რატომ არ უნდა უსუნოთ ქუჩაში ნაყიდ ყვავილებს, განსაკუთრებით - უცხოურს? - მომწამვლელი ყვავილები

"ვერიდები ხოლმე ნეგატიურ პოსტებს, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ, იქნებ დაგეხმაროთ ჩემი გამოცდილება...
სასაფლაოსთან ახლოს ვიყიდე ყვავილი. ლარნაკში ჩავდე და გემრიელად ვუსუნე. შემზარა სურნელმა და დამეწყო ხველა, სპაზმები... მეორე დღეა სასუნთქი გზების ინტოქსიკაცია მაქვს, ეს არ არის ალერგია, იმიტომ, რომ ალერგიის წამალი არ მშველის... არ ვიცი, რას ასხამენ ყვავილებს!
გაითვალისწინეთ..."

ეს პოსტი ჟურნალისტ თიკა დუღაშვილს ეკუთვნის. პოსტს გამოხმაურებებიც მოჰყვა:

"სავარაუდოდ ბალზამირების მსგავს ხსნარს, რომ უფრო დიდი ხანი გაძლოს."

"უცხოეთიდან შემოტანილი ყვავილები დამუშავებულია ქიმიურად... ჯანმრთელობის პრობლემას არ შეგიქმნით, მაგრამ დროებითი ინტოქსიკაცია და დისკომფორტი შეუძლია გამოიწვიოს..."

გადავწყვიტეთ, უფრო ვრცლად გაგვეგო თიკა დუღაშვილისგან, თუ რა მოხდა და შემდეგ ფლორისტისთვისაც მიგვემართა:

- ორი დღის წინ
სასაფლაოსთან ახლოს ლამაზი ყვავილები შევიძინე. ყვავილები სახლში რომ მივიტანე, ლარნაკში ჩავალაგე და გულიანად დავყნოსე. მენატრებოდა ყვავილები და მსურდა მისი სურნელი ღრმად შემეგრძნო. მაშინვე ვიგრძენი, უსიამოვნო სუნი რომ ჰქონდა, მაგრამ შევეცადე ყურადღება არ მიმექცია... ვინაიდან პატარა სახლი მაქვს, სუნი დატრიალდა სახლში და ვამჩნევდი, რომ თანდათან ცუდად ვხდებოდი. ჩემი მეგობარი იყო სტუმრად და ისიც ცუდად გახდა. მითხრა, ოთახში მძიმე სუნიაო და გავანიავეთ. ოთახის განიავებამ აღარ მიშველა... სპაზმები დამეწყო და სასუნთქი გზები თითქოს ჩამეწვა. იგივე დაემართებოდა ჩემს მეგობარს, მაგრამ ის მალე წავიდა და მე სახლში დავრჩი. ამ წუთშიც ძალიან მიჭირს საუბარი, ყელი იმდენად მტკივა... იმ საღამოს კი იმდენად დავმძიმდი, რომ სასწრაფო გამოვიძახე და მითხრეს, რომ ალერგია იყო. ორი დღეა ალერგიის წამლებს ვსვამ და შედეგი არ აქვს. ფეისბუქზეც დავწერე, რომ ეს ალერგია კი არა, ყვავილებით ინტოქსიკაცია იყო... რასაკვირველია, ყვავილები გადავყარე. რაღაც ნივთიერება ჰქონდა დასხმული, ძალიან უსიამოვნო სუნით. ისიც კი ვიფიქრე, საფლავიდან ხომ არ ჰქონდათ ყვავილები აღებული და გასაყიდად გამოტანილი. რაღაც საშინელი ნივთიერებით სიცოცხლეს უხანგძლივებენ ყვავილებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. ბავშვი რომ მყოლოდა სახლში და ის ჰაერი ესუნთქა, არ ვიცი, როგორ გადაიტანდა. ბავშვი ხომ ვერ გამოთქვამს, რით არის ცუდად და წარმოვიდგინე რა დაემართებოდა... მე ხომ ახლაც  ცუდად ვარ, მაგრამ იმ დღეს მეგონა, მოვკვდებოდი. თითქმის ორი ღამე არ მიძინია უჰაერობისგან. ალერგიის წამლებმა რომ არ მიშველა, აქედან გამომდინარე ვხვდები, რომ მოწამვლაა. მეგობრებმაც მომწერეს, რომ მათაც ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა... მე პირადად აღარასოდეს აღარ ვიყიდი ყვავილებს, თუ არ შევატყობ, რომ სოფლის ყვავილებია. ყოველ შემთხვევაში, სასაფლაოსთან ახლოს შეძენა ჩემთვის უკვე ყოვლად წარმოუდგენელია.
მეგობარმა მომწერა, მსგავსი შემთხვევა ბანანზე დამემართაო და ეტყობა, ბანანსაც რაღაც ნივთიერებას ასხამენ, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია... ვინ უნდა აგოს პასუხი და ვინ ამოწმებს ამ ყველაფერს, არ ვიცი.


ფლორისტი მარინა ვაშაძე:
- მეც გამიგონია, რომ ქიმიურ საშუალებებს ასხამენ და განსაკუთრებით საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ყვავილს რომ იყიდი, დაყნოსვაც მოგინდება. როდესაც ქიმიურ საშუალებებს ასხურებენ, თუნდაც ზემოდან, ის ორი-ხუთი წუთის შემდეგ აქროლდება, სავარაუდოდ, ეს ყვავილები მეტისმეტად იყო გაჯერებული ქიმიით.
განსაკუთრებით ქიმიურად მუშავდება ზოგიერთი მცენარე .თითქოსდა ხელოვნური ვიზუალით - გერბერები, სარაცენია, ფერადი კალები, ალოკაზია, კალათეა... - ძირითადად, რომელი მცენარეებიც უცხოეთიდან შემოდის.

იხილეთ უფრო ვრცლად: მცენარისთვის განკუთვნილმა ქიმიურმა საშუალებებმა რომ არ გავნოთ
მანანა გაბრიჭიძე



კომენტარები

tamuna 2018-03-31 09:18
namdvilad vici saflavidanac augiat da yidian
სალი 2018-03-30 14:33
ჰოო!!!! საშინელებააა!!!!!! ამასწინათ თბილისიდან წავიღეთ დიდი ბუკეტი და გზაში კინაღამ გული წამივიდა, ისე ცუდად გავხდი. მანქანაში დაგროვდა და. საშინელებაა! :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები