"ეს ბინა მამამ მაჩუქა..." - ეკლექტიკა კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის ბინის ინტერიერში

კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი წელიწად-ნახევარია ახალ სახლში გადავიდა. რემონტი და ბინის მოწყობა საკუთარ თავზე აიღო და ისე კარგად გაართვა თავი, რომ ხშირად ეკითხებიან, მართლა თავად გააკეთე თუ დიზაინერი დაგეხმარაო. სტილისტური მიქსი, ფერების საოცარი შეხამება და ხელოვნების ნიმუშები განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ჩვენი რესპონდენტის ბინას. ქეთიმ საკუთარ სახლში საინტერესო ექსკურსია მოგვიწყო.



– ეს ბინა მამამ მაჩუქა და შესაბამისად, ადგილის შერჩევაზე მე არ მიფიქრია, ძალიან გახარებული დავრჩი საჩუქრით. ახალგაზრდობა დიღომში მაქვს გატარებული, მიყვარს აქაურობა და ვფიქრობ, რომ გამწვანებისა და სკვერების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური
უბანია.

ბინა, რომელიც ახალაშენებული კორპუსის მერვე სართულზე მდებარეობს, 4-ოთახიანია. დიდი მისაღები, სამზარეულო და სამი საძინებელი ოჯახის თითოეულ წევრზეა გათვლილი და მორგებული. ქეთი ამ სახლში ვაჟთან ერთად ცხოვრობს, ქალიშვილი ნატა კი ამჟამად ბერლინშია.



სახლი ეკლექტურია, თბილი, პასტელური ფერები და ხის ფაქტურა სიმყუდროვის განცდას ქმნის. სარკეებიანი კარადა ჰოლში სივრცეს უფრო მოცულობითს ხდის. სანამ მისაღებში შევიდოდით, ჩვენი ყურადღება „ფირფიტებიანმა“ სანათმა მიიპყრო.



– გასტროლზე ვიყავი და ჩემმა მეგობარმა დამირეკა, – ქეთი, დაბადების დღისთვის შენთვის საჩუქარს ვყიდულობ, ჭაღი და სანათია, რომელი გირჩევნიაო. ფოტოები გადმომიგზავნა და სანათი ვარჩიე, არც შევმცდარვარ, ძალიან ორიგინალურია.

მისაღებში ყველაზე მეტად იგრძნობა სტილისტური სინთეზი – ვინტაჟური შპალერი თანამედროვე სამეულსა და რეტროსტილის ავეჯს ეფექტურად ეხამება. ფარდების ფერი კი სავარძლისა და სკამების ტონალობაში ისეა შერწყმული, რომ ერთ მთლიანობას ქმნის.

– ახალ სახლს კარგი ის აქვს, რომ ნულიდან იწყებ ყველაფერს და შენი ხედვა და ესთეტიკა შეგაქვს ისე, როგორც გინდა და წარმოგიდგენია. ბავშვობიდან მაქვს სწრაფვა სიძველისკენ, მომწონს ვინტაჟური სტილი და ჩემს სახლშიც თანამედროვეობისა და სიძველის მიქსია. ვეცადე, რომ სიძველე ნივთებით შემეტანა. მაგალითად, ეს ლამპა არის ჩემთვის უსაყვარლესი, გარდა იმისა, რომ ძველია, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შენარჩუნებული აქვს ორიგინალი მინის ზედა ნაწილი, რაც იშვიათობაა, მეც განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. მაგიდაც საკმაოდ ძველია თავისივე ფრანგული სკამებით.

როცა ჩემს სახლს ათვალიერებენ, ხშირად მეკითხებიან, – დიზაინერი გყავდაო?! არა, არ მყავდა, მთლიანად ჩემი გემოვნებითაა გაკეთებული, თავიდან ბოლომდე მე ვიყავი ჩართული. თუმცა, რამდენჯერაც უნდა გააკეთო რემონტი, ყოველთვის აღმოაჩენ რაღაცას, რაზეც იტყვი, რომ მეორედ ამ შეცდომას აღარ დაუშვებ. საბოლოო ჯამში, მომწონს ჩემი სახლი და კმაყოფილი ვარ შედეგით (იღიმის). თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ავიხდინე ოცნება და კერძო სახლს ვიშენებ საგურამოში, შავი კარკასი უკვე მთავრდება და ვფიქრობ, ზაფხულში შევძლებ გადასვლას. ძალიან მინდა, მიწასთან მქონდეს შეხება, გავაშენო ბოსტანი, გავახარო ყვავილები. რომ დასრულდება, იქაც აუცილებლად გიმასპინძლებთ.


საძინებელი

თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ მუსიკოსს მხატვრობა უყვარს, ნახატებია ყველგან – მისაღებში, ჰოლში, სამზარეულოში, აბაზანაშიც კი.

– მხატვრობის დიდი მოყვარული ვარ, ეს იციან ჩემმა მეგობრებმა და თითქმის ყველა ნახატი ნაჩუქარია. აქ შეხვდებით ძალიან სერიოზული მხატვრების – მიშა შენგელიას, ოლეგ ტიმჩენკოს, ნიკო ცეცხლაძის, ნინო ფერაძის ნამუშევრებს, მათ გვერდით ჩემი მეგობრების ნახატებიც იწონებენ თავს. მაგალითად, ახლახან ჩემმა უახლოესმა და უნიჭიერესმა მეგობარმა, ბაკურ ბაკურაძემ, მისახსოვრა საკუთარი ნამუშევარი სახელად „ქალის საიდუმლო“, საოცრად მომწონს, მაგრამ ჯერ ადგილი არ მიმიჩენია, ვფიქრობ, სად დავკიდო. ზოგადად, ძალიან მნიშენლოვანია, თუ სად განათავსებ ნახატს, ადგილმა უნდა „დამიძახოს“ და „მიმანიშნოს“, რომ აქ იმ კონკრეტულმა ნივთმა უნდა დაიმკვიდროს თავი.



წარმოუდგენელია, ქეთის მისაღებში მოხვდეთ და მისმა ორიგინალურმა ჭაღმა ყურადღება არ მიიპყროს:

– ეს ჭაღი – ჩემი სიამაყე, იტალიელი დიზაინერის ჰენდმეიდ ნამუშევარი გახლავთ, ექსკლუზივია, მხოლოდ ორი ეგზემპლარი იყო თბილისში ჩამოტანილი და ბევრი ვეცადე, ერთ-ერთი მე მომეპოვებინა. არც შევმცდარვარ, ძალიან თვალში საცემია.



საკრავების გარეშე მუსიკოსის სახლი წარმოუდგენელია, როიალი არა, მაგრამ ისეთი დიზაინის ინსტრუმენტი დგას ქეთის მისაღებში, რომელიც ინტერიერს საოცრად ეხამება.

– ჩემი როიალი აქ არ წამომიღია, საგურამოს სახლში გადავიტან. აქ უფრო კომპაქტური როიალის შეძენას ვფიქრობ, თუმცა ჩემმა მეგობარმა, სამი წლის წინ მაჩუქა ეს ინსტრუმენტი და ძალიან მიყვარს. გათამამებული ვარ საჩუქრებით (იღიმის).



მისაღებიდან სამზარეულოში გადავინაცვლეთ, რომლის მთელი ხიბლი ფანჯრის გასწვრივ განთავსებული გარნიტურია. ფერები აქაც მშვიდი და პასტელურია, თეთრი, რუხი და კრემისფერი. კედელს ზურა გომელაურის ნახატი ამშვენებს. აქვეა სამოვრითა და გოგრებით შექმნილი დეკორატიული კუთხე.


– ფანჯარასთან განთავსებული ნიჟარა შემოქმედებით ადგილად მომევლინა (იცინის). ჭურჭლის რეცხვა ისეთი სახალისო ხდება აქ, როცა თან ფანჯრიდან იყურები და თან საქმეს აკეთებ, რომ ვერც აგიხსნი (იღიმის). სტანდარტულად როგორც აკეთებენ სამზარეულოს, ზედა და ქვედა კედლებზე კარადებით, მე ასე არ მოვინდომე. მხოლოდ ქვედა ნაწილი დავტვირთე და კმაყოფილი ვარ, ვიტრინა მინდოდა და ესეც არის ჩემს სამზარეულოში, მასში კი ჭურჭელთან ერთად პატარ-პატარა სუვენირები მოვათავსე.

სამზარეულოში დაჯდომას სულ სხვა ხიბლი აქვს, სპეციალურად ვიყიდე ისეთი მაგიდა, რომლის გარშემოც 10 კაცი მაინც დაეტეოდა, იშლება და აქ ვილხენთ ხოლმე მეგობრები.

საინტერესო მხატვრების ნახატები სამზარეულოსაც ამშვენებს:

– ეს ნამუშავარი თავად ზურა გომელაურმა მაჩუქა, უძვირფასესია ჩემთვის. ცეცხლაძის ნამუშევარი ხომ სამზარეულოს მთავარი აქცენტია. ასევე ძალიან მომწონს მიხეილ აბრამიშვილის "ალუბლები", რომელიც ჩემმა მეგობარმა გიორგი ნიორაძემ მაჩუქა. მისმა ხალისიანმა ფერებმა თითქოს გამოაცოცხლა აქაურობა. ჰოლში კედელზე ჩემი მეგობრის თეა ნინუას ნახატია, მითხრა, შენ დაგხატეო. როგორც ჩანს, მის წარმოდგენაში ასეთი ვარ.

სახლში ორი აბაზანაა, ერთი – ქეთისი, მეორე კი – საერთო. ქეთის აბაზანა კრემისფერშია გადაწყვეტილი და როგორც უკვე აღვნიშნე, ნახატს აქაც საპატიო ადგილი უჭირავს. მეორე აბაზანა შავ-თეთრ ტონალობაშია, მთელი ხიბლი კი მისი სარკე და განათებაა. სხვათა შორის, დიასახლისის სარკეების მიმართ დამოკიდებულება ჰოლიდანვე იგრძნობა, საძინებელშიც ისეთი სარკე გაუკეთებია კომპოზიტორს, რომ საკონცერტო სამოსში გამოწყობილი თავიდან ფეხებამდე, სრული სიცხადით გამოჩენილიყო.


ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები