რატომ ეჭვიანობს გურამ შეროზია ძველი სახლის მდგმურებზე და როგორია ცნობილი ბლოგერის ახალი, კომფორტული ბინა

ულამაზესი ხედი, ნათელი სივრცე, ორიგინალური პროექტი, ხელმისაწვდომი ფასები - ამ და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შერჩეულ ახალ სახლში ცნობილი ბლოგერი, ჟურნალისტი გურამ შეროზია სულ რაღაც ერთი კვირაა რაც გადავიდა. სახლს ნელ-ნელა ეგუება, აქ თავს კომფორტულად გრძნობს და დარწმუნებულია, როცა ახალ სახლშიც დაუგროვდება ბევრი სასიამოვნო მოგონება, მასაც ისე შეიყვარებს, როგორც ძველი სახლი უყვარს.

- წერეთლის გამზირზე, პანთეონთან ახალაშენებულ ბინაში შევიძინე ფართი. პროექტი იყო ძალიან ლამაზი და ორიგინალური, ფასებიც - მისაღები, მქონდა საკმაოდ კარგი ფასდაკლება. ეს უბანი ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელია. ჩემი ძველი სახლიც ამ უბანშია. ბინა მე-13

სართულზეა, ყველა ოთახიდან არაჩვეულებრივი და ულამაზესი ხედი მოჩანს. ერთი სიტყვით, ბევრი პარამეტრი იყო, რის გამოც არჩევანი ამ სახლზე შევაჩერე. ნახევარი თანხა გადავიხადე, ნახევარი იპთეკით მაქვს შეძენილი. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც გადმოვედი.

მიუხედავად სიდიდისა, ძველზე უფრო კეთილმოწყობილობისა, ხედებისა და ა.შ. მაინც ძველი მენატრება და ვეჭვიანობ მდგმურებზე. მწყინს, რომ ახლა ისინი ეძლევიან მყუდროებას ჩემს კუთვნილ მეორე სართულზე, ისინი წვანან და კითხულობენ წიგნებს ჩემს რბილ ხალიჩაზე, ეწევიან და სვამენ ყავას ჩემს ფერად და მყუდრო სამზარეულოში, ჩემს ნაცვლად მათი მომზადებული კერძების სუნი ტრიალებს სახლში, პარკინგზეც სხვა დგას, ჩემს ადგილას. ალბათ მთავარი, რაც ამ სახლს აკლია - ისტორიაა, კედლების ტკბილი მოგონებებით გაჟღენთვა, ალკოჰოლის სურნელი, ჟრიამული, ფლირტი, სიმღერა, ცეკვა, ხანდახან პოლემიკაც, ათი ადამიანის ერთად ძილი, ა.შ. დარწმუნებული ვარ, ამ სახლშიც მალე დაგროვდება დადებითი ემოცია, სასიამოვნო მოგონებები.

- რემონტის პროცესმა როგორ ჩაიარა?
- მინდა ვთქვა, რომ რემონტის პროცესი საშინელებაა. როცა ახალბედა ხარ ამ საკითხში და ვერ ერკვევი, ყველა ცდილობს მოგატყუოს, გამოგძალოს თანხა. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ცოტა გამიგრძელდა რემონტის პროცესი. ხუთი თვე გაგრძელდა ეს აურზაური. ვფიქრობ, გამოცდილება რომ მქონოდა, ორი თვე საკმარისი იქნებოდა, სახლისთვის დასრულებული სახე მიმეცა. წინ ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს. დეკორაციებით, სხვადასხვა ნივთით უნდა გავალამაზო სახლი. მთლიანად მხოლოდ სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, საძინებელი და სველი წერტილია დასრულებული. მაქვს საკმაოდ დიდი აივანი. ჯერ იქ ავეჯი არ მიდგას. ვაპირებ მაგიდა-სკამების შეძენას. მინდა, პატარა ორანჟერეასავით მოვაწყო. შევიძინო ბევრი მცენარე, რომელთაც მე თვითონ მოვუვლი.

- რემონტი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული?
- არ ავჩქარებულვარ. ვარკვევდი, სად უფრო ხარისხიან მომსახურებას და დაბალ ფასებს შემომთავაზებდნენ. ვთვლი, რომ საკმაოდ ეკონომიურად გავაკეთე, ხარისხიც არაჩვეულებრივია.


- დიზაინი როგორ შეარჩიეთ?
- სახლი ჩემი დიზაინით და გემოვნებით მოვაწყვე. "გუგლში" ვეძებდი იდეებს. ზოგჯერ ჩემს მეგობარ დიზაინერებს ვთხოვდი რჩევებს. როგორც იქნა, დასრულდა მათი დასპამვა შეკითხვებით, რჩევების თხოვნით (იღიმის). შემდეგ ვუხსნიდი ხელოსნებს და ისინიც ზუსტად ისე აკეთებდნენ ყველაფერს, როგორც ვეუბნებოდი. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, ამიტომ თითქის ყველა ფერი გამოვიყენე. მისაღები ოთახი კრემისფერსა და ყავისფერში გადავწყვიტე. ერთი საძინებელი მოვარდისფრო-მოიასამნისფროა. კაბინეტი ყვითელ ფერშია. ფაქტობრივად, არც ერთი ფერი არ დავტოვე გამოუყენებელი. რაც შეეხება განათებას, ნათელ ბინებს ვანიჭებ უპირატესობას. ჩემი სახლიც ნათელია. ორივე მხრიდან მზე უდგება. თუ მაქვს განწყობა, რომ ოთახი ჩაბნელებული იყოს, ღამის მუქ ფარდებს დავუშვებ. დაბნელება მარტივია, დღის განათების მიღებაა რთული. სახლში ოთხი ტიპის განათება დავამონტაჟე. არის ჭერში ჩამონტაჟებული განათება, ჭაღები, ბრები და სანათები. თითოეულ მათგანს მონაცვლეობით ვიყენებ.


- სამზარეულო ისეთი დეტალია, ზოგჯერ ქალებსაც უჭირთ მისი შერჩევა. თქვენრა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?
- არაჩვეულებრივი კულინარი ვარ. უგემრიელეს კერძებს ვამზადებ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მეგობრები ასე ამბობენ. მაქსიმალურად ვეცადე, კომფორტული და მოსახერხებელი გამოსულიყო. იგი ყველა სქესის, გემოვნების და მოთხოვნილების ადამიანს აკმაყოფილებს. სამზარეულოს ყველა დეტალი - თაროები, მაგიდა, სკამები, ჩემი გემოვნებითაა გაკეთებული. რაც მთავარია, არ მინდოდა მისაღები ოთახისგან ბარით ყოფილიყო გამოყოფილი, ამიტომ არის იზოლირებული. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, სადაც საჭმელს ამზადებ და მიირთმევ, იმავე ოთახს იყენებდე სტუმრების მისაღებად. ჩემი სამზარეულო არ არის დიდი, სულ რაღაც შვიდი კვადრატია, მაგრამ სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოამზადო გემრიელი კერძები და იქვე მიირთვა. თუ ბევრი ადამიანი მყავს სტუმრად, მისაღებ ოთახში ვშლი სუფრას.


- როგორც ვიცი მარტო ცხოვრობთ, ამიტომ მხოლოდ ერთ ადამიანზე ხომ არ არის ეს სახლი გათვლილი?
- სახლში რამდენიმე ოთახია, ამიტომ შესაძლებელია ბევრმა ადამიანმა იცხოვროს ერთად. მართალია, მარტო ვცხოვრობ, მაგრამ იშვიათად ვარ მარტო. ხშირად მოდიან სტუმრად მეგობრები, ვრჩებით ყველა ერთად. ეს სახლი ხალხმრავლობაზე, მხიარულებაზე, ბედნიერებაზე, სასიამოვნო დროს ტარებაზეა გათვლილი.

- მეგობრებმა როგორ შეგიფასეს დიზაინი?
- ყველას ძალიან მოეწონა. ჩემი მეგობრები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში. რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ, თუ არის საინტერესო და არგუმენტირებული.

- ახლო მომავალში დიასახლისს ხომ არ ელოდება ეს სახლი?
- არასოდეს არ ვიცი წინასწარ, რა მოხდება. ახლო მომავალში არ ვგეგმავ. ისე, მინდა გითხრათ, რომ საშინაო საქმეებს მეც თავისუფლად ვართმევ თავს. ჯერჯერობით ჩემს სახლს ქალის ხელი არ აკლია (იღიმის).

მერი ბლიაძე

კომენტარები

irina 2017-01-11 19:43
martlac rtulia dzveli saxlis shecvla.me michirs da vechvevi))))
tata 2016-05-29 16:25
sazinebeli zalian achrelebulia ragac sada unda kopiliko. gadatvirtulia.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები