ცნობილი ჟურნალისტის კომფორტული ბათუმური ბინა, რომელიც საკუთარი დიზაინით მოაწყო

ნათია ზოიძე პროფესიით ფილოლოგია, თუმცა წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, იყო საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორი, წერდა ჟურნალისტურ გამოძიებებს გაზეთისთვის. ბოლოს იყო "იმედის" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი. გარკვეული ფაქტორების გამო სამი წლის წინ ბათუმში დაბრუნდა საცხოვრებლად და ამჟამად მუშაობს საერთაშორისო გამჭირვალობის რეგიონულ ოფისში ანალიტიკოსის პოზიციაზე. ჰყავს სამი შვილი.

აქვს ჰობი: კულინარია, ინტერიერის დიზაინი, აგროვებს ფაიფურის საწვნეებს და ყავის საფქვავებს.
2015 წელს ნათიამ პატარა და მყუდრო სახლი ახლად აშენებულ კორპუსში, ბათუმის ცენტრში იპოვა, ბულვართან ახლოს. რემონტი საკუთარი გემოვნებით გააკეთა. ინტერიერის დიზაინი თავად შეარჩია. პროცესი

ერთი წელი გაგრძელდა. ყოველ დღეს თან ახლდა დაძაბულობაც და სიხარულიც...


- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი და ოჯახი?
- როდესაც ვარ სხვა ქვეყანაში, ჩემს სამ შვილთან აუცილებლად ჩამომაქვს საჩუქრები, აუცილებლად ვყიდულობ სახლის ნივთს, თითქოს ხელცარიელი რომ ჩამოვიდე, სახლს ეწყინება. არსება მგონია, რომელიც სუნთქავს და გრძნობს, ყვავილებით თუ არ მორთე, მოიწყენს. ყვავილები ლარნაკში თუ არ დევს, ასეთ დროს თითქოს სტუმარიც არ მსიამოვნებს, უყვავილო სახლი ისეთია ჩემთვის, აი, ვინმე დილაუთენია ხალათში რომ მოგისწრებს და გეუხერხულება....
არ ვიცი რას ნიშნავს იდეალური სახლი. ჩემი სახლი მე გამომხატავს, ემოციურია, ქაოტური, დაბნეული, ფერები ჩემი აზრებივით ირევა, მაგრამ ამავდროულად უანგაროა და ხანდახან მიამიტი. თუ დააკვირდებით, ჩემი სახლის მიხედვით ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამოცნობა შეიძლება, ეს მშვიდი ატმოსფერო შეიცავს პროტესტსაც, რომელიც შეიძლება ანარქიაშიც გადავიდეს. მეგობარმა მაჩუქა 50 ქალის ფოტო საქართველოდან. ჩემს სახლში მათ შეცვალეს გარემო. ოთახის ცენტრში სასადილო მაგიდას შუშა ადევს, შუშის ქვეშ ამ ქალების ფოტოებია, თვითდაჯერებული ქალები იცქირებიან გასული საუკუნიდან. დაგცინიან კიდეც, რადგან ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ სჭირდებათ ქმარი, რომელიც ჟურნალისტად არ ამუშავებთ, ისე, როგორც ჩემი ჟურნალისტური კარიერის დასაწყისში ფიქრობდნენ.

სახლში, სადაც მე კარგად ვიგრძნობ თავს, სამზარეულო და საცხოვრებელი სივრცე ჩაკეტილი არ უნდა იყოს. მთელი ბავშვობა მენატრებოდა დედასთან ურთიერთობა, საზღვარი სამზარეულოს და საცხოვრებელს შორის საბჭოთა ბავშვობას მაგონებს.
იდეალური სახლი ჩემთვის ვერ იქნება ოქროსფერი მდიდრული სახლი. „ვოგმა” გაავრცელა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი სახლის ფოტოები. ვერასოდეს ვიცხოვრებ ასეთ მოოქროვილ, მოვარაყებულ სახლში (იხილეთ დონალდ ტრამპის მოოქროვილი სასახლე). ასე მგონია, დავიხრჩობი, დამხუთავს, ობამების ახალი სახლი, ჩემი აზრით, უფრო მშვიდი და სადაა (იხილეთ ობამების ახალი სახლი).

- ვისთან ერთად ცხოვრობთ და რა გრძნობაა, როცა დამღლელი და დატვირთული დღის შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად ატარებთ საღამოს, ლამაზ და კომფორტულ სახლში?
- ვცხოვრობ მეუღლესთან და 11 წლის სესილია-ბარბარესთან ერთად. სესილიას უფროსი დები უკვე სრულწლოვანები არიან და ცალკე ცხოვრობენ. ანასტასიას თავისი ოჯახიც აქვს.

სახლი მაძლევს ძალას, ინსპირაციას, ასევე განმარტოების საშუალებას, რაც არ უნდა ბევრი ადამიანი იყოს შენ ირგვლივ, მაინც მგონია, რომ ყველას ცხოვრებაშია მომენტი, როცა გგონია, რომ ადამიანი მარტოობისთვის არის შექმნილი, ეს საიდუმლო კი იცის შენი სახლის კედელებმა.


- როგორც ვიცი სახლი ახალი გარემონტებული გაქვთ. როდის დაიწყეთ რემონტი?
- როცა თბილისიდან დავბრუნდი საცხოვრებლად ბათუმში, დანაზოგი მქონდა ანგარიშზე. ბათუმში გვაქვს კერძო სახლი, რომელიც ჩემი ქმრის მშობლებისაა. ვიფიქრე, რომ ამ სახლის რემონტზე ფულის დახარჯვას ჯობდა ახალი სივრცე შემექნა.
ახლად აშენებულ კორპუსში, ქალაქის ცენტრში პატარა სახლი ვიპოვე, ბულვართან ახლოს. რემონტი გაგრძელდა ერთი წელი, ყოველ დღეს თან ახლდა დაძაბულობაც და სიხარულიც. ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღებაა, აი მაგალითად, მოგწონს ორი კერამიკის ფილა, რომლის სასარგებლოდ უნდა გააკეთო არჩევანი? რომელზე უნდა გადაწყვიტო, რომ მინიმუმ 10 წელი უყურო ყოველდღიურად?
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წარმოსახვაში სულ რაღაცას ვახამებდი და კონცეფცია მქონდა, მაინც ბევრი შეცდომა დავუშვი. ზოგი იმიტომ, რომ რასაც ვეძებდი, ვერ ვიპოვე. სახლის იატაკი მინდოდა ბუნებრივი ხის ფერი, მაგრამ ვერ ვნახე, რაც მაქვს, ის უსიცოცხლოდ მეჩვენება. ვიცოდი, რომ არ მომეწონებოდა, მაგრამ იატაკის გარეშე ხომ არ დავრჩებოდი? შპალერი უფრო მეტად მუქი აღმოჩნდა, ვიდრე სავაჭრო ცენტრში ჩანდა. შეიძლება იქ მოგეწონოს, მაგრამ სახლში დამოკიდებულია ოთახის ბუნებრივ განათებაზე. შესაბამის დროს ველოდები. რომ ჩამოვხიო, ჭაღის ნათურა, რომ ნათურაა, იმის შეძენასაც კი გამოცდილება სჭირდება. პირველად რაც ვიყიდე, აღმოჩნდა ცივი და საოპერაციოში მეგონა თავი, ახლა უკვე ზომიერად თბილი განათებაა და ატმოსფეროც უფრო მშვიდი გახდა.


- ბინის დიზაინი თქვენ გეკუთვნით, თუ დიზაინერი დაიხმარეთ?
- სახლი არის შენი ესთეტიკის და მსოფლმხედველობის გამოხატვა, არ მგონია, ინტერიერის დიზაინერს შენი გაცნობა უნდოდეს. ძირითადად ხომ იმას გთავაზობენ, რაც მათ მოსწონთ. დასაშვებია ისიც, რომ შეიძლება მე მაქვს ცუდი პრაქტიკა. ამავდროულად ჩემი შთაგონება გახდა ინტერიერის დიზაინერი ელის დე ვულფი. მისი შექმნილი ტენდენციები კიდევ ერთი საუკუნე იქნება აქტუალური. მსახიობი ქალი, რომელმაც მსოფლიო მძიმე ვიქტორიანული სტილისგან იხსნა. მუქი ფარდები, მძიმე ავეჯი ინტერიერიდან გაქრო და სახლში სინათლე, ღია ფერები, სარკე და თავისუფლება შემოიტანა. მე არ მომწონს სახლები, სადაც ერთი ბრენდის სასადილო ოთახის ან საძინებლის ნაკრები დევს. სად ჩანს აქ ინდივიდუალობა? შეიძლება ერთი ბრენდის სარკე მოგწონდეს, მეორეს ბუფეტი და შემდეგ ფიქრობდე, როგორ აერთიანებს შენი სახლი სხვადსხვა სტილს და ფერის ნივთებს. პატარა სივრცეა, ამიტომ მაქსიმალურად მოვერიდე დაძველების ტექნოლოგიის გამოყენებას. ერთ სივრცეში მხოლოდ ერთი ნივთი შეიძლება იყოს დაძველების ეფექტით, თორემ ატმოსფერო მძიმდება.


- საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია რემონტი. რამდენი ხანი მიდიოდა თქვენს სახლში რემონტის პროცესი და რა სირთულეებს წააწყდით ამ ხნის განმავლობაში?
- რემონტის განმავლობაში მქონდა შეგრძნება, რომ 23-წლიანი თანაცხოვრება მეუღლესთან განშორებით დასრულდებოდა. სამი თვე ვარჩევდი კერამიკის ფილას, დარწმუნებული ვიყავი, რომ ზუსტად „ის“ მინდოდა, მივიდოდი მეუღლესთან ერთად საყიდლად და ისევ ვიწყებდი ორჭოფობას. ეს იყო ურთულესი მოსათმენი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ითმენდა, მიმატოვებდა და გარბოდა. 4-ჯერ გამოვიწერე სხვადასხვა ფილა და დავაბრუნე, ბოლოს მაინც ისეთი ვიყიდე, რომელიც დიდად არ მომწონდა. დღესაც კი, ბათუმში ყველა სამშენებლო და სარემონტო ტიპის მაღაზიაში მცნობენ, მიღიმიან და მესალმებიან. აუცილებლად მეკითხებიან, დავასრულე თუ არა რემონტი და ქმარს ხომ არ დავშორდი. ცალკე საკითხია მერემონტეთა სოლიდარობა. ამ დროს ყველა სართულზე გინდა შეიჭვრიტო და ნახო რას აკეთებენ შენი მეზობლები. შემოდიოდნენ ჩემთანაც, ჩემი უფროსი შვილი ბრაზდებოდა: რატომ ყვები ყველაფერს, სად რა იყიდე, ამ სახლში ყველას ერთნაირი სახლი გექნებათო. მართლა ბევრმა იყიდა ისეთი კერამიკის ფილა, როგორიც მე მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, შედეგი მაინც განსხვავებულია, ან თავს ვიმშვიდებ.

- ფერები რის მიხედვით შეარჩიეთ და ფერებს რატომ მიანიჭეთ უპირატესობა?
- ღია პასტელური ფერები მინდოდა, რადგან ღია ფერები და სარკეები სივრცეს ზრდის.


- ძალიან ორიგინალური ავეჯი გაქვთ, საქართველოში შეიძინეთ?
- კი, რა თქმა უნდა, საქართველოში. რთულად შევარჩიე, მაგრამ მაინც ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. ავეჯის რაღაც ნაწილი ამერიკულია, რაღაც ნაწილი ინგლისური. ჯერჯერობით დამრჩა მოსაწყობი სამუშაო სივრცე, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. შერჩეული მქონდა წითელი მაგიდა. მივედი და გაყიდული დამხვდა. ისე ვინერვიულე, ერთი კვირა წნევით დავდიოდი. მამშვიდებდნენ, მაგიდის მეტი რა არის, მხოლოდ მაგიდააო. ძალიან მაღიზიანებდა ეს ფრაზები, რადგან ცხოვრებაში უგულოდ არაფერს ვაკეთებ და როცა არ გამოდის, გული მტკივა, წვრილმანია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს.
წელს ბათუმში ავეჯის ცნობილმა მაღაზიებმა თავიანთი ფილიალები დახურეს. ამ ამბავმა მხოლო ჩემი ქმარი გააბედნიერა. ხუმრობდა, იქნება შენი ხელფასიც დავინახოთ ოჯახშიო. ეს მართლა ვნებაა, რომელსაც ვერაფერს ვერ ვუხერხებ. არადა, ვებრძვი თავს... ხანდახან გულწრფელად მრცხვენია. ჩემი ერთი მეგობარი დამცინის, ბურჟუა ხარო, მე კი ვპასუხობ: რა ბურჟუა ვარ, ამ სახლის გადამკიდე ჩითის კაბას ვეღარ ვყიდულობ-თქოო...


- როგორ თვლით, ეს თქვენი საოცნებო სახლია?
- მინდა ვცხოვრობდე ეზოიან, ერთსართულიან სახლში. ინტერიერში მინდა იგრძნობოდეს ნიუორლეანისეული განწყობა. ეს ბათუმისთვის ძალიან მშობლიურია, რადგან ამ ორ ქალაქს ბევრი აქვს საერთო. მინდა მქონდეს ჩემი სამუშაო ოთახი წიგნებით, ფოტოებით, ბუხარზე ჩემი საყვარელი მოაზროვნის ბენჯამინ ფრანკლინის ბიუსტით, რომელიც ონლაინ უკვე ვიყიდე, ახლა გზაშია. მერე რა, საოცნებო სახლი შეიძლება 10-15 წლის შემდეგ მქონდეს. დედაჩემი მართალია, მართლა უკუღმართი ვარ.


- თქვენი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ საქართველოში ხარისხიანი და გემოვნებიანი რემონტი ძვირი სიამოვნებაა?
- მე არ მიყვარს მეტისმეტად ლაქშერი სტილი. ძირითადი პრობლემა არჩევანის სიმწირეა. უნდა არსებობდეს ერთიანი ცივილიზებული სივრცე, სადაც ყველაფერი სახლთან დაკავშირებული ერთად გაიყიდება. რეალური 0% განვადებებიც დიდი შეღავათია.


- ულამაზესი აივანი გაქვთ. მცენარეები გიყვართ?
- არ მიყვარს, როცა აივანი უსარგებლო ნივთების დასალაგებელ ადგილად არის მიჩნეული. აბაზანაც და აივანიც მიყვარს როცა ოთახივითაა. მცენარეების შეგროვება ახლა დავიწყე. საოცარია, ვინმე რომ ჩაივლის შენს აივანთან და იტყვის, ნეტა ვისია, რა ლამაზიაო. შენი გაცნობა და სტუმრობა, რომ მოუნდება...

როცა ამ ქალაქში არ ვარ იცით, როგორი ბათუმი მესიზმრება? ერთსართულიანი, ნესტიანი ეზოებით, სადაც გვიმრები ხარობენ. ამიტომ ჩემს სადარბაზოში, აივანზე და სახლშიც არის გვიმრები და გამძლე პელარგონიები.
მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ამ ქალაქში ბოტანიკური ბაღისა და ბათუმის ბულვარისთვის ევროპიდან ჩამოჰქონდათ მცენარეები, ოსტინის ჯიშის მოთეთრო, მოვარდისფრო ვარდები ვერ ვიპოვე. ჩემს აივანზე ვარდები ჭარბობს, მაგრამ საოცნებო აბრაჰამ დერბი, ქეთრინ მოლეი და შრაბი თიხის ქოთნებში ჯერ არ მობრძანებულან. ამ ვარდებს განსაკუთრებული სურნელი და ისტორია აქვთ. ეს არის ის, რასაც ჩემი თვალი ყველა ბაღში ეძებს. ოსტინის ჯიშის ვარდები ჩემთვის ერთგვარი სიმბოლოა ცხოვრების. აღიარება დააგვიანებს, მაგრამ თუ იმსახურებ, ის აუცილებლად მოვა. ოსტინის ვარდების აღიარებაც დაგვიანდა, მაგრამ დღეს ისინი ლანდშაფტის ნამდვილი დედოფლები არიან.

 

მერი ბლიაძე

ფოტოები მანანა ქველიაშვილის

კომენტარები

თამუნა 2017-12-24 12:40
პირველად მომეწონა ასე ბინა, ჩემთვის ყველანაიარად მისაღები და საინტერესოა
ნინკა 2017-07-09 00:44
ჩემი აზრით ეს ბინა ძალიან გადატვირთულია ე.წ. ''ბეზდელუშკებით'',რაც ჩემთვის პირადად, დამღლელია! თუმცა მეპატრონის ინდივიდუალიზმი იგრძნობა,მაგრამ ნამეტანია ამდენი ზედმეტი ნივთების გამოფენა ყველგან ,სამზარეულოში,აბაზანაში,კამოდზე...
შორენა 2017-07-08 15:58
მართლა რა ლამაზიდა საინტერესო სახლია
იფ 2017-05-17 12:33
ასეთი ლამაზი სახლი იშვიათად!
მაია 2017-05-09 23:11
ნათია, თქვენი გაცნობა მომინდა, ასეთივე ვნებები მაქვს, ოღონდ ჯერ ზუსტად არ ვიცი, ფიქრის პროცესში ვარ რა მინდა და რა მჭირდება. ასე ზუსტად არ მაქვს გაზომილი ჩემი მომავალი სახლის დიზაინი, თუმცა ვიტრაჟები, ღია სივრცე, ლამაზი ხედი და ბევრი წიწვებით სავსე ეზო, მთავარი ხაზია. რემონტის გამოცდილება უკვე მაქვს და როგორ გაგიგეთ მეუღლესთან დაკავშირებული ამბები. :) წარმატებები, მართლა აღფრთოვანებული ვარ. სიამოვნბით დავლევდი ყავას თქვენს კოხტა ბალკონზე. ერთი შენიშვნა გვერდის რედაქტორთან, ფოტოები უნდა იშლებოდეს რომ ბოლომდე აღიქვა ეს სილამაზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები