„ვცდილობ, ბინა მდიდრულად გამოიყურებოდეს, ბრწყინავდეს და დროს გაუძლოს“ - სტუმრად თამუნა ამონაშვილთან

სახლი ნებისმიერი ადამიანისთვის ის საკრალური სივრცეა, რომელიც მის გემოვნებას, გატაცებებს, შეხედულებებს გამოხატავს. რემონტის დროს ყველა ცდილობს, მისთვის იდეალური, ჰარმონიული სივრცე შექმნას. სწორედ ამ მიზნით, მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა საკუთარი ბინის ინტერიერზე თავად იმუშავა და დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო დახვეწილი, კომფორტული ინტერიერის შექმნა. პროცესით იმდენად დაინტერესდა, შემდეგშიც არაერთი ბინის ინტერიერი დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა. ალბათ ცოტამ თუ იცით მომღერლის ამ გატაცების და მეორე პროფესიის შესახებ. თამუნამ შინ გვიმასპინძლა და ინტერიერის დიზაინზე, რემონტზე და თავისი ბინის დაგეგმვის დეტალებზე ისაუბრა.

- სახლი ჩემთვის ყველაზე
დიდი ნავსაყუდელია. აუცილებელია, რომ იქ კომფორტულად ვგრძნობდე თავს და საბედნიეროდ, ასეცაა. რაც უნდა დაღლილი ვიყო, როგორც კი კარს ვაღებ, ყველანაირი დაღლილობა და სტრესი მეხსნება. სადაც ჩემი ენერგია ტრიალებს, იქ ყველა კუთხე მიყვარს.


- მოგვიყევით სახლზე, სადაც ახლა ცხოვრობთ...

- ეს არის ე.წ. ვარსკვლავების სახლი. ამ სახლში ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ. საკმაოდ დიდი ხნის წინ შევიძინე, თანაც ძალიან იაფად. შემდეგ რაღაც ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა. ამიტომ მოსახლეები ვაგროვებდით თანხებს და ჩვენ თვითონ დავამთავრეთ სახლის მშენებლობა. ჭერის სიმაღლე 3.30 მ-ია. ასეთ მაღალჭერიან ბინებს დღეს არც ერთი სამშენებლო კომპანია აღარ აშენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ხმაური არ მაწუხებს. შენობა ძალიან მყუდრო და წყნარ ადგილას დგას. დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს. ზაფხულში გრილა და ზამთარში შედარებით თბილა. ბევრი მიზეზია, რის გამოც უზომოდ მიყვარს ჩემი ბინა.

- როგორც ვიცი, სახლის დიზაინი მთლიანად თქვენ გეკუთვნით. რამდენად რთული იყო ეს პროცესი?




- დღესდღეობით ინტერიერის დიზაინი ჩემი მეორე პროფესიაა. უკვე რვა ბინა მაქვს მოწყობილი. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს საქმე, სირთულეებსაც სიამოვნებით ვუმკლავდები. სწორედ ჩემი სახლის დიზაინზე მუშაობისას მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მაინტერესებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დღეს ვფიქრობ, რომ არა სიმღერა, ჩემი მთავარი პროფესია სწორედ ინტერიერის დიზაინერობა იქნებოდა. სულ სწავლის და ძიების პროცესში ვარ. შემიძლია ე.წ. შავ კარკასს მოვკიდო ხელი და ყველაფერი ჩემით გავაკეთო. ჯერჯერობით ამას ფინანსური დაინტერესების მიზნით არ ვაკეთებ. ის რვა ბინა, რომელზეც აქამდე ვიმუშავე, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების იყო. დიზაინის მიმართულებით განათლება არ მიმიღია, თუმცა, როცა შენობაში შევდივარ, უკვე ვხვდები და ვგრძნობ, როგორ დავგეგმო. იდეები თავისით მოდის.

- თქვენი ბინის დიზაინზე მუშაობისას რას მიანიჭეთ უპირატესობა?
- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ფერები. ვეცადე ისეთი ფერები შემერჩია, აქტუალობა არ დაეკარგა, მალე არ მომბეზრებოდა. უპირატესობა მივანიჭე მუქ შოკოლადისფერს, ალაგ-ალაგ შავი დეტალები შევიტანე. მუქი ფერი საჭიროა სიმშვიდისთვის, სიმყუდროვისთვის. მხოლოდ ღია და თეთრ ფერში შესრულებული დიზაინი გაღელვებს, გღლის, ამიტომ აუცილებელია ფერთა ტანდემი.




ინტერიერის დიზაინში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. ბევრი ნათურა და სანათი მაქვს. ისეთ განათებას ვრთავ ხოლმე, როგორ განწყობაზეც ვარ. სწორად შერჩეული განათება ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ინტერიერში შეტანილი მაქვს ფენშუის ელემენტები. სწორედ ფენშუის მიხედვით მაქვს სარკეები განლაგებული. სასადილოში მაგიდასთან რეკომენდებულია სარკის განთავსება. სარკეში უნდა ჩანდეს მაგიდა, სადაც ადამიანები მიირთმევენ. სარკე აორმაგებს ყველაფერს და შესაბამისად, მაგიდასთან განთავსებულ სარკეს ორმაგი ბარაქა შემოაქვს ოჯახში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სარკის საძინებელში განთავსება, თუ ეს სარკე უყურებს საწოლს და ადამიანი ხედავს თავის თავს, ამ დროს ორმაგდება წოლის პროცესი და ავადმყოფობისკენ, სისუსტისკენ მიდის ადამიანი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სარკე ადიდებს სივრცეს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა დიდია, ბევრი სარკე მაქვს გამოყენებული ინტერიერში.

- სახლში მნიშვნელოვანი ადგილია სამზარეულო. როგორ მოაწყვეთ ეს სივრცე?

- არ მინდოდა, სამზარეულო ძალიან ოჯახური და შინაურული გამოსულიყო. ღია სივრცეა, საიდანაც ჩანს მისაღები ოთახი. დიდი მზარეულობით ვერ დავიკვეხნი, ფაქტობრივად, სადილს არც ვამზადებ, სწორედ ამიტომ არ მინდოდა, მხოლოდ სამზარეულოს დატვირთვა ჰქონოდა ამ სივრცეს. ჩემს ბინაში სამზარეულოს ბევრი დატვირთვა აქვს და ძალიან ნაყოფიერად ვიყენებ.




- მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილი ადგილი თუ გაქვთ?

- სამწუხაროდ, ინსტრუმენტისთვის ვერ გავთვალე ადგილი. იმ პერიოდში მოსკოვში ვაპირებდი წასვლას და ალბათ ამიტომ. არადა, როიალი ახლობელთან დგას და ვერ ვიყენებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სახლია, იმდენად აქვს ყველა კუთხეს თავისი ფუნქცია და დატვირთვა, როიალისთვის ვერ გამოვნახე ადგილი. თუმცა მომავალში ძალიან მინდა ამ პრობლემის მოგვარება.

- როგორც აღნიშნეთ, არაერთი სახლის დიზაინი გეკუთვნით. ალბათ დიდი გამოცდილებაც დაგიგროვდათ. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ აფასებთ თქვენი სახლის დიზაინს?

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს და კომფორტულია, დღეს შენიშვნები შემაქვს, რაღაც დეტალებს შევცვლიდი, სხვანაირად გავაკეთებდი. როგორც ხასიათი და აზროვნება გეცვლება, ისე გეცვლება გემოვნება, ამავე დროს გემატება გამოცდილება, ცოდნა და ბევრ დეტალს სხვა თვალით უყურებ.

- თქვენ მიერ შესრულებული ბინები ჰგავს ერთმანეთს? რა არის თქვენი ხელწერა?

- დავიწყოთ იმით, რომ ყველა ბინა თავის პატროს უნდა ჰგავდეს, ამიტომ ვცდილობ, თითოეული ბინა განსხვავებული და ინდივიდუალური იყოს. მე პირადად ძალიან მიყვარს ე.წ. ლაქშერი. როცა ბინის დიზაინს ვკიდებ ხელს, არ მიყვარს უბრალო სტილში გადაწყვეტა. ვცდილობ, ბინა მდიდრულად გამოიყურებოდეს, ბრწყინავდეს და დროს გაუძლოს. მნიშვნელოვანია ფერების, ავეჯის, დეკორაციის და სხვა დეტალების სწორად შერჩევა და ერთმანეთთან შეხამება.


- ხარისხიანი მასალების არჩევანი თუ არის ქართულ ბაზარზე?

- ეს ძალიან რთული თემაა. ძალიან იშვიათია, რომ მაღალი ხარისხის მასალა შეღავათიან ფასად შეიძინო, ადამიანების უმეტესობას კი გამოზომილი და წინასწარ დაგეგმილი ბიუჯეტი აქვს. დღეს იშვიათია, რომ რემონტისთვის ძალიან დიდი თანხა ჰქონდეთ გამოყოფილი. საკმაოდ რთულია გამოზომილ თანხაში კარგი რემონტის გაკეთება. ქართულ ბაზარზე არჩევანი არის, თუმცა - უფრო ძვირ მაღაზიებში, ბაზრობებზე ნაკლებად. ბაზრობებზე ბევრი უნდა იარო, ამოწმო, იკითხო, რომ შედარებით კარგი ხარისხის მასალა აარჩიო. იაფი ფაქტობრივად არაფერი ვარგა და ზუსტად ვიცი, ძალიან მალე დაკარგავს ელფერს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯობს ერთხელ დახარჯოს ადამიანმა თანხა და გააკეთოს ისეთი რემონტი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნებს თავის პეწს და 3-4 წელიწადში არ გაფუჭდება. უბრალოდ, უნდა იცოდე, რა სახის მასალებზე გააკეთო ეკონომია და რაში გადაიხადო დიდი თანხა.

- ბოლოს ისევ თქვენს ბინაზე მინდა გკითხოთ, არის ეს თქვენი საოცნებო სახლი?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სახლში ბოლომდე არ ვარ დახარჯული, რადგან ამისთვის დიდი დრო და თანხებია საჭირო. სამომავლოდ მინდა, საძინებლები სულ სხვა სტილში გავაკეთო, ბევრი დეტალი დავამატო. ძალიან მიყვარს ჩემი სახლი, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა ოცნებებიც მაქვს, სხვა რაღაცებიც მომწონს. იმედია, სამომავლოდ ამ ოცნებებსაც შევასხამ ფრთებს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ქეთი 2022-07-15 02:25
cheap looking ლამინატით და მეტლახით so cheap trashy look
გია 2021-10-19 11:50
სისულელეა ეს
ანა 2021-10-11 10:40
თამუნა ძალიან მომწონს, პოზიტიური და საყვარელი გოგოა, სახლიც მომეწონა, გემოვნებიანი და დახვეწილია!
ტოტო 2021-10-07 09:51
ძალიან გემოვნებიანია.ყველა ნივთი თავის ადგილზეა და ერთიან სივრცეს ქმნის.

კომენტარის დამატება