ჩანს, წარმოდგენა არ აქვს, რომ შეიძლება ცოცხალი იყოს და ის შენ იყოო. ნუ, აი, არ ვიცი რა. იმედია, ისე არ მოვკვდები, რომ ვერ გავიგებ რეალურად როდის მაქვს დაბადების დღე. იმიტომ ვსაუბრობ საჯაროდ ამდენს ამ თემაზე, რომ იქნებ მივიდეს იმ ქალამდე ხმა, იქნებ ის გადაცემა ვერ ნახა და ახლა წაიკითხოს, გადააწყდეს სადმე ჩემს ამბავს. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ხდება საერთოდ.


ციცი ომანიძე

კომენტარები

elene 2018-09-05 02:23
eubneva eubnevaaa da gekopat geslis prkvevaaa vaimee es ra xalxiaaaa
ვ.ჩ პ. 2017-12-28 12:39
ღმერთს ყოველ დღე მადლობა უთხარი რომ ასეთმა არაჩვეულებრივმა ადამიანებმა გაგზარდეს როგორც შენი მშობლები და გია ბიძია იყვნენ..მათ სულებს რას ერჩი?!ასეთი ცხოვრება კი არა სოფელში იქნებოდი ეხლაც

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები