ქეთი დოლიძის მშობლიური სახლი და ძვირფასი ნივთები, რომლებიც სახლის ბინადართა ისტორიას ჰყვებიან

მისი მშობლები 1945 წელს გადმოვიდნენ ამ სახლში. მალე დაიბადა გოგონა, რომელიც აქ გაიზარდა და დღესაც ამ ბინაში ცხოვრობს, მისთვის ძვირფას მოგონებებთან და ნივთებთან ერთად. ქეთი დოლიძის ბინის ინტერიერს სწორედ ამ ნივთების ფონზე გადავავლებთ თვალს.

- ამ სახლში არსად არაფერი შეცვლილა, მე და ჩემმა მეუღლემ მხოლოდ კედლები და ჭერი გავარემონტეთ. იატაკი დედაჩემის დროს დაიგო. ნახეთ, პარკეტის სხვადასხვა წყობაა, საკმარისი თანხა არ ჰქონდათ და ნაწილ-ნაწილ აგებდნენ. ყველაზე ძვირფასი ამ ოთახსა და თამრიკოს ოთახში არის კედლებზე ხის პანელები. ეს დედას იდეა იყო და
საერთოდ, ამ სახლს ყველაფერში დედაჩემის ხელი ეტყობა. თეთრი ბუხარი აქ და ჩემს საძინებელში (იქ არავის ვუშვებ) - ესეც დედას ინიციატივა იყო. მაშინ ასაწყობ ბუხრებს ყიდდნენ. დედამ ორი ბუხრისთვის მასალა შეაგროვა და მერე დააყენეს. ცენტრალური გათბობა არ იყო და ბუხარი ძალიან უყვარდა. დედა ავად რომ გახდა, ჩვენ საძინებელში აღარ დაიძინა, თქვა - ეს ქეთის მზითევიაო... და ამ ოთახში იწვა, დედაჩემი აქ გარდაიცვალა.


- სხვა ოთახებში გადავინაცვლოთ...

- ...მამა ყოველთვის თავის კაბინეტში მუშაობდა, მერე მის მაგიდასთან - მე და ახლა, ჩემი ვაჟი ვმუშაობთ. სცენარი იქნებოდა თუ სხვა რამ, საერთოდ ყველაფერი აქ დაიწერა. მხოლოდ კომპიუტერთან მუშაობისას არ ვზივარ ამ მაგიდასთან. სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის, ეს ბიბლიოთეკაა. ყველა ოთახში უამრავი წიგნია. მამამ „დარიკო“ რომ გადაიღო, ფილმს დიდი შემოსავალი ჰქონდა ტირაჟის მხრივ და კინოგაქირავებიდან. მაშინ თანხას რეჟისორებსაც უნაწილებდნენ. „დარიკომ“ იმდენი ფული მოუტანა, რომ ავეჯი შეიძინა. მამას კაბინეტის ავეჯი ბებიაჩემმა იპოვა სადღაც და უთქვამს: სიკო, ეს უნდა იყიდოო... კაბინეტში მნიშვნელოვანია დედაჩემის პორტრეტი, რომელიც დაიწყეს და ვერ დაამთავრეს... სამწუხაროდ, დედა ცუდად იყო და სეანსებს ვერ გაუძლო. სურათს არა აქვს ბოლო შტრიხები, რითიც უნდა დასრულებულიყო და მამამ ასე დატოვა.



თამრიკოს ოთახში ბევრი ფერწერული ტილოა კედლებზე. ძალიან მიყვარს ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ეს არის ჩემი მეგობრის სლავა კალინინის გენიალური სურათი „აღდგომა“, მხატვარი ლოს-ანჯელესში გადასახლდა. „სოთბის“ აუქციონზე მილიონებს იხდიან მის ნახატებში. ზურაბ გომელაურის ადრეული პერიოდის ნამუშევრები, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესოა მის შემოქმედებაში. ჩემი უახლოესი მეგობრის ოთარ იმერლიშვილის ორი ტილო მაქვს. აი, ზემოთ რომ ნახატია, თორნიკეს აჩუქა ხევსურმა ბიჭმა - მამის პორტრეტია. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი ნახატია. ეს „კენტავრი“ ფარაჯანოვმა მაჩუქა. მე ვარ მშვილდოსანი და ამავე დროს, კენტავრი არის ჩემი ზოდიაქოს სიმბოლო. სერგოს ძალიან ვუყვარდი, ჩვენ ვმეგობრობდით.



იული კლევერის პეიზაჟი უბრალოდ ასლია დაბეჭდილი ნაჭერზე. სურათის ორიგინალი ფესტივალ „საჩუქარს“ შეეწირა და არამარტო ეს ნივთი... მამაჩემმა თავისი ფოტო ბიძაჩემს აჩუქა, ძალიან მიყვარს წარწერა ფოტოს უკანა მხარეს, უბრალოდ, ჩარჩოში ჩავსვი. ედინბურგის კანცლერმა დამაჯილდოვა საპატიო სიგელით. ჩემი ყველა ჯილდო არ მაქვს გამოფენილი. კარადის თავზე დევს პრიზები - მამას პირველი „პრომეთე“, ჩემი „ოქროს ფრთა“, დანარჩენი თორნიკეს ჯილდოებია. რელიკვიაა ჩემი სადიპლომო სპექტაკლის კარი, გოგი მესხიშვილის არაჩვეულებრივი ნახატით. როცა დეკორაცია დაშალეს და გადააგდეს, სასწრაფოდ „მოვიტაცე“ კარი და სახლში წამოვიღე. ჩემი ყველაზე დიდი დაფასება - „თამარ მეფის ორდენია“.



- ეს ალბათ საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სუვენირებია...

- ეს ოთახი სავსეა სუვენირებით... ძალიან მიყვარს აფრიკული ნივთები. რამდენიმე ბუხრის თავზე აწყვია - ქალი, სპილო, ჩიტი, ჩახუტებული ქალი და კაცი. აფრიკიდან ვატარე დოლი და კაცის ფიგურა, ჩემს ვაჟიშვილს ჩამოვუტანე... მიმაჩნია, რომ სრულყოფილებაა აფრიკულ ნამუშევრებში. დინოზავრი ჩემი ფილმიდან „დინოზავრის კვერცხი“ (მეორე დასახელებაა „და სასახლეში ვნახავ სიხარულს“), რომელიც პოლონელმა მხატვარ-რეკვიზიტორმა გააკეთა. ადრე დადიოდა და ლაპარაკობდა, დროთა განმავლობაში ხედავთ, როგორ გაიღლიტა.

- ულამაზესი კარადა როდინდელია?

- კარადა-ბუფეტი მაშინ შევიძინე, როცა ვიღებდი ფილმს „სანამ წვიმა გადივლიდეს“, მთავარ როლს მედეა ჯაფარიძე ასრულებს. იყო ასეთი პიროვნება, არაჩვეულებრივი მუსიკათმცოდნე ჟენია მაჭავარიანი, მან იცოდა, რომ ფილმისთვის ავეჯს ვეძებდი. სახლიდან პავილიონში გადავიტანე საძინებელი, ეს სასადილო... მინდოდა, რომ ყველაფერი ნამდვილი ყოფილიყო. ჟენიამ დამირეკა და მითხრა: ერთი სომეხი ქალი გარდაიცვალა. უძველესი კარადა დარჩა, რომელიც შვილს ერევანში ვერ მიაქვს იმიტომ, რომ ძალიან დიდია, სასწრაფოდ მოდი და ნახეო. შევხედე თუ არა, მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს ჩემია... და ასე, ზუსტად ჩაჯდა ამ ოთახში. ავსტრიული ნამუშევარია, ამ ლითონის წრეში მგონი ავსტრიის კანცლერის პორტრეტია.


სასადილო ოთახში ბევრი ფოტოა: აგერ, მამასთან ერთად ვარ, მე და თუმანიშვილი, დედა თეოდორა. ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ფოტოა, სადაც პატრიარქთან ერთად ვართ - მე, ჩემი შვილიშვილი და შვილები. ჩემი გადაღებულია ფოტოები სალვადორ დალის ბავშვობის სახლში. ისე მოეწონა იურა მეჩითოვს, მეხვეწებოდა, დამიბეჭდე და მაჩუქეო. ფოტოებს თავად ძალიან იშვიათად ვიღებ.



შემომრჩა ბავშვობისდროინდელი ერთადერთი, საფრანგეთიდან ჩამოტანილი თოჯინა. მოსკოვში სტას ნამინის მუსიკისა და დრამის თეატრში დავდგი „სერობა“ და პრემიერაზე მსახიობებმა გობელენი მაჩუქეს... ბატონ მიშა თუმანიშვილთან ჩემი ურთიერთობა 1968 წელს დაიწყო და გარდაცვალებამდე მას არ მოვცილებივარ, ეს გრძელდებოდა 28 წელი... თუმანიშვილს უყვარდა ტყეში სიარული, აგროვებდა ხის ხმელ ტოტებს, რისგანაც პატარა სტატუებს აკეთებდა და სხვათა შორის, ყველას სხვებს ჩუქნიდა. ორი ცალი მეც მაქვს, ერთს ფეხი მოსტყდა და გასაკეთებელია. ლიტველი რეჟისორის, რიმას ტუმინასის ნაჩუქარი სუვენირებიც ძალიან მიყვარს. კამოდის წინა პლანზე პატარა ფიგურები რაც დევს, ჩემი შვილიშვილის გაკეთებულია 8 წლის ასაკში. ასევე მის ნამუშევრებს გაჩვენებთ, როცა 12-13 წლისა იყო, ძალიან ნიჭიერი ბიჭი მყავს. ახლა ლუკა 16 წლისაა - ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და სიამაყე.








- მოგონებებს წერთ?

- უფრო საინტერესოდ ვყვები, ვიდრე ვწერ, ამიტომ ოლიკო ჟღენტთან ვარ შეთანხმებული - მე მოვყვები, ის დაწერს. იმედი მაქვს, თანხას ვიშოვით, რომ მომავალ წელს წიგნი გამოვცეთ. ცხოვრებაში იმდენი შეხვედრა მქონია და ისეთი მოვლენები ყოფილა, მარტო ჩემი დაფუძნებული ქალთა მოძრაობა „თეთრი მანდილი“ რად ღირდა... აუცილებლად უნდა გადავიღო ფილმი „თეთრი მანდილის“ აქციაზე, როდესაც აფხაზეთში მატარებლით ჩავედით ქართველი დედები აფხაზეთის ომის დროს... მზად არის დიდი სინოფსისი, რაც პრაქტიკულად სცენარია. მით უმეტეს, მაშინ დოკუმენტური ფილმი გადავიღე თითქმის საათების მიხედვით, ეს საკმაოდ დიდი მასალაა.

- სახლში ყველაზე მყუდრო ადგილი თქვენთვის რომელია?

- რა თქმა უნდა, საძინებელი. იქაც მაქვს ნახატები, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარს. აი ახლაც, საჩუქრად მივიღე ნახატი ახალგაზრდა მხატვარ ლელა მჭედლიშვილისგან. ხოლო ნამუშევარი წარწერით `სიყვარული~ ჩემმა პეტერბურგელმა მეგობრებმა, თოჯინების თეატრის მსახიობებმა თავისი ხელით მოქარგეს და მაჩუქეს, როცა ფესტივალზე ჩამოვიდნენ. სამზარეულოში კედელზეა რამდენიმე აფიშა: თეატრი ათონელზე, „სერობა“ (მოსკოვში დადგმული), „კუკარაჩას“ ყველაზე კარგი აფიშა, რაც საერთოდ არსებობს.

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

თეა 2022-12-12 15:57
სახლში ფულზე მეტი ინტელექტი იგრძნობა.
თეა 2022-12-12 15:50
სახლს ეტყობა ფულზე მეტად ინტელექტის სიჭარბე.
ნინო 2022-07-05 22:39
ქეთი დოლიძე ცნობილი მამის ცნობილი შვილია, თვითონაც ბევრი აქვს გადაღებული და დადგმული თეატრში და კინოში, ბევრ საინტერესო ადამიანს იცნობდა და მომსწრეა მათი ისტორიების, ბევრი რამე მეც არ მომწონს მისი გაკეთებული პოლიტიკაში რომ ჩაერია და აირია, მაგრამ ეს არ არის მთავარი, არაფერი ისეთი არ დაუშავებია ვინმეს გადაკიცხი და გასარიყი რომ იყოს.
ელენე 2022-03-12 02:09
ამას წინათ დადებითი კომენტარი დავწერე ქალბატონ ქეთიზე და არ დაბეჭდეს!!! უფრო მეტიც, ის სტატია სულ გააქრეს! არ მესმის, რას ერჩიან. ვეთანხმები ნინოს (წინა კომენტარს), ქალბატონი ქეთი მუდამ სიმართლეს ამბობს. გაბედულია, საქმიანი და ძალიან ნიჭიერი. ბევრი აქვს გაკეთებული ქართული კულტურისთვის. მისი ბინაც დიდ ისტორიას იტევს. წარმატებები მინდა ვუსურვო მას!!!
ალექს 2022-03-11 08:43
წითელი ინტელიგენტი !

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები