ლალი ტოტიკაშვილის თეთრი სახლი

როდესაც სახლს ყიდულობ, მისი რემონტი და მოწყობა სასიამოვნოსთან ერთად დამღლელიცაა. მოდელ ლალი ტოტიკაშვილს ამ მხრივ გაუმართლა. მშენებლობის დასრულების შემდეგ მხოლოდ შოურუმში მივიდა, აარჩია მისთვის სასურველი დიზაინი და ყველანირად გარემონტებულ, დასრულებულ სახლში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა.



- ბინას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვეძებდით. ჩემთვის პრიორიტეტი იყო, კორპუსს ჰქონოდა ეზო. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდეც საბურთალოზე ვცხოვრობდით და მიჩვეულები ვიყავით ადგილს, ისევ ამ უბანზე შევაჩერეთ არჩევანი. ეს სამშენებლო კომპლექსი სრულიად აკმაყოფილებდა ჩემს მთავარ მოთხოვნას - ჰქონდა სკვერი, სათამაშო მოედანი და კარგად მოწყობილი ეზო,
რაც თბილისის პირობებში რთულად მოსაძებნია. ჯერ კიდევ არ იყო მშენებლობა დასრულებული, როცა ბინა ვიყიდეთ. რემონტი ჩვენი გემოვნებითა და დიზაინით სამშენებლო კომპანიამ გაგვიკეთა, დაპროექტებით კი მე და ჩემმა მეგობარმა დიზაინერებმა დავაპროექტეთ. წინასწარ ვიცოდი, რომ არჩევანს ღია ფერებზე შევაჩერებდი. ინტერიერში ღია ტონალობა ძალიან მომწონს, მამშვიდებს. სანამ სამუშაოები ბოლომდე არ დასრულდა, მანამდე ჩემს სახლში არ მიშვებდნენ (იღიმის). შავი კარკასი საერთოდ ვერ ვნახე, თეთრ კარკასამდე რომ მიიყვანეს საქმე, მაშინ მომცეს ნახვის უფლება. შევჯერდით დეტალებზე და როცა ყველაფერი დასრულდა, მხოლოდ მერე შემოვედი აქ. ამ შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებმა ჩვენთვის ძალიან მშვიდად, ჩვენი ზედმეტი ჩართულობის გარეშე ჩაიარა, მაგრამ რეალურად, მე მიყვარს ეს პროცესი. სულ ვამბობ, ახლა რომ ვირჩევდე პროფესიას, ფსიქოლოგი ან დიზაინერ-არქიტექტორი ვიქნებოდი-მეთქი. მომწონს, როცა დავდივარ სახლისთვის საჭირო ნივთების შესარჩევად, ვეძებ, ვბჭობ, ვახამებ და ა.შ. ამ სახლის გაკეთებისას კი მივედი შოურუმში, ვთქვი - ეს მინდა, ეს მინდა, ეს მინდა, ავარჩიე ყველაფერი და წამოვედი. ჩემთვის ასევე საყვარელი და სასიამოვნო საქმეა სახლის მოწყობა. ვფიქრობ, რომ ავეჯი უპირველესად უნდა იყოს კომფორტული, პრაქტიკული და ამასთან, ქმნიდეს სიმყუდროვეს.



მიუხედავად იმისა, რომ ლალის სახლი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელი სიცივე ნამდვილად არ იგრძნობა.

- თანამედროვე სტილი კი არის დომინანტი ინტერიერში, მაგრამ კლასიკური დეტალები „ათბობს“ და ვფიქრობ, უხდება.

გაგვიღო თუ არა დიასახლისმა კარი, სარკეებიანი ჰოლის გავლით დიდ, ნათელ მისაღებში აღმოვჩნდით.

- როდესაც ჰოლში სარკეებიანი კარადა გავაკეთეთ, ისე მომეწონა, მივხვდი, თუ მოპირდაპირე კედელსაც სარკეებით „შევფუთავდი“, ბევრად უფრო ლამაზი იქნებოდა და სივრცესაც გაზრდიდა. ასეც მოვიქეცით და ახლა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ორივე მხარეს კარადებია, არადა, ერთ კედელშია კარადა, მეორე მხარეს კი იმიტაციაა (იღიმის).

მისაღები რამდენიმე სივრცედაა დაყოფილი: მოსასვენებელ ნაწილში ტელევიზორსა და დაბალ მაგიდასთან ერთად დიდი დივანი დგას, მეორე ნაწილი - სამკითხველოდ, მესამე კი სტუმრების გასამასპინძლებლადაა ჩაფიქრებული. ლალის ინტერიერში თეთრი ფერი ჭარბობს, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, რომ ლალი თეთრ სახლში ცხოვრობს. თეთრი ავეჯი კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ინტერიერს.

- დიდი ხანი არ არის, რაც გადმოვედით, ამიტომ კიდევ შესამატებელი მაქვს ინტერიერისთვის დეტალები. თუ ზუსტად იმას ვერ ვნახულობ, რაც მინდა, მირჩევნია, მოვითმინო და ისეთი რამ მოვიტანო სახლში, რაც მომწონს. აი, მაგალითად, მისაღებში სამკითხველო კუთხეს აკლია ორი სავარძელი, ძალიან მინდა კონტრასტული ფერი შევარჩიო, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ განსხვავებული იქნება. ასევე საყიდელი მაქვს მაგიდა და სკამები, აქ პრობლემა მხოლოდ ფერი არაა, ზუსტად იმ ტონალობის და იმ ფორმის ვერ ვნახე, რაც ჩემს ინტერიერს მოუხდება, ამიტომ ჯერჯერობით ისევ ძიების პროცესში ვარ.

სამკითხველო სივრცეში კედელზე ნახატი კიდია.


- ძალიან საინტერესოა ამ ნახატის ისტორია. სანამ ეს სახლი აშენდებოდა და დასრულდებოდა, პირველი, რაც სახლისთვის შევიძინე, იყო ეს ბალერინა, ერთ-ერთ მაღაზიაში დავინახე და მივხვდი, რომ ჩემი ინტერიერისთვის გამომადგებოდა. ეს იყო პირველი შენაძენი ამ სახლისთვის.



ლალის საძინებელშიც თეთრი ფერი ჭარბობს, თანამედროვე ინტერიერია. გარდა ამისა, საძინებლის მთელი „სიმდიდრე“ გარდერობის ოთახია.

- გარდერობის ოთახი დიდი კომფორტია, მაგრამ რა ზომისაც უნდა იყოს, მგონი მაინც ვერ ეტევი და უფრო დიდი გინდა (იღიმის). რაც შეეხება საწოლს, დავამზადებინე. შუქიც ჩავამონტაჟებინე საწოლის „თავში“, რამაც სანათის საჭიროება მოხსნა და ძალიან გაამართლა.

მისაღებსა და საძინებელში დეკორატიული ნივთები კარგად ერწყმის ინტერიერს.

- დეკორატიული ნივთების ძებნა და ყიდვაც ჩემი ჰობია და ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ალამაზებენ სახლს.


ეს ვერცხლის ჭიქები, ჩემი მეუღლის მშობლებისეულია, ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ვერასდროს ვნახულობდი შესაბამის ლანგარს, რომ მასზე დამეწყო. სულ ცოტა ხნის წინ, შემთხვევით წავაწყდი ამ ლანგარს, მივხვდი, რომ მოუხდებოდა ჩემს ჭურჭელს, ვიყიდე და მაგიდაზე მივუჩინე ადგილი. ამას გარდა, ძალიან მომწონს სანთლები და შანდლები, როგორც დიდი ზომის, ასევე პატარა. კიდევ მაქვს შეთვალიერებული ლამაზი, მინის შანდალი და უახლოეს მომავალში ვაპირებ შეძენას.

ლალის „აწყობილი“ ორქიდეა თეთრ სარკესთან „იწონებს თავს“ .



- ბუნებრივი ორქიდეა მოვიტანე და ვერაფრით გავახარე, თითქოს წესების დაცვით ვუვლიდი, მაგრამ, სამწუხაროდ, დაჭკნა. ამიტომ გადავწყვიტე, ხელოვნური ორქიდეა ამეწყო. ვიყიდე ჩასადები, ლარნაკი, დეკორატიული კენჭები, ცალკე ფოთლები, სამაგრი და საბოლოოდ ეს შედეგი მივიღე. ვაპირებ მეორეც გავაკეთო, გადარეული ვარ, ისე მომწონს.

თეთრ სამზარეულოს ვერცხლისფერი დეტალები კარგად აქვს შეხამებული.

- რაც სამზარეულოსთვის ჩავიფიქრე, ყველაფერი გავაკეთე. წინასწარ მქონდა დახაზულ-გამოთვლილი, სად რას დავდგამდი. მომწონდა კუნძული და მინდოდა, რომ გამეკეთებინა, რადგან პრაქტიკულია დიასახლისისთვის სამუშაოდ. ამასთანავე ტევადიც არის, უჯრები აქვს და სათავსოდაც მშვენივრად ვიყენებ. ზოგადად, მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, განსაკუთრებულად მომწონს არატრადიციული კერძების მომზადება. როდესაც ბინას ვაპროექტებდით, შეგვეძლო სამზარეულო სტუდიოს პრინციპით გაგვეკეთებინა, სივრცეც უფრო დიდი გამოჩნდებოდა, მაგრამ დაჟინებით მოვითხოვე, სამზარეულო მქონოდა ცალკე. მართლა აუცილებელია მისი განცალკევება სხვა სივრცეებისგან. გოგოები რომ მოდიან, ყოველთვის სამზარეულოში ვსხედვართ, აქ ყველაფერი სხვანაირად „გემრიელია“.

ლალის გოგონას - ნიტას საძინებელიც თეთრია, ოღონდ მისი მოწყობისას ძირითად დეტალებს დედა შვილთან ათანხმებდა თურმე.


- ფერების საკითხში „წამომყვა“, არ გაუპროტესტებია, რომ თეთრი ყოფილიყო. ფარდები ერთად ვიყიდეთ, აი, სანათები, რომელიც მის საწოლთან დევს, ნიტას გარეშე მოვიტანე, მაგრამ ძალიან მოეწონა. აქვე გვაქვს ნინო ჩაკვეტაძის ნახატების მიხედვით შექმნილი კომპოზიცია, საოცრად თბილია მისი შემოქმედება.



ერთადერთი მუქი ფერის ოთახი ლალის სახლში, მისი ბიჭის - საბას საძინებელია. კედლები თეთრია, ავეჯი კი - რუხი.

- ნიტასაგან განსხვავებით, საბასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ფერის იქნებოდა მისი საძინებელი (იღიმის). რადგან ბიჭია, უფრო მუქ ტონალობაზე შევაჩერე არჩევანი, თან ყველა საძინებელი ერთ ფერში ხომ არ იქნებოდა? შედეგით მეც კმაყოფილი ვარ და საბაც, აშკარად გაამართლა.

ბავშვებს საკუთარ ოთახებში ყოფნა ძალიან უყვართ, განსაკუთრებით, როცა მეგობრები ჰყავთ, ჩაიკეტებიან ხოლმე და არიან თავისთვის. ისე კი, ძირითადად მისაღებში ვიკრიბებით. მეუბნებოდნენ, როცა სამზარეულო ცალკე ოთახადაა და არაა სტუდიოს სტილში, მაშინ მისაღებს ფუნქცია ეკარგებაო, მაგრამ ჩვენთან ასე არაა. სანამ დავიძინებთ, სულ აქ ვართ, ჩვენი თავშეყრის ადგილი მისაღებია.

ციცი ომანიძე

კომენტარები

fiqria 2019-10-01 16:47
ძალიან მომეწონა!რა სისადავეა, სინათლე,არაფერი ზედმეტი!
ira 2019-01-31 11:30
xmertma msvidobasi moaxmaros
pushla 2019-01-29 10:06
ძალიან მაგარია
pushla 2019-01-29 10:05
რაიყო ხალხო რა დაიბოღმეთ რა კომენტარებს წერთ? რაარ მოგწონთ ერთი მითხარი შურიანებო? ააა გასაგებია ალბათ თქვენ უკეთესი გაქვთ და მაგიტომ
gega 2019-01-27 19:36
ლალი გახდილი გვაინტერესებს მისი ბინა არ გვინდა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები