როგორ გავალამაზოთ ქოთანი და შევქმნათ ულამაზესი დეკორაციები სუკულენტებით

დღესდღეობით სუკულენტები საკმაოდ ტრენდული და მოდურია. ასეთი მცენარეების უპირატესობა გახლავთ ის, რომ ძალიან ლამაზებია და არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლის პირობები. მათი მეშვეობით უნიკალური კომპოზიციებისა და მინიატურული ბაღების შექმნაა შესაძლებელი. ოლიკო კომახიძემ სუკულენტებით დეკორაციების და მინიატურული ბაღების შექმნა საკუთარი სახლის გასაფორმებლად დაიწყო, თუმცა შემდეგში გატაცება სერიოზულ საქმიანობად აქცია. იგი მკითხველს სუკულენტებით მარტივი, მაგრამ ამავე დროს ულამაზესი დეკორაციის შექმნას ასწავლის.


- მცენარეები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ დეკორაციად ქცევის იდეა სულ რამდენიმე თვის წინ, ნოემბერში მომივიდა - ისიც მხოლოდ ჩემი სახლის გასაფორმებლად. პირველად სამი

სხვადასხვა კომპოზიცია გავაკეთე და შედეგიც და მუშაობის პოროცესიც ძალიან მომეწონა. პირველ რიგში ჩემს მეგობრებს და ახლობლებს გავუზიარე, რასაც მათი მხრიდან ძალიან დადებითი შეფასება და აღფრთოვანება მოჰყვა, სწორედ მათგან წამოვიდა შეკვეთების მიღების იდეაც.

- რატომ მაინცდამაინც სუკულენტები? რატომ მიანიჭეთ მათ უპირატესობა?

- სუკულენტები ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მცენარეებია მათ შორის, რაც მე შემხვედრია. როცა ჩემთვის ვაკეთებდი ქოთნებს, მიზანი ის იყო, რომ მათ განსაკუთრებული მოვლა არ დასჭირვებოდათ. ამასთან ერთად ძალიან ლამაზებია და უამრავი სახეობის არსებობს, რის დამსახურებითაც მრავალნაირი კომპოზიციის შექმნაა შესაძლებელი. როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ მარტივი მოსავლელია, მორწყვა იშვიათად სჭირდება, უყვართ მზე და უძლებენ როგორც დაბალ, ასევე მაღალ ტემპერატურასა და მზის სხივებს. სუკულენტების უმრავლესობა გასამრავლებლადაც ძალიან მარტივია. მე პირადად მათმა მრავალფეროვნებამ მიმიზიდა, ალბათ სხვებსაც აქვთ ეს მომენტი. ზოგიერთი სუკულენტი მზის ქვეშ ფერს იცვლის, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მათ. გარდა ამისა, როგორც ჩემს არაერთ მომხმარებელს აღუნიშნავს, მარტო მცენარეებშიც არაა საქმე - მცენარეები და ქოთნები, მათი გაფორმება და შეფუთვა ქმნის საბოლოო პროდუქტს - დეკორაციას, რაც მათ ასე ძალიან მოსწონთ. მიხარია, როცა ისეთი ადამიანები ყიდულობენ ჩემს პაწაწინა ქოთნებს, რომლებიც მცენარეების მოყვარულები აქამდე არ ყოფილან.

- ახლა უკვე შეკვეთებზეც მუშაობდით და ჰობი საქმიანობად აქციეთ. როგორ ფიქრობთ, გაამართლა? 
- პირველი შეკვეთა ნოემბრის ბოლოსვე მივიღე და მეგობრების დახმარებით დღითი დღე უფრო მეტი ადამიანი იგებდა ჩემ შესახებ და ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, რომელსაც, სიმართლე გითხრათ, თავიდან არც ველოდი და ვერც წარმოვიდგენდი. ბევრი სასაჩუქრედ ყიდულობს, რადგან ორიგინალური, მარტივი მოსავლელი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია. 

- რა მასალით ქმნით ხელნაკეთ ქოთნებს? რამდენად მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება?
- თავიდან შუშის, ცემენტის და თიხის პაწაწინა ქოთნები მქონდა, შემდეგ ხის ქოთნებიც დავამატე, ასევე მაქვს კოკედამებიც, რომელიც ცოტა უცხოა ქართული საზოგადოებისთვის და ზოგი ვერც ხვდება რა არის, ამიტომ მცირე განმარტებას გავაკეთებ - კოკედამის იდეა იაპონიიდან მოდის, მას ძირთადად ჩამოსაკიდებლად იყენებენ, რაც ერთი მხრივ საკმაოდ ორიგინალური, მეორეს მხრივ კი ძალიან პრაქტიკულია რამდენიმე მიზეზის გამო - გარდა იმისა, რომ ადგილს ნაკლებს იკავებს, ასევე მიუწვდომელია ბავშვების ან თუნდაც ცხოველებისათვის. ასევე მომხმარებლისგან წამოსული მოთხოვნის საფუძველზე მოზრდილ შუშის ტერარიუმებსაც ვამზადებ, მათ ნაწილს საკუთარი ხელით ვაწყობ, რაც ძალიან მიხარია.

- რის მიხედვით აჯგუფებთ მცენარეებს?
- გამომდინარე იქედან, რომ სუკულენტებს ძირითადად ერთნაირი მოვლა და პირობები სჭირდებათ, დაჯგუფების დროს ძირითადი აქცენტი ვიზუალურ მხარეს ეთმობა. ასევე ვცდილობ სხვადასხვა ზომისები ჩავსვა, რათა ეტაპობრივად გაიზარდონ და გადარგვის დროს ქოთანი ცარიელი არ დარჩეს. პატარა ქოთნებში საშუალოდ 3-4 სხვადასხვა სახეობის სუკულენტი და კაქტუსია. 

- აკეთებთ ჩამოსაკიდ მინიატურულ ქოთნებსაც, ინკუბატორებს. შეიძლება ეს ქოთნები გულსაკიდებად გამოიყენოს ადამიანმა, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს მცენარეები? ვფიქრობ ძალიან ორიგინალური იქნება.
- დიახ, ესენიც საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობენ, მათი გამოყენება როგორც გულსაკიდებად, ასევე გასაღებზე ან მანქანის სარკეზე ჩამოსაკიდებლად შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ზაფხულში ნებისმიერი მცენარეების მოყვარული სიამოვნებით ატარებს გულით ამ პაწუკა ინკუბატორს. შემდეგ კი, როცა წამოიზრდება, პატარა ქოთანში გადარგავს. ამ ინკუბატორის ერთ-ერთი დიდი პლუსი ისაა, რომ მრავალჯერ შეიძლება გამოყენება - როცა ერთი მცენარე გაიზრდება, მარტივად ამოღებთ და ახალ პატარას ჩასვამთ.


- რამდენ ხანს ძლებს მინიატურულ ინკუბატორში მცენარე და როგორ უნდა მოვუაროთ მათ, რომ დიდხანს გაძლოს?
- მსგავსი ზომის ინკუბატორში სუკულენტები და კაქტუსები 3-დან 6 თვემდე ძლებენ, ეს მცენარის ჯიშზეა დამოკიდებული. მაგალითად კაქტუსები შედარებით ნელა იზრდებიან. 3-4 კვირაში ერთხელ ინკუბატორის წყლიან თეფშზე მოთავსება და 1-2 წუთით გაჩერება მის მოსარწყავად საკმარისია. ასევე აქვს საჰაერო როგორც ძირზე, ასევე ზემოთაც, რაც მის საჭირო ჟანგბადით მომარაგებას უზრუნველყოფს. მზის სხივები არ უნდა მოაკლდეს, ზრდის პროცესში, ეს განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია. როგორც ზემოთ ვახსენე - გაზრდილი მცენარის ქოთანში გადატანა ძალიან მარტივია - უბრალოდ გახსნით ინკუბატორს და ამოიყვანთ მცენარეს.


- ტერარიუმზე და მის პატარა ბინადრებზე რას გვეტყვით?
- დიდი ტერარიუმები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია - მის დამზადებას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ საბოლოო შედეგისთვის ღირს. მცენარეებს აქაც სუკულენტებს ვიყენებ, უფრო მოზრდილებს ვიდრე პატარა ქოთნებში, რაოდენობითაც მეტია და საბოლოო ჯამში ჩემდა სასიხარულოდ მომხმარებელსაც ძალიან მოსწონს.

- რაიმე მარტივი ქოთნის გაკეთებას ხომ არ გვასწავლით? რა მასალა დაგვჭირდება, როგორ უნდა შევიქმნათ ჩვენით ლამაზი, პატარა საყვავილე?
- სიამოვნებით გავუზიარებ თქვენს მკითხველს პატარა ქოთნის დამზადების ინსტრუქციას. დაგჭირდებათ: პატარა შუშის ქილა ან ჭიქა, რომელშიც ჯერ მოათავსებთ დეკორატიულ კენჭებს, ნახშირს, შემდეგ - ხავსს და ხავსზე დააყრით მიწას, რომელიც სასურველია იყოს სილანარევი, რადგან სუკულენტებისთვის ასეთი მიწა უფრო სასარგებლოა. ქილის გაფორმება სხვადასხვანაირად შეიძლება - ძაფებით, ქაღალდით, მაქმანით თუ სხვა - ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები