როგორ უნდა მოუაროთ ვარდებს ეზოში - რჩევები გამოცდილი მევარდისგან

იმისთვის, რომ ვარდი სწორად განვითარდეს და უხვად იყვავილოს, დიდ ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს. თვალყური უნდა ვადევნოთ თითოეული ყლორტის ზრდა-განვითარებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორად გასხვლას, მავნებლებთან ბრძოლის მეთოდებს და ა.შ. გამოცდილი მევარდე ნინო მანწკავა ჩვენს მკითხველს სასარგებლო და გასათვალისწინებელ რჩევებს უზიარებს.

- ვარდის რამდენიმე ჯგუფი არსებობს. ვარდების ძირითადი ჯგუფებია ისტორიული ვარდები, რომლებიც ჩვენთან ცნობილები არიან სამურაბე, მაისის ვარდის სახელწოდებით. ეს ვარდები არიან ერთხელ მოყვავილე ვარდები. მხოლოდ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ყვავიან. ისტორიული ვარდების ჯგუფში გაერთიანებულია – გალიკები, ბურბონები, ალბები, ჩინურები, ჩაის
ვარდები პორტლანდები, ცენტრიფოლიები და ა.შ. შემდეგ არის ჩაის ჰიბრიდები. პირველი ჩაის ჰიბრიდული ვარდი LaFrance დიდმა ფრანგმა სელექციონერმა ჟან ბაბტისტ გიიომ გამოიყვანა, რითაც დასაბამი მისცა ვარდის ყველაზე პოპულარულ ფორმას. ამ ჯგუფის ვარდები განმეორებით მოყვავილე და ძალიან სურნელვანია. შემდეგი ჯგუფია ფლორიბუნდები, ანუ უხვყვავილა ვარდები, რომელიც მე-20 საუკუნეში დაიბადნენ. ისინი ერთ ღერზე მთელ თაიგულს შლიან, ანუ შესაძლოა ერთ ტოტზე 30 ან მეტი ყვავილი გაშალოს. აყვავებული ფლორიბუნდების ჯგუფი საოცარი, თვალისმომჭრელი სანახავია. ასევე არის მხვიარა, მაღალ ტანიანი ვარდები, რომლებიც სამი მეტრი და ხან უფრო მაღალი იზრდება. ისინი თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ სახლის გარე ფასადის გასალამაზებლად, ეზოს გასაყოფად და ა.შ.
არის კიდევ მინიატურული ვარდები, რომლებსაც ჯუჯა ვარდებსაც ეძახიან. ეს ვარდები ძალიან კარგად ეგუებიან გარემო პირობებს. არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი, ეს არის შრაბები. ეს ჯგუფი აერთიანებს უხვად მოყვავილე, დიდ საბაღე ვარდებს. ძალიან რთულია ამ ჯგუფის დახასიათება, რადგან მათ შორის შეუძლებელია ერთი გამაერთიანებელი ნიშნის პოვნა. აქ ვხვდებით სხვადასხვა ფორმის, ზომის დიდყვავილა და მრავალფურცლიან ვარდებს, ასევე მარტივყვავილა ბუჩქებსაც. ცალკე ჯგუფად არის გამოყოფილი ოსტინის ინგლისური ვარდები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარდებია დღეს მსოფლიოში. გამოირჩევა თავისი საოცარი სურნელით, სილამაზით, ყვავილის ფორმით. მას აქვს ძალიან უხვფურცელა, დიდი ზომის ყვავილები. ოსტინის ვარდები ძალიან ბევრი მევარდის ფავორიტები არიან.

- როგორ ხდება ვარდის გამრავლება?
- ძირითადად ვარდის გამრავლება ხდება ორი გზით - დაკალმებით და მყნობით. მე პირადად მყნობის გამოცდილება არ გამაჩნია. რაც შეხება კალმით გამრავლებას, გასამრავლებელი კალამი უნდა მომზადდეს შემდეგნაირად: კალამს 3-5 კვირტი უნდა ჰქონდეს, ქვედა მხარე 45 გრადუსით უნდა წაიჭრას კვირტიდან 2-3სმ-ის დაშორებით. ზედა მხარე სწორად უნდა გადაიჭრას კვირტიდან 1სმ-ის დაშორებით. საკალმე უნდა იყოს დრეკადი და ჯანმრთელი. ვარდის კალმით გამრავლება შეიძლება ადრე გაზაფხულზე, ივნისის ბოლოს, ანუ ყვავილობის პირველი ტალღა რომ გადაივლის. ასევე სექტემბერში, ან გვიან შემოდგომაზე. ჩემი დაკვირვებით, სექტემბრის დასაწყისში, ან ნოემბერში აღებული კალმები ყველაზე უკეთ ხარობენ. ალბათ, ჩვენებური ზაფხულის პაპანაქება მაინც უჭირვებს საქმეს პაწაწუნა კალმებს.
უნდა ჩარგოთ მიწაში ისე, რომ ზემოთ დარჩეს სამიდან ერთი, ან ხუთიდან ორი კვირტი. უნდა დააფაროთ გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი. დასათბურება კალამს არა სითბოსთვის, არამედ ნესტის შესანარჩუნებლად სჭირდება. ვარდი თუ ახალი დაკალმებულია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხადოთ თავი. ბოთლს გაუკეთეთ ნახვრეტი გასანიავებლად, კალამი, რომ არ დალპეს. კალამი ჯობს დარგოთ მზიან ადგილზე, ოღონდ შუადღის მზეს მოარიდეთ. ნორჩი ყლორტების წამოღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს კალმის დაფესვიანებას. კალამი ნესტიან მიწაში, რომ აღმოჩნდება, უკანასკნელ ძალას იკრებს და ყლორტები გამოაქვს, მაგრამ თუ ფესვთა სისტემა არ განუვითარდა, იღუპება. გაზაფხულზე აღებული კალმები, ახალი ყლორტებიც, რომ ჰქონდეს, არ „შეაწუხოთ“, შემოდგომისთვის თუ ისევ ისე ჯანსაღად და მხნედ გამოიყურება, შეგიძლიათ გადარგოთ თქვენთვის სასურველ ადგილზე.


ასევე იხილეთ: 8 შვილის დედის - ნინო მანწკავას საოცარი ბაღი და იშვიათი ვარდები - ნამდვილად გაოცდებით!


- როგორი ნიადაგი და დარგვის ადგილი სჭირდება?
- ჩემს ეზოში არის მძიმე, თიხანარევი ნიადაგი. განსაკუთრებულს არაფერს არ ვურევ. ორმოს როცა ვამზადებ, მხოლოდ გადამწვარ ნაკელს ვურევ მიწაში. გადამწვარ ნაკელს აღარ აქვს წვის თვისება, არ ვნებს ფესვებს, პირიქით, დადებითად მოქმედებს მათზე. საჭიროა გადამწვარი ნაკელი გავარჩიოთ ახალი ნაკელისგან. ახალი ნაკელი შეკრულია, გადამწვარი ნაკელი კი იშლება.
ვარდს აუცილებლად უნდა მზიანი ადგილი. თუმცა არის ვარდის ზოგიერთი სახეობა, რომელსაც მზეზე ფურცლები ეწვება და ჩრდილი ურჩევნია, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი ეგზემპლიარებია. ძირითადად ვარდს უყვარს მზე. პაპანაქება, თაკარა მზე ყველა მცენარეს ვნებს. შუადღის მცხუნვარე მზეზე თუ არ იქნება ვარდი, კიდევ უფრო უკეთესი მისთვის.

- რა უნდა გააკეთოს მებაღემ იმისთვის, რომ ვარდმა უხვად იყვავილოს?
- ვარდმა უხვად რომ იყვავილოს და გაგვახაროს, სამი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი ეს არის სწორი გასხვლა. ყველა ჯგუფს გასხვლის განსხვავებული სპეციფიკა აქვს. მეორე ფაქტორია კარგი კვება და საპროფილაქტიკო შეწამვლა. საპროფილაქტიკო შეწამვლაში ძირითადად იგულისხმება, რომ მის დაავადებამდე მოხდეს შეწამვლა. სეზონის განმავლობაში, საპროფილაქტიკო კომპლექსით უნდა შეიწამლოს ჯანმრთელ მდგომარეობაში მყოფი ვარდი, ეს იმიტომ, რომ არ დაავადდეს სოკოვანი დაავადებით, ან მავნებლებმა არ დააზიანოს. უმეტეს შემთხვევაში საპროფილაქტიკო შეწამვლის ფონზე ვარდები ფაქტიურად არ ავადდებიან.

- კარგი კვება ახსენეთ. რას გულისხმობთ კარგ კვებაში?
- 3-4 წლის განმავლობაში მინერალურ სასუქთან დაკავშირებით ჩემი პირადი შეხედულებები მქონდა და ჩემს ვარდებს პრინციპულად მხოლოდ ორგანული სასუქით ვკვებავდი (ნაკელი+ნაცარი+ნეშომპალა), მაგრამ ჩემთვის სასურველ შედეგს ვერ ვიღებდი. მარინა ფალავანდიშვილის რჩევით ვიხმარე ქიმიური საკვები. სხვაობა ბუჩქების საერთო განვითარებაში, ყვავილობის სიუხვესა და ბუტონების ზომაში ძალიან თვალსაჩინო იყო. შემიძლია ვარდების კვების ჩემეულ „რაციონი“ შემოგთავაზოთ. ვარდი ერთ სეზონზე რამდენჯერმე მოყვავილე ბუჩქია და ამიტომ დამატებითი საკვების მიღებას საჭიროებს. მისი სრულყოფილი განვითარებისთვის საჭიროა ნიადაგში შევიტანოთ ორგანული და არაორგანული სასუქი შემადგენელი ელემენტებით: აზოტი(N),ფოსფორი(P),კალიუმი(K), ასევე მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია მაგნიუმი. აზოტი პასუხისმგებელია ბუჩქის მიწისზედა ნაწილის, ყლორტების განვითარებაზე.

ფოსფორი - ფესვთა სისტემის განვითარებაზე და უხვყვავილიანობაზე.
კალიუმი - ზოგადად ბუჩქის განვითარებასა და ყლორტებისგამყარებაზე.
მაგნიუმი - ყვავილების შეფერილობის სიმკვეთრეზე.
ამიტომ მინერალური სასუქის შეძენისას პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ მის შემადგენლობას და ელემენტების ურთიერთ პროპორციულობას, რადგან სეზონის განმავლობაში განვითარების ყველა ეტაპზე ვარდებს სხვადასხვა მინერალები სჭირდებათ, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად.
გამოცდილი მევარდეები სხვადასხვა წყაროში სეზონური კვების სხვადასხვა სქემას გვთავაზობენ. ზოგი თვლის, რომ სეზონზე სამჯერადი გამოკვება მინერალური სასუქით საკმარისია, ზოგი გვირჩევს 4-5ჯერ შევიტანოთ ნიადაგში მშრალი ან თხევადი სახით. მე ოთხჯერადი გამოკვება ავირჩიე, როგორც ზომიერად შრომატევადი. თანაც განვითარების ყველა ფაზაში ჩემს ვარდებს არ მოაკლდებათ მათთვის აუცილებელი ელემენტები. პირველი კვებაუნდა მოხდეს ადრე გაზაფხულზეგასხვლის შემდეგ, ვარდი გამოღვიძებას, რომ დაიწყებს და კვირტები დაებერება. ვკვებავ მინერალური სასუქით ელემენტების NPK თანაბარი რაოდენობით, მაგალითად 20-20-20, ან მეტი აზოტის შემცველობით, რადგან ამ პერიოდში იწყება ყლორტების ინტენსიური გამოტანა და განვითარება. მეორე კვება ხდება ყვავილობის წინ. ამ ჯერზე ვკვებავ მინერალური სასუქით მეტი ფოსფორის შემცველობით, რადგან ეს ელემენტი უხვყვავილობაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად NPK 13-40-13. და პლუს მაგნიუმი (ეს ელემენტი ხშირად არ შედის კომპლექსურ სასუქებში და ცალკე ვამატებ), რადგან ის ყვავილების შეფერილობის სიმკვეთრეს განაპირობებს.

მესამე კვება - ყვავილობის პირველი ტალღა რომ გადაივლის, ვკვებავ ისევ ელემენტების თანაბარი პროპორციებით 20-20-20, რათა ბუჩქმა ახალი ყლორტების და ყვავილების განსავითარებლად ძალები მოიკრიფოს.
მეოთხე კვება - სექტემბრის პირველი ნახევარი. მინერალური სასუქი აუცილებლად უაზოტო ან მცირე შემცველობით. მაგალითად NPK 8-24-24, რათა აზოტმა ახალი ყლორტების წამოღების სტიმულირება არ მოახდინოს, ამან შეიძლება ბუჩქს გამოზამთრების პრობლემა შეუქმნას.
ყვავილობის დროს ვარდები არ იკვებება. შუალედებში ვკვებავ ორგანული სასუქით. მინერალური სასუქის მიცემიდან 10 დღის შემდეგ შეიძლება ორგანულის მიცემა. ვისაც ძალა და დრო აქვს, შეუძლია 10 დღეში ერთხელ გაიმეოროსორგანულის მიცემა.მე ძალიან მომწონს „ბიოჰომუსი“, „ორგანიკა“, „გუმი“. ეს უკანასკნელი ყველაზე ეკონომიურია. პლასტელინივით მასაა, რომელიც წყალში უნდა გაიხსნას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ნაკელი და ნაცარი. ნაკელი შეიცავს აზოტს, ამიტომ ვამჯობინებ მის შეტანას ნიადაგში გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში, ნაცარი შეიცავს ფოსფორს და კალიუმს, რომლსაც ვხმარობ ზაფხულსა და შემოდგომაზე. ძალიან კარგია გვიანი შემოდგომით ნაცრის მოფრქვევა ბუჩქების გარშემო, ეს საკვებიცაა მათთვის და პროფილაქტიკაც დაავადება „ნაცრის“ წინააღმდეგ.

- როგორ უნდა გავსხლათ სწორად ვარდი?
- ბუჩქები ძირითადად გაზაფხულზე ისხვლება. ბუჩქი უნდა გაისხლას დაბალზე, ძირიდან დაახლოებით 3-5-7 კვირტზე. თუ მსხვილია ყლორტი, უფრო მაღლა შეიძლება გავსხლათ, ვთქვათ 5-7 კვირტზე. თუ სუსტია ყლორტი, მაშინ დაბალზე უნდა გავსხლათ. დაბლიდან როცა ახალ ყლორტს წამოიღებს, დაბალი საკვირტე იღლია ყოველთვის უფრო მძლავრია, ვიდრე ის, რომელიც წვერში ვითარდება. აქედან გამომდინარე, შედარებით სუსტ ყლორტებს უფრო დაბალზე ვსხლავთ, შედარებით უფრო მსხვილ და ჯანსაღ ყლორტებს უფრო მაღალზე. რაც შეხება მხვიარებს, ზოგი მევარდე თვლის, რომ მსუბუქად უნდა გაისხლას, მხოლოდ კენწეროში მოსცილდეს საყვავილე გვირგვინები. ზოგიერთი მევარდე კი ასეთ რამეს ურჩევს მოყვარულებს: მხვიარა ვარდი ბევრ ყლორტს ამოიყრის ძირიდან, გრძელ ყლორტებს ავითარებს, ზოგიერთი ყლორტი სიმაღლეში უნდა აუშვა ბოლომდე და მხოლოდ კენწეროებში მოაცილო გადაყვავილებული გვირგვინები. მაგრამ ზოგიერთი ყლორტი, რომლებიც შედარებით სუსტებია დაბალზე, უნდა გაისხლას. მხვიარა ვარდებს ერთი ცუდი თვისება ახასიათებთ, მიდიან სიმაღლეში, კენწეროებში იკეთებენ საყვავილე გვირგვინებს და ფეხზე იშიშვლებენ, ანუ ძირი აღარც ფოთლით იმოსება და აღარც ყვავილით. თუ ძირიდან, დაბალზე გადავსხლავთ ზოგიერთ ყლორტს, ეს გადასხლული ყლორტი ახალ ყლორტს წამოიღებს და მხვიარა ვარდი თავიდან ფეხებამდე იქნება აყვავებული.
ვარდს ტყუილად არ ეძახიან ყვავილების დედოფალს... მას მართლაც მეფური მოვლა სჭირდება, რომ დაგვაჯილდოვოს უხვი ყვავილობით და თვალწარმტაცი სილამაზით.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები